GEWORLD.NET:
26 მაისის მოვლენების 40 დღის თავზე ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა თავიანთი დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. კონტრასტი თვალშისაცემი იყო: საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სააკაშვილის პოლიცია ადამიანებს ცემით კლავდა, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს კი საელჩოს ეზოში, მშვიდ და მეგობრულ ატმოსფეროში შტატების 1000-მდე მოქალაქე შეიკრიბა, ლუდი დააგემოვნა, სტეიკები და ჰამბურგერები მიირთვა. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი სტეიკი და ჰამბურგერი შეიძლება შეჭამოს ათასმა ამერიკელმა, თავის ნებაზე თუ მიუშვი? ცხადია, ამ მხრივ არც ქართველები აკლებენ ხელს, თუმცა – თეორიულად, რადგან პრაქტიკულად ამის შესაძლებლობა ბოლო დროს აღარ აქვთ. თუ რატომ, ამაზე – ოდნავ ქვემოთ.
ხელები შორს ჩვენი ხორცისგან!
ის, რომ ხორცს საქართველოში მანიაკალური ფასი დაედო, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. გასულ კვირას ,,კოალიციამ ევროპული საქართველოსთვის” უცაბედად სცადა, აეხსნა, თუ რატომ ხდება ეს უბედურება ჩვენ თავს. მათ, ვინც არ იცის, რას წარმოადგენს ხსენებული კოალიცია, შეგვიძლია მოკლედ ავუხსნათ, რომ ეს ის შემადგენლობაა, რომელმაც 26 მაისის დარბევა ასე შეაფასა: ,,რაკი წინასწარ ცხადი იყო, რომ პოლიციას საქმე ჰქონდა ექსტრემისტულად განწყობილ ჯგუფთან, გამართლებული იყო ამგვარი აქციების დასაშლელად კანონით გათვალისწინებული ყველაზე ეფექტური მეთოდების გამოყენება”. როდესაც ამ ძლიერი, არაორდინალური კომენტარის შემდეგ, იგივე ხალხი ხორცის ფასის პრობლემას მიადგა, იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ამ შემთხვევაშიც დღემდე გაუგონარ იდეებს გაგვიზიარებდენ.
თუმცა ვიდრე შევუყვებით ვირაჟებს გუგულის ბუდის თავზე, ალბათ, ერთი გარემოება უნდა აღვნიშნოთ. როდესაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების წინაპრებს ერთ-ერთი პროდუქტის (ჩაის) ფასი არ მოეწონა, ისინი ინდიელებად გამოწყვნენ (ჩინგაჩგუკს დააბრალეთ, ჩინგაჩგუკი ყველაფერს აიტანს…), ბოსტონის ნავსადგურში ბრიტანული გემების ბორტზე აძვრნენ და 45 ტონა ჩაი წყალში გადაყარეს. დღეს ეს ინციდენტი ერთ-ერთ საეტაპო მოვლენად ითვლება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე, რომლის 235-ე წლისთავი საელჩოს ეზოში ასე გულიანად აღნიშნეს.
გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ მაშინ, 1773 წლის 16 დეკემბერს, ამერიკელები ჩაის მაღალ ფასს აპროტესტებდნენ, თუმცა სინამდვილეში ისინი დაბალი ფასების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ხოლო მთელი ეს ისტორია გაცილებით უფრო პროზაული და ცინიკურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ყველაფერი ლონდონის შეცდომით დაიწყო. მისმა საგადასახადო მანიპულაციებმა ამერიკელებს ჩაი ძლიერ გაუძვირა. ამის შემდეგ ამერიკელმა კონტრაბანდისტებმა და ვაჭრებმა თანამედროვე აშშ-ის ტერიტორიაზე იაფი კონტრაბანდული ჩაის შეტანა დაიწყეს. ბრიტანეთის მთავრობა გონს მოეგო და ოსტ-ინდოეთის კომპანიას ნება დართო, ამერიკაში ჩაი ყოველგვარი გადასახადებისა და მოსაკრებლის გარეშე შეეტანა; ეს ჩაი კონტრაბანდულზე უფრო იაფი გამოდიოდა. ხომალდები იაფი ჩაით ბოსტონის ნავსადგურში შევიდნენ და ბუნტმა სწორედ ამ დროს იფეთქა.
