Home რუბრიკები საზოგადოება სკამთაყვანისმცემელთა ქვეყანა

სკამთაყვანისმცემელთა ქვეყანა

წერილი პირველი: თვითრეალიზაციის პრობლემა და ნაციონალური კონსენსუსი
26 მაისის დარბევამ ბევრს აღუძრა წინმსწრებ მოვლენათა შეფასების სურვილი. ბევრიც პერსპექტივაზე ალაპარაკდა. ზოგიერთმა შეფასებას “მეტ-ნაკლებად ზუსტი აღწერა” ამჯობინა. მათ შორის არიან ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი დავით აფრასიძე. მათი დიალოგი გაზეთ “24 საათში” გამოქვეყნდა და “თეორიების ის ცოდნა და გამოცდილება”, რომელიც მათ გააჩნიათ, მკითხველს ხელისუფლების სამომავლო მოქმედების კონტურებს უხაზავს.

“ინტელექტუალური ახსნა და გაგება იმისა, რა მოხდა, რატომ მოხდა, რას ველოდით, სად მივიღეთ ის, რასაც ველოდით, სად _ არა”, როგორც გიგი თევზაძე ამ დაილოგის დასაწყისში ამბობს, ნათლად გვიჩვენებს, რომ 26 მაისის დარბევას წინ უძღოდა კარგად მომზადებული იდეოლოგიური საფუძველი და მომავალშიც უნდა ველოდეთ პროცესების გარკვეული მიმართულებით განვითარებას.
გიგი თევზაძე და დავით აფრასიძე არც მალავენ, რომ ნეიტრალურ შემფასებლებად ვერ გამოდგებიან, რადგან ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, თუმცა ამას “სამოქალაქო პოზიციას” უწოდებენ. იქვე კი აღნიშნავენ, ეს არ ნიშნავს, რომ ამავე დროს ჩვენი “თეორიული პოზიციაც” ეს არისო.
დიალოგი საინტერესოდ ვითარდება: ორი “ბრძენი” ადამიანი დამჯდარა და განსჯის, ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა თუ _ სხვანაირად. თუკი თევზაძე თეორიული სიღრმეებისკენ (მომხდარის სოციალური მიზეზები, ფსიქოლოგიური მიზეზები, პოლიტიკური მიზეზები) ექაჩება აფრასიძეს, ეს უკანასკნელი თანამოსაუბრეს პირდაპირ პოლიტიკური ძალების თვითრეალიზაციის პრობლემას სთავაზობს განსასჯელად
“საქართველოში ჯერ კიდევ მიმდინარეობს პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბების და ამ ინსტიტუტების კონსოლიდაციის პროცესი. პოლიტიკური ჯგუფები ამ ინსტიტუტებიდან უცბად ამოვარდებიან ხოლმე და ასევე უცბად აღმოჩნდებიან გაზრდილი მოლოდინების და ძალიან შეუთავსებელი რეალობის წინაშე. ასე დაემართა, მაგალითად, ბურჯანაძეს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი და უცებ, ერთი ნაბიჯით აღმოჩნდა ისეთ პოლიტიკურ სივრცეში, რომელშიც აბსოლუტურად დაკარგა ყველაფერი _ არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ქონებრივ საკითხებს ან პოლიტიკურ სტატუსს. ამდენად, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მისი რადიკალიზაციის გზაზე დადგომა წინასწარ იყო განსაზღვრული. სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა ასეთ რადიკალიზმს შობს,” _ წუხს დავით აფრასიძე.
