Home რუბრიკები საზოგადოება ცრუ ფეხმძიმობა*

ცრუ ფეხმძიმობა*

GEWORLD.NET:
*ცრუ ფეხმძიმობას ზუსტად ისეთი გარეგნული ნიშნები ახასიათებს, როგორც ნამდვილს. ამ მოვლენას ვერ ხსნიან, ხოლო ქალის დარწმუნება, რომ მის ორგანიზმში ნაყოფი არ არის, პრაქტიკულად შეუძლებელია.
მმართველმა პარტიამ, რომელიც ცხრა თვის განმავლობაში თითის ქნევით აფრთხილებდა ოპოზიციას, ულტიმატუმის ენაზე ლაპარაკს არ დავუშვებთო, გასულ პარასკევს ერთ გვერდზე ჩამოყალიბებულ საპასუხო წინადადებებს ულტიმატუმიც მოაყოლა. თუ ორშაბათის 18 საათამდე “რვიანი” პასუხს არ გასცემდა, ყოველგვარი მოლაპარაკება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ დასრულებულად (ანუ უშედეგოდ) ჩაითვლებოდა.

ორშაბათს დილით, (ალბათ, რომ არავის დაესწრო) “ახალმა მემარჯვენეებმა” მამუკა კაციტაძის სახით სასწრაფო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ისინი თანხმდებიან ამ წინადადებებს და ეს არის სოლიდური გამარჯვება.
პოლიტიკურ პროცესებსა და პოლიტიკოსებზე დაკვირვების მრავალწლიანი პრაქტიკის მიუხედავად, შაბათს მიცემულ ინტერვიუში მეც კი ვერ ვივარაუდე, რომ “ახლები” ამ წინადადებებს დათანხმდებოდნენ. ჩემი პროგნოზით, ეს “ქრისტიან-დემოკრატებსა” და “ეროვნულ-დემოკრატებს” უნდა გაეკეთებინათ. რა თქმა უნდა, ესენიც დათანხმდნენ და სხვებიც (მოლაპარაკების მაგიდასთან ხომ, რვა კი არა, ჩვიდმეტი პარტია იჯდა), მაგრამ “რვიანის” დაშლის შესახებ პირველი განცხადება სწორედ “მემარჯვენეებმა” გააკეთეს.
ერთმა ჟურნალისტმა 2004 წელს რესპუბლიკელებს ჰკითხა, როგორ აღმოჩნდით სააკაშვილის გვერდითო და მათმა ერთ-ერთმა სახემ მიუგო: _ მოგვბეზრდა ოპოზიციაში ყოფნაო! როგორც ჩანს, “მემარჯვენეებსაც” მობეზრდათ.
შეთანხმებაზე ხელის მოწერა საზოგადოებაშიც და პარტიებშიც აღქმულია როგორც გარანტია, რომ “ნაციონალები” პარლამენტში მათ უთუოდ შეუშვებენ. მაგრამ, ჯერ ერთი, არავინ იცის, რა მოხდება 2012 წლის არჩევნებამდე და მეორეც _ 1999 წელს “მოქალაქეთა კავშირმა” ისე მხურვალედ გაიზიარა “ედპ-ს” წინადადება საარჩევნო ბარიერის 7%-მდე გაზრდის შესახებ, რომ მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ამ ინიციატივის ავტორებს პარლამენტს გარეთ დატოვებდნენ. მართლაც, რა სამაგალითო ცინიზმია: მხარი დაუჭირო ოპოზიციურ პარტიას და შემდეგ მისივე მოთხოვნილი 7%-იანი ბარიერი არ ააღებინო!
ახლა თავად წინადადებებს მივუბრუნდეთ.