ერთი შეხედვით, კატასტროფული არაფერი ხდებოდა, ჩაი კიდევ უფრო გაიაფდა და ცხოვრება თითქოსდა მშვენიერი გახდა, მაგრამ ამერიკელ კონტრაბანდისტებს ეს ხელს არ აძლევდა, მათ აწყობილი ბიზნესი ენგრეოდათ. დაიწყო მიტინგები და გამოსვლები, ნიუ იორკსა და ფილადელფიაში ოსტ-ინდოეთის კომპანიის საწყობები დაარბიეს. მოვლენების ეპიცენტრში სემუელ ადამსი გამოჩნდა, თავისი ანტიბრიტანული ორგანიზაციით ,,თავისუფლების შვილები”; აშშ-ის ოფიციალური ისტორია მას სახელმწიფო მოღვაწედ და ფილოსოფოსად მოიხსენიებს, არაოფიციალური კი – პროვოკატორად და არამზადად. ,,თავისუფლების შვილები” მსწრაფლ ჩაებნენ ბრძოლაში (კონტრაბანდისტების უფლებებისთვის), გემებზე თავდასხმა მოაწყვეს და იაფი ჩაი წყალში გადაყარეს. მთავარი პრობლემა კი ამ სიტუაციაში იყო რიგითი ამერიკელების დარწმუნება, რომ საქმე არა ბანალური ანგარების, არამედ პატრიოტიზმის გამოვლინებასთან ჰქონდათ; ამერიკული რევოლუციის მამებმა ამ მიზნის მიღწევა ასე თუ ისე მოახერხეს.
ამერიკული ჩაიდან ნელ-ნელა ქართულ ხორცზე გადავიდეთ. მაშ ასე, ,,კოალიციამ ევროპული საქართველოსთვის” ხორცის გაძვირებას შემდეგი ახსნა მოუძებნა: ,,ხორცის გაძვირება ევროკავშირის მოთხოვნის დაკმაყოფილების პირდაპირი შედეგია. ნებისმიერი ტიპის აპელირება სასაკლაოების ახლადშექმნილი ბაზრის ,,მონოპოლისტურ” მოთამაშეებზე მხოლოდ მოსახლეობის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა” (,,ინტერპესნიუსი”), ამ ნაწილში კოალიციის განცხადება მოგაგონებთ ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის ადრინდელ გამოსვლას, როდესაც მან თქვა, რომ ახალი ნორმების შემოღება ევროკავშირის ექსპერტების ზეწოლით მოხდა: ,,ჩვენ დაგვაძალეს და გავაკეთეთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად განხორციელდებოდა”. ისე, როდესაც რამეს გაძალებენ, ქცევის ორი მოდელი არსებობს: ა) გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიო; ბ) მოდუნდე და შეეცადო, სიამოვნება მიიღო. საუბარი იმ მიზეზებზე, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლებას უბიძგა ,,ბ” ვარიანტისკენ გადახრილიყო, მისი კოლექტიური ქვეცნობიერის ლაბირინთებში წაგვიყვანს და, ალბათ, უმჯობესი იქნება, გავარკვიოთ, ჰქონდა თუ არა ადგილი იძულებას საერთოდ.
ბარამიძის განცხადების შემდეგ საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის წევრმა ხუან ეჩანოვემ სპეციალური მიმართვა გაავრცელა სახელწოდებით: ,,ხორცის მაღალი ფასები საქართველოში: ნუ ადანაშაულებთ ევროკავშირს!”, მასში ნათქვამი იყო: ,,ევროკომისიას არასოდეს უთხოვია ქართული მხარისთვის, დაუყონებლივ შემოეღო რეგულაცია, რომელიც ბაზარზე მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული ხორცის შეღწევას უზრუნველყოფდა”. ამასთანავე, ეჩანოვემ ხორცის გაძვირებასთან დაკავშირებით, შემდეგი რამ განაცხადა: ,,ამის მიზეზებია ქვეყანაში არსებული ინფლაცია, მცირე ფერმერების მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერის ნაკლებობა, სასაკლაოების შეზღუდული რაოდენობა… სასაკლაოების ბაზრის მონოპოლისტური ხასიათი”.
ცხადი გახდა, რომ ერთ-ერთი ფიგურანტი (ან ბარამიძე, ან ეჩანოვე) ცინიკურად ტყუის. თანაც არა უწყინარ სიტუაციაში, როდესაც შეიძლება ხელი ჩაიქნიო და შემოიფარგლო კომენტარით: ,,დაუხოციათ ერთმანეთი”, არამედ იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელმაც თითოეული ოჯახის ბიუჯეტს დაარტყა. ამ დროს ავანსცენაზე გამოჩნდა ,,კოალიცია ევროპული საქართველოსთვის”, რომელიც მიესალმა ,,ბარამიძის გულწრფელ განცხადებას” და დასძინა, რომ ,,ევროკომისია ყოველთვის აირიდებს პასუხისმგებლობას სწორედ იმ ფორმით, რომლითაც ეს ხუან ეჩანოვემ გააკეთა” (სანტ-იაგო დე კომპოსტელას ვფიცავ, დონ ხუან, ისინი აღარ ხუმრობენ).
