Home რუბრიკები საზოგადოება 451 გრადუსი ფარენგეიტით

451 გრადუსი ფარენგეიტით

სპეცრაზმის მიერ მიტინგის სასტიკი და სამარცხვინო დარბევიდან ორიოდე კვირაში, თბილისის რომელიღაც საძილე კვარტლის ეზოში ბავშვები ახალ თამაშს თამაშობდნენ და ეს თამაში ტელეეკრანზე ჩანდა _ “სპეცნაზელობანა”. იმავე საღამოს, პირველ არხზე მიხეილ სააკაშვილი პატრიოტთა ბანაკში გაწვეულ ახალგაზრდებს მორიგ ლექციას უტარებდა, თუ როგორ უნდა აღიზარდონ ჭეშმარიტ მოქალაქეებად, ჩამოაყალიბონ ორგანიზაცია და ა.შ. მოკლედ, სიტყვაუხვობის ჩენჩოს თუ მოვაცლით, ჩემს მხარდამჭერებად გაიზრდებითო. იმზადებდა სათავისო თაობას. თამაშობდნენ ბავშვები “სპეცნაზელობას”, 26 მაისის “ბართლომეს ღამეს” მაქსიმალურად მიმსგავსებულ ვარიანტს _ კაცთმოძულეობის დედნისეული ვარიანტით.

მუყაოს ყუთები ჩამოეცვათ ტანზე, უფრო მომცრო ყუთები თავზე მუზარადებად ჩამოეფხატათ, პლასტმასის ბოთლები რეზინის ხელკეტებად მოემარჯვებინათ და გამოსულიყვნენ გლადიატორთა ასპარეზზე.
ყველა “სპეცნაზელი” იყო, უფროსი მანქურთების მსგავსი, დაუნდობელი და შუბწვრილი.
ვის ვამსგავსებთ მომავალ თაობას!
ბავშვების თამაშები _ ომობანა და სხვა ასეთი _ სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირების პრინციპზეა აგებული, ბავშვურ შეგნებაში გარდატეხილი ბრძოლაა ავსა და კეთილს შორის, რომლის ფინალი, როგორც წესი, ბოროტების ძლევაა.
მაგრამ ეს ბავშვები, ყველანი სპეცნაზელებს განასახიერებდნენ, ბოროტების საწყისს, იმ დაპროგრამებულ პობოტებს, რომლებიც აფთართა ხროვის მსგავსად ადამიანების ნაკუწ-ნაკუწ დასაგლეჯად არიან მზად.
მაგრამ დასარბევი რახან არავინ იყო, ხოლო ძალადობის სურვილი ყელში იყო მობჯენილი, ისინი ერთმანეთს დარეოდნენ და ურტყამდნენ, ურტყამდნენ გამეტებით პლასტმასის ბოთლებს, ვინმე რომ დაეცემოდა, მივარდებოდნენ დანარჩენები და მეორდებოდა, როგორც ანარეკლი სარკეში, რუსთაველზე ნანახი სცენები, როცა ჯანიანი ჯეელები ფეხქვეშ იგდებდნენ უკვე თავპირდასისხლიანებულ მსხვერპლს _ უმწეო ადამიანს.
ამაზონიის პირანიები!
“ზონდერებივით” ებრძოდნენ “მეხუთე კოლონას” “სამშობლოს გადასარჩენად”.
მიხეილ სააკაშვილი კი ანაკლიის ინტიმური შუქ-ჩრდილების ფონზე ქვათა შეგროვების ჟამით ისე ნუსხავდა ახალგაზრდებს, რომ ჟამს ქვათა მიმოფანტვისა (ეკლ. 3,5) ჰგავდა უფრო _ აგრესიულ და შემტევ დემოკრატიას.
როგორც თქვენ მიგვანიშნეთ, ბატონო სოსო! ექსპერტს მივმართავ, სოსო ცისკარიშვილს.
“მაესტროს” ორშაბათის ეთერში კი ორი სხვა ექსპერტი დაჯდა, ორი სანდომიანი ფსიქოლოგი ქალბატონი, რომლებმაც ისე “დაგვილაითეს” სიტუაცია, როგორც ერთ დროს “ნოვატორი მასწავლებლების” მიერ ჩურჩულით ჩატარებული გაკვეთილები.
ქვათა შეგროვების ჟამია?!
მაგრამ რა ვქნათ, როცა ეს ქვები ვულკანის ამოტყორცნილ ლოდებს ჰგავს?
სადღაც, მეხსიერების სიღრმიდან ამოვარდა რეი დუგლას ბედბერის რომანის “451 გრადუსი ფარენგეიტით” ანტიუტოპია იმის შესახებ, თუ როგორ გადაგვარდება ამერიკის საზოგადოება, და ადამიანი არაადამიანურ სამყაროში როგორ აღმოჩნდება.
451 გრადუსი ფარენგეიტით ცელსიუსით 233 გრადუსს უდრის, იმ კრიტიკულ ზღვარს, როცა ქაღალდი თვითაალდება.
როდის წაეკიდება ცეცხლი მუყაოს აბჯარს? დღეს? ხვალ? მაგრამ წაეკიდება აუილებლად, თუ საქართველოში გაგრძელდა სიტუაცია, როცა ბრედბერის მიხედვით, “დაწვა უდიდესი სიამოვნება” გახდა, რადგან “იქ, სადაც წიგნებს წვავენ, ადამიანებსაც დაწვავენ”.
კრემატორიუმებში.
თუ ასე გაგრძელდა, ვაითუ აღსრულდეს ინკვიზიციის მიერ XVI საუკუნეში ცოცხლად კოცონზე წამებული ერეტიკოსის წინასწარმეტყველება, წყევლაზე უარესი: “დღეს ინგლისში ჩვენ ისეთ სანთელს დავანთებთ, რომელსაც ვერასოდეს ჩააქრობენ”.
აუცილებელი ხომ არ არის, ჩვენმა საზოგადოებამ იმ სანთლის ალზე ფენიქსებრ დაიწვას თავი, რათა ფენიქსებრ აღდგეს?
არადა, ტემპერატურა ფარენგეიტით 451 გრადუსს უახლოვდება და… იმ უნამუსობას, კატასტროფას აღწევს, რომელსაც დღენიადაგ ამზადებს ძვირფასი ხელისუფლება, და არათუ ადამიანის გონება, ყველაფრის ამტანი ქაღალდიც ვერ  აიტანს… თვითაალება გარანტირებული გვაქვს.
არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here