1.საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 190-ით. აქედან 83 დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან, ხოლო 107 _ პროპორციული სისტემით.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ რამდენი პარტიაც უნდა დაეთანხმოს ამ წინადადებას, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა, რომლის 150-მდე შემცირება 2003 წლის რეფერენდუმით (მოსახლეობის 90%-ის მხარდაჭერით) გადაწყდა, მხოლოდ ახალი რეფერენდუმით შეიძლება. რა მოხდა მერე, ჩაატარებენო, _ იტყვის მკითხველი. კი, ბატონო, მაგრამ ამ “შეთანხმებულმა” პარტიებმა წინასწარ იციან, რომ 2003 წელთან შედარებით ერთიათად გაღატაკებული ხალხი მუქთამჭამელების რაოდენობის გაზრდას დაუჭერს მხარს? “ნაცმოძრაობამ” რომ წინასწარ იცის, გავიგეთ, მაგრამ, თუ ოპოზიციაც ასეთივე “ნათელმხილველია”, რა განსხვავებაა მაშინ მათ შორის?
თუმცა არის მეორე სცენარიც: სულსწრაფობით შეპყრობილ ოპოზიციას იგივე გაუმეორონ, რაც თავის დროზე “ედპ-ს”. რა ვქნათ, ბატონო, არ დაუჭირა მხარი ამომრჩეველმა ამ წინადადებას, ვეღარ ვზრდით დეპუტატთა რაოდენობას და ვეღარც თქვენ მოგცემთ შეპირებულ მანდატებსო!
2. ამომრჩეველთა სიების დაზუსტებისთვის შეიქმნება სპეცკომისია, რომელშიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეიყვანენ. ხელისუფლებასთან პარიტეტი დაცული იქნება. 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ივლისამდე კომისიამ უნდა უზრუნველყოს ამომრჩეველთა სიების გადამოწმება. მის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივად დასაბუთებული წინადადების საფუძველზე ცესკომ უნდა უზრუნველყოს ცვლილებების შეტანა ამომრჩეველთა სიებში. კომისიისა და მისი აპარატის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება.
საარჩევნო კომისიებში “უჩავების” სიმრავლე მხოლოდ საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს უკვირთ. პრაქტიკა კი ისეთია, რომ ოპოზიციური პარტიის სახელით ხშირად სწორედ ხელისუფლების საქმე კეთდება. ასეც რომ არ იყოს, რამდენჯერ უნდა დაზუსტდეს ამომრჩეველთა სია? გასაგებია, რომ ცხრა თვით ხელფასის მიღების გარანტია დღევანდელ საქართველოში ერთობ მნიშვნელოვანი მოტივაციაა, მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ ცესკო კომისიის მხოლოდ სამართლებრივად დასაბუთებული წინადადების საფუძველზე შეიტანს ცვლილებებს სიაში? ვინმეს მოუხერხებია, ამ ხელისუფლებისთვის თუნდაც ერთხელ, სამართლებრივად დაესაბუთებინა რაიმე?
3.1. საარჩევნო სუბიექტის შემოწირულობათა ზღვარი განისაზღვრება 60 ათასი ლარის ოდენობით ფიზიკური პირებისათვის და 200 ათასი ლარის ოდენობით _ იურიდიული პირებისთვის.
რა პროგრესია! თუ ადრე ოპოზიციისთვის ნაკლები თანხის გადარიცხვა ეშინოდათ, ახლა გაზრდილ თანხაზე გაუსკდებათ გული ჩვენს “თავისუფალ” ბიზნესმენებს. სამაგიეროდ, მმართველი პარტია, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა მრავალმილიონიანი შემოწირულობების ლეგალიზაციის თავის ტკივილი, ამ პრობლემასაც უკიდურესად გაიმარტივებს.
3.2. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც გადალახავს საარჩევნო ბარიერს, მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 1 მილიონ ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარად, მათ შორის, _ 300 ათას ლარს მიზნობრივად სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარად. აღნიშნულის შესახებ საარჩევნო სუბიექტმა ცესკოს წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს.
თავი დავანებოთ იმას, რომ ამ 300 ათასის მიზნობრივად სატელევიზიო რეკლამაზე მიმართვა პირდაპირ ნაციონალური არხების დაფინანსებას ნიშნავს (საპარლამენტო არჩევნები ხომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იმართება და ცხადია, რომ რეკლამაც მთელი საქართველოს მასშტაბით არის საჭირო). ნურც იმაზე ვიტყვით რამეს, რომ თავად “ნაციონალებს” საარჩევნო კამპანიისთვის 1 მილიონი მაშინაც კი არ ჰყოფნიდათ, როცა ოპოზიციაში იყვნენ. ამ მუხლში ყველაზე მომხიბლავად ბოლო წინადადება გამოიყურება: აღნიშნულის შესახებ საარჩევნო სუბიექტმა ცესკოს წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს.
