Home რუბრიკები პოლიტიკა დემოკრატიის შუქურის ავღანური პანაშვიდი

დემოკრატიის შუქურის ავღანური პანაშვიდი

GEWORLD.NET:“სულელი მექამდე რომც მივიდეს, მაინც სულელად დარჩება,” _ ამ ავღანურმა ანდაზამ ჩვენთვის, ალბათ, განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა, რადგან ძნელია, სხვა შეფასება მოუძებნო შემდეგ ფაქტს: ვაშინგტონს და მის ძირითად მოკავშირეებს ავღანეთიდან ჯარები ეტაპობრივად გაჰყავთ, მიხეილ სააკაშვილი კი იქ დამატებითი კონტინგენტის გაგზავნას აპირებს.

ამის შესახებ პირველად ივნისის დასაწყისში შევიტყვეთ. რელიზში, რომელიც თეთრმა სახლმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის _ ჯოზეფ ბაიდენისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, ნათქვამი იყო, რომ “საქართველო ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ISAF-ის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი გახდება” (დღეს, ამ მხრივ, პირველ ადგილზეა ავსტრალია 1550-კაციანი კონტინგენტით). 9 ივნისს ბრიუსელში ISAF-ის ძალების სარდლის _ დევიდ პეტრეუსისა და თავდაცვის მინისტრის _ ბაჩო ახალაიას შეხვედრის შემდეგ საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ ავღანეთში დამატებით ძალებს გავაგზავნით.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ავღანეთს 10 ათასი ამერიკელი სამხედრო დატოვებს, მომავალი წლის პირველ ნახევარში _ კიდევ 23 ათასი. ამასთანავე, იგულისხმება, რომ ჯარების გაყვანა გაგრძელდება და 2014 წლიდან უსაფრთხოებას ავღანეთში მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს. იცვლება ამერიკელი  სამხედროების მოქმედების ხასიათიც: “ჩვენი ამოცანა შეიცვალა _ ბრძოლის წარმოებიდან მხარდაჭერის აღმოჩენაზე გადავდივართ,” _ თქვა ობამამ. ამ განცხადების შემდეგ თავიანთი კონტინგენტების ეტაპობრივი შემცირების შესახებ განცხადებები დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთისა და ბელგიის მთავრობებმა გააკეთეს. ჰილარი კლინტონმა კი დაადასტურა, რომ შტატებმა თალიბებთან კონტაქტის დამყარება დაიწყო: “მოლაპარკებები მათთან უსიამოვნოა, მაგრამ აუცილებელი,” _ თქვა სახელმწიფო მდივანმა.
დროებით თავი დავანებოთ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებს; ნებისმიერ ომს ადამიანური განზომილება აქვს. ათასობით ამერიკელი და ევროპელი დედა წელს შობას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდება, რადგან მათ გვერდით ომიდან დაბრუნებული შვილები იქნებიან. სხვა ოჯახებს კი იმედი მიეცემათ, რომ მალე მათი დაძაბული მოლოდინიც დასრულდება. საქართველოში საპირისპირო განწყობა იქნება, რადგან, როდესაც ისინი თავიანთ ბიჭებს დახვდებიან, ჩვენ ჩვენიანებს ავღანეთში გავაცილებთ.
