21 ივნისს 70 წელი შესრულდა სამამულო ომის დაწყებიდან, იმ ავბედითი ომის დაწყებიდან, რომელსაც ასი ათასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ეს იყო დიადი ომი, დიადი სულისკვეთებით და, სამწუხაროდ, დიდი მსხვერპლით.
სააკაშვილის იდეოლოგ-პროპაგანდისტი და კარის ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ერთ-ერთია, ვინც მეორე მსოფლიო ომში ქართველების პატრიოტული სულისკვეთება და სამშობლოსათვის თავდადება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე განაცხადა: “ქართველებისთვის ეს არანაირად არ იყო სამამულო ომი. ეს იყო ქართველი მძევლების გაყრა ფრონტის ხაზზე. ამ ომს ჩვენ არავინ გვეკითხებოდა. სამასი ათას ქართველს, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ, თავის დროზე რომ ებრძოლათ, იმ უბედურებას, რასაც კომუნიზმი ჰქვია, ავცდებოდით”.
მაშინ, როცა მასხარაშვილისთვის სამამულო ომი “სხვისი ომია”, რაც მასში ზიზღს იწვევს, მაგრამ რატომღაც ავღანეთის სამხედრო მისიაში ქართული ჯარის მონაწილეობა და უაზროდ დაღვრილი სისხლი ეროვნულ საქმედ მიაჩნია.
20 ივნისს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის, რიგითი გია გოგუაძის დაღუპვის თაობაზე. ის უკვე მე-9 ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ავღანეთში სააკაშვილის რეჟიმის ანტიეროვნული პოლიტიკის გამო დაიღუპა.
ქართველი სამხედრო ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ, რომ ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში წასვლას აიძულებენ. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში და სამხედროთა უფლებების დამცველი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ “ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ჯარისკაცებს ავღანეთში გამგზავრებაზე უარის შემთხვევაში ფიზიკურად უსწორდებიან”. მაგრამ “ნაც-პროპაგანდისტ” მასხარაშვილს ამის გამო პრეტენზია არ გამოუთქვამს.
რაც დრო გადის, ავღანეთის მისიის გარშემო სულ უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება და უკმაყოფილება იზრდება ქართულ საზოგადოებაში; განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ქართული კონტინგენტის 1600 ჯარისკაცამდე გაზრდა გადაწყვიტა. უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ეს სააკაშვილის ძალაუფლების შენარჩუნებისთვის კეთდება და საქართველოს ინტერესები აქ არაფერ შუაშია. როგორც ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, “დასავლეთს აქვს საფუძველი, რომ სააკაშვილი გააკრიტიკოს და მისგან დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა მოითხოვოს. სააკაშვილი ამ მითითებას იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ შეასრულებს, რომ ნებისმიერი დემოკრატიული სვლა მისი ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი იქნება. ამიტომ, დასავლეთის კეთილგანწყობის შენარჩუნების მიზნით, ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ამერიკას ძალიან სჭირდება. ამერიკას კი ახლა საქართველოსგან ყველაზე მეტად სამხედრო ძალა სჭირდება და ისიც ისე იღებს ქართველ სამხედროებს, როგორც “ჩუპა-ჩუპსებს”. რაც მეტ ქართველს გაგზავნის სააკაშვილი ავღანეთში, მით უმეტი მხარდაჭერა ექნება მის დიქტატორულ რეჟიმს ამერიკისგან, ე.ი. სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის ხარჯზე ინარჩუნებს”.
როგორც იტყვიან, “à la guerre comme à la guerre“… (ომში _ როგორც ომში), და რადგან საქართველოს ხელისუფლება, დიდი ხანია, ეწევა ომს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, გასაკვირი სულაც არ არის, რომ კერპთაყვანისმცემელი ქურუმივით სწირავს ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლეს ოკეანისგაღმელ “ღვთაებას”…
ზურაბ ჯამბურია