Home რუბრიკები პოლიტიკა კონსტანტინე ფორჩხიძე: ვუსამძიმრებ ხელისუფლებას მისი მოკავშირე “რვიანის” გარდაცვალებას

კონსტანტინე ფორჩხიძე: ვუსამძიმრებ ხელისუფლებას მისი მოკავშირე “რვიანის” გარდაცვალებას

“მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” “რვიანის” სქემას შიფრავს და მას ხელისუფლებასთან ვაჭრობაში ადანაშაულებს. თავად “რვიანის” შიდა სამზარეულოში არსებული ქაოსის მიზეზად კი, ისინი “რვიანში” შემავალ რესპუბლიკურ პარტიას მიიჩნევენ. როგორც “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” გამგეობის წევრი კონსტანტინე ფორჩხიძე გვატყობინებს, მოძრაობის წევრები ამერიკის საელჩოსთვის “რვიანისა” და მისი საყრდენი რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ შეგროვებული მამხილებელი დოკუმენტაციის გაგზავნას აპირებს.

კონსტანტინე ფორჩხიძე:
_ “რვიანი” ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ნაცვლად ვაჭრობაზე გადავიდა. ამ კომბინაციის მთავარი ამოცანა ახლა ხელისუფლების ქმედების გაპრავებაა. ამის დასტურია ისიც, რომ “რვიანი” პრობლემატური საკითხების რეგიონებში გატანას აპირებს. არადა, ყველას მოეხსენება, როგორ მთვარდება მსგავსი მცდელობები. გავიხსენოთ თუნდაც ფორუმის მაგალითი. მის მიერ განხორციელებული გეგმა საზოგადოებისთვის კრახით დამთავრდა და პრობლემა რეგიონების კულუარებში ჩაიკარგა. “რვიანიც” იმავეს იმეორებს, ამბობენ, პრობლემები რეგიონებში უნდა გადაწყდესო, ახლა ამ მოტივით გაიხიზნებიან მთებში, ზღვაზე, წამოწვებიან მხართეძოზე მთელი ზაფხული დაისვენებენ, მერე სექტემბერში თბილისში ჩამოვლენ და წინამორბედებივით თავის მართლებას მოჰყვებიან, ჩვენი შესაძლებლობი მაქსიმალურად ამოვწურეთ და ვერაფერს გავხდითო. დიდი ხანია, მსგავს ზღაპრებს გვასმენინებენ. არადა, “რვიანმა” თავის დროზე ძალინ მნიშვნელოვანი მოთხოვნა წაუყენა ხელისუფლებას ბიომეტრიულ სიებთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლოს “რვიანმა” საზოგადოებას უღალატა და მოლაპარაკება განგებ ჩაშალა.
_ მაგრამ რა სარგებელი უნდა ენახა თავად “რვიანს” მოლაპარაკების ჩაშლით?
_ სწორედ ამ ნაბიჯის შემდეგ წავიდა “რვიანი” ხელისუფლებასთან გარიგებაზე. მან  ბინძური პოლიტიკური თამაში წამოიწყო, ხელისუფლებას მანდატებზე ვაჭრობა დაუწყო. ამას სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ.
_ რა არგუმენტები გაგაჩნიათ ამ ბრალდების დასადასტურებლად?
_ ჩვენი არგუმენტები საღად დანახული რეალობა და მდგომარეობის ობიექტური ანალიზია. “რვიანი”  პარლამენტში საკუთარი ხალხის შეღწევაზე მუშაობს. ამ მოტივით არ მოვიდა 30 მარტს მოლაპარაკების მაგიდასთან, რითაც ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლის საბაბი მისცა. ამ მოლაპარაკებაზე აღნიშნა ზუსტად პალიკო კუბლაშვილმა _ რადგან “რვიანი” არ გამოცხადდა, მოლაპარაკება ინდივიდუალურ რეჟიმში გაგრძელდებაო, ანუ ხელისუფლებამ დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი ძაღლად არ ჩაგვაგდო. ეს წინასწარ დადგმული სპექტაკლი იყო, “რვიანის” ინეტლექტუალური ბირთვის _ რესპუბლიკელების მიერ შემუშავებული.
