ტურიზმის ეროვნული სააგენტო საქართველოს ტურისტულ მექად გადაქცევისთვის ყოველწლიურად ახალ-ახალ იდეებსა და ღონისძიებებს იგონებს. როგორც ქვეყნის მამამთავარმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, წელს საქართველოს 3 მილიონი ტურისტი უნდა ეწვიოს. 3 მლნ ტურისტი ხუმრობა არ გეგონოთ, სერიოზული სამუშაოებია შესასრულებელი, თორემ ქალბატონი სიდამონიძე საყვედურს მიიღებს. ტურიზმის სააგენტომ რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვას, 3 მლნ ტურისტი როგორმე მოაგროვოს და საქართველოში “ჩამორეკოს”. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია!
15 ივნისს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ევროპის მოედნიდან სტარტი აიღო ტურნემ, სახელწოდებით “Georgia comes to you” (საქართველო მოდის შენთან). როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, მონაწილეები ქვეყნიდან ქვეყანაში ავტობუსის საშუალებით გადაადგილდებიან მარშრუტით: აზერბაიჯანი-სომხეთი-პოლონეთი-უკრაინა-ლატვია და ამ ქვეყნების მცხოვრებლებს წარუდგენენ საქართველოს ეროვნულ კულტურას, სუვენირებს, ქართულ ხელნაკეთ ნივთებს, ქართულ თანამედროვე მუსიკას, ღვინოს, სამზარეულოსა და საქართველოს კურორტების ფოტოსესიას.
ტურნე მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციას მიზნობრივ ბაზრებზე, ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობას ფართო მასებისთვის, ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდას.
საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის გასაკვირი არაა, ალბათ, ღონისძიების “ალტერვიჟენ გრუფის” თანაორგანიზატორობა, სხვა ვინ, თუ არა “ალტერვიჟენ გრუფია”?! სავარაუდოდ, სწორედ მათ შეარჩიეს პროექტის მონაწილე ჯგუფები, თუმცა _ რა კრიტერიუმებით, უცნობია. “String”-ი, “Green Rooom”-ი და “The Forest”-ი _ ასე გამოიყურება პროექტის მონაწილე მუსიკალური ჯგუფების სია, რომლებმაც ჩვენს ქართულ ეროვნულ კულტურასა და ტრადიციებს პოპულარიზაცია უნდა გაუწიონ!
საქართველოში შეიძლება ყველამ არა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, უკრაინაში, პოლონეთსა და ლიტვაში ყველამ კარგად იცის, რომ სტრინგი ერთობ პიკანტური საცვლის _ ტანგას სინონიმია. არ ვიცი, რამდენად კარგად იცნობთ ჯგუფ “სტრინგის” რეპერტუარს, მაგრამ, როგორც აჩიკო გულედანი ამბობს, ეს თანამედროვე ქართული მუსიკაა. “სტრინგი” როკ-ჯგუფია, მუსიკალურად უფრო გასაგები რომ იყოს, მასში ბრიტანული როკ მუსიკის გადმონაშთი იგრძნობა. ჯგუფი ჯერ კიდევ 2000 წელს დაარსდა, ბევრჯერ შეიცვალეს მუსიკოსები, თუმცა მისი სოლისტი და ჯგუფის ყველაზე პოპულარული ვოკალისტი დათო ლომიძე დღემდე შეუცვლელია. ამ ჯგუფის საწინააღმდეგო, პრინციპში, არაფერი მაქვს, ვისაც რა და როგორ გამოსდის, იმას აკეთებს. უბრალოდ, ის მაინტერესებს, როდის აქეთ იქცა ჩვენს ეროვნულ კულტურად და ტრადიციად როკი და რატომ გადაწყვიტეს ორგანიზატორებმა ამით საქართველოს პოპულარიზაცია და ყურადღების მიქცევა, მაშინ, როცა არაერთი ქართული ხალხური ანსამბლია ქვეყანაში?!
რაც შეეხება “მწვანე ოთახს”, რატომღაც მეგონა, რომ ეს ჯგუფი დიდი ხნის წინათ დაიშალა, ყოველ შემთხვევაში, ბოლო დროს მათი აქტიურობა ქართულ მუსიკალურ სამყაროში თვალშისაცემი და აქტიური ნამდვილად არ ყოფილა. მოგეხსენებათ, “ალტერვიჟენ გრუფი” აჩიკო გულედანთან ასოცირდება, აჩიკომ კი, როგორც ჩანს, ეს შანსი და პრივილეგია ხელიდან არ გაუშვა და თავის ყოფილი ჯგუფიც, რომელშიც ახლა უკვე 2 კაცია, პორექტში “შეტენა”.