ერთმაც და მეორემაც ძალიან კარგად იციან, რომ პოლიტიკური ძალების თვითრეალიზაციის პრობლემა მმართველი “ნაციონალური მოძრაობის” ერთპარტიულმა დიქტატმა წარმოშვა, პოლიტიკური პროცესიც ჩიხში მან შეიყვანა და პოლიტიკური ძალებში რადიკალიზმიც მისმა ავტორიტარიზმმა გააჩინა. პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ამ პროცესში სადავეების ხელიდან გაშვება ძალაუფლების დაკარგვასთან ასოცირდება და მისი, როგორც მმართველის შეცდომაც სწორედ ესაა. მთავარი დამამუხრუჭებელი სწორედ სააკაშვილის ფაქტორია, რომელსაც თავისივე იდეოლოგებმა (მათ შორის თევზაძემაც) მყარად ჩაუნერგეს, რომ თუნდაც ერთი დათმობა, ერთი ნაბიჯი უკან, ანდა ოპონენტების აღქმა არა მტრებად (ერთი სული რომ აქვთ, როდის აიყვანენ ეშაფოტზე ახლანდელ მმართველს), არამედ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად, ვისაც ზუსტად იმდენივე უფლება აქვს, პრეტენზია გამოთქვას ქვეყნის მართვაზე, რამდენიც “ნაციონალურ მოძრაობას” და მის ლიდერს, ამ უკანასკნელისთვის სამყაროს დასასრულს უდრის.
გიგი თევზაძე კი ფიქრობს, რომ “საზოგადოების ცხოვრებაში პოლიტიკური კონსენსუსი ძალიან დიდ როლს ასრულებს”, მაგრამ  მისთვის კონსენსუსი ნიშნავს საკუთრივ მისი “სამოქალაქო პოზიციის”, ანუ ნაცპროპაგანდის უპირობოდ გაზიარებას. რასაკვირველია, ძალაუფლების დაკარგვა გარკვეულ სირთულეებს უქმნის ავტორიტარ მმართველს და მის თანამებრძოლებს, რადგან მათ მიერ ერთპიროვნულად (და ხშირად გაუაზრებელ) მიღებულ გადაწყვეტილებებს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი ეწირება ხოლმე. ადრე თუ გვიან პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება და, რაც ადრე, მით უკეთესი, ნაკლებს დააშავებენ და სასჯელიც შედარებით მსუბუქი იქნება. მაგრამ ძალაუფლებით ტკბობის პროცესი უკონტროლოა და ვერ ხვდებიან, რომ პოლიტიკურ ძალებს თვითრეალიზაციისთვის ასპარეზი სჭირდებათ.
დღეს საქართველოში ყველამ იცის და, უპირველესად, ხელისუფლებამ, რომ პოლიტიკურ ძალებს არსებული კანონმდებლობით და “ნაცმოძრაობის” მონოპოლიიის პირობებში ფაქტობრივად არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ, თუკი ხელისუფლების მიერ დაწესებულ თამაშის წესებს არ დაემორჩილებიან. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება თუნდაც “ქრისტიან-დემოკრატების” გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. მათ თავიანთი სამთვიანი სტაჟით 2008 წელს პარლამენტში მოხვედრის შანსი არ ჰქონდათ (ჟურნალისტიკაში ყოფნა გარკვეულწილად პოლიტიკურ გამოცდილებას კი სძენს ადამიანს, მაგრამ პოლიტიკოსისთვის საკმარისს _ ვერა), თუმცა დღეს საპარლამეტო უმცირესობას სწორედ მისი ლიდერი უდგას სათავეში. ეს მაგალითი კარგად გაითვალისწინა მაშინდელი ოპოზიციური ერთობის რამდენიმე წარმომადგენელმა და დეპუტატობას დათანხმდა. ლეიბორისტულმა პარტიამ კი ისეთი სალტო-მორტალე შესტავაზა ხელისუფლებას, თვით ყოვლისმნახველი ხათუნა გოგორიშვილიც კი გააოცა. ამის შემდეგ არავისთვის ყოფილა გასაკვირი კოკო გამსახურდიას “პრიჩინით” შესვლა თუ ახლა უკვე გაელჩება.
