Home რუბრიკები პოლიტიკა შუქი გამორთე, ნაგავს წერს!

შუქი გამორთე, ნაგავს წერს!

GEWORLD.NET:
გასულ კვირას ეს ფრაზა თბილისში სინათლის სიჩქარით გავრცელდა. დასუფთავების ძველი, ფიქსირებული მოსაკრებელი (2,5 ლარი ერთ სულ მოსახლეზე) გაუქმდა. ამიერიდან ნაგვის გატანისთვის თითოეული ოჯახი იმის მიხედვით გადაიხდის, თუ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს (5 თეთრი – თითო დახარჯულ კილოვატზე). შუქსა და ნაგავს შორის რაიმე ლოგიკური, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მოძებნა ცხონებული არისტოტელეს შესაძლებლობებსაც აღემატება, თუმცა რიგი ფილოსოფიური საკითხების განხილვის შესაძლებლობას ახალი რეალობა მაინც იძლევა. მაგალითად, ასეთის: გაუმაძღრობა შობს შიზოფრენიას თუ პირიქით? ან, იქნებ, ორივეს შეუზღუდავი ძალაუფლება შობს? ფაქტია, მრიცხველი ტრიალებს და ნაგავს წერს; ალბათ, უნდა ვეცადოთ, ამას რაიმე ახსნა მოვუძებნოთ.

 
ბინძური ფულის მოკრძალებული არომატი
პირველი ადამიანი, რომელიც დასუფთავების გადასახადს გადაჰყვა, ლეგენდარული მეფე ავგიუსი იყო. ზოგადად, ის ფრიად პროგრესული კაცი გახლდათ, არგონავტი და ოლიმპიური თამაშების სპონსორი, მაგრამ სერიოზული პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ჰერაკლეს ცნობილი თავლების  დასუფთავებისთვის წინასწარ შეთანხმებული თანხა არ გადაუხადა. იმ თვითგამოცხადებულმა მენაგვემ ჯერ ომი აუტეხა, შემდეგ კი მოკლა კიდეც.
მოგვიანებით მთელ ამ დებოშს “ჰერაკლეს მეექვსე გმირობა” ეწოდა. არადა, პროცესების უშუალო მონაწილეებმა ჰერაკლეს ეს თავგადასავალი გმირობად არ ჩაუთვალეს, რადგან ტერი­ტორიას “ფულის გულიზა” ასუფთავებდა.
ამ ინციდენტის შემდეგ, კაცობრიობა ერთობ დამშვიდდა და დასუფთავების საფასურის პირდაპირი კავშირი სულის ამოხდასთან მითოლოგიას ჩაბარდა. თუმცა გასული თვის დენის ქვითარს ავიღებთ და დახარჯულ კილოვატებს 5 თეთრზე გავამრავლებთ, დიდი ალბათობით, ვნახავთ, რომ საოჯახო ბიუჯეტს ავგიუსზე უარესად მოეხაზა. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები მონოტონურად გვიმტკიცებენ, რომ ახალი წესი სამართლიანია და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მომგებიანი იქნება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ისინი მოსახლეობისგან გაცილებით მეტი თანხის ამოღებას გეგმავენ, ვიდრე ადრე.
17 ოჯახის ქვითარს გადავხედე; გადასახადი საგრძნობლად მხოლოდ ორ მრავალსულიან ოჯახს შეუმცირდა, ექვსის მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, დანარჩენი 9 კი სერიოზულად დაზარალდა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი იმ ორი ოჯახიდან, რომელმაც ამ ცვლილებებით მოიგო, საკმაოდ მდიდარია, ხოლო დაზარალებულების უმრავლესობა, პირიქით, – ხელმოკლე. თუ საქმე მაინცდამაინც სოციალურ სამართლიანობაზე მიდგა, ალბათ, უფრო ლოგიკური იქნებოდა, დასუფთავება საშემოსავლო გადასახადზე მიებათ (ესეც ძალიან საეჭვო ვარიანტია), მაგრამ ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ძლიერ დაზარალდებოდნენ თავად “ნაციონალები” და მათ სამსახურში მყოფი პირები, რასაც ხელისუფლება, ცხადია, ვერ დაუშვებდა.
