Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი სესიაშვილი: ბევრი ჯარისკაცია დაჭრილი, მაგრამ, მათივე უსაფრთხოების გამო, გვარებს ვერ...

ირაკლი სესიაშვილი: ბევრი ჯარისკაცია დაჭრილი, მაგრამ, მათივე უსაფრთხოების გამო, გვარებს ვერ გავამხელ

GEWORLD.NET:
პარადოქსია, მაგრამ მაშინ, როცა ნატოს წევრი ქვეყნები ავღანეთში ჯარის შემცირებას ან მის სულაც გამოყვანას გეგმავენ, საქართველოს ხელისუფლება ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაზრდას აპირებს. რას ფიქრობს აღნიშნული ინიციატივის თაობაზე, რატომ მალავს ხელისუფლება ავღანეთში ნატოს სამხედრო ოპერაციების დროს დაჭრილი და გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაციას და რამდენად დაცულია ქვეყანა გარე საფრთხეებისგან, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი, ასოციაცია “სამართალი და თავისუფლების” ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი გვესაუბრება.

– ცოტა ხნის წინათ, ავღანეთში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. თქვენ განაცხადეთ, რომ დაჭრილი ჯარისკაცების შესახებ ხელისუფლება სიმართლეს მალავს. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია?
– ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს, როდესაც ქართველი სამხედრო გია გოგუაძე გარდაიცვალა, სამი ჯარისკაცი ნაღმზე აფეთქდა და მათ კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდათ. ორი მათგანი გერმანიაში მკურნალობს. დანამდვილებით ვიცი, რომ ჰელმანდში ბევრი ქართველი ჯარისკაცია დაჭრილი, მაგრამ,  მათივე უსაფრთხოების გამო, გვარებს ვერ გავამხელ, არ მინდა, მათ პრობლემები შეექმნათ. ხელისუფლება ინფორმაციას არ ახმაურებს, რადგან ქართული ჯარის “გადაჭარბებული მისია” ავღანეთში ხელისუფლების ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება. გარდაცვლილი და დაჭრილი ჯარისკაცების შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე მქონდა, ვიდრე საზოგადოებამ შეიტყო. თუმცა შეიძლება გარდაცვლილის ოჯახის წევრებსაც არ სცოდნოდათ და მივიჩნიე, რომ არ უნდა გამეხმაურებინა. თავდაცვის სამინისტრომ  მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, როცა გარდაცვლილი ჯარისკაცი უკვე საქართველოში ჩამოასვენეს.
არა მგონია, გარდაცვლილთა რაოდენობას მალავდეს ხელისუფლება, მსგავსი ამორალური საქციელი, ხელისუფლებისგან გასაკვირი არ იქნებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 25 მაისს გარდაცვლილი აქციის მონაწილეების შესახებ ხელისუფლება ინფორმაციის დამალვას შეეცადა, მაგრამ, რადგან ამ შემთხვევაში ნატოს იმიჯს სერიოზული ზიანი მიადგება, საქართველოს ხელისუფლება ამას, უბრალოდ, ვერ გაბედავს.
– დაზარალებულების ოჯახის წევრები რატომ არ ამხელენ სიმართლეს?
– ასეთ ვითარებაში ოჯახი დაზარალებულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზეა კონცენტრირებული. ამას გარდა, კარგად მოგეხსენებათ, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. სახელმწიფო ტერორის მანქანა აქტიურად მუშაობს და ადამიანებს ეშინიათ,  მათ მიერ ინფორმაციის გავრცელების შემთხევაში საკუთარ ოჯახის წევრს ზიანი რომ მიაყენონ.
ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნების სამხედროებისგან განსხვავებით, ქართველ ჯარისკაცებს ინტერნეტით სარგებლობის საშუალება შეზღუდული აქვთ. ქართული მხარე ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას მკაცრად აკონტროლებს, რაც ჯარისკაცებზე ზეწოლის ერთგვარი მექანიზმია.
– თქვენ ასევე აცხადებთ, რომ ავღანეთში ქართველ სამხედროებს წასვლას აიძულებენ.
– ამ შემთხვევაში მოქმედებს პირდაპირი და არაპირდაპირი იძულების წესი. არაპირდაპირი გულისხმობს შემდეგს: მაგალითად, ბევრმა ჯარისკაცმა აიღო კრედიტი, რომელსაც ვეღარ ისტუმრებს, ავღანეთის მისია კი, მათთვის ფინანსური თვალსაზრისით, გარკვეულწილად მიმზიდველია. ასევე არაპირდაპირი იძულების ფორმაა მენტალიტეტი. ჯარს აქვს თავისი ცხოვრების წესი, როცა წლების განმავლობაში მსახურობ ადამიანებთან ერთად, სულ რომ არ გინდოდეს ავღანეთში წასვლა, შენი თანამებრძოლების გამო შენც მიდიხარ. ეს არის ერთგვარი მორალური პასუხისმგებლობა, რასაც მე უდიდეს პატივს ვცემ.