მოდით, ამ სიტუაციის გამარტივება ვცადოთ. ხუან ეჩანოვე შავით თეთრზე წერს: ,,ევროკომისიას არასოდეს უთხოვია ქართული მხარისთვის დაუყონებლივ შემოეღო რეგულაცია”. ნეტავ, რა უშლის პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, პროგრესულ ახალგაზრდას მოჰიკანების ტომის შანმანის ვარცხნილობით, ხვალინდელი სამუშაო დღე ამ საკითხის მოგვარებით დაიწყოს? თუ ის ნორმები, რომელმაც ხორცი 80%-ით გაგვიძვირა, გაუქმდება, თითოეული ოჯახი (ფარდობითი) შვებით ამოისუნთქებს, ხოლო, თუ მთავრობა ამას არ გააკეთებს, საზოგადოება, სავარაუდოდ, მივა დასკვნამდე, რომ ადგილი მოსახლეობის პირდაპირ ძარცვას აქვს, რაშიც ხელისუფლება უშუალოდ მონაწილეობს. ისე, თუ ცბიერი დონ ხუანი თქვენ მთავრობაზე ძალადობს, ბატონო ნიკა, ბარემ ესეც გვითხარით და, ელ სიდ კამპეადორის შუბს ვფიცავ, ამას არ შევარჩენთ.
წრეზე სიარულის ეროვნული თავისებურებები
დავუბრუნდეთ აშშ-ის საელჩოს ეზოს, სადაც 26 მაისის ,,ორმოცზე”… (უკაცრავად) და აშშ-ის დამოუკიდებლობის გამოცხადების 235-ე წლისთავზე შეკრებილი საზოგადოება მშვიდად მიირთმევდა სტეიკებსა და ჰამბურგერებს. მასპინძლებს, სავარაუდოდ, ცოტა სხვა მასშტაბის პრობლემები აღელვებდათ, ვიდრე ხორცის ფასის წარმოქმნის ნიუანსები ან ხუან ეჩანოვე თავის ბარამიძიანად; ამ შეკრებამდე ცოტა ხნით ადრე ჯონ ბასმა საინტერესო განცხადება გააკეთა, რითაც საქართველოს პოლიტიკური მომავლის გზამკვლევი ორ ფრაზაში მოაქცია: ,,მიგვაჩნია, რომ შეთანხმება, რომელსაც აღწევს, ერთის მხრივ, მმართველი გუნდი და, მეორეს მხრივ, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, არის წინგადადგმული ნაბიჯი”. ოდნავ მოგვიანებით კი დასძინა: `ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში გააქტიურდებიან ის ძალები, რომლებმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს, გაააქტიურებენ საუბარს საერთო ენის გამოძებნის მიზნით” (,,ინტერპრესნიუსი”).
ცხადია, სიტყვებს ,,წინ გადადგმული ნაბიჯი” ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად გაიგებს, როგორც საკუთარი ქმედების მხარდაჭერას, ,,ექვსეული” კი, თავის მხრივ, ჩაეჭიდება ,,გააქტიურების” მოწოდებას და კვლავ ეცდება, ,,ნაციონალური მოძრაობა” მოლაპარაკების მაგიდასთან დააბრუნოს, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორივე ძალის წახალისება ძალიან კარგი ხერხია საიმისოდ, რომ რეალური შეთანხმება მათ შორის შეუძლებელი გახდეს და ამავე დროს, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ორივე მჩქეფარე პოლიტიკური პროცესის იმიტაციით დაკავდეს. საბოლოოდ, ყოველივე ეს, დიდი ალბათობით, დასრულდება იმით, რომ ,,ექვსეული” არჩევნებზე ისე წავა, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესებს მიიღებს. ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ ,,ნაციონალები” გარკვეულ დათმობებზე წავლენ, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდო ჩანს; მცირე სიმბოლურ ცვლილებებზე, რაც ,,ექვსეულს” შესაძლებლობას მისცემს, ,,სახე შეინარჩუნოს” და არჩევნებზე ასე წავიდეს, საუბარი, რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა არსებითად ეს შესაძლო მიკროსკოპული დათმობები, ცხადია, არაფერს შეცვლის.
სავარაუდო შედეგი: ,,ნაციონალური მოძრაობა” მომავალ პარლამენტში მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას +5-10% (გააჩნია, იმ მომენტში რა მადა ექნება), ყოფილი ,,რვიანის” პარტიები კი დანარჩენ ადგილებს გაინაწილებენ. იმას, თუ როგორი იქნება თითოეული მათგანის კვოტა, განსაკუთრებული მნიშვნელობა, ალბათ, არ აქვს. მთავარია, რომ მათი მონაწილეობა არჩევნებს, უხეშად რომ ვთქვათ, ,,გააპრავებს”. სხვა შედეგი ნაკლებად არსებულ (ან ოდნავ სახეცვლილ) საარჩევნო გარემოში, როდესაც ხელისუფლებას შეუძლია თითქმის უპრობლემოდ მიიღოს იმდენი ხმა, რამდენიც სურს, წარმოუდგენელია.
