მოსკოვში ტრაგიკულად დაიღუპა ქართველი ექიმი–გინეკოლოგი ნანა ადამაძე. 68 წლის ექიმმა სიკვდილს გადაარჩინა სმენადაქვეითებული მოხუცი ქალბატონი, რომელიც რკინიგზის ლიანდაგზე იდგა, როცა მატარებელი უახლოვდებოდა. ნანა ადამაძე რელსებისკენ გაიქცა, მოხუცს ხელი ჰკრა და გადაარჩინა, თვითონ კი გარიდება ვერ მოასწრო და დაიღუპა.
ტრაგედია მოხდა 9 მარტს მიტიშჩის რკინიგზის სადგურ “პერლოვკაზე”. თვითმხილველების თქმით, მოხუც ქალს არ ესმოდა არც ადამიანების ყვირილი და არც მოახლოებული მატარებლის საყვირის ხმა. მატარებელმა ნაკუწებად აქცია ნანა ადამაძე, მოხუცი კი ვერც მიხვდა, რა მოხდა.
“ნანა ადამაძე იყო შესანიშნავი ადამიანი და პროფესიონალი სპეციალისტი. ჰყავდა ათასობით მადლიერი პაციენტი. მას ძალიან აფასებდნენ არა მხოლოდ გამოცდილებისა და ცოდნის, არამედ სიკეთის, დელიკატურობის, ოპტიმიზმისა და სიცოცხლის სიყვარულისთვისაც. ის არასოდეს ყოფილა გულგრილი სხვისი პრობლემების მიმართ, ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად. ექიმად 40 წელი იმუშავა. იგი საქართველოში დაიბადა, ქალაქ სოხუმში, დაამთავრა იაროსლავლის სამედიცინო ინსტიტუტი”, _ ასე იხსენებენ ნანა ადამაძეს მისი კოლეგები კლინიკა “ისიდადან”, სადაც ის ბოლო 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ნანა ადამაძე მედიკოსთა ოჯახში დაიბადა 1948 წელს. დედამისი სოხუმის სამშობიარო სახლის დირექტორი იყო. ნანაც მის კვალს გაჰყვა. იაროსლავლის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სოხუმის სამშობიაროში დაიწყო მუშაობა. ისეთი ყურადღებიანი და მზრუნველი ექიმი იყო, რომ მის სახელს პაციენტები ხშირად არქმევდნენ ახალშობილ გოგონებს. ნანა ადამაძის მეუღლე გაზეთ “საბჭოთა აფხაზეთის” რედაქტორი იყო. შეეძინათ ქალ-ვაჟი _ ქეთა და გიორგი. აფხაზეთში კონფლიქტის დაწყების გამო საცხოვრებლად ფსკოვში გადავიდნენ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი ნანა შვილებთან ერთად მოსკოვის ოლქში ცხოვრობდა.