GEWORLD.NET:
“მოგეხსენებათ, რომ 2010 წლის 25 დეკემბერს დაწესებულების დირექტორმა შემიზღუდა ჰაერზე გასვლის, აბანოთი სარგებლობის, დაწესებულებაში არსებულ მაღაზიაში პროდუქტების ყიდვის უფლება. ასევე, მან გასცა ბრძანება სიტყვიერად, რომ საერთოდ არ გამიყვანონ საკნიდან და არ მასარგებლონ ტელეფონით, როცა ამის დრო მოვა. მიმდინარეობს ჩემდამი სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა, მემუქრებიან “მორგით”, ხოლო ეს “მორგი” რას გულისხმობს, არ მიკონკრეტებენ. ყოველ წუთს ველოდები პროვოკაციას ადმინისტრაციის მხრიდან. საკანში, სადაც ვიმყოფები მომიშალეს საეკლესიო კუთხე და სასტიკად მიკრძალავენ ხატების გაკვრას და საეკლესიო კუთხის აღდგენას”. ეს წერილი რედაქციაში ადვოკატის მეშვეობით პატიმარმა ზურაბ ბოსტოღანაშვილმა მოგვაწოდა. რამდენად ხშირია საპატიმროებში ხატებისა და საეკლესიო კუთხეების აკრძალვის ფაქტები და რატომ არ აძლევენ ლოცვის საშუალებას პატიმრებს, ადვოკატი ლალი აფციაური გვესაუბრება.
– ქალბატონო ლალი, მართალია თუ არა, რომ საპატიმროებში პატიმრებს უკრძალავენ საეკლესიო კუთხის მოწყობას – ხატების გამოფენასა და ლოცვას? ცნობილია თქვენთვის ასეთი ფაქტები?
– მსგავსი ქმედება პატიმრების უფლებების უპირობო და უხეში დარღვევაა. არა მარტო ჩვენი კანონმდებლობა, არამედ საერთაშორისო ხელშეკრულებები კრძალავს პატიმრებისთვის რელიგიური უფლებების შეზღუდვას. ასეთი შემთხვევები არაერთი ვიცით. გახსოვთ, ალბათ, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში, გადაყრილი ხატები, ჯვრები და საეკლესიო ნივთები რომ იპოვეს. მხოლოდ უღმერთო და ურწმუნო ადამიანი თუ გადაყრის ხატებს. ამის შემდეგ უკვე მათგან გასაკვირი აღარაფერია!
არამარტო საეკლესიო კუთხის მოწყობას უშლიან პატიმრებს, არამედ მამაოების, მეუფეების შეშვებას, აღსარების ჩაბარებაც კი კრძალავენ. დღეს საქართველოში პატიმრები ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან. სამწუხაროდ, ამ პატიმრის მდგომარეობაც ჩემთვის უცხო არ არის.
– რა მოტივი შეიძლება ჰქონდეს საეკლესიო კუთხის მოწყობის აკრძალვას?
– ამას შეიძლება მხოლოდ რაღაც სულელური და არაგონივრული გადაწყვეტილება ვუწოდოთ, ამის მოტივი არ არსებობს! ერთადერთი ჭეშმარიტება, ალბათ, ის არის, რომ ჩვენს ხელისუფლებას მართლმადიდებლობა გულზე არ ეხატება. არ უნდა მორწმუნე და მართლმადიდებელი ერი! ეკლესიებს ანგრევენ, კარგად იცით, ზოგადად როგორი დამოკიდებულება აქვთ მართლმადიდებლობასთან. შესაძლოა, ამის მიზეზი, ასევე, ერთი კონკრეტული ციხის უფროსის გადაწყვეტილება იყოს, რომელსაც არ მოსწონს ეკლესია და ხატები. ციხეებში სრული განუკითხაობაა. ასეთი ქმედებით ისედაც უმძიმეს პირობებს კიდევ უფრო უმძიმებენ პატიმრებს, თრგუნავენ, აშინებენ და აბეჩავებენ. პატიმრობაში მყოფი ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ უფალთან სიახლოვეში ხედავს შვებას. ნებისმერი პატიმარი ეძებს ნუგეშს ლოცვასა და უფალთან დაახლოებაში, მაგრამ საქართველოში ამ ერთადერთ შანსსაც კი ართმევენ მათ.
ამ ქვეყანაში სამართალი და სასამართლო აღარ არსებობს! იმ განაჩენს, რაც დღეს ქართულ სასამართლოს გამოაქვს, ლინჩის წესით გასამართლება ჰქვია, ერთადერთი – ადამიანს ადგილზე არ ქოლავენ. პატიმარს, როდესაც სამართლის პოვნის იმედი ეკარგება, უფლის იმედადღა რჩება. მაგრამ, როცა ამ რწმენასაც უკლავენ, ყოველმხრივ სასოწარკვეთილებაში აგდებენ. ასეთი არაადამიანური, არაღვთისნიერი საქციელით ესენი შორს ვერ წავლენ. ასეთი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები დიდხანს ვერ იპარპაშებენ.
– ცნობილია, რომ საპატიმროებში პატიმრებს აიძულებენ, მიხეილ სააკაშვილის სურათს აკოცონ, მაშინ, როცა ხატებთან ლოცვას უკრძალავენ…
– სააკაშვილის სურათს იმან აკოცოს, ვინც მას აღმერთებს. ჭკუათმყოფელ ადამიანს ასეთი აზრები როგორ შეიძლება მოუვიდეს თავში?!
ერთ მაგალითს გეტყვით: ახლახან პატიმრებს ციხის მაღაზიაში ნარდის შეძენის საშუალება მიეცათ. აღმოჩნდა, რომ თურმე კამათლების ხმაური ბადრაგებს “აწუხებთ”. ამიტომ პატიმრებს, ხმაურის ჩახშობის მიზნით, კამათლების გაგორება ნარდის ტილოდაფარებულ დაფაზე უწევთ. ამაში ლოგიკურს ხედავთ რამეს?!
– არასამთავროების საერთაშორისო ორგანიზაციებს ჩარევით თუ შეიძლება პატიმრებს საეკლესიო კუთხის მოწყობის უფლება მიეცეთ?
– არასამთავრობოებს ძნელად ხელეწიფებათ ამ საკითხების მოგვარება. 1995 წელს მე ვიყავი ინიციატორი იმისა, რომ პატიმრებს მისცემოდათ სასულიერო პირებთან ურთიერთობისა და აღსარების ჩაბარების საშუალება. უწმინდესი, რა თქმა უნდა, ამას ჩემ გარეშეც იზამდა, მაგრამ ინიციატორი ჩვენ ვიყავით. ამ ხელისუფლების მოსვლამდე, არამარტო სამლოცველოები, არამედ ეკლესიებიც შენდებოდა საპატიმროებში. აბა, ახლა ვინმემ წამოაყენოს ეკლესიის აშენების საკითხი, თუნდაც ქალთა კოლონიაში, ნახავს, რა პასუხს მიიღებს! საქართველოში საერთოდ არაფერი ხდება ხელისუფლების ნებისა და თანხმობის გარეშე. ისიც, რომ საპატიმროებში ხატებსა და სალოცავ კუთხეებს კრძალავენ, რაც უნდა სამწუხარო იყოს, დღევანდელი ხელისუფლების პოზიციაა.
ესაუბრა თეო ტაბატაძე