GEWORLD.NET: 26 მაისის შემდეგ ერთი თვე გასრულდა. ქართული ლიბერალური ბომონდი, რომელსაც ერთმა ჩვენმა კოლეგამ “ექსკლუზიური ლიბერალები” უწოდა, ერთმანეთს ასწრებს იმ აქციის მონაწილეთა გმობასა და დასჯის მოთხოვნას, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ იმ ღამეს უკვე დასაჯა სამაგალითოდ. საქართველოს კონსტიტუცია არ უშვებს ერთსა და იმავე დანაშაულზე ორჯერ სასჯელის დაკისრებას, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, რა დააშავეს იმ ადამიანებმა, რომელთაც სრულიად წარეკვეთათ სასო და ქუჩაში დგომით ლამობდნენ თავის გადარჩენას?
“გამოვედით ორნი ობოლნი ამ ტრიალ დედამიწაზედ უპუროდ, უფულოდ, უბინაოდ, უნუგეშოდ, უთვისტომოდ. ვის შესტკივდებოდა ჩვენთვის გული? ჩვენ ყველასათვის უცხონი ვიყავით, ყველანი _ ჩვენთვის. გამოვწიეთ ქალაქისკენ, გაბოროტებულნი, მთელს ქვეყანაზედ გულამღვრეულნი. გადავემტერეთ უსამართლო ქვეყანას, გადავემტერეთ ყველას, მამინაცვალს, დედას, ავსა, კარგსა, შენა და სხვასა. პატარა ვიყავით, ყველა ხედავდა – რომ თვალნათლივ გვძარცვავდნენ, არავინ არ გამოგვესარჩლა, არავინ მოგვეშველა, არავინ ხმა არ ამოიღო. ჩვენი ცოდვა ყველამ დაიდო კისრად. მამინაცვალმა კი არა, თქვენ ყველამ გაგვძარცვეთ, თქვენ ყველამ მოგვიღეთ ბოლო. მინამ ცოცხალი ვარ, ყველას გადავუხდი და, როცა აღარ ვიქნები, იქ, ღმერთს გავცეთ ყველამ პასუხი. სულ ყველანი იქ მივალთ და იქ დავუდგებით ერთმანეთს პირისპირ. ვნახოთ, ვინ გამოვა მართალი, ვინ _ მტყუანი. ღმერთი გულს უფრო სინჯავს, მინამ საქმეს; იქ სამართალი არ გაბრუნდდება”. ილიამ “სარჩობელაზედ” 1879 წელს დაწერა, მაგრამ როგორ ზუსტად ასახავს ეს გულიდან ამოხეთქილი სიტყვები იმას, რასაც 26 მაისის ღამეს აქციაზე მდგომი ადამიანები განიცდიდნენ! ქართველი შიმშილსაც აიტანს, სიცივესაც, საღარიბესაც, მაგრამ უსამართლობასა და ღირსების შელახვას _ ვერა. ამიტომაც იყო გავეშებული “ზონდერების” (თითქმის ისევე ჟღერს, როგორც ილიასდროინდელი “ჟანდარმები”!) მოქმედება არა უბრალოდ სასტიკი, არამედ _ ღირსების შემლახავი. ქართველი წაქცეულს მტერსაც კი არ სცემდა, მით უფრო _ ხელებგაკოჭილს. თუმცა მათთან ღირსებაზე ლაპარაკი ღორებისა და მარგალიტების იგავს ემსგავსება. მართლაც, ოფიცრის ღირსებას ვერც მოთხოვ მას, ვინც ფულის სანაცვლოდ მოხუცს თავს გაუტეხს, ბავშვს არ დაზოგავს, დაკავებულებს კი საჩვენებელ “შპიცრუტენს” მოუწყობს, რომელიც მე-17 საუკუნეში შვედებმა გამოიგონეს და რომელზეც რუსულმა ცარიზმმა მე-19 საუკუნეში თქვა უარი მისი არაადამიანურობის გამო. ჯარისკაცს, დასჯის მიზნით, მისივე თანაპოლკელების ორ მწკრივში გაატარებდნენ და ისინიც როზგებით უმასპინძლდებოდნენ დასასჯელს. “დაისაჯონ! დაისაჯონ!” _ ხმის ჩახლეჩამდე გაიძახიან ჩვენებური “ექსკლუზიური ლიბერალები”. ნოდიასა და მისთანა “ინტელექტუალებისა” არ გამკვირვებია, მაგრამ უეცრად აღმოვაჩინე, რომ ჩემი ბავშვობის ბაში-აჩუკს ილიას “სარჩობელაზედ” არ წაუკითხავს. “დიახ, სახრჩობელაზე არიან დასასჯელები ნინო ბურჯანაძე, გია ბურჯანაძე, ელიზბარ ჯაველიძე, სოსო ჯაჭვლიანი, რეზო ესაძე! ნონა გაფრინდაშვილიც კი!” _ აცხადებს 87 წლის ოთარ კობერიძე. ილიასეული მოხუცი მეურმე პეტრე კი ვერ იჯერებს, რომ ადამიანის ჩამოხრჩობა მართლაც შეიძლება: “სწორედ ტყუილი რამ თვალთმაქცობა იქნება ჯამბაზისა, თორემ მართლა კაცის ჩამორჩობა, აბა, რა სანახავია? კატა ხომ არ არის, აიღო და ჩამოჰკიდო; რაც უნდა იყოს, ღვთის სული ადამიანია”. დანაშაულისა და სასჯელის შესახებ ჩვენებურ “ექსკლუზიურ ლიბერალებს” ერთობ თავისებური წარმოდგენა აქვთ. ჯიხურის პატრონს 200 ათასს, ხოლო მობილურის ქურდს 100 ათას ლარს ისე დააკისრებენ, თვალსაც არ დაახამხამებენ. ვერგადამხდელს 15-20 წელს ისე მიუსჯიან, არც კი შერცხვებათ. სამაგიეროდ, მკვლელებს სამ წელიწადს აკმარებენ კომფორტულ საკანში და ისევ გარეთ გამოუშვებენ. ადეკვატური სასჯელი, მათი აზრით, ნულოვანი ტოლერანტობაა სხვისიანებისთვის და უსაზომო ლმობიერება თავისიანებისთვის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საკუთარი ვიწრო წრის გარდა ყველანი “სხვისიანებად” მივაჩნივართ, მაშინ გასაგები გახდება, რატომ იხარჯება ციხეების მშენებლობაზე მეტი, ვიდრე მთლიანად სოფლის მეურნეობაზე, პრიორიტეტად რომ გამოგვიცხადეს. თავისიანებად და სხვისიანებად დაყოფა არასოდეს იყო ქართული საქციელი. წესი და კანონი საერთო იყო ყველასთვის. მართლმადიდებელი პატივს სცემდა ყველა რჯულის ადამიანს და ამავე დროს მტკიცედ იცავდა საკუთარს. ინკვიზიცია უცხო იყო ჩვენი წინაპრებისთვის. არც რაიმე ნიშნით ვინმეს დაჩაგვრა ითვლებოდა ღირსეულ საქციელად. ამიტომაც არის, რომ ინკვიზიტორის მანტიამოსხმული დამწყები ლიბერალები ასე არაპოპულარული არიან ხალხში. ამას არც მაღალი თანამდებობა შველის, არც ერთმანეთისთვის პროფესორების წოდების მინიჭება და არც ერთმანეთთან სატელევიზიო ეთერებში სტუმრობა. მარგინალი მარგინალია, რომელ სკამზეც უნდა წამოსკუპდეს. გაზეთის წინა ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას “მეც ქართველი პრეზიდენტი მინდა!” ინტერნეტში ვინმე “თბილისელი სომეხი” გამოეხმაურა: “მესმის თქვენი, ქ-ნო ნანაჯან, ქართველში, ალბათ, ქართლელს გულისხმობთ, ნამდვილ ქართველს, თორემ ყველანი ქართველები არა ვართ?! მერე რა, რომ სვანებს, მეგრელებს, ოსებს, აფხაზებს, სომხებსა და ბორჩალოებს ჩვენი ენებიც გვაქვს, ენა ეთნოსის