_რის საფუძველზე ასკვნით, რომ მაინც და მაინც რესპუბლიკელები არიან მოღალატენი, იქ ხომ კიდევ შვიდი პარტია ფიგურირებს…
_ “რვიანის” ყველა ინიციატივას დავით უსუფაშვილი და დანარჩენი რესპუბლიკელები ახმიანებენ მხოლოდ. მათ მიერაა შემუშავებული ყველა ის გეგმა, რაზეც დღეს  ეს გაერთიანება დგას. “რვიანში” შემავალი ყველა პარტია აქამდე რესპუბლიკელების დაკრულზე ცეკვავდა და მისი დავალებების უბრალო შემსრულებელი იყო, მაგრამ დღეს საპირისპირო სურათი გვაქვს, “რვიანში” კონსესუსი აღარ არსებობს. ამ გაერთიანების კრახი სწორედ რესპუბლიკელების დამსახურებაა. სადაც არის რესპუბლიკური პარტია, იქ არასოდეს იქნება ოპოზიციური ერთობა.
რესპუბლიკელების 30-წლიანი “მოღვაწეობის” რეიტინგი მაქსიმუმ 3%-ია. პირადად მე, რესპუბლიკელები პოლიტიკურ პარტიად არ მიმაჩნია. იგი იმ 20-კაციანი ბირთვითაა დაკომპლექტებული, რომელიც ნებიესმიერ ხელისუფლებასთან გარიგებაში შედიოდა, ეროვნული მოძრაობის დასაწყისიდან დღემდე. ოპოზიციურ სპექტრში გაიძვერულად აღწევდნენ და ოპოზიციის ყველა რეალურ გაერთიანებას საფუძველშივე კლავდნენ. ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ ყოველთვის, ოღონდაც საკუთარი ამბიციები დაეკმაყოფილებინათ, იმავეს აგრძელებენ დღესაც. მაგრამ, მიუხედავად მათი დიდი მცდელობისა, პოლიტიკური გაერთიანება “რვიანი” დღეს “მკვდარზე ვენოკია”. მინდა, ხელისუფლებას მოკავშირის გარდაცვალება მივუსამძიმრო.
_ მიუხედავად ზემოთქმულისა, პოლიტიკოსების გარკვეული ჯგუფი “რვიანს” პოზიტიურად აფასებს, მეტიც, ღიად საუბრობენ, რომ სააკაშვილის შემცვლელს დასავლეთი “რვიანში” ეძებს…
_ მინდა, გაცნობოთ, რომ ახლო მომავალში ჩვენ ამერიკის საელჩოს “რვიანისა” და მისი ბირთვი რესპუბლიკელების წინააღმდეგ იმ მამხილებელ დოკუმენტაციას გავუგზავნით, რომლითაც დასავლეთი ამ პოლიტიკური გაერთიანების რეალურ სახესა და მოტივებს გაიგებს. ჩვენ ხელთ გვაქვს, 2001 წელს სოჭში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებელ ერთეულად აღიარებას ეძღვნებოდა, როგორ აღიარა თინა ხიდაშელმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. შეხვედრას დავით ბერძენიშვილი და  პაატა ზაქარეიშვილიც ესწრებოდნენ. გაგვაჩნია სხვა სერიოზული დოკუმენტაციაც, რომლის შინაარსიც მხოლოდ აშშ-ის საელჩოში გადაგზავნის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
რაც შეეხება ალასანიას, გაუგებარია, როგორ დაივიწყა საკუთარი ოჯახის ტრაგედია და როგორ ზის რესპუბლიკელებთან ერთად, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს?! იგი იმდენად ღრმად ჩაითრიეს ბინძურ გარიგებებში, რომ მიზნის მისაღწევად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე  გადავიდა.
ვიბრძოლებთ, სანამ “ყველა მინუს რესპუბლიკელებს” არ მივაღწევთ. Eეს, ფაქტობრივად, მიღწეულიც არის.
 
ესაუბრა ეკა რობაქიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here