GEWORLD.NET:
ლევან ღვინჯილია უფლებადამცველია. ჩვენთან ყველას და ყველაფრის უფლებებს არღვევენ. ქართული ენის უფლებებსაც არღვევს ყველა და ყველგან, მის უფლებებს კი უკვე ათწლეულებია ბატონი ლევანი იცავს ტელევიზიით გამოსვლებისას, საგაზეთო პუბლიკაციებით, საჯარო თუ პირისპირ შეხვედრებისას, მოკლედ ყველგან. ერთხანს ენის სახელმწიფო პალატასაც ხელმძღვანელობდა, რომელიც მისი თაოსნობით შეიქმნა. თუკი წინათ მსმენელ-გამგონი მაინც ჰყავდა, ახლა ბატონ ლევანს საზრუნავი მოემატა _ სახელმწიფო მოხელეებსა და ჟურნალისტებს “დიდი ცილობა” აქვთ ქართული ენის შერყვნის საქმეში. ლევან ღვინჯილიაც იბრძვის თავისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების აღსადგენად. თუმცა მშობლიური ენის მიმართ ზრუნვა მხოლოდ მისი კი არა, თითოეული ჩვენგანის საზრუნავია. ამიტომაც “საქართველო და მსოფლიო” სიამოვნებით უთმობს საგაზეთო ფართობს ენის ომბუდსმენს და ამიერიდან კვირაში ერთხელ ერთად შევებრძოლებით ქართული ენის მოძულეებს. თქვენც გამოგვყევით!
2011 წლის 10 იანვარს გაზეთ “ქრონიკაში” გამოქვეყნებულ წერილში გულწრფელად ვწუხდი იმის გამო, რომ ჩვენი ენის დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმე ქვეყნის ხელისუფალთაგან მთლიანად იგნორირებულია. ანუ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, _ უგულებელყოფილია, ოღონდ ეს ქართული ზმნა, რომელშიც სიტყვა “გული” მონაწილეობს, ბოლო დროს იშვიათად გაისმის მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში (შემოკლებით “მედიას” რომ ვეძახით), მის ადგილს კი ლათინური იგნორი-დან (“არ ვიცი”) მომდინარე იგნორირება იკავებს; არადა, ამ უკანასკნელს საფუძვლად უდევს “არცოდნა” (იგნოტო), თითქოს იმიტომ ვერ მიაქციე რაღაცას სათანადო ყურადღება, რომ “არ იცოდი”! ლექსიკონებში იგი განმარტებულია როგორც “უგულებელყოფა” და მნიშვნელობით მასთანაა გათანაბრებული, მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, უთუოდ დავინახავთ სხვაობას და თანაც _ მნიშვნელოვანს: თითქოს “უგულებელყოფა” იმიტომ კი არ ხდება, რომ “არ იცი”, არამედ _ იმიტომ, რომ “გულთან არ მიიტანე”, “უგულოდ მოეკიდე”, “გულის თვალით ვერ (ან _ არ!) შეხედე”, “უგულოდ მოექეცი”. ამას კი სხვანაირად “გულგრილობაც” ჰქვია. აფსუს! რა ფასდაუდებელი განძის პატრონები ვართ და ჩვენ კი თვალი, გული და ყური (“გულისყურიც” გავიხსენოთ!) თითქოს არცა გვქონდეს, სადღაც სხვაგან ვიყურებით. დიახ! საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ უგულებელყოფილია, იგნორირებულია ბედი ქართული ენისა, მისი კონსტიტუციური სტატუსი როგორც სახელმწიფო ენისა; მისი დაცვისა და გავრცელებისთვის მოწოდებული, ისედაც მწირი საკანონმდებლო ბაზა მთლად აბუჩადაა აგდებული როგორც ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, ასევე და კიდევ უფრო მეტად _ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მხრიდან. ამათ შორის კი “პირველობას” ჯერჯერობით არავის უთმობს დედაქალაქის მერია და საკრებულო. ამ ფონზე კი, რა გასაკვირია, რომ ხელისუფლებისთვის გუნდრუკისმკმეველი ტელეარხები, განსაკუთრებით ის სამი კომპანია (“ჩვენ რომ ვიცით!”) იჩენს ენობრივი პრობლემების მიმართ აღმაშფოთებელ უყურადღებობას. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, ამის შესახებ ვწუხდი-მეთქი და თან კონკრეტული მაგალითიც მოვიშველიე. კერძოდ, ვუსაყვედურე ტელეარხების ხელმძღვანელებს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, როგორც კი 14 აპრილი მოახლოვდება, მოიწვევენ საგანგებო თათბირებს და დაავალებენ ჟურნალისტებს, “ჯეროვნად ასახონ” დედაენის დღისადმი მიძღვნილი მოვლენები, სპეციალურ გადამღებ ჯგუფებს მიამაგრებენ ხელისუფლების შტოთა მეთაურებს, ეს უკანასკნელნი კი გულზე მჯიღს დაირტყამენ და მაღალფარდოვანი, ბანალური ტექსტებით შეგვახსენებენ 14 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობას, იქვე არც იმის დავიწყების საშუალებას მოგვცემენ, რომ აუცილებელია ვისწავლოთ ინგლისური, რათა უკეთ მოვემსახუროთ საქართველოში ჩამოსულ ასი ათასობით (აპრილისთვის, ალბათ, _ მილიონობით!) ტურისტსა და მოგზაურს. 15 აპრილიდან კი ჩვენი დედაენა კვლავ დავიწყებას მიეცემა. იგი არც ხელისუფალს გაახსენდება და, შესაბამისად, _ არც ჟურნალისტს! დავაზუსტებ: ტელეჟურნალისტს! თორემ ბეჭდური მედია შეუდარებლად უფრო აქტიურია ენობრივი საკითხების გაშუქების თვალსაზრისით, მაგრამ იგი, მიზეზთა მრავალთა გამო, სათანადო ამინდს, სამწუხაროდ, ვერ ქმნის. და აი, 10 იანვრის “რუსთავი 2-ის” დილის გადაცემაში პრესის მიმოხილვის დროს მოხდა “სასწაული”, რომლის მსგავსი უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში და, ალბათ, არც მანამდე, არ მომხდარა არც “რუსთავი 2-სა” და “იმედზე” და, მით უმეტეს, არაფერი მსგავსი არ გაჭაჭანებულა საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხზე” (ცხადია, არც _ “მეორეზე”!) საქმე ის გახლავთ, რომ 8-საათიანი ჩართვის დროს პრესის მიმომხილველმა ჟურნალისტმა, ბატონმა ოთარ ქირიამ თავისი გამოსვლა ასე დაამთავრა: “ზემოთ ხმაური ვახსენე და შეუძლებელია, ჯერ ამ ფრაზას გავეშვათ, რამეთუ ასეთს უკვე მასშტაბურად აქვს ადგილი მწერალთა საზოგადოებაშიც. შეგახსენებთ: ვციტირდები გაზეთ “ქრონიკის” გვერდებიდან, ამავე გამოცემაში ერთი საოცარი (ბრჭყალებში) სიახლე პირადად ჩემ შესახებ ვიპოვნე და, რაღა დავმალო, ერთობ დამაინტრიგა. თუ თქვენც დაგაინტერესაც, მომდევნო საათში შემოგვიერთდით”-ო (ხაზი ყველგან ჩემია, _ ლ.ღ.) _ მიმართა ტელემაყურებლებს; თუმცა, მე მთლად ბოლომდე ვერ გავიგე, როგორ უნდა შეეტყო ბატონ ქირიას, ამ საკითხის ტელემაყურებელი მართლა დაინტერესდა თუ არა?! უფრო მოსალოდნელია, რომ ეს ისე, ყასიდად თქვა. თუმცა გადაცემის წამყვანები კი ნამდვილად წამოეგნენ ბატონი ოთარის ინტრიგაზე: “ჩვენც დავინტრიგდით, ნამდვილად; იმედია, შენს საიდუმლოებას გაგვიმხელთ ერთი საათის შემდეგ, დაგელოდებით ამისთვის”, _ ბრძანა წამყვანმა ქალბატონმა, მას კვერი დაუკრა წამყვანმა ვაჟმაც და ბატონი ოთარი ერთი საათით დაგვემშვიდობა. სანამ პრესის მიმომხილველი თავის “საოცარ (ბრჭყალებში) სიახლეს” გაგვაცნობდეს, მიზანშეწონილად მიმაჩნია ჟურნალისტს რამდენიმე მოსაზრება გავუზიარო ჩემ მიერ უკვე დამოწმებულ ტექსტთან დაკავშირებით.
