26 მაისს “ნაციონალების” ჯალათებმა ჩემი ბავშვობის მეგობარი ნიკა კვინტრაძე მოკლეს… “კვინტრა”… “სახალხო კრების” ლიდერთა მგზნებარე მოწოდებები _ “ქუდზე კაცი” და მრავალი ამის მსგავსი, რაც 21 მაისიდან გვესმოდა, მხოლოდ მოწოდებებად დარჩა. არც მოსახლეობის სინდისზე “აგდებამ” _ “გამოეთრიეთ სოროებიდან” _ გაჭრა. მასის “დუღილი” ჯიუტად არ აღწევდა “კრიტიკულ წერტილს”. ეს გასაკვირიც არ იყო, რადგან “მასას” ოპოზიცია 2007 წლის ნოემბრიდან ატყუებდა, ხოლო ხელისუფლება _ ატყუებდა, სცემდა და, წარმოიდგინეთ, კლავდა კიდეც!
მე არ ვარ მოსამართლე, რომ ვინმეს საბოლოო განაჩენი გამოვუტანო, მაგრამ მაქვს უფლება, მქონდეს საკუთარი შეხედულება მომხდარზე.
დავიწყებ ქალბატონ ნინო ბურჯანაძით. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება ამნეზიითაა დაავადებული! მიტინგზე მყოფ ხალხს რომ ხსომებოდა, რა ცინიკურ კომენტარებს უკეთებდა ქალბატონი ბურჯანაძე 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევას, სურვილი არ გაუჩნდებოდა, აჰყოლოდა 21 მაისის პოლიტიკურ ავანტიურას! დიახ, არ წამომცდა _ ავანტიურას!
ჯერ მარტო “სახალხო კრების” განცხადებებს რომ მოისმენდა, საღად მოაზროვნე კაცი იოლად დარწმუნდებოდა მათ სიყალბეში: “გავაძევოთ!”, “რეჟიმი მალე დავამთავროთ!”, “ჩავუშალოთ აღლუმი!” და ა.შ. ამ ლოზუნგების რეალობას, ჩემი აზრით, ან ძალზე გულუბრყვილო, ან ბნელი, ანდა სულით ავადმყოფი თუ დაუჯერებდა!
ჩვენდა საბედნიეროდ, ამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ხალხის უმრავლესობას გონება გაუნათდა _ მიხვდა, რომ არავითარი ხეირი არ ექნება სახელმწიფოს, თუ ერთ ვიგინდარას მეორეთი შეცვლი!
“შეფიცულები”
საერთოდ, როცა აყალიბებ ნახევრადგასამხედროებულ ორგანიზაციას, რომელსაც აკისრებ მშვიდობიანი მომიტინგეების დაცვას, უპირველეს ყოვლისა, უნდა იზრუნო ამ ადამიანების სათანადო საბრძოლო მომზადებასა და აღჭურვილობაზე. თავად შექმნის ფაქტი კი, ცხრა მთას იქით უნდა გადამალო! აქ მოხდა პირიქით! შეფიცულები “გააპიარეს” _ “მოგვიქნევენ და ისეთს მოვუქნევთო!..” ხელისუფლებამაც არ დააყოვნა და დააპატიმრა ამ “რაზმის” ხელმძღვანელი, მსახიობი გია ბურჯანაძე, მერე გამოუშვა… ეს იყო დაცინვა და შეურაცხყოფა! საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ “შეფიცულებმა” არა თუ მომიტინგეები ვერ დაიცვეს, თავად გახდნენ დასაცავნი სისხლის სუნისგან გახელებული “ზონდერებისგან!” გასასვლელი “დერეფანიც” კი ვერ “გაჭრეს”…
აღლუმის “ჩაშლა”
შესაძლოა, ქალბატონ ბურჯანაძეს, მართლაც და, სამართლიანობა ამოძრავებდა _ არ შეიძლება მხდალმა მთავარსარდალმა აღლუმი ჩაიბაროსო. მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა _ “სამართლიანობამ” რატომ არ შეაწუხა ყოფილი სპიკერი და ორჯერ ყოფილი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი თუნდაც შარშან?!
ეკზეკუციის შემდეგ, მომხდარი ტრაგედიის მსგავსს ისტორიაში ვეძებდი. 1905 წლის 9 იანვარს მღვდელმა გიორგი გაპონმა, უამრავი ხალხი დაძრა, რომ მეფისთვის _ ნიკოლოზ მეორისთვის პეტიცია გადაეცათ, სადაც აღწერილი იყო უბრალო მშრომელების გაუსაძლისი ცხოვრება. მოსახლეობა შველას ითხოვდა. “ზამთრის სასახლესთან” ჯარი ხალხს ზალპით შეხვდა. უამრავი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის _ ბავშვებიც… ეს იყო და, ბურჯანაძე “ქართველ გაპონად” უნდა გამომეცხადებინა, რომ წავიკითხე: “მან (გაპონმა) წინა დღით მუშები გააფრთხილა, რომ შესაძლოა, ესროლონ და მსხვერპლი იქნება. მუშებმა კი, შეჰფიცეს, რომ მოკვდებიან, მაგრამ უკან არ დაიხევენ. თავად გაპონი მოწინავე კოლონას ჩაუდგა სათავეში და შემდეგ დაჭრილი თანამებრძოლებმა ძლივს გამოიყვანეს იმ სასაკლაოდან”. ასე რომ, ჩემ მიერ გაკეთებულმა პარალელმა _ ბურჯანაძე-გაპონი _ კრახი განიცადა!