დღესაც კი, კონტინგენტის გაზრდამდე, კოალიციის “ყულაბაში” საქართველოს შენატანი არაპროპორციულად დიდი ჩანს. ავღანეთში 937 სამხედრო გვყავს, მაშინ, როდესაც ნატოს წევრ დანიას _ 750, ბულგარეთს _ 606, ჩეხეთს _ 519, ბელგიას _ 507, ნორვეგიას _ 406, უნგრეთს _ 383, ხორვატიას _ 320, ლიტვას _ 237, ესტონეთს _ 163, საბერძნეთს _ 162, ლატვიას _ 139, პორტუგალიას _ 133. რაც შეეხება ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს, აქ ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ ავსტრალია “გვისწრებს”, სხვა კონტინგენტები კი უფრო მცირეა: შვედეთი _ 500, სამხრეთ კორეა _ 426, ახალი ზელანდია _ 191, ფინეთი _ 156 და ა.შ. ჩამოთვლილი ქვეყნების უმრავლესობას საქართველოზე გაცილებით დიდი სამხედრო პოტენციალი აქვს და თეორიულად ბევრად მეტი სამხედროს გაგზავნა შეეძლოთ, მაგრამ ეს არ მომხდარა. მეტიც, ამ ქვეყნების მთავრობები ზრუნავენ იმაზე, რომ მათმა ჯარისკაცებმა შედარებით უსაფრთხო ზონებში იმსახურონ.
ვაშინგტონი პარტნიორებს გამუდმებით ურჩევს, თავიანთი კონტინგენტი გაზარდონ, ან, როგორც მინიმუმი, არ შეამცირონ. ამ ზეწოლას ყველა როდი უძლებს, მაგრამ, თუ (მაგალითად) სლოვენიელებთან საუბარი ერთი დამატებითი ოცეულის, ხოლო ჩეხებთან ერთი ასეულის გაგზავნაზე მიმდინარეობს, სააკაშვილი ავღანეთში, “лёгким движением руки” ბატალიონებს აგზავნის და მალე, ალბათ, ბრიგადებზე გადავა. მმართველ პარტიას კოლექტიური ჭკუა დაუშლის, გონება თუ საზოგადოებრივი აზრი?
“_ ბიჭებო, თქვენ აქ, ტყვიამფრქვევთან, დარჩით, ჩვენ კი წავედით!
_ სად წახვედით?!
_ სახლში!”
ოფიცერს, რომელიც ჯარისკაცებს ასე დაელაპარაკება, ნორმალური სარდლობა, ალბათ, სამხრეებს ჩამოახევს და შეაჭმევს კიდეც, თუმცა საერთაშორისო პოლიტიკაში უარესიც მოსულა. ფაქტია, ისინი ნელ-ნელა მიდიან, ჩვენ კი “ტყვიამფრქვევთან ვრჩებით”, მეტიც, პოზიციებს ვამაგრებთ.
ისინი მიდიან… ახალი, პრინციპში, არაფერი ხდება, მორიგი უცხოური არმია ტოვებს ავღანეთს, ისე, რომ გამარჯვებას ვერ აღწევს. ფორმალურად, ამერიკელი სამხედროები ბრძოლის ველზე არ დამარცხებულან, თუმცა ვიეტნამშიც ასე იყო: კომუნისტებმა აშშ-ის მოკავშირე საიგონის რეჟიმი მას შემდეგ გაანადგურეს, რაც ამერიკელებმა ჯარები გაიყვანეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღეს არავინ უარყოფს იმას, რომ შტატებმა ვიეტნამში უმძიმესი მარცხი იწვნიეს. ჯერჯერობით შემოვიფარგლოთ ნეიტრალური ფორმულირებით “ვერ გაიმარჯვეს” და იმ ფაქტის კონსტატაციით, რომ თავიდანვე (და ოდითგანვე) გაუგებარი იყო, რას ნიშნავს “გამარჯვება ავღანეთში” საერთოდ.
არადა, ცოტა ხნის წინათ ძალთა თანაფარდობა უპრეცედენტო გახდა: 35 ათასი თალიბის პირისპირ (ეს ISAF-ის ძალების ყოფილი სარდლის, გენერალ სტენლი მაკკრისტალის შეფასებაა; არის სხვა შეფასებები, მაქსიმალური დასახელებული რიცხვი 93 ათასია) კოალიციის 130 ათასი სამხედრო და ავღანური სამთავრობო ძალების 250 ათასამდე მებრძოლი იდგა (140 ათასი _ არმიაში, 110 ათასი _ პოლიციაში); ამას უნდა მივამატოთ აბსოლუტური უპირატესობა ავიაციასა და ტექნიკაში. შედარებისთვის: ვიეტნამში ამერიკელებისთვის ყველაზე წარმატებულ პერიოდში 1 მოწინააღმდეგეზე 5 ამერიკელი და სამხრეთვიეტნამელი მოდიოდა. თუმცა ზომას ხანდახან მნიშვნელობა არ აქვს.