ნიშანია, ეროვნულად კი ყველანი ქართველები ვართ. ქართველი ყველას სახელია და არა რომელიმე ეთნოსისა. ბოლო-ბოლო, საქართველოს მოქალაქეები ხომ მაინც ვართ და რაღა დარჩება ჩვენი მოქალაქეობისგან, პრეზიდენტობის უფლება რომ ჩამოგვართვან?! რაც შეეხება ქართლელის პრეზიდენტობას, სათხე მარილი სადაა?! იმიტომ არ მოკალით ილია ჭავჭავაძე, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ქართლელის ჭაჭანება არ ყოფილიყო”? ახპერ, ცავატანემ! კარგა ხანია, ინტერნეტში ასეთი კარგი ქართულით ნაწერი არ მინახავს (სასვენი ნიშნების ჩათვლით!). მიხარია. ქართველი ის არის, ვისთვისაც ძვირფასია ქართული მამული, ენა, სარწმუნოება (თუნდაც თავად სხვა აღმსარებლობისა იყოს). საიდუმლოდ გეტყვი: ქართლის გამქრისტიანებელი მირიანიც კი არ იყო ეთნიკური ქართველი, მაგრამ საქართველოს წინაშე ღვაწლისთვის იგი წმინდანად არის შერაცხული, ისევე, როგორც ილია, რომლის მკვლელობასაც გვაბრალებ. ჩემი საზომით, სწორედ მისი მკვლელი არ არის ქართველი, მიუხედავად მისი წარმომავლობისა. აი, სათხე მარილი კი ნამდვილად არ გეკადრებოდა, მაგრამ შეგინდობ, როგორც მართლმადიდებელი “თბილისელ სომეხს”. თუმცა ლიბერალურ ინკვიზიციას მივუბრუნდეთ. “წმიდა ნინოს ცხოვრებაში” მოთხრობილია, რომ როდესაც მაცხოვრის დასასჯელად ემზადებოდნენ, მცხეთელ ებრაელებს წერილი მოსწერეს იერუსალიმიდან. ამ წერილში მათი წარმომადგენლის ჩასვლასა და იესოს დასჯაში მონაწილეობას სთხოვდნენ. გასაგზავნად ბრძენი და მეცნიერი მღვდელი ელიოზი შეარჩიეს მცხეთელმა ებრაელებმა. გამგზავრების წინ ღრმად მოხუცმა დედამ ელიოზს უთხრა: “შვილო, აჰა ესერა, წარხვალ წოდებასა მას, რომელსა ზრახვენ მღვდელმთავარნი და ფარისეველნი კაცისა მისთვის მართლისა. ნუმცა შერთულ ხარ მათ თანა, რამეთუ იგი არს მოსწავებული წინასწარმეტყველთაი და იგი არს წარმართთა ცხორებაი საუკუნო”. ელიოზმა პირობა შეუსრულა დედას და იესოს ჯვარცმის შესახებ გადაწყვეტილებას “არ ეზიარა”. თითქმის 19 საუკუნის შემდეგ ეს ისტორია მისტიკურად მეორდება. 1922 წელს სტალინი საქართველოში ჩამოვიდა. მას დედა მიუახლოვდა და ჰკითხა: “ხელებზე მეფის ოჯახის სისხლი ხომ არ გცხია?”, სტალინმა უპასუხა: “ჭეშმარიტად, არა! მათ სისხლში წილი არა მაქვს!” და ყველას დასანახად პირჯვარი გადაიწერა. აქირქილდებიან ახლა ჩვენებური “ექსკლუზიური ლიბერალები”. ისინი ხომ 50 წლის წინათ გარდაცვლილ სტალინს ებრძვიან, დღევანდელ ავტორიტარიზმს კი ჯიუტად არ იმჩნევენ. მათ ომი სტალინის ქანდაკებას მოუგეს, ენგურჰესი კი აფხაზეთსა და სამაჩაბლოსთან ერთად რუსებს ჩააბარეს. მათ იმდენი ილაპარაკეს კანონის უზენაესობაზე, რომ უკანონობასაც უზენაესი სტატუსი შესძინეს. ისინი