ამას გარდა, როდესაც ირჩევ ჯარისკაცის პროფესიას, ერთგვარად დამოკიდებული ხარ სახელმწიფოს პოლიტიკაზე, მოგწონს ეს თუ არა. შენი მეთაური რასაც გიბრძანებს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასადაც კი უნდა გააკეთო.
რაც შეეხება პირდაპირი ზეწოლის შემთხვევებს: არიან ჯარისკაცები რომლებიც პირდაპირ უარს აცხადებენ ავღანეთში წასვლაზე, მათ სურთ საქართველოში ყოფნა და საკუთარი ქვეყნის სამსახური. მაგრამ ერთი რომ იტყვის უარს, მეორემ და მესამემაც შეიძლება მიბაძოს, რაც ჩვენი ხელისუფლებისა და სააკაშვილის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს დააზარალებს. ჩემი ინფორმაციით, ამ ე.წ. ურჩ ჯარისკაცებს კუნთმაგარი ბიჭები მიუგზავნეს და სხვა ჯარისკაცების თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ, რათა ყველას დაენახა, თუ რა ელით ავრანეთში წასვლაზე უარის თქმის შემთხვევაში.
– მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ავღანეთიდან ჯარის გამოყვანაზე ფიქრობენ, საქართველოს ხელისუფლება პირიქით, – კონტინგენტს ზრდის. რას ემსახურება ხელისუფლების გადაწყვეტილება?
– ხელისუფლებას, საკუთარი ინტერესებისა და ძალაუფლების შენარჩუნების გარდა, არაფერი აინტერესებს. ხელისუფლებას  მომავალ არჩევნებში დასავლეთის მხრიდან “გაპრავება” სჭირდება, რასაც ამ გზით მიაღწევს კიდეც. ტყუილად კი არ გადააქვთ ქუთაისში პარლამენტი! არჩევნების გაყალბების გამო თუ თბილისში ხალხი ქუჩაში გამოვა, ხელისუფლება ქუთაისში გაიქცევა, გადაკეტავს გზას, შეკრებს პარლამენტს და საკუთარ ძალაუფლებას აღიარებს.
ხელისუფლებას ადამიანის სიცოცხლე რომ აინტერესებდეს, 26 მაისს  არავის დახოცავდა და მეორე დღეს იმ ადგილას ზეიმს არ მოაწყობდა.
– მაგრამ არ მოახდენს გავლენას ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე დასავლეთის ინიციატივა?
– ხელისუფლების ეს გადამეტებული თავგამოდება გამიზნულია იმისთვის, საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენოს, რომ აი, თქვენ, ყველას ავღანეთიდან გამოგყავთ ჯარი, მაგრამ მე მაინც გვერდში გიდგავართო. ამას მომავალში აუცილებლად დააფასებს ამერიკის შეერთებული შტატები და სააკაშვილის არჩევნებსაც აღიარებს.
– საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად სამხედრო კონფლიქტების ესკალაციაზე საუბრობენ, ამ ეტაპზე არსებობს რეალურად ასეთი საფრთხე?
– ხელისუფლება რუსეთისგან მტრის ხატს ქმნის და ამას, როგორც წესი, შიდა პოლიტიკური პროცესების მანიპულირებისთვის იყენებს. ვფიქრობ, რომ დღესდღეობით კონფლიქტის განახლების ნიშნები არ არსებობს.
ხელისუფლება ხელოვნურად ქმნის აჟიოტაჟს. შეიძლება თეორიულად გარკვეული რისკები იზრდება, მაგრამ იდიოტია პოლიტიკოსი, რომელიც გამოდის და საქვეყნოდ აცხადებს, რომ რუსეთისგან აგრესიის ალბათობა მაღალიაო. ერთი, რომ ამის კონკრეტული მაგალითები არ არსებობს და მეორე, თუ ინფორმაცია გაქვს, ამაზე ტელევიზიიდან კი არ უნდა იყვირო, უნდა ჩართო საერთაშორისო საზოგადოება და შეეცადო ეს საფრთხეები შეამცირო. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანა ვართ, მილიონობით ტურისტსა და ინვესტორს ეპატიჟება და პარალელურად ამგვარი განცხადებებით გამოდის. შეიძლება ერთი ხელით ანგრევდე და მეორით აშენებდე? ან როცა გამუდმებით იმას აჩვენებ, რამდენი ტერორისტული აქტი აღკვეთე, ამის შემდეგ ქვეყანაში რომელი ინვესტორი ჩამოვა?
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი
 

1 COMMENT

  1. მათხოვრები ჩვენი ჯარისკაცების სისხლით ქულებს იწერდნენ ამერიკელ პატრონებთან

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here