ეს ისტორია ასე ვრცლად მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ დავით აფრასიძის “პოლიტიკური ძალების თვითრეალიზაციის პრობლემას” ჩავუფიქრდეთ და გიგი თევზაძის “პოლიტიკური კონსენსუსის” მასშტაბურობაც განვსაზღვროთ.
გიგი თევზაძეს ეგონა, რომ “2008 წლის ომის მერე პოლიტიკური კონსენსუსისკენ, იმ ჩარჩო-იდეისკენ წავედით, რომელსაც ყველა ფენისა და სტატუსის ადამიანი იზიარებს. მეგონა, ომის მერე ეს არსებობდა, მაგრამ სწორედ ბურჯანაძის და ოქრუაშვილის აქტიურობამ და შემდეგ იმ პროტესტმა “ძალადობის წინააღმდეგ”, რომელიც 27 მაისს (სინამდვილეში 28 მაისს _ ბ. მ.) პარლამენტის წინ მოეწყო, დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ თუნდაც წარმოსახვითი პოლემიკა ეროვნული კონსენსუსის არსებობა-არარსებობის და საერთოდ მიზანშეწონილობის შესახებ ისევ მიმდინარეობს. ახლა ისევ დაიწყო ლაპარაკი _ ერთი მხარე და მეორე მხარე. ომის შემდეგ კი, ვერც ერთი პარტია ვეღარ საუბრობდა, რომ არსებობს ორი გზა _ ჩრდილოეთით და დასავლეთით, ანუ დემოკრატიის გზა და ე.წ. სუვერენული დემოკრატიის გზა, რასაც პუტინი ამბობს. ამაზე ვერავინ ლაპარაკობდა. მაინც ვფიქრობ, რომ რუსეთმა გარკვეული აზრით, მიზანს მიაღწია და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოში ნაციონალური კონსესუსი ჯერ კიდევ არ არსებობს”.
“საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის (პოლიტიკოსების გარეშე)” ორგანიზებულმა 28 მაისის საპროტესტო აქციამ ნათლად გვიჩვენა, რომ საზოგადოება ძალადობის წინააღმდეგია, ვისგანაც უნდა მოდიოდეს იგი _ ხელისუფლებისგან თუ ოპოზიციური ძალებისგან. ამ საკითხზე საზოგადოებამ კონსესუსს დიდი ხანია მიაღწია. თუ ხელისუფლებას დანახვა უნდოდა, კარგად ჩანდა, რომ 21 მაისს, როცა “სახალხო კრებამ” აქცია დაიწყო, გაცილებით ბევრი ადამიანი მივიდა, ვიდრე შემდგომ დღეებში, როცა ტელევიზიასთან აქციებზე ერთ მხარეს შსს-ს სპეცრაზმელები იდგნენ, ხოლო მეორე მხარეს _ “ხელტრუბიანი ვაჟკაცები”, გარშემო კი აფთრებივით უვლიდნენ “ნაცზონდერები”, რომლებიც სწორედ ვითარების დასაძაბად გაგზავნეს იქ.
ხალხი “ზონდერებს” კი არ შეუშინდა, არამედ უფრო მეტად შეაშფოთა (და, შესაბამისად, გაემიჯნა) ბურჯანაძის “ტრუბიტალისტურმა” თუ “დროშისტარისტულმა” რიტორიკამ _ “ჩხუბი მორევაზეაო”. მისი გამოცდილების პოლიტიკოსს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სახელმწიფო მანქანასთან ძალით დაპირისპირება ხეირს არც მას დააყრიდა და არც მის “ხელტრუბიანებს”. ბოლოს და ბოლოს რამდენიმე წლის მანძილზე ეს მოძალადე რეჟიმი სწორედ ბურჯანაძის ხელისუფლებაში ყოფნისას, მის თვალწინ ძლიერდებოდა და თუ ხელს არ უწყობდა, არც უშლიდა. რაც შეეხება ინტელიგენციის წარმომადგენლებს, მათ ალბათ არ იციან და ახლა გაიგებენ ანზორ ბიწაძის გულისწუხილს _ “ამათ რაღა ჩარეცხავსო”, ახალგაზრდული სიბრიყვით რომ წამოსცდა. “სიბრიყვე” აქ პირობითად შეიძლება ვთქვათ, თორემ მან ბურჯანაძეების გულისთქმა გაახმიანა.
