Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს ანგრევს ფრონდირებული დაპირისპირება

საქართველოს ანგრევს ფრონდირებული დაპირისპირება

საქართველოს გერბი

დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პლანეტაზე სიძულვილის ატმოსფერო სუფევს. ხალხი ორად არისგახლეჩილისაქმითაც და აზრითაც. ამ მდგომარეობას ფსიქიატრიაში ფრონდირება ეწოდება, ანუ დაპირისპირების მანიაკური სინდრომი. ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება ჩვენს საზოგადოებას ისე ესმის, როგორც ბრძოლა სახელმწიფო მოხელეების სინეკურული ცხოვრებისა და სიმდიდრის დაგროვებისთვის. ამის მაგალითი უამრავია.


მილიონებზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ერთი ლარი იყოს. რას ნიშნავს ვიღაც მოსამართლისთვის მილიონის ჩუქება, როცა ხალხი შიმშილობს, როცა პროფესორს პურის ფული ენატრება, როცა ქუჩაში უამრავი მათხოვარია?! კორუფცია გაიფურჩქნა იქაც კი, სადაც არ ველოდით _ საპატრიარქოში. ყველას სურს სიმდიდრის მოპოვება, ეჯიბრებიან ერთმანეთს და არც მალავენ ამ უზნეობას. ფულის “კეთების” საუკუნეა _ XXI ასწლეული, ჩვენ კი ველოდით სამართლიანი ქვეყნის ჩამოყალიბებას. სიბნელის ღმერთი – ერებოსი დაგვესხა თავს თუ სიმდიდრის ღმერთს _ პლუტოსს აეხილა თვალი, თავის კლანს რომ ამდიდრებს და წესიერ ხალხს აღატაკებს?! ყველაფერი ეს ამბიციური ხასიათისაა, რისთვისაც გულუბრყვილო ადამიანებს იყენებენ არჩევნებში მრავალი, ზოგჯერ იაფფასიანი დაპირებით, შემდეგ კი ნახმარი ჩვარივით მოისვრიან და ახლოსაც აღარ იკარებენ.

პირველობისთვის გაჩაღებული მარათონი უსასრულოდ მიმდინარეობს და მხოლოდ მტერს ახარებს, დაპირისპირება ძირს უთხრის ქვეყანას და აძლიერებს ვებერის მე-4 ტიპისა და მე-5 კოლონის უზნეო ბრბოს. მოვლენ სათავეში და იწყება მილიონების ტრიალი უზნეოთა სამფლობელოში, თავიანთი შთამომავლებისთვის მყარი ნიადაგის შესაქმნელად ბრძოლა აკრძალული თუ “კანონიერი” ხერხით. მაღალჩინოსანთა “კანონიერი” კოლოსალური ხელფასები და პრემიები კორუფციაა თავისებური, “უთანაბრობის კანონის” დამკვიდრება, რაზეც პირველად აშშ-ის კოლეჯის სტუდენტებმა მიუთითეს და ამით გამოფხიზლებისკენ მიანიშნეს ქვეყნის მეთაურებს.

აღზევდა უსამართლობა და უზნეობა. კორუფციამ დაისადგურა ყველა სისტემაში _ მედიცინაში, განათლებაში, სახელმწიფო სტრუქტურებში, ეკლესიაშიც კი (მაპატიოს უფალმა)…

მე პროფესორი და ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი ვარ და ჩემი პენსია 180 ლარია, ამიტომ პურის ფულს ხშირად ვსესხულობ ხოლმე და შემდეგ მიჭირს მისი გადახდა. ბევრმა მეგობარმა მაპატია და აღარ გამომართვა ვალი. წამლების ყიდვასა და ექიმებთან (მაგ., სტომატოლოგთან) მისვლაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ამ დროს დიდი პენსიები აქვთ სამხედრო პირებს, პოლიციელებს და .., მათ, ვინც იცავს მაღალჩინოსნებსა და მათ ქონებას. ეს მაღალჩინოსნები ვერასდროს შექმნიან სამართლიან წყობას. “სადაც დიდი ფული ტრიალებს, იქ სიმართლეს რა უნდა”, _ თქვა იეთიმ გურჯმა.

ასე იქნება მანამ, სანამ ასპარეზზე არ გამოვლენ დიდი ადამიანები, რაზეც ოცნებობდა მუხრან მაჭავარიანი.

ასე რომ, ბატონო დეპუტატებო და სახელმწიფოს მეთაურებო, თავი დაანებეთ თქვენი “მჭევრმეტყველური” რიტორიკით ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრას, დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, შერიგდით და გაამთლიანეთ საქართველო, სანამ არ გადავჩეხილვართ უფსკრულში და “დახმარების” მიზნით არ დავუპყრივართ მტერს. მტერი კი კარს არის მომდგარი და ხახა ღია აქვს ჩვენს შესაჭმელად.

მამუკა მდინარაძე,

პროფესორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here