კაცმა რომ თქვას, საქართველოს მოსახლეობა იმკის მხოლოდ იმას, რაც დათესა. როდესაც სულ რაღაც ექვსი თვის წინათ ერთ სულ მოსახლეზე დასუფთავების მოსაკრებელი 1,2 ლარიდან 2,5 ლარამდე გაზარდეს, ამას სათანადო პროტესტი არ მოჰყოლია, ისევე, როგორც ე.წ. ერთიანი ქვითრის შემოღებას. შემდეგ ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ საქმე აქვს ცხვრებთან, რომლებიც, ძველად რომ იტყოდნენ, უნდა გაიპარსოს, და მოსახლეობიდან უფრო დიდი თანხის ამოღება გადაწყვიტა; ადეკვატური პროტესტი არც ამ ბოლო ნაბიჯს მოჰყოლია. ამასობაში კი “საქსტატის” მონაცემებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30,7%-ით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქმე ოფიციალურ სტატისტიკასთან გვაქვს, ამ ზრდის ამსახველი ციფრები მაინც ფრიად შთამბეჭდავად გამოიყურება: ხილის ქვეჯგუფი – 93,7%,  ბოსტნეული და ბაღჩეული – 41,3%, ზეთი და ცხიმი – 34,5%, ხორცი და ხორცის პროდუქტი –  23,3%, საწვავი – 21,4%. გასაგებია, რომ საზოგადოების ნაწილი, დიდი ხანია, აღარ გამოთქვამს პროტესტს ისეთ მაღალ მატერიებთან დაკავშირებით, როგორიცაა ზოგადი უსამართლობა და ზოოპარკისთვის შესაფერისი საარჩევნო გარემო, მაგრამ, როდესაც ადამიანი იმასაც კი არ აპროტესტებს, რომ დღისით, მზისით მას და მის შვილებს ლუკმაპურს ართმევენ, ვითარება, ალბათ, გაცილებით მძიმეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
საკრებულოს გადაწყვეტილება “ენერგეტიკულ ნაგავთან” დაკავშირებით წინააღმდეგობაში შევიდა კანონთან “ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ”, რომლის მე-12 პრიმა მუხლის მე-4 პუნქტი ამაყად გვამც­ნობს: “მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში”, თუმცა ექვსიოდე თვის წინათ იმავე ადგილას ეწერა: “არ უნდა აღემატებოდეს… 1,5 ლარს თვეში”. ასე რომ, ამ წი­ნაღობის გადალახვა ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული პრობლემა, სავარაუდოდ, არ გახდება.
“მას შემდეგ, რაც ჰაერის გადასახადი შემოვიღეთ, თქვენ ნაკლებს სუნთქავთ. ეს შეუწყნარებელია!” – იტყოდა “ჩიპოლინოს” ერთ-ერთი გმირი და ჩვენს მსგავს აბსურდულ მდგომარეობას, როგორც ჩანს, სულ უფრო ვუახლოვდებით. საინტერესოა, როგორი იქნება შემდეგი ნაბიჯი? “მზის  გადასახადის” შემოღება ხომ არა? (ბალეარის კუნძულებზე არსებობს, იქაური ხელისუფლება მიღებულ თანხას პლაჟებიდან სწორედ რომ ნაგავის გატანაზე ხარჯავს, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 1 ევროს დღეში მზით სარგებლობისთვის არა იქაური მოსახლეობა, არამედ ტურისტები იხდიან).
თუ სააკაშვილი ვესპასიანეს გზას გაუყვება და თითოეულ პისუართან საგადასახადო ინსპექტორს დააყენებს? (ჩვენში დარჩეს და, ის ხალხი, ვინც იქ დადგება, ნამდვილად მოიძებნება). თუმცა ნუ წარმოვიდგენთ ვესპასიანეს გაუმაძღარ იდიოტად, მოქალაქეებს შარდვის საფასურს რომ ართმევდა (ცნობილი რეპლიკა “ფულს სუნი არ აქვს” და მასთან დაკავშირებული ამბები); იმპერატორის მოქმედებაში გარკვეული ლოგიკა იყო. საქმე ისაა, რომ ტყავის დამუშავებისთვის მაშინ შარდს იყენებდნენ; ისინი, ვისაც ტყავის ბიზნესი ჰქონდა, რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ ქალაქგარეთ, ფერმებში ხეტიალი და იქ შინაური ცხოველების შარდის საგანგებო შეგროვება ძვირია, ხოლო რომის ხალხმრავალ ადგილებში დიდი ქოთნების დაყენება – გაცილებით იაფი. როდესაც ვესპასიანემ შეიტყო, რომ ეს მოხერხებული ტიპები ინგრედიენტებს მუქთად შოულობდნენ, მათ საგანგებო გადასახადი დაუწესა. მოგვიანებით ისტორიკოსების ნაწილმა ეს ამბები ისე აღწერა, თითქოს იმპერატორი საზოგადოებრივ ტუალეტებს და მთელ მოსახლეობას დაერია.
მაგრამ ეს ისე, სიტყვამ მოიტანა, თორემ ყოველგვარი პარალელების გავლება სააკაშვილსა და ვესპასიანეს შორის უადგილო და სასაცილოა; რომის ჭკვიანმა და მამაცმა იმპერატორმა შვილს დალაგებული და გაფართოებული ქვეყანა დაუტოვა, მიხეილ სააკაშვილი კი, დღევანდელი ტენდენციებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ქვას ქვაზე არ დატოვებს.
