“საქართველო და მსოფლიო” გასულ ნომერში წერდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება 36 წლის პატიმარი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, რომელსაც ორი მომაკვდინებელი დაავადება: შიდსი და ტუბერკულოზი საპატიმროში შეყარეს. პატიმარი ვერ გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად. ადვოკატის განცხადებით, მას ნაწოლებისგან სხეულის ლპობა ჰქონდა დაწყებული, მაგრამ, მიუხედავად არაერთი შუამდგომლობისა, მის მიმართ სასჯელის გადავადება არ მოხდა. 29 მაისს ნიკოლოზ მჭედლიშვილი პალატიდან რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
ნიკოლოზ მჭედლიშვილთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ არაერთი რეკომენდაცია მისცა საქართველოს მთავრობას, თუმცა არც ერთი მათგანი არ შესრულებულა. მათ შორის იყო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება _ ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა, მისთვის მომვლელი დაენიშნათ. მაგრამ არათუ მომვლელი დაენიშნა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მას სათანადო მკურნალობაც კი არ ჩაუტარდა.
მამუკა ნოზაძე, ნიკოლოზ მჭედლიშვილის ადვოკატი:
_ მჭედლიშვილი 2007 წელს დაპატიმრებისთანავე მოთავსდა მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში და გარდაცვალებამდე _ 2011 წლის 29 მაისამდე, სარეცელს იყო მიჯაჭვული. ის დაჭრილი, წელსქვემოთ მოწყვეტილი მიიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მას განსაზღვრული ჰქონდა, რომ იყო მძიმე ავადმყოფი ნევროლოგიური თვალსაზრისით და მისი გამოჯანმრთელების არანაირი პერსპექტივა არ არსებობდა. მჭედლიშვილს სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა 25 წელი. 2007 წლიდან 2009 წლამდე სისტემატიურად ხდებოდა სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვა, ამასთან, არც ერთ დოკუმენტში არ იყო დაფიქსირებული, რომ, გარდა ნევროლოგიური პრობლემისა, მას სხვა რაიმე დაავადება ჰქონდა. 2008 წლის აგვისტოში მისი საქმე ევროპულ სასამართლოში გავგზავნე. ევროპულმა სასამართლომ დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება, თვე-ნახევარში დაიწყო საქმის განხილვა და კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. სასამართლომ საქართველოს მხარეს დაუსვა ასეთი კითხვა: ხომ არ იყო ეს ევროპული კონვენციის მესამე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული _ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა?
საქართველოს მთავრობამ ორჯერ გააკეთა კომენტარი, დაცვის მხარესაც ასევე ორჯერ მოგვეცა კომენტარის გაკეთებისა და ჩვენი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. 2009 წელს, გამოვითხოვე ახალი სამედიცინო დოკუმენტები. აღმოჩნდა, რომ ნიკოლოზ მჭედლიშვილი ციხეში დაავადდა შიდსით, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ვაცნობე ევროპულ სასამართლოს. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ კვლავ ადეკვატური რეაგირება მოახდინა, დაუსვა კითხვები საქართველოს მთავრობას და პირდაპირ მიუთითა, ხომ არ იყო ეს ევროპული კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა _ ეს არის სიცოცხლის უფლების მოსპობა. რადგან ადამიანი შევიდა სულ სხვა დაავადებით და აღმოჩნდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში უფრო გაუარესდა, ჰკითხა, თუ რატომ მოხდა მისი შიდსით დაავადება. საქართველოს მთავრობამ მეტად აბსურდული მოსაზრება წარმოადგინა: თითქოსდა ადამიანი როდესაც შიდსით ავადდება, ეს 4 ან 5 წლის შემდგომ ვლინდება, რაც ალოგიკურია.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობას, რომ ნიკოლოზ მჭედლიშვილი მოთავსებულიყო სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში და ჩატარებოდა მას ადეკვატური მკურნალობა. ეს იყო სავალდებულოდ შესასრულებელი საქართველოს მთავრობისთვის, რაც არ შესრულებულა.