სხვათა შორის, საბჭოთა კონტინგენტი ავღანეთში უფრო მცირერიცხოვანი იყო (106 ათასი სამხედრო 1985 წელს; ეს მაქსიმალური მაჩვენებელია), მას უფრო ნაკლები ავღანელი ძალოვანი ეხმარებოდა. მაგრამ ეს ძალა ავღანეთის ტერიტორიის 70%-ს ასე თუ ისე მყარად აკონტროლებდა; ISAF-ის მიღწევების მაქსიმუმი ამის ნახევარია. საქმეში ჩახედული ამერიკული უწყებების შეფასებით (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო და სხვა), საბჭოელებს გაცილებით მეტი, 150-დან 250 ათასამდე მოჯაჰედი ებრძოდა. მხოლოდ CIA-ს ბანაკებში 13 ათასი მომზადდა, გაცილებით მეტი პაკისტანელმა ინსტრუქტორებმა გაწვრთნეს (იყო ბანაკები ირანშიც). დღეს თალიბები მსგავს მომზადებაზე ვერც იოცნებებენ. აშშ ყოველწლიურად აწვდიდა მოჯაჰედებს 65 ათას ტონა მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებასა და აღჭურვილობას (“სტინგერები”, პლასტიკური ნაღმები, კავშირგაბმულობის საშუალებები და ა.შ.). შტატების გარდა, მათ მხარს უჭერდნენ საუდის არაბეთი, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ირანი; ჯამში დახმარება 20 მილიარდ დოლარს აღწევდა. დღეს თალიბებს წელიწადში მხოლოდ 150 მილიონის ღირებულების (თანაც 80-იანებიდან მოყოლებული დოლარი ძლიერ გაუფასურდა) 50 ათას ტონამდე დაბალტექნოლოგიური შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენა შეუძლიათ. თუმცა პარალელების გავლებას აზრი, ალბათ, არ აქვს, რადგან ეს მაინც სხვა ომი და სულ სხვა არმია იყო.
ყოველივე თქმული სულაც არ ნიშნავს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ცუდად იომეს. მაგალითად, შარშან ყანდაგართან (ოპერაცია “Dრაგონ შტრიკე”) 101-ე დივიზიის მებრძოლებმა თავი მართლაც არ დაზოგეს. გაიმართა ბევრი დრამატული ბრძოლა, დაიღუპა კოალიციის ათეულობით მებრძოლი, დაუდგენელი რაოდენობის თალიბი და ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. ყანდაგარის გარშემო შეიკრა 16 საყრდენი პუნქტისგან შემდგარი უსაფრთხოების რკალი, ქალაქის ცენტრში 2000-ზე მეტი პოლიციელი შეიყვანეს. საინტერესოა, რა ვითარებაა ყანდაგარში დღეს.
როდესაც პოლიციელები ქალაქში გადიან, სახეს მალავენ, რათა თალიბებმა არ იცნონ. საქმე ისაა, რომ ღამით კონტროლი ქალაქზე, ფაქტობრივად, თალიბების ხელში გადადის. მათი მობილური რაზმები მოტოციკლებით მთელ ქალაქში დადიან და პოლიციელებს ან იმ ადამიანებს ეძებენ, ვინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. როგორც წესი, მსხვერპლს გაფრთხილებას უგზავნიან, ხოლო, თუ ის ყანდაგარიდან გასწრებას ვერ მოახერხებს, კლავენ. გასულ წელს თალიბების “სიკვდილის ესკადრონებმა” ყანდაგარში სიცოცხლეს 600-მდე ადამიანი გამოასალმეს. თითქმის ყოველდღე ხდება თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აფეთქება მძიმე შედეგებით. კაცმა რომ თქვას, ცეცხლმოკიდებულ ბორდელში უფრო მეტი წესრიგია, ვიდრე ქალაქ ყანდაგარში. თუმცა რა პრეტენზიები გვაქვს ავღანელ პოლიციელებთან? მაგალითად, ჰელმანდის პროვინციაში, სადაც ჩვენი სამხედროები მსახურობენ, BBC-ის ცნობით, პოლიციელების 60% ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია.
