Home ახალი ამბები საქართველო თავისუფალი ბაზარი არ მუშაობს!

თავისუფალი ბაზარი არ მუშაობს!

პოლიტიკურეკონომიკურმა პორტალმა Politicano- (https://www.facebook.com /PoliticanoGeorgia/) შაბათს, 25 მარტს საჯარო დისკუსია მოაწყო თავისუფალი ბაზრის ავკარგიანობის შესახებ – “თავისუფალი ბაზარი არ მუშაობს!”

ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერი გახლდად პაატა გურგენიძე (საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი)

თავისუფალი ბაზრის ის მოდელი, რასაც საქართველო ადგას უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში არ მუშაობს – შედეგად ფინანსური ელიტები უფრო სწრაფად მდიდრდებიან, ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა უფრო მკვეთრად იზრდება და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მხოვრები რაოდენობაც პროპოპრციულად იმატებს. „თავისუფალი ბაზრის“ „თავისუფალი ვაჭრობის“ დოქტრინით არათუ საქართველო, არამედ არცერთი სხვა ღარიბი ქვეყანა არ გამდიდრებულა. მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები, სოციოლოგები და განვითარების სპეციალისტები უკვე საკმაოდ დიდი ხანია მსჯელობენ ამ საკითხის გარშემო, თუმცა საქართველოში ეს ჯერ კიდევ ტაბუდადებულ თემად ითვლება და ფართო მსჯელობის საგნად არ ქცეულა. საჭიროა ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული გზების ძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც ქვეყნისთვის საკმაოდ საზიანო აღმოჩნდება.

დისკუსია თავისუფალი ბაზრის ავკარგიანობის შესახებ

პაატა გურგენიძე  – თავისუფალი ბაზარი არ მუშაობს!

თავისუფალი ვაჭრობა არის კაპიტალიზმის არსი. მის გარეშე დიდიდ ბრიტანეთის კაპიტალისტური იმპერია ვერ განვითარდებოდა. კაპიტალიზმი, როგორც კოლონიალიზმის ისე ნეოკოლონიურ სტადიაზე, თავისუფალი ვაჭრობის მიერ მოტანილი განვითარების სიკეთის იდეით იყო გამართლებული. მაგრამ 2008 წლის დიდი რეცესიის მერე წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპი იმდენად დაბალია, რომ ეკონომისტები ლაპარაკობენ არა განვითარებაზე არამედ სეკულარულ (ხანგრძლივ) სტაგნაციაზე. ერთ ერთი ახსნა ამისა არის ის, რომ თავისუფალმა ვაჭრობამ თავი ამოწურა; მას აღარ მოაქვს განვითარება.  რა მოხდა, როგორ მოვედით აქამდე?

დისკუსია თავისუფალი ბაზრის ავკარგიანობის შესახებ

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  დასავლური კაპიტალიზმის განვითარებაში იყო „კეინზიანური“ პერიოდი, რომელიც უზრუნველყოფდა შედარებით სოციალურ თანასწორობასა და სწრაფ განვითარებას. 1970 იანი წლების ბოლოს ამერიკაში დაიწყო ე.წ. სტაგფლაცია (მორიგი რეცესიას თან დაერთო მაღალი ინფლაცია). ეს თავისთავად სოციალურ და ეკონომიურ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ინფლაცია ყოველთვის არაპოპულარულია. ამით ისარგებლა მემარჯვენე ელიტამ ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის დასაკნინებლად. რეიგანის გაპრეზიდენტებამ ააღორძინა „მცირე მთავრობის“ იდეა და მოიტანა ე.წ. ნეოლიბერალიზმის ხანა, როდესაც გაბატონდა მილტონ ფრიდმანის მონეტარული თეორია.

ჯონ მეინარდ კეინზის მაკროეკონომიკური თეორია ამართლებდა სახელმწიფოს „ანტიციკლურ“ სტრატეგიულ ჩარევას ეკონომიკაში ფისკალური (საბიუჯეტო) ინსტრუმენტებით, რათა შერბილებულიყო კაპიტალისტური განვითარების ციკლის (ზრდისა და რეცესიის მონაცვლეობა) მავნე შედეგები. ამის საწინააღმდეგოდ, ფრიდმანის მონეტარულმა თეორიამ შექმნა ილუზია, რომ მთავრობის ჩარევა საჭირო არ არის და მხოლოდ ცენტრალური ბანკის სწორი მონეტარული პოლიტიკით შეიძლება მიაღწიო კაპიტალისტური ეკონომიკის უკრიზისო განვითარებას. სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს უკვე მიაღწიეს ამას, მოხდა 2008 წლის დიდი რეცესია. დასავლეთმა სასწრაფოდ მიმართა კეინზიანურ პოლიტიკებს კაპიტალიზმის სისტემური კოლაფსის ასარიდებლად, მაგრამ მალევე დაუბრუნდა მონეტარულ პოლიტიკებს და  მცირე „მცირე მთავრობის“ იდეას, რაც დრემდე ხორციელდებოდა ხსენებული სეკულარული სტაგნაციის ფონზე.