2009 წლის იანვარში, საქართველოს იმდროინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მიმართა იუსტიციის მინისტრს, რომ მჭედლიშვილი გადაეყვანათ სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, ჩატარებოდა ადექვატური სამედიცინო მკურნალობა და გამოკვლევა, ასევე დადო დასკვნა, რომ ის სამკურნალო დაწესებულება, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში შედის, არ იყო საავადმყოფოს ტიპის დაწესებულება და არ ექვემდებარებოდა არანაირ სტანდარტს, რომ იქ არ ჰყავდათ სპეციალისტები, რომელთა მუდმივ მეთვალყურეობასაც მჭედლიშვილი საჭიროებდა. არც სახალხო დამცველის რეკომენდაცია შესრულებულა.
ამის შემდეგ ევროპულმა სასამართლომ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება _ დაუშვა გამონაკლისი და დაავალა საქართველოს მთავრობას, მომვლელი ჰყოლოდა ნიკოლოზ მჭედლიშვილს, რადგან მას შხაპის მიღება და ელემენტარული ჰიგიენური პირობების დაცვის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდა. ამ პიროვნებას პატიმრობის პერიოდში სმენაჩლუნგობაც დაემართა. ბოლოს, 2011 წლის აპრილში, როცა გამოვითხოვე მონაცემები, აღმოჩნდა, რომ იგი დაავადებული იყო ტუბერკულოზითაც. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მძიმე ავადმყოფი იყო და ორჯერ მივმართე, როგორც პირველი, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლოს, სადაც ექსპერტმა დაადასტურა, რომ მის გამოჯანმრთელებას არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა, თანაც, როგორც აღვწერე, მას კიდევ დაემატა სხვა დაავადებაც, რომელიც ლეტალურ შედეგს იწვევს. 2011 წლის 29 მაისს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების რეანიმაციაში გადაყვანიდან რამდენიმე საათში მჭედლიშვილი გარდაიცვალა.
დოკუმენტურად მისი სიკვდილის მიზეზი აღმოჩნდა ტუბერკულოზი და სუნთქვითი ორგანოების მოშლა. იმ დაავადებებს, რომლებიც მე ჩამოვთვალე, შეუძლებელია ადამიანმა გაუძლოს, ასევე მას ნაწოლებისგან ქსოვილები უკვე გახრწნილი ჰქონდა. საქართველოს მთავრობა თავად იყო ვალდებული, მიემართა სასამართლოსთვის შუამდგომლობით, რომ მოეხდინათ სასჯელის გადავადება, მაგრამ არათუ თვითონ მიმართეს, დაცვის მხარის შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფი არ არსებობდა.
_ საერთოდ ხდება სასჯელის გადავადება მსჯავრდებულებისთვის?
_ უამრავი შემთხვევა არსებობს, მაგრამ _ მხოლოდ იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს ინტერესი არსებობს. ევროპულ სასამართლოსაც დეტალურად შევატყობინე ამის შესახებ და დავუსახელე კონკრეტული გვარები, რომელთა მიმართაც იყო გამონაკლისი დაშვებული და გადავადებულ იქნა სასჯელი. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო მიმინოშვილის ფაქტი. ორ-ორჯერ აქვს მიმართული ზოგ შემთხვევაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტს სასამართლოსთვის შუამდგომლობით ერთი და იმავე პიროვნებისთვის სასჯელის გადავადებაზე. ერთხელ გაუშვეს ერთ-ერთი პიროვნება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი თავმჯდომარის _ ბაჩო ახალაიას შუამდგომლობით, წელიწადისა და რამდენიმე თვის შემდეგ მან ჩაიდინა ახალი დანაშაული და ისევ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასჯელის გადავადება. ანალოგიურად გაათავისუფლეს “ტყის ძმების” მეთაური _ დავით შენგელია და ა.შ. უამრავი გვარის დასახელება შეიძლება.