უმცირესობაში არიან, მაგრამ ძალასა და ძალადობას სწორედ იმიტომ ამართლებენ, რომ უმრავლესობა საკუთარი შეხედულების მიხედვით აცხოვრონ. ქვეყანაში, რომელშიც თავად თბილისის მერის აღიარებით, დედაქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტი “ცოტა ელექტროენერგიას მოიხმარს, რადგან უჭირს, მაგრამ გადასახადი მაღალი ჰქონდა”. ელექტროენერგიაზე ამ გადასახადის მიბმით, უგულავას რომ ვენდოთ, “მოსახლეობის ნახევარზე მეტს ეს გადასახადი შეუმცირდება”. ერთი სიტყვით, თბილისელების უმრავლესობა იმდენად გაჭირვებულია, რომ მინიმუმამდე აქვს შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება. რაც შეეხება დასუფთავების გადასახადის მაღალ დონეს, არასრული ერთი წლის განმავლობაში მერიამ ნაციონალური საკრებულოს მდუმარე თანხმობით ორჯერ ისე გააორმაგა, რომ მოსახლეობა არ შესცოდებია! ერთი სიტყვით, ნაგვის გატანას აძვირებენ იმიტომ, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს “გაუიაფონ”! არქიფო სეთურისა და ასინეთასი არ იყოს, იგივეა ეს, ოღონდ – პირიქით! ვისაც აღარ ახსოვს, შევახსენებ: წლეულს დასუფთავების გადასახადი 1,20 ლარიდან 2,50-მდე გაიზარდა. 2007 წელს კი იმავე მომსახურებაში 40 თეთრს ვიხდიდით. ევროპაში 2%-ით გადასახადის გაზრდის გამო საპროტესტო გამოსვლები კარგა ხანს არ ცხრება ხოლმე, ჩვენ კი 500%-ით გვიზრდიან და მერე აქციებში “რუსულ კვალს” ეძებენ! მერე რა, რომ ექვსი თვის წინათ პარლამენტმა “მოსაკრებლის შესახებ” კანონში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც დასუფთავების გადასახადი 3 ლარზე მეტი არ უნდა იყოს! შეიკრიბებიან და კვლავაც შეიტანენ ახალ ცვლილებას. მათ ხომ უკეთ იციან, როგორ უნდა ვიცხოვროთ! მეორე მხრივ, იქნებ, არც იყოს ლოგიკას მოკლებული, რომ სწორედ დასუფთავების გადასახადი იზრდება; ქვეყანა პოლიტიკურმა ნაგავმა წალეკა, მისი გატანა კი სულ უფრო რთულდება. ნანა დევდარიანი P.S. ილიას მოთხრობას “სარჩობელაზედ” მეტად საგულისხმო მინაწერი აქვს: “ურმის ქარავანი რომ წავა შორს მანძილზედ, ერთ-ერთს ურემზედ მამალს დასმენ ხოლმე, რომ მამლის ყივილმა გათენება შეატყობინოს ქარავანსა. უფრო ხშირად ვისაც პირველობა აქვს ქარავანში, მამალიც იმას უზის ხოლმე. ურმის ქარავანში პირველობა, ესე იგი წინა ურმის მეურმეობა, გლეხობაში სასახელოა, რადგანაც მარტო კარგს, გზის მცოდნეს, ფხიზელს, სანდო მეხრეს და კაი ხარ-კამეჩის პატრონს ანდობენ ხოლმე მაგ პირველობას”. ჩვენ ვის ვანდობთ? მათ, ვისაც სიტყვა “გლეხი” ეთაკილება, შევახსენებ, რომ სამხრეთ აფრიკაში ბრიტანელ იმპერიალისტებთან საბრძოლველად ჩასულმა ნიკო ბაგრატიონმა ბური დაირქვა. ბური კი ჰოლანდიურად სწორედ გლეხს ნიშნავს.