“ციტატა” გერმანული სიტყვაა (სადაც ლათინურიდან შესულა) და ასე განიმარტება: “რაიმე ტექსტიდან უცვლელად, სიტყვა-სიტყვით მოყვანილი ადგილი”. “ციტატის მოყვანას” კი სხვანაირად “ციტირება” ჰქვია, მაგრამ “ვციტირებდი” _ შეცდომაა! ასეთი ზმნური ფორმა უმართებულოა, ისევე, როგორც ბატონი ქირიას მიერ იმავე გამოსვლაში ნახმარი _ “ციტირებს” (“ციტირებს ვაჩეიშვილს დღევანდელი “კვირის პალიტრა”). შემდეგ: “ზემოთ ხმაური ვახსენეო”… ბრძანა ჟურნალისტმა; ეს სამი სიტყვა დაბეჭდილი რომ გვენახა, არანაირ შენიშვნას (მართებულობის თვალსაზრისით) არ გამოიწვევდა, მაგრამ ზეპირი მეტყველების დროს (სულ ერთია, პრესას მიმოიხილავენ თუ სხვა რამ ამბავს გვიყვებიან) “ზემოთ” და “ქვემოთ” _ ადგილის ზმნიზედები (თანაც დროის აღმნიშვნელებად) არ უნდა ვიხმაროთ. “ხმაური ვახსენე” _ საკმარისია! სად ზემოთ? სად ქვემოთ? ყოვლად გაუმართელებია! პატივცემული ჟურნალისტი ერთ სიტყვას (ხმაურს) გულისხმობს და მას “ფრაზად” მოიხსენიებს. “ფრაზა” კი სხვა რამეა (დასრულებული აზრის მქონე სიტყვათა წყობაა). კიდევ ერთხელ მოვიყვან ამ წინადადებას სრულად: “ზემოთ ხმაური ვახსენე და შეუძლებელია, ჯერ ამ ფრაზას გავეშვათ, რამეთუ ასეთს (“ასეთს” კი არა _ “ამას”! ანუ “ხმაურს”; დააკვირდით კითხვას: რას აქვს ადგილი? _ და არა _ როგორს? _ ლ.ღ.) უკვე მასშტაბურად აქვს ადგილი მწერალთა საზოგადოებაშიც”. ამავე წინადადებაში, პატივცემულ ჟურნალისტს რომ დავესესხო, “ერთი საოცარი (ბრჭყალებში)” ზმნა აღმოვაჩინე _ “გავეშვათ” (“შეუძლებელია ჯერ ამ ფრაზას გავეშვათ” _ ო. ქირია). ეს კი ნამდვილად მეტისმეტია! არ შეიძლება მშობლიურ ენას ასე უპასუხისმგებლოდ მოვეკიდოთ. გარეგნულად თითქოს ზმნური ფორმაა _ გავეშვათ ჩვენ მას, მაგრამ შინაარსზეც ხომ უნდა დავფიქრდეთ? “მოვეშვათ” გამიგია, “შევეშვაც” გამიგია, მაგრამ _ “გავეშვათ”? იმისი არ იყოს, “ცხენბურთი” გამიგია, “ფეხბურთიც” გამიგია, მაგრამ ეს “მოტობურთი” რა უბედურებააო, რომ უკვირს ელდარ შენგელაიას ცნობილი ფილმის პერსონაჟს _ ვაჟა ზაზაევიჩს, თემურ ჩირგაძის მიერ უბადლოდ შესრულებულს! არადა! “მოტობურთი” ბევრად უფრო გასაგებია და, შეიძლება ითქვას, როგორც სიტყვა _ მისაღებიც კი, რასაც “გავეშვათ”-ზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი. ურიგო არ იქნებოდა ჩვენი ტელეჟურნალისტები, წამყვანები თუ მიმომხილველები სწორმეტყველებას მეტად თუ მიაპყრობდნენ გულისყურს. ბუნებრივია, ეს მარტო ოთარ ქირიას არ ეხება და ამიტომაც, ალბათ, არ მიწყენს. ამასობაში კი დაპირებული დროც გავიდა და “რუსთავი 2-ზე” კვლავ პრესის მიმოხილვის ჯერი დადგა.