ისე, ამერიკელებისა და მათი ავღანელი მოკავშირეების თავგადასავლების კვლევის ნაცვლად, აჯობებს, ისევ ჩვენს პრობლემებს მივუბრუნდეთ. იქნებ, ჩამოვყალიბდეთ, რას ვიცავთ ავღანეთში? ჰამიდ კარზაის ძირგამომპალ რეჟიმს, რომლის უკიდეგანო კორუმპირებულობაში ეჭვი არც ერთ ამერიკელ კომენტატორს არ შეაქვს, თუ “ავღანურ დემოკრატიას” (ბოდიში უხერხული გამონათქვამისთვის)? მართალია, ზოგიერთი ქართველი ექსპერტი გოროზად საუბრობს “ომზე ტერორიზმთან”, მაგრამ მათ, სავარაუდოდ, არ იციან, რომ ეს ტერმინი, ორი წელია, არაკორექტულად ითვლება და პენტაგონის დოკუმენტებში ფიგურირებს, უბრალოდ, “საგანგებო ოპერაცია უცხოეთში”.
სხვა, უფრო მარტივი ფორმულირება ხომ არ მოგვეძებნა? მაგალითად, ასეთი: სააკაშვილს ძია სემის ვალი მართებს (აქ, ცხადია, არა მხოლოდ ფინანსები იგულისხმება) და ჩვენ სამხედროებს ავღანეთში სწორედ ამიტომ აგზავნის. 9 მათგანი უკვე დაიღუპა. რისკი იზრდება; ამერიკელების გასვლის პროცესში შეიძლება უამრავი საშიში, უსაფრთხოების მზარდ დეფიციტთან დაკავშირებული სიტუაცია შეიქმნას.
პროპაგანდის ზღაპრები იმასთან დაკავშირებით, რომ მთელი ეს პროცესი ნატოსთან გვაახლოებს და ქართველ სამხედროებს სამშობლოს დაცვისთვის აუცილებელ, განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს სძენს, ყურადღების ღირსი, ალბათ, არ არის. აგვისტოს ომმა ნათლად აჩვენა, რომ “ამერიკულ ყაიდაზე” გაწვრთნილი ქართული ქვედანაყოფები, ძირითადად, კოლონიური ტიპის ომებში ნახევრადსაპოლიციო ფუნქციების შესრულებისთვის მოამზადეს. თვალი შევავლოთ პოტენციური მოწინააღმდეგეების არმიებს: რომელი მათგანი ჩამოჰგავს თალიბებს (თუნდაც წვერით) ან მათ ტაქტიკას რომელი იყენებს?