,,კონსტრუქციული ოპოზიცია”, როგორც ჩანს, ისევ იმ მარშრუტს მიუყვება, რომელიც არაერთგზის გაიარა. მისი აღწერისთვის შეგვიძლია ერთი ცინიკური მეტაფორა გამოვიყენოთ: წარმოვიდგინოთ გოგონა, რომელიც საზეიმოდ გამოეწყობა ხოლმე და მანიაკებით დასახლებულ უბანში მიდის. დილით ბრუნდება: დახეული ტანსაცმელი, ჩალურჯებული თვალები, ცრემლები და ა.შ. ცოდო კია, მაგრამ, როდესაც მეზობლები რამდენიმე დღის შემდეგ ხედავენ, რომ საზეიმოდ გამოწყობილი გოგონა ისევ იმავე გზას მიუყვება, კითხვა მისი სიღრმისეული მოტივების შესახებ სავსებით ბუნებრივად იბადება.
დემოკრატიის ჩამქრალი ჩირაღდანი
წარმოვიდგინოთ, რომ მოხდა სასწაული, ხელისუფლება დათმობაზე წავიდა, საარჩევნო გარემო რადიკალურად გაჯანსაღდა და ,,რვიანმა” თუ ,,ექვსიანმა” (თვლა ამერია) არჩევნებში გაიმარჯვა. რა შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში? რას გვკარნახობს ამ მხრივ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების გამოცდილება? ბარემ ამერიკული ისტორიის საღამო გვაქვს და…
უმცროსი ბუშის არჩევნებთან დაკავშირებულ მანიპულაციებს თავი დავანებოთ და უფრო შორს წავიდეთ. XIX საუკუნის 70-იან წლებში პრეზიდენტის პოსტი რესპუბლიკელები ფლობდნენ და მის დათმობას არ აპირებდნენ. კორუფცია პრეზიდენტ გრანტის ადმინისტრაციაში ისეთი იყო, ჩვენი გარემოს დაცვის სამინისტრო მონაგონია. გასაკვირი არაა, რომ 1876 წლის არჩევნები, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა დემოკრატმა სემუელ ტილდენმა მოიგო. მოწინააღმდეგემ, რუტერფორდ ჰეისმა მას გამარჯვება პრესის ფურცლებიდან მიულოცა. შემდეგ კი (შურპრისე!) ხელისუფლებამ სამ შტატში, რომლებშიც არჩევნები ტილდენმა მოიგო (სამხრეთ კაროლინა, ფლორიდა და ლუიზიანა), ფედერალური ჯარები შეიყვანა და იქ (აგრეთვე, ორეგონში) ხმების გადათვლა დაიწყო. გადათვლის შემდეგ საარჩევნო კომისიებმა ვაშინგტონში ორ-ორი ოქმი გააგზავნეს: ძველი, რომლის მიხედვით ტილდენმა გაიმარჯვა, და ახალი, რომლის მიხედვით გამარჯვებული ჰეისი გამოდიოდა. მოხერხებულმა ფლორიდელებმა ყოველი შემთხვევისთვის სამი ოქმი მოამზადეს.
დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, თუმცა ხელისუფლებამ ჯარები ვაშინგტონშიც შეიყვანა. საბოლოოდ, საკმაოდ მოხერხებული იურიდიული მანიპულაციების შემდეგ, გამარჯვება ჰეისს მიაკუთვნეს. მისი ინაუგურაციის დღეს კაპიტოლიუმთან ფედერალური ჯარების არნახული კონცენტრაცია შეინიშნებოდა. მოკლედ, ამერიკული დემოკრატიის ამ მორიგმა ზეიმმა ძალიან მხიარულად ჩაიარა.
ამ საშინელმა ,,არჩევნებმა”, სავარაუდოდ, საფუძველი დაუდო გაყალბების გლობალურ ეპიდემიას, რადგან ლათინოამერიკულ ქვეყნებში, საპრეზიდენტო სასახლეებში მჯდომმა მთელმა რიგმა ორანგუტანგებისა, როგორც ჩანს, ჩათვალეს, რომ, თუ ასეთი რამ დასაშვებია შეერთებულ შტატებში, მათ ხელ-ფეხი ხომ საერთოდ გახსნილი აქვთ.
ვართ თუ არა დაზღვეული მსგავსი სცენარებისგან? თუმცა ამ თემაზე მსჯელობის გაგრძელებას აზრი, ალბათ, არ აქვს, ვინაიდან პირველადი ვარაუდი – ,,კონსტრუქციული ოპოზიცია არჩევნებში მეტ ხმას მოაგროვებს” – იმთავითვე არასამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნებოდა.
დიმიტრი მონიავა