ქვის ხანა, კედლის ნახატები
ბოლო დროს კანონპროექტების შეგროვება დავიწყე, რადგან ფრიად სახალისოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ გადადის კანონშემოქმედება გაქანებულ ფსიქიატრიაში; აგერ ერთ-ერთი ბოლო მაგალითი, რომელიც საკმაოდ მკაფიო წარმოდგენას ქმნის იმაზე, თუ ვინ მართავს დღეს საქართველოს: “გზებსა და შენობებზე ნახატებისა და წარწერების გაკეთებაში შემჩნეულ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს იარაღის ტარების უფლება დროებით ჩამოერთმევათ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის.
კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული შენობის ფასადებზე, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებათა სავალ ნაწილზე სხვადასხვა წარწერე­ბის, ნახატების სიმბოლოების თვითნებურად შესრულებაში ხელმეორედ შემჩნეულ მოხელეს სამი წლით საშტატო-სამსახურებრივი იარაღის ტარების უფლებას ჩამოართმევენ” (“ინტერპრესნიუსი”). კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები პავლე კუბლაშვილი (“Если не он, то кто?!”), გიორგი ჩივიაშვილი და ზვიად კუკავა არიან.
წარმოვიდგინოთ ეს სიტუაცია: ქუჩაში შეიარაღებული მოხელე მოდის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრიობის ბურჯი, ჩაგრულთა დამცველი და სასოწარკვეთილთა იმედი (იდეაში, რეალობაში კი არა). უცებ, ეს ადამიანი იღებს ლურსმანს (ცარცს, საღებავს, რა მნიშვნელობა აქვს) და კედლებზე სიტყვებისა და სიმბოლოების (ხომ წარმოგიდგენიათ როგორის?) ამოტვიფრას იწყებს. ეს მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს: ან მას ფსიქიკასთან იმდენად სერიოზული პრობლემები აქვს, რომ, იარაღი კი არა, დაღეჭილი ჰალსტუხი არ უნდა ანდო, ან კიდევ ხსენებული მოხელე თავისი ცივილიზაციურ-კულტურული განვითარების დონით სადღაც ნეანდერტალელების სიახლოვეს იმყოფება (ერთი ვარიანტი მეორეს არ გამორიცხავს).
როგორც ჩანს, საქმე ძალიან ცუდადაა, იმისთვის, რომ ესა თუ ის კანონპროექტი მომზადდეს, ადგილი ხომ არა მხოლოდ ერთ პრეცედენტს, არამედ ზოგად ტენდენციას უნდა ჰქონდეს. ჩვენ აზრადაც ვერ გავივლებთ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ისეთ გამოცდილ იურისტს, როგორიცაა პავლე კუბლაშვილი, ბანალური ხილვები დაეწყო და მათ საფუძველზე პრევენციული კანონპროექტი შექმნა. ნეტავ, სად პოულობენ პაპუასური მენტალობის ასეთ თვალსაჩინო მატარებლებს, რომლებიც კედლებზე წერენ და ხატავენ, ან რისთვის მოჰყავთ ხელისუფლებაში, ან რატომ აძლევენ იარაღს? იმისთვის ხომ არა, რომ აღზრდის მარწუხებისგან თავისუფალმა ორანგუტანგებმა, ზედმეტი დაფიქრების გარეშე, ეს იარაღი საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას მიუშვირონ?
დეპუტატ კუბლაშვილის ნამდვილად არ უნდა შეგვშურდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ტიპების გარემოცვაში უწევს მუშაობა: ისინი კედლებზე წერენ, პავლე დასდევს და მორალს უკითხ­ავს, ისინი მაინც წერენ, პავლე მაინც დასდევს… ბოლოს, როგორც ჩანს, ყელში ამოუვიდა და კანონპროექტი დაწერა, პარლამენტის შესაბამის დადგენილებას კი, ალბათ, კედლებზე ამოტვიფრავს (მიზნობრივ აუდიტორიას ხმა ხომ უნდა მიაწვდინოს).