თუ გახსოვთ, წინა ჩართვის დროს ბოლო ტექსტი წამყვანმა ქალმა წარმოთქვა, ამჯერად კი ვაჟი ამბობს (მიმართავს ოთარ ქირიას): “მაინტერესებს, რა დაიბეჭდა გაზეთ “ქრონიკაში” შენს შესახებ (ქალი: რას გერჩიან?), რა ინფორმაციას ავრცელებენ?”
ოთარ ქირია: “რაც შეეხება ამ წერილს, თუ “ქრონიკის” ხსენებულ წერილს დავუჯერებთ, მე, სულ მცირე, მილიონერი ვყოფილვარ და, ამასთან ერთად საერთაშორისო დონის ინვესტორი. მეორე გახლავთ პრეტენზია, რომელსაც ავტორი თურმე დიდი ხანია განიცდის” (პრეტენზიას, ჩვეულებრივ, გამოთქვამენ, გამოხატავენ, მაგრამ არ განიცდიან. აქ ეს ზმნაც უადგილოდაა ნახმარი. _ ლ.ღ.). და ბატონი ქირია იწყევს ბოლო წინადადების კითხვას ჩემი წერილიდან: “ამის შემდეგ, მოდი და გაიკვირვე, “რუსთავი 2-ის” დილის გადაცემებში პრესის მიმომხილველი, ჟურნალისტი _ ოთარ ქირია რატომ უმალავს მაყურებელს “ქრონიკის” ამ პუბლიკაციებს”-ო, ჩივის ჟურნალისტი ლევან ღვინჯილია საავტორო წერილში (თითქოს ო. ქირიამ არ იცოდეს, რომ მე ჟურნალისტი არ ვარ, _ ლ.ღ.)”. ამ დროს ეკრანზე აჩვენებენ ერთ გვერდს გაზეთ “ქრონიკაში” დაბეჭდილი ჩემი წერილიდან და მიმომხილველი განაგრძობა: “არამც და არამც ბატონებო! (გენაცვალეთ პათეტიკურ ინტონაციაში! _ ლ.ღ.) აქ გახლავთ გაზეთიც, აქვეა წერილიც (გაზეთი თუ აქ “გვახლავს”, ცხადია, წერილიც “აქვე” იქნება _ ლ.ღ.) და აქვეა ორი უზუსტობაც (რომელ ორ უზუსტობაზეა ლაპარაკი, მიმომხილველს არ უთქვამს, _ ლ.ღ.), სულ ტყუილია, რაც ერთი გადახედვითაც იოლად შეიმჩნავა გაზეთ “ქრონიკის” ხსენებულ წერილში”. _ აი, ეს გახლავთ მთელი კომენტარი სრულად. ახლა კი, მოდით, ვცადოთ გარკვევა, რა არის “სულ ტყუილი”?.. მე ვწერდი, რომ ექვსი თვის განმავლობაში, რაც ამ მასალებს ვაქვეყნებ, არც ერთი ტელეარხის არც ერთ გადაცემაში (მათ შორის პრესის მიმოხილვებში) ენობრივ პრობლემებზე კრინტსაც არ ძრავენ-მეთქი, ესაა “სულ ტყუილი”? მაშინ, ოპონენტმა საწინააღმდეგო მაგალითი უნდა მოიყვანოს, თორემ “სულ ტყუილია”-ს ძახილი, არგუმენტი ვერ იქნება, ეს ხომ ელემენტარულად მარტივი საკითხია? ან კიდევ: რომელია ის ორი უზუსტობა? ტელემაყურებელი ამას როგორ უნდა მიხვდეს, ან გაზეთის ორი გვერდის “ერთი გადახედვითაც იოლად რომ შეიმჩნევა” ასეთი უზუსტობა რომელია? მე მგონია, მივხვდი, რისი თქმაც უნდა პატივცემულ ოთარ ქირიას: ერთი თვალის გადავლებით მკითხველი შეამჩნევს ორ ფოტოს იმ ორი მაღაზიისა, რომელთა თანამშრომლებმა, გულთა მიიტანეს რა ქართული ენის სრული უგულებელყოფით გამოწვეული ჩემი უკმაყოფილება, არ დამიმალეს და მაღაზიების პატრონად ბატონი ოთარ ქირია დამისახელეს. ინფორმაციის ეს წყარო რომ არა, აბა, მე როგორ შევძლებდი ეს სავაჭრო ობიექტები “რუსთავი 2-ის” თანამშრომელთან დამეკავშირებინა, როგორც იტყვიან ხოლმე ასეთ დროს: სად პრესის