წიგნში “ეს ჩვენი სამშობლო იწვის” გენერალი გია ყარყარაშვილი დაწვრილებით აღწერს 43-ე ბატალიონის მოქმედებას აგვისტოს ომის დროს. ეს ბატალიონი ზნაურის მიმართულებით მოქმედებდა და მსხვილ რუსულ ქვედანაყოფებს მისთვის გზა არ გადაუღობავს, წინააღმდეგობას მხოლოდ მცირე ოსური ჯგუფები უწევდნენ. აშკარად ჩანს, რომ ბატალიონი “ბუქსაობდა” მაშინაც კი, როდესაც შეტაკება საკმაოდ სუსტ ჯგუფებთან უწევდა. “43-ე ბატალიონის მოქმედება დეტალურად აღვწერე, რათა მეჩვენებინა, ქართული ბატალიონები შეტევისას რა ტაქტიკით მოქმედებდნენ და რა ამოცანები ჰქონდათ დასახული, _ წერს ყარყარაშვილი, _ ასე იყვნენ მომზადებულები და გაწვრთნილები. მათ მოქმედებაში ვერ ვნახულობთ შეტევისთვის დამახასიათებელ მოთხოვნებს, ისეთს, როგორიც არის შეუჩერებლად დღისა და ღამის განმავლობაში სწრაფი ტემპით სვლა, ძალების სრული დაძაბვით გადამწყვეტი დარტყმების განხორციელება, მანევრირება, მოწინააღმდეგის თავდაცვითი პოზიციების გარღვევა და სიღრმეში გასვლა”.
აგვისტოს კატასტროფის კვალობაზე მაიკლ ჩეჩირემ “Eurasia Review-ში დაწერა: “ქართული არმია ტერიტორიის დაცვისთვის დღემდე არ მოუმზადებიათ”. ეს, ალბათ, უნიკალური შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც არმია არა საკუთარი ქვეყნის, არამედ უცხოელი პარტნიორის (თუ პატრონის?) ინტერესებიდან გამომდინარე იწვრთნება. რაც შეეხება მომზადებას “ტერიტორიის დაცვისთვის”, ამ მხრივ, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი, ალბათ, ამერიკელების მიერ საგულდაგულოდ შეიარაღებული და გაწვრთნილი სამხრეთ ვიეტნამის არმიაა, უფრო სწორად კი, სევდიანი მოგონებები მასზე. თუმცა ასე შორს ნუ წავალთ, აგერ ახალი ავღანური არმია, რომელსაც ამერიკელები დაუცხრომლად ამზადებენ.
იმავე ყანდაგართან ბრძოლების დროს, იმავე 101-ე დივიზიის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურმა პეტერ ბენჰოფმა თავის მებრძოლებს ავღანელ მოკავშირეებთან ერთად საბრძოლველად წასვლა აუკრძალა. “ისინი არა მხოლოდ უსარგებლონი, არამედ საშიშნიც არიან,” _ ამბობდნენ ამერიკელი ჯარისკაცები. ჟურნალისტებმა კი მაშინ ასეთი სცენა იხილეს: “როდესაც თალიბებმა ცეცხლი გახსნეს, ავღანელი ჯარისკაცების ნაწილი ახლომდებარე ვენახში გაიქცა, ხოლო ნაწილმა არაფერი მოიმოქმედა. მეტყვიამფრქვევემ სცადა, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მას შუა ბრძოლაში ჩაეძინა, ხოლო ოფიცერს ჯარისკაცებისთვის ქვების სროლა მოუხდა, რათა ცოტათი მაინც დაემორჩილონ”. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ უარვყოფთ ავღანური სამთავრობო ძალების მთელი რიგი მებრძოლების სიმამაცეს, თუმცა მათი არმია დღეს, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გამოიყურება.
ადრე თუ გვიან, ალბათ, ყველაფერს ეშველება, გარდა ერთისა: ქართული საზოგადოება (მცირე გამონაკლისის გარდა) ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნას გულგრილად ხვდება. კითხვები: “რატომ?” “რატომ ამდენი?” და ა.შ. პრაქტიკულად არ ისმის, თითქოს საქმე სხვის შვილებს ან უცხო ქვეყნის არმიას ეხება. ეს საკმაოდ მძიმე, სახასიათო სიმპტომია, რაც ერთი გვარიანი დიაგნოზის გაშლას მოითხოვს. მაგრამ, ვინაიდან პაციენტს განკურნება, როგორც ჩანს, არ სურს, ამის გაკეთებას აზრი, ალბათ, არც აქვს.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here