სხვა მხრივ კი პავლე კუბლაშვილსა და მის თანამეინახეებს თავი, ერთი შეხედვით, ქუდში აქვთ. საქმე ნელ-ნელა “არჩევნებისკენ” (ორმაგი ბრჭყალები მოუხდებოდა) მიდის. საინფორმაციო სივრცეში სხვადასხვა “რეიტინგის” (სამმაგი ბრჭყალები) შემოგდებით, მმართველი პარტია, როგორც ჩანს, ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, რომ მას მხარს მოსახლეობის 70%-ზე მეტი უჭერს და, სავარაუდოდ, გვთავაზობს, თანდათან შევეგუოთ იმას, რომ მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება. ხელისუფლებას  თითქოსდა არაფერი ემუქრება (სინამდვილეში ის ფრიად არასახარბიელო მდგომარეობაშია, თუმცა ამჯერად ოფიციალური მითოლოგიის ჩარჩოებში დავრჩეთ). მაგრამ ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ იმ მომენტში, როდესაც მისი თვითკმაყოფილება და თავდაჯერებულობა მომავალთან დაკავშირებით პიკს მიაღწევს, კადრში შავი გედი არ შემოფრინდება.
მოულოდნელის მოლოდინში
ამ შემთხვევაში “შავ გედს” არც მისტიკასთან, არც პეტრე ჩაიკოვსკის შემოქმედებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საუბარია ლიბანელი მათემატიკოსის, ნასიმ თალების თეორიაზე, რომლის ზოგად სიჯანსაღეში დარწმუნების შესაძლებლობა შეიძლება ახლო მომავალში მოგვეცეს. თალები თავის წიგნს შემდეგი ისტორიით იწყებს: ავსტრალიის აღმოჩენამდე ყველა თვლიდა, რომ დედამიწაზე მხოლოდ თეთრი გედები არსებობენ. ამ აზრს ბუნების დაკვირვება ამყარებდა. შავი გედის აღმოჩენა მეცნიერებისთვის დიდი სიურპრიზი გახდა, მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი ცოდნა და მასზე დაფუძნებული ვარაუდები უაღრესად მყიფე რამ არის და ერთ წამში შეიძლება განადგურდეს.
თალები გვთავაზობს, “შავი გედი” ისეთ მოვლენას ვუწოდოთ, რომელსაც შემდეგი სამი ატრიბუტი გააჩნია: ა) ის უჩვეულოა და მოლოდინის ზღვარს მიღმა მდებარეობს; ბ) მის მიერ გამოწვეული შედეგები ძალზე მასშტაბურია; გ) მსგავსი მოულოდნელი მოვლენებისთვის “უკანა რიცხვით” ისეთ ახსნას ვეძებთ (და ვპოულობთ), რომელიც მას სავსებით ბუნებრივად და ლოგიკურად წარმოაჩენს. ამასთანავე, თალების “შავი გედი” არის არა უბრალოდ ნაკლებად სავარაუდო მოვლენა, არამედ ის, რაც ადრე ვერ წარმოგვედგინა. ბევრი ომი, რევოლუცია, ფინანსური კატასტროფა თუ ტექნო­ლოგიური გარღვევა, რომელიც დღეს, მთელი რიგი მიზეზებით განპირობებული გვგონია, იმ დროს როდესაც ის მოხდა, სწორედ ასეთ, მოულოდნელად შემოფრენილ “შავ გედს” წარმოადგენდა.
ცხადია, ნასიმ თალების მთელ თეორიას აქ სრულყოფილად ვერ გადმოვცემთ (მისი წიგნი წაკითხვად ნამდვილად ღირს), თუმცა, ალბათ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ უცნაურ ფენომენს: ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში, სავარაუდოდ, ჩამოყალიბდა უპრეცედენტო განწყობა, რომელსაც პირობითად შეიძლება “შავი გედის მოლოდინი” ან სულაც “მოულოდნელის მოლოდინი” ვუწოდოთ. ძველი იმედები, პოლიტიკური გათვლები გაცვეთილ სტერეოტიპებზე დაყრდნობით მნიშვნელოვანწილად წარსულს ჩაბარდა, თუმცა იმის განცდა, რომ შექმნილი არანორმალური (თითქოსდა გამოუვალი) სიტუაცია არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, დარჩა. ბევრი ადამიანი ელოდება იმას, რომ “მოხდება რაღაც”, რაც სიტუციას საქართველოში ძირფესვიანად შეცვლის, თუმცა ვერ აყალიბებს, რა ფორმა ექნება ამ “რაღაცას”. გამორიცხული არაა, ამ მშფოთვარე მოლოდინმა ახლო მომავალში მართლაც შვას “შავი გედი”, რომელიც ძველ დოგმებზე დაფუძნებულ პროგნოზებსა და გათვლებს ნაცარტუტად აქცევს.
ნებისმიერ შემთხვევაში, გამოცდილება, რომელიც ახლო წარსულში დავაგროვეთ, მომავალთან დაკავშირებით უნივერსალური დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას (და უფლებას) არ გვაძლევს. ხოლო ის, რომ დღეს სააკაშვილის ხელისუფლება საკუთარ მომავალს ოპტიმისტურად უყურებს, სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ ხსენებულ მომავალს ერთი მოზრდილი შავი გედი ძალიან სწრაფად უახლოვდება.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here