მიმომხილველი ჟურნალისტი და სად _ ბავშვთა ტანსაცმლის (პირობითად) მაღაზიის აღმასრულებელი დირექტორი? რაც შეეხება ბატონი ოთარ ქირიას ეჭვს, რომ მე იგი “სულ მცირე მილიონერი და, ამასთან ერთად, საერთაშორისო დონის ინვესტორი” მეგონა _ ეს ნამდვილად თითიდან გამოწოვილი კომენტარია. დიახ! როგორც ამ დღეებში ბატონ ოთარ ქირიასთან ჩემი სატელეფონო საუბრის დროს გაირკვა, ბატონი ოთარი, როგორც თვითონ ბრძანებს, არ არის ამ მაღაზიების მეპატრონე, არამედ მხოლოდ დაქირავებული მუშაკია, მაგრამ როგორც ჩანს, იმ რანგის მუშაკი, რომ თითქმის ყველა თანამშრომელი “პატრონად” მას ასახელებს. თუ ამ “უზუსტობით” ბატონი ოთარის საქმიან რეპუტაციას რაიმე ჩრდილი მიადგა, მე მზად ვარ, ამავე გაზეთში მას შესაბამისი ადგილი დავუთმო და ეს კიდევაც შევთავაზე, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა. როგორც ჩანს, “ალია ჰოლდინგის” ყოფილ თანამშრომელს ძველ კოლეგებთან ურთიერთობის განახლება, თუნდაც ამ ფორმით, მაინცდამაინც არ ხიბლავს. მთავარი მთელ ამ ამბავში კი მაინც ის არის, რომ (კვლავ ვიმეორებ) პრესის მიმომხილველმა ოთარ ქირიამ, არცერთხელ არ აუწყა ტელემაყურებელს, რომ გაზეთი “ქრონიკა” ნახევარ წელიწადზე მეტი ხანია, რეგულარულად აქვეყნებს ენობრივ პრობლემებთან დაკავშირებულ მწვავე მასალებს, რაც გაზეთის მკითხველთა მოწონებას კი იმსახურებს, მაგრამ პრესის ტელემიმომხილველთა ყურადღება ვერ იქნა და ვერ დაიმსახურა. რომ არა ის კრიტიკული წერილი, სადაც ბატონი ოთარ ქირია თავად იქნა მხილებული ქართული ენისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაში (რაც ამ წერილშიც ახალი მაგალითებით შეივსო), იგი არც ამჯერად იტყოდა ამის შესახებ რამეს და მიზეზიც იქვეა მითითებული: “როცა ქვეყნის ხელისუფლებას სახელმწიფო ენის ბედი არ ანაღვლებს, ასეთი მთავრობის მოტაშე (ბატონ ქირიას ეს სიტყვაც ემცხეთა!) ჟურნალისტები თავს რატომ შეიწუხებენ და საკუთარ “ბატონ-პატრონებს” ზედმეტ საზრუნავს რატომ გაუჩენენ? (“ქრონიკა”, #2, 10.01.2011 წ.). აქვე მინდა მკითხველს შევახსენო, რომ სხვა დროსაც პირუთვნელად დაგვისახელებია იმ პირთა ვინაობა, რომლებიც უდიერად ეკიდებიან ჩვენს დედაენას; ამ თვალსაზრისით ჟურნალისტი ოთარ ქირია არც პირველია და, პირობას გაძლევთ, არც უკანასკნელი იქნება. ჩვენ კი, იქნებ კიდევ ერთხელ მივუგდოთ ყური დიდ ილიას: “ჩვენ ყველანი ქართული ენის ხმარებაში ცოდვილნი ვართ და ჩვეულება ურთიერთის ცოდვების ჩვენებისა არ იქნება მომატებული. მაშ როგორ უნდა გავსწორდეთ, თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება? ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტობა ერთიანად ასწეროს და დაგვანახოს… აბა, ის იქნება ნამდვილი საქებარი მამულისმოყვარე… ბოროტების აღვიარება ნახევარი გასწორებაა”.