ამ პირობებში, კარგად ინფორმირებულ ხელისუფლებას სწორედ ხალხის კონსენსუსის არსებობა უნდა გახსენებოდა და ყოველგვარი დარბევა-დაწიოკების, უმოწყალოდ ცემისა და შეურაცხყოფის გარეშე შეძლებდა რადიკალების მარგინალიზაციას. მით უმეტეს, რომ მათ სხვა პოლიტიკური ძალები მკვეთრად გაემიჯნენ. აქ ორი ვერსია არსებობს: ან თავიდანვე მიხვდნენ, რომ ბურჯანაძე ხელისუფლებას ძალადობისკენ პროვოკაციულად იწვევდა და თავიდანვე განწირული იყო, ანდა ისინიც ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგნი არიან; თუ მეორე ვერსიას მივყვებით, მაშინ ეს პოლიტიკური ძალები და ხალხი ადვილად გამონახავენ საერთო ენას, რადგან ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანება გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ვიდრე ძალადობის პროვოცირება.
მაგრამ აქ სად არის ხელისუფლების, უფრო სწორედ, “ნაცმოძრაობის” ადგილი? ფაქტია, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ხალხის სიყვარულზე (როგორც 2004 წელს) კი არ დგას, არამედ სწორედ ძალას ეყრდნობა და როგორც კი ოდნავ სისუსტეს შეამჩნევენ, მისი ძალაუფლებაც მაშინვე დამთავრდება. მთელი შვიდი წელი მოანდომა სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ ამ ახალი ფენის ჩამოყალიბებას, არ დაიშურა ფული და პრივილეგიები და, ბუნებრივია, ყველაფერს იღონებს, რომ მათში კიდევ უფრო განამტკიცოს საკუთარი უძლეველობის განცდა.
სრული პროფესორები კი წუხან, რომ “რუსეთმა გარკვეული აზრით, მიზანს მიაღწია და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოში ნაციონალური კონსესუსი ჯერ კიდევ არ არსებობს”.
რა შუაშია რუსეთი?
ეს მართლაც ვრცელი საუბრის თემაა და შესაძლოა ისეთი მოსაზრებაც გამოიკვეთოს, რომ სააკაშვილსა და მის იდეოლოგებს 2008 წლის აგვისტოს ომი სწორედ “ნაციონალური კონსენსუსის” მისაღწევად დასჭირდათ. ამ ომით ისინი არაფერს კარგავდნენ _ თუკი ცხინვალში წინასწარ მომზადებული დროშების გაშლას შეძლებდნენ და გამარჯვების იზეიმებდნენ, ხალხი სააკაშვილს 2007 წლის დარბევის (და ბევრ სხვა) ცოდვას აუცილებლად მიუტევებდა. გამარჯვებულ მთავარსარდალს კი რამდენიმე წლის მანძილზე სალაპარაკო არ დაელეოდა. პირდაპირ თუ ვიტყვით, ამ შემთხვევაში საფუძველიც ექნებოდა თავის მოსაწონებლად; ხოლო თუ ვერაფერს მოახერხებდნენ, მაშინ მიღწეული იქნებოდა მეორე მიზანი _ პოლიტიკური კონსენსუსი, “რომელსაც ყველა ფენისა და სტატუსის ადამიანი იზიარებს” _ გარე საფრთხის წინაშე გაერთიანება. აქ უკვე სათვალავში ჩასაგდები არ არის ადამიანების მსხვერპლი და ათეულობით სოფლის დაკარგვა. ასევე, რაც კიდევ უფრო სავალალოა, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების _ საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ სახელმწიფოებად აღიარება. ეს ვა-ბანკი საქართველოს დაუჯდა ძვირად, თორემ საკაშვილს არაფერი დაუკარგავს, თუ არ ჩავთვლით ერთწლიან პაუზას საპრეზიდენტო ტურებს შორის.