სასამართლო ავტომატურად უკმაყოფილებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას სასჯელის გადავადების მოთხოვნას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საშუალო სიმძიმის ავადმყოფობაა დადგენილი. ნიკოლოზ მჭედლიშვილის მიმართ კი ასეთ დისკრიმინაციულ მიდგომას ახორციელებდნენ. ანალოგიური მიდგომა აქვთ დენიზ ყვარელაშვილისა და სხვა პატიმრების მიმართ, რომლებითაც ხელისუფლება არაა დაინტერესებული.
ჩემს წარმოებაში არსებულ ოცამდე საქმეზე ევროპულ სასამართლოში დამთავრებულია განხილვა. იმედია, რომ სხვათა სიცოცხლეც ლეტალურად არ დამთავრდება და დროულად იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამ ეტაპზე უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება ტუბერკულოზით დაავდებულთა ქსნის სამკურნალო დაწესებულებაში ზაქარია ქიტიაშვილი, რომელიც სასჯელაღსრულებით დაწესებულბაში დაავადდა და მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
ტუბერკულოზი, გარდა იმისა, რომ თავისთავად უმძიმესი დაავადებაა, ყველაფერზე მოქმედებს და ყოველწუთიერად მოსალოდნელია ლეტალური შედეგის დადგომა. მარტო წამლების მიწოდება არ არის ეფექტური, მას სჭირდება სპეციფიკური მკურნალობა, რომელიც ფსიქო-ემოციურ გარემოზეც არის დამოკიდებული და ა.შ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კი დღეს რა სიტუაცია და რა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მდგომარეობაა, ყველასთვის ცნობილია.
ასევე, ძალიან მძიმეა დენიზ ყვარელაშვილის მდგომარეობა და შეიძლება ნებისმიერ წუთს დადგეს ლეტალური შედეგი. ამ ადამიანს წამლებსაც კი არ აწვდიან. ოჯახს მიაქვს მედიკამენტები მისთვის, მაშინ, როდესაც კანონით ევალება სასჯელაღსრულების სამინისტროს, მისი მკურნალობა უზრუნველყოს. გარდა მედიკამენტებისა, გულის დაავადების მქონე ადამიანს სპეციალიზირებულ დაწესებულებაში მკურნალობა და კარდიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა სჭირდება, მეჩვიდმეტე დაწესებულებას კი, სადაც ის იმყოფება, კარდიოლოგი საერთოდ არ ჰყავს.
26 წლის ვალერიან ბალიაშვილს არ აქვს ერთი თირკმელი, მეორე კი დაზიანებული აქვს. მისი საქმე ევროპის სასამართლოში აპრილში გავაგზავნე, ადგილობრივ სასამართლოსაც მივმართავ, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მისთვის თირკმლის გადანერგვა, რადგან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, განსაზღვრულია, რომ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, თუ დროულად არ მოხდება თირკმლის გადანერგვა.
უამრავი მსგავსი ფაქტის მოყვანა შემიძლია. ეს ფაქტები განაპირობებს იმას, რომ ყოველდღიურად იზრდება სიკვდილიანობა. ეს სახალხო დამცველმაც აღნიშნა თავის მოხსენებაში. პატიმრები ყოველდღიურად განიცდიან დევნას, შევიწროებას, შეურაცხყოფას, განსაკუთრებით ადმინისტრაციის მხრიდან, რითაც აიძულებენ მათ, გამოიტანონ საჩივარი ევროპული სასამართლოდან. იმედი მაქვს, რომ ევროპული სასამართლო დროულად მიიღებს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, ექნება პრევენციული ხასიათი და საქართველოს მთავრობა აღარ ჩაიდენს მსგავს საქციელს მსჯავრდებულებისა და პატიმრების მიმართ.
ესაუბრა სოფო გელაშვილი