მე ზემოთ სწორმეტყველებისკენ სწრაფვა ვურჩიე ჟურნალისტებს და, მათ შორის, ბატონ ოთარ ქირიას, მაგრამ მარტო რჩევა ეგებ საკმარისი არ იყოს, ამიტომ კარგი იქნება, თუ სამაგიდო წიგნადაც გაიხდიან ჩვენი სასიქადულო ლინგვისტების მიერ შექმნილ ნაშრომებს, განსაკუთრებით კი _ ლექსიკონებს, მათ შორის ორთოგრაფიულსა და სხვებსაც. საამისოდ კი, ბატონ ოთარ ქირიას შორს წასვლა არ დასჭირდება, თუკი შევახსენებ, მასაც და სხვებსაც, რომ ერთი წლის წინ გამომცემლობა “მერიდიანმა” დაბეჭდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ბატონ ჭაბუკი ქირიას მეტად საჭირო და სასარგებლო წიგნი _ “ქართული სალიტერატურო ენის მართლწერის საკითხები და ორთოგრაფულ სირთულეთა ლექსიკონი”, რომლის რედაქტორებიც გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი, პროფესორი ავთანდილ არაბული და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი _ ლევან ღვინჯილია. სასურველია, ეს წიგნი, ისევე როგორც ქართული ენის განმარტებითი და ორთოგრაფიული (ასევე სხვა) ლექსიკონები, ჟურნალისტებმა ხშირად გადაფურცლონ.
ამ წერილის დასასრულ, მწარე ღიმილნარევი ტონალობით უნდა მოგახსენოთ, რომ ქართული სალიტერატურო ენის გამოყენებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად ჟურნალისტ ოთარ ქირიას დოქტორ ჭაბუკი ქირიას წიგნისკენ რომ ვახედებ, ცხადია ისიც არ მავიწყდება, რომ არც ღვინჯილიებს გვაქვს საქმე მთლად დალაგებულად (თარგამაძეებისა არ იყოს!): ამ დღეებში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდში ბატონი იურა ღვინჯილია დიდად შეუწუხებია მეგრული ენის ბედს და მის დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაციაც კი შეუქმნია, რაც, მეტი რომ არ ვთქვა, გზასაცდენილი კაცის ნამოქმედარი მგონია, მაგრამ ეს იმდენად სერიოზული საკითხია, რომ ცალკე და საგანგებო განხილვას იმსახურებს. მანამდე კი, ღვინჯილიებსაც, ქირიებსაც და სხვებსაც შეგახსენებთ, “ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო _ ყველა ჩვენი სამშობლოა!..” დარწმუნებული ვარ, მკითხველი თავად დაასრულებს ჩემ მიერ საგანგებოდ მისთვის ხმამაღლა გასამეორებლად გამოტოვებულ ორ სიტყვას _ “საყვარელი საქართველო!”
გაიხარეთ ბატონო ლევან!……………