აგვისტოს ომში საშინელი მარცხის მიუხედავად, სააკაშვილმა შეძლო პრეზიდენტის სავარძლის შენარჩუნება და პოლიტიკური ძალებისა და ხალხის კონსოლიდაცია, რადგან რუსეთის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებამ, სამხრეთ ოსეთის საზღვრებიდან გამოსვლამ და საქართველოს შუაზე გახლეჩამ ისევ სააკაშვილს არგო. თან შეაშინეს და ამ შეშინებით გააძლიერეს კიდეც. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მანამდე სასტიკად აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას, მორატორიუმი გამოაცხადეს სააკაშვილის დამღუპველი ქმედებების შეფასებაზე და მას მანევრირებისთვის ფართო ასპარეზი მისცეს. ეს ალბათ მოულოდნელი იქნებოდა რუსეთისთვისაც. ყველამ კარგად იცოდა, რომ რადიკალური პოზიციის დაკავება მთლიანად შეცვლიდა მოვლენათა განვითარებას, მაგრამ ვერავინ გაბედა ღიად გამოსვლა და სამარცხვინოდ დამფრთხალი მთავარსარდლის გაძევება. ალბათ ფიქრობდნენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა ერთმნიშვნელოვნად აღიქმებოდა სამშობლოს მოღალატეობასთან. შესაძლოა ასეც ყოფილიყო, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ის ადამიანები, ვინც მაშინ ყველაფერი გააკეთა სააკაშვილის გადასარჩენად, ახლა მას აცხადებენ ქვეყნის პირველ მტრად?! სხვათა შორის, მათ შორის იყვნენ თევზაძის მიერ დასახელებული ბურჯანაძე და ოქრუაშვილიც. პირველი ძალისხმევას არ იშურებდა ქართული სიმართლის საერთაშორისო არენაზე გასატანად, მეორე კი პარიზიდან ეხმიანებოდა ყოფილ(?) თანამებრძოლებს და რიგით ჯარისკაცობას სთავაზობდა.
მეტყვით, აბა როგორ უნდა მოქცეულიყვნენო… რასაკვირველია, შენს სამშობლოში შემოჭრილ მტერთან თანამშრომლობა მიუღებელია. მაგრამ, როცა იმ ომის შემდეგ ეს თანამშრომლობა დისკომფორტს არ გიქმნის და საერთოდ რომ არ გაქვს უფლება ხალხის სახელით ილაპარაკო სხვა ქვეყნის ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლებთან და მაინც მართავ ამგვარ შეხვედრებს? ანდა, ახლა რომ გახსენდება სააკაშვილის ხელისუფლებისგან ტერორისტების მფარველობა და სატელევიზიო ინტერვიუებში ღიად საუბრობ კონკრეტულ ფაქტებზე, ამას რა გამართლება აქვს?
ეს დეტალებია, მაგრამ ამ დეტალებისგან შედგება მთლიანი მოზაიკა, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება ჰქვია. კონსენსუსი, რის შესახებაც თევზაძე საუბრობს, ხალხში დიდი ხანია არსებობს, ნაცხელისუფლებაში კი, სამწუხაროდ (სამწუხაროდ მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებაში არიან!), არ არსებობს და არც იარსებებს, რადგან ისინი ერთიანი ქართული იდეის გარშემო არ არიან გაერთიანებულები. ნაციონალების ფავორიტკა პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძე, ნაციონალების ფავორიტები _ პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი და თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი სწორედ იმ ვექტორისკენ გადაიხარნენ, რომლის წინააღმდეგიც წლების მანძილზე იყვნენ და რომელ მხარესაც, ვთქვათ პირდაპირ, _ გულიანად იფურთხებოდნენ. ეს ადამიანები სანამ ხელისუფლებაში იყვნენ, სააკაშვილის კრიტიკას კი არა, მისი პოზიციების განმტკიცებას ახმარდნენ ძალასა და ენერგიას, ახლა კი ცდილობენ ხალხის ინტერესების მსახურებად წარმოაჩინონ თავის, თუმცა ისევ სააკაშვილის გაძლიერებას უწყობენ ხელს.