მცირე მთავრობითა და მის მიერ განხორციელებული მომჭირნეობის პოლიტიკით გატაცების მიზეზი არის კაპიტალიზმის ისტორიული დამოკიდებულება „თავისუფალ ვაჭრობაზე“. ასეთი, სახელმწოფოს ჩარევისაგან თავისუფალი, ვაჭრობა ყველა ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ დასპეციალდეს თავის „შედარებით უპირატესობაზე“, ანუ იმ საქონელზე, რისი წარმოებაც ყველაზე კარგად (ხარჯ-ეფექტურად) გამოსდის. ასეთ შემთხვევაში თითქოს ყველა ქვეყანა მოგებულია. თუმცა, ტექნოლოგიურად უკვე დაწინაურებულ ქვეყანას შეუძლია მეტი საქონლის წარმოება და  გაყიდვა იგივე შრომითი დანახარჯით ვიდრე მის ჩამორჩენილ სავაჭრო პარტნიორს. ამგვარად, ამ ქვეყანას წარმოექმნება ექსპორტის მეტობა იმპორტზე, რაც არის მისი გამდიდრებისა წყარო ჩამორჩენილი სავაჭრო პარტნიორების ხარჯზე.

იმისათვის რათა განვითარების ეს წყარო შეინარჩუნოს, განვითარებულ კაპიტალისტურ მეტროპოლიას სჭირდება მცირე მთავრობის და ბაზარში ჩაურევლობის წესის დაცვა. ბაზარში ჩაურევლობა ერთის მხრივ ინარჩუნებს სავაჭრო პარტნიორების (კოლონიების) ჩამორჩენილობას და მეორეს მხრივ მეტროპოლიას საშუალებას აძლევს პერიოდული ეკონომიური კრიზისი დაძლიოს საკუთარი მუშახელის ხარჯზე, რომელსაც კაპიტალისტი სამსახურიდან დაითხოვს, ახალ ტექნოლოგიას დანერგავს, საქონელს უფრო ხარჯ-ეფექტურად აწარმოებს და  ექსპორტზე დამოკიდებულ ეკონომიურ ზრდას აღადგენს.

ის ფაქტორი, რამაც დიდი რეცესიის შემდეგ არაეფექტური გახადა კაპიტალიზმისათვის ფუნდამენტური სტრატეგია – თავისუფალი ვაჭრობა  და მისგან გამომდინარე მცირე მთავრობის მომჭირნეობა  – არის გლობალიზაცია. ანუ, თავისუფალმა ვაჭრობამ მოიცვა მთელი მსოფლიო და განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებს აღარ აქვთ თავიანთი საქონლის გასაღების ბაზრების გაფართოების საშუალება. შესაბამისად, მცირე მთავრობის მიერ გაწეული მომჭირნეობა აღარაა საკმარისი კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტზე დამოკიდებული ზრდის აღსადგენად, მის მიერ გამოწვეული ხანგრძლივი უმუშევრობა კი მიუღებელი სოციალური ტვირთია. მონეტარული პოლიტიკებით ამერიკამ კი დასძლია უმუშევრობა, მაგრამ ექსპორტზე დამოკიდებული ზრდა მიუღწეველი დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატი ობამას მთავრობა არ ეშვებოდა თავისუფალი  ვაჭრობის ახალი ხელშეკრულებების გზით სიარულს, ყველა ხედავდა ამ ხელშეკრულებების უუნარობას სეკულარული სტაგნაციიდან გამოეყვანა კაპიტალიზმი. მეტიც, გასაიდუმლოებულ პირობებში მომზადებული ეს ხელშეკრულებები ისე აფართოებდნენ ინტელექტუალურ საკუთრებაზე (და არა მარტო) კორპორაციების უფლებებს, რომ ინოვაციების დანერგვას და წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების განვითარებას საფრთხე უძლიერდებოდა.

ამ საფრთხის აღიარებამ და თავისუფალი ვაჭრობის კრიტიკამ გზა გაუკვალა ტრამპს ამერიკის პრეზიდენტობისაკენ. ტრამპი დღეს გამოხატავს ამერიკული სამრეწველო კაპიტალის ინტერესებს ფინანსურ კაპიტალზე დამოკიდებული დემოკრატებისაგან განსხვავებით. მისი დაპირებებია ამერიკის ინდუსტრიული სიძლიერის აღსადგენად პროტექციონიზმის გამოყენება საგარეო ვაჭრობაში და ეკონომიკის სტიმულირებისათვის აქცენტის გადატანა მონეტარული პოლიტიკიდან ფისკალურზე. მაგრამ ტრამპი არ არის ტიპიური კეინზიანელი. მისი პოლიტიკა უცნაური ნაჯვარია მცირე მთავრობისა და კეინზიანური ფისკალური სტიმულის იდეების. მეორეს მხრივ ტრამპის პროტექციონისტული იდეები ეს არის ამერიკისათვის 18-ე საუკუნის მერკანტილისტური სახელმწიფოს პრაქტიკის დაბრუნება და არა  ახალი სამართლიანი და ბალანსირებული  საერთაშორისო ვაჭრობის ადვოკატობა. გამოიწვეს კი ამერიკის ნეო მერკანტილიზმი  საერთაშორისო ვაჭრობის შემცირებას, ეს შემცირება კი ეკონომიკური სტაგნაციის გაღრმავებას? ამ კითხვებზე პასუხს დღეს ბევრი ეძებს.

მეორეს მხრივ, ნათელია ერთი  რამ – განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ თავისუფალი ვაჭრობისა და მცირე მთავრობის იდეების დღევანდელი დელეგიტიმაცია და ააღორძინონ  მთავრობის როლი ისეთი განვითარების დაგეგმვაში, რომელიც წარიმართება სუვერენული და დემოკრატიული ხალხების სოციალურ მიზნებით და არა თავისუფალი ვაჭრობით, ნაციების შემოქმედებითი უნარების გამოთავისუფლებით და არა სხვის ხარჯზე გამდიდრებისაკენ სწრაფვით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here