ერთი სიტყვით, მილიონს სუბიექტი მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, როცა 5%-იან ბარიერს გადალახავს, მაგრამ ნაციონალური არხებისთვის 300 ათასის გადარიცხვის შესახებ ცესკოს წინასწარ უნდა აცნობოს! ამათ მარტო ის კი არ სცოდნიათ, რას უპასუხებს ხალხი რეფერენდუმის შეკითხვაზე, არამედ ისიც, თუ ვინ გადალახავს 5%-იან ბარიერს.
3.3. კანონის საფუძველზე შეიქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომლის მიზნადაც განისაზღვრება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მონიტორინგი და რეაგირება საარჩევნო კამპანიის წარმართვის წესების დარღვევაზე.
ამ მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული რესურსი თავის თავს თავადვე დააკვირდება და საკუთარ დარღვევებზე რეაგირებასაც თავადვე მოახდენს! მმართველმა პარტიამ იმაზეც კი არ შეიწუხა თავი, რომ ყასიდად ერთი-ორი “უჩავა” მაინც ჩაესვა ამ საკოორდინაციო საბჭოში.
3.7. გადაიხედება დავების განხილვის დადგენილი ვადები, მაქსიმალურად გაიზრდება საარჩევნო სუბიექტებისათვის დადგენილი ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია სარჩელის შეტანა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ამას რა სჯობს, მაგრამ ვითომ დიდი განსხვავებაა, “დამოუკიდებელი” სასამართლო სამი დღის მერე გეტყვის უარს სარჩელის მიღება-დაკმაყოფილებაზე თუ ათი დღის შემდეგ?!
არც ერთი ის პრობლემა, რომლებზეც მოლაპარაკებები მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ “რვიანს” შორის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხელისუფლების წინადადებებში ნახსენებიც კი არ არის. არადა, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის, პოლიციის დეპოლიტიზაციის, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის გარეშე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ლაპარაკი ფიქციაა.
ამ შეურაცხმყოფელი დოკუმენტის გვირგვინი კი მაინც მინაწერია, რომლის თანახმადაც ამ შეთანხმების 2, 3.2. და 3.5. პუნქტების პირობები ვრცელდება მხოლოდ შეთანხმების მონაწილე სუბიექტებზე. გამოდის, რომ ყველა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტი, რომლებიც ამ შეთანხმებაზე ხელს არ აწერენ, ვერც ამომრჩეველთა სიების დაზუსტებაში მიიღებს მონაწილეობას, ვერც შემოწირულობების გაზრდილი ზღვარით ისარგებლებს და ვერც სანატრელ მილიონს მიიღებს.
ამ ერთი წინადადებით მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ გათელა ფეხქვეშ კონსტიტუციაც და საერთაშორისო სამართლის ნორმებიც, რადგან საარჩევნო სუბიექტები არათანაბარ პირობებში ჩააყენა. იგივე გააკეთეს იმ ოპოზიციურმა პარტიებმაც, რომლებმაც თანხმობა განაცხადეს ამ წინადადებებზე. მხოლოდ ორშაბათს, საღამოს გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ შეთანხმების პირობები ყველა სუბიექტზე გავრცელდება.
მაშ, ღირდა ამ წინადადებებზე ნაჩქარევი თანხმობა, თუკი მილიონს და სხვა სიკეთეებს ისინიც მიიღებენ, ვინც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა?!
და ბოლოს: გასულ კვირაში “წარმომადგენლობითი სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ელიზბარ ჯაველიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და “რვიანს” შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე კი არ მიმდინარეობს მოლაპარაკება, არამედ პირდაპირი ვაჭრობაა გაჩაღებული _ ხელისუფლება მათ 20 მანდატს ჰპირდება, ოპოზიცია კი 40-ს ითხოვსო. წარმოდგენილ წინადადებებში პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-დან 190-მდე არის გაზრდილი, ანუ _ ზუსტად 40-ით.
ნანა დევდარიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here