დავუბრუნდეთ რუსეთის მიერ მიზნის მიღწევას და იმის გაგებას, კიდევ ერთხელ აჩვენა თუ არა, რომ საქართველოში ნაციონალური კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არსებობს.
ზემოთ ვთქვი და გავიმეორებ _ ეს მართლაც ვრცელი საუბრის თემაა. რასაკვირველია, რუსეთს არ სურს, რომ საქართველოში ნაციონალური კონსენსუსი არსებობდეს. და ეს არც არის გასაკვირი. საოცარი ის იქნებოდა, ეს რომ სურდეს. მას თავისი ინტერესები აქვს მთლიანად კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში. არ ვაპირებ ამ მიმართულებით ისტორიული წიაღსვლებით დაგღალოთ, მით უფრო ამ სფეროს სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ თუკი თვალს გადავავლებთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიას (განსაკუთრებით ბოლო 230 წლის მანძილზე), ნათლად დავინახავთ, რომ ეს ქვეყანა, მნიშვნელობა არა აქვს, ცარისტული იქნება, კომუნისტური თუ დემოკრატიული, გარკვეულ პოლიტიკას ახორციელებს მეზობელი სახელმწიფოების მიმართ. იგი ერთადერთი იმპერიაა, რომელიც მხოლოდ თავისი საზღვრების გარშემო ფართოვდება (კალინინგრადის ოლქი პოსტკომუნისტური ნაშთია) და შორეული კოლონიები არ აქვს.
ასევე გასათვალისწინებელია რუსეთ-თურქეთის ომების ისტორია ნატოს შექმნამდე 100 წლით ადრე. მაშინ ჯერ კიდევ არცთუ ბებერი კურტიზანი ევროპაც გაფაციცებული ადევნებდა თვალს ამ პროცესს და გამორჩენასაც ელოდა. ეს ბრძოლები სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, და არა ქართველთა განსაკუთრებული სიყვარულის გამო, არამედ მისი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით. და თუ ყველა გარემოებას ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ მოქმედების ფორმულა ჩვენც უნდა შევიმუშავოთ და სწორედ ამ ფორმულის გარშემო უნდა შევძლოთ კონსენსუსის მიღწევა. სხვათა შორის, ჩვენს წინაპრებს ეს ფორმულა ჰქონდათ და ამიტომაც შევძელით დღემდე მოღწევა. მაშინ თევზაძეები და აფრასიძეები არ მუშაობდნენ ამ მიმართულებით და შედეგიც ხელშესახები იყო, ახლა კი ახლადგამომცხვარი იდეოლოგების გამოისობით უმძიმეს მდგომარეობაში ვართ და გამოსავალი სასწრაფოდ მოსაძებნია. უპირველესად კი ეროვნული თანხმობის მიღწევა უნდა მოვახერხოთ. სხვა შემთხვევაში მუდმივად ვიქნებით ვიღაცის ხელის შემყურენი და, გამორიცხული არ არის, ყოფილი ერის სტატუსიც “დავიმსახუროთ”.
და მაინც “რისი ბრალია, რომ არ არის ასეთი თანხმობა?” _ ეკითხება პროფესორი აფრასიძე პროფესორ თევზაძეს. ეს უკანასკნელი პასუხს საინტერესო წიაღსვლებით იწყებს. თუმცა ამის შესახებ მეორე წერილში ვისაუბრებთ.
ბონდო მძინარაშვილი
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here