მესამე ჯგუფ “The Forest”-ის არსებობა, ჩემდა “სამწუხაროდ”, სტატიის წერისას შევიტყვე. მე, ალბათ, თანამედროვე ქართულ მუსიკას “ჩამორჩენილი” ვარ. ინტერნეტში ჯგუფის მხოლოდ ერთი ჩანაწერი ვიპოვე. აღმოჩნდა, რომ ეს ჯგუფი ქართულ ელექტრომუსიკას ქმნის.
ღრმად ვარ დარწმუნებული, 5-ვე ქვეყანაში როკსაც და ელექტრო მუსიკასაც, ჩვენზე კარგად თუ არა, უარესად ნამდვილად არ ასრულებენ. ქართული როკითა და ელექტრონიკით მათ ვერც გავაკვირვებთ და ვერც იმდენად მოვხიბლავთ, რომ მოსმენისთანავე თავქუდმოგლეჯილები გამოიქცნენ “საოცნებო ქვეყანა საქართველოში”!
გიორგი დონაძე, ანსამბლ “ბასიანის” ხელმძღვანელი:
_ ვისაც არ უნდა ჰკითხოთ ამ თემაზე კომენტარი, ყველა იტყვის, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ერთი ანსამბლი მაინც. ქართველებს თუ რამე ღირებული შემოგვრჩა მსოფლიოსთვის საინტერესო, ეს არის ჩვენი ფოლკლორი. სლოგანი “საქართველო მოდის შენთან” საკმაოდ ამბიციურია და საქართველო მიდის მათთან როკითა და ელექტრომუსიკით? ეს უნდა წარადგინონ?!
ყველაზე ეფექტური იქნებოდა ქართული სიმღერა, ცეკვა წარგვედგინა. როკი ისე განვითარებულია მსოფლიოში, ჩვენ რით უნდა გავაკვირვოთ?! ამით ჩვენ ვაჩვენებთ, ნახეთ რა მაგრები ვართ, თქვენნაირები ვხდებითო. როკ ჯგუფთან ერთად წაეყვანათ ერთი ფოლკლორული ანსამბლიც.
ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ “ერისიონის” ხელმძღვანელი:
_ ჯერ მსოფლიოს ქართულ ხალხურ სიმღერაზე უკეთესი არაფერი შეუქმნია. ეს მე არ მომიგონია, იუნესკო ამბობს, რომ ქართული ხალხური სიმღერა ეს არის მსოფლიო მუსიკალური აზროვნების შედევრი! ფოლკლორის გარშე ქართული ეროვნული კულტურის სადმე წარდგენა მე ხუმრობა მგონია. ეს, უბრალოდ, არ შეიძლება. Uმდიდრესი ფოლკლორული მემკვიდრეობის, ჩვენი ეროვნული საუნჯის ნაცვლად მსოფლიოსათვის საქართველოს გასაცნობად როკისა და ელექტრომუსიკის წარდგენით მხოლოდ თავს შევირცხვენთ. არ გეგონოთ, სხვადასხვა მუსიკალაური მიმდინარეობების განვითარების წინააღმდეგი ვიყო, მაგრამ არაა ჩვენთან ეს ჟანრები ისე განვითარებული, რომ ამით წარვადგინოთ ჩვენი კულტურა. როდესაც ეროვნულ კულტურაზეა საუბარი, არ შეიძლება ქართულ-ხალხურ მუსიკას გვერდი ავუაროთ. მუსიკას, რომელიც კოსმოსშია გაგზავნილი, მგონი, ჩვენთვის საამაყო უნდა იყოს მისი წარდგენა ნებისმიერ ქვეყნაში.
მოამზადა თეო ტაბატაძემ
P.S. მეოცე საუკუნის უდიდესმა კომპოზიტორმა სტრავინსკიმ ბრძანა: “ქართული ხალხური სიმღერა ყველა დროში ყველაზე თანამედროვე სიმღერაა, ქართული პოლიფონიური მუსიკა მსოფლიოს გაცილებით მეტს აძლევს, ვიდრე თანამედროვე მუსიკის ყველა მიღწევა”. როგორც ჩანს ეს მართლაც ჯუზიკანტები, ანუ ხელისუფლების პროპაგანდისტული მუშაკები, სტრავინსკის ავტორიტეტად არ თვლიან… აბა რა მოსატანია ვიღაც სტრავინსკი ნაცმოძრაობის ყოვლისმცოდნე დირიჟორ სააკაშვილთან?!