ნუთუ ქალბატონმა ნინომ არ იცოდა, რომ სააკაშვილი მომიტინგეებს სასტიკად გაუსწორდებოდა? რატომ არ გააფრთხილა მან შეკრებილნი არათუ მიტინგის დაშლის ან დარბევის, არამედ სადამსჯელო ოპერაციის დიდ ალბათობაზე?! რა, სააკაშვილი ვერ გაიცნო ხუთი წლის (2003-2008) განმავლობაში?! დავიჯერო, არ იცოდა, რომ ეს “ზნეობრივი სიმახინჯე” ყველაფერზეა წამსვლელი?! ბოლოს და ბოლოს, ხომ შეეძლო, ადამიანურობიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოეთხოვა, მიტინგი დაეტოვებინათ მოზარდებს, ქალებსა და მოხუცებს! არა, მან ეს არ გააკეთა!
ვინაიდან იქ არ ვყოფილვარ, ეს ეპიზოდი გადავამოწმე. ოთხი მომიტინგიდან, სამს არ ახსოვდა, გააკეთა “სახალხო კრების” ლიდერმა განცხადება შესაძლო დარბევაზე თუ არა. მარტო ერთმა მითხრა დაბეჯითებით, რომ არ გავუფრთხილებივართ, თუმცა ვგრძნობდით, საშინელება დატრიალდებოდაო. საბოლოოდ იმ “ბართლომეს ღამის” პირდაპირი რეპორტაჟის ჩანაწერის ნახვამ გამიფანტა ყველა ეჭვი. პირიქით, ბურჯანაძე დაუღალავად მოუწოდებდა ადამიანებს (მიუხედავად იმისა, რომ ხედავდა მომდგარ “სააკანტროპის ლაშქარს”), მოსულიყვნენ მიტინგზე და “თავისი უფლებები დაეცვათ”. საინტერესოა, რისი ან ვისი იმედით “პატიჟებდა” დარბევისთვის განწირულ მიტინგზე ქალბატონი ნინო ამ ხალხს?! “შეფიცულების”? იცით, არსებობს ძველი პროვოკაციული მეთოდი, რომლის მიზანია, ხელისუფლება მაქსიმალური მსხვერპლისკენ წააქეზო, მერე რომ იყვირო: აი, ხედავთ, რა დამნაშავე ხელისუფლება გვყავსო!
უნივერსიტეტში უმაღლესი დონის მასწავლებლები მიკითხავდნენ ლექციებს. ერთ-ერთი მათგანი _ სოლომონ ხუციშვილი გვიმეორებდა: “ადამიანის სულს მაშინ ჩასწვდებით, როცა გაიგებთ, რა ზნეობრივი ატმოსფერო სუფევს მის ოჯახშიო”. რა “ზნეობრივი ატმოსფერო” სუფევდა და სუფევს ანზორ ბურჯანაძის ოჯახში ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ცნობილია. ამიტომ, პირადად მე მივედი ამ დასკვნამდე _ ნინო ბურჯანაძემ იმიტომ დაძრა ხალხი სასაკლაოსკენ, რომ ვიღაცისგან, ძალზე გავლენიანი ადამიანისგან, მიიღო პირადი ხელშეუხებლობის 100-პროცენტიანი გარანტია! სხვანაირად ეს ქალბატონი, რომლის ცხოვრების მთავარი სტიმული ძალაუფლება და ფულია, სასიკვდილო რისკზე არ წავიდოდა!
“მშობლიური” ხელისუფლება
უპირობოდ _ ბოროტმოქმედი #1, რადგან “მონოპოლია ძალადობაზე” (ასე “მოროხა” ერთმა “მეტად ჭკვიანმა” ანალიტიკოსმა) მხოლოდ ხელისუფლებას აქვს!
ნაციონალმა გარეწრებმა იმოქმედეს ისე, როგორც შეეფერება ხელისუფლებაში ქუჩიდან მოთრეულ მაწანწალებს! ესენი არა მხოლოდ კლინიკური, არამედ სოციალურად ავადმყოფი ფსიქიკის პატრონები არიან! ეს “ყოჩაღი” კონტინგენტი არც კი ფიქრობს, რომ აუცილებლად დადგება ის დრო, როცა ხელისუფლებაში არ იქნება და სრულიად ბუნებრივად მასზე ადამიანები შურს იძიებენ!
ნაციონალები გაიქცევიან? _ ყველგან მიაგნებენ! მერე ის “ცივილიზებული მეძავი” _ დასავლეთი, მორიგ პოლიტიკურ კონიუნქტურას აყოლილი, თვითონ გადმოგცემს: მიდით, ძვირფასო მოკავშირეებო, დაკალით!
ნაციონალებს ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ ქართულ საზოგადოებაში ვენდეტის ფსიქოლოგია ამუშავდეს (თუ უკვე ამუშავებული არაა!).
რაც უნდა მოხდეს მომავალში, მათ სამაგიერო ვერ ასცდება! რას ვიზამთ, ეს ბუნების კანონია… არ ასცდება, რადგან, როცა სამართალი არ მოქმედებს, მაშინ ადამიანები საკუთარი ძალით აღასრულებენ სასჯელს, რასაც ეს ბოროტმოქმედები იმსახურებენ!
ეპილოგის მაგივრად
ყურადღებით ვაკვირდები “ძლევამოსილი გიორგის” ქანდაკებას თავისუფლების მოედანზე. ღმერთო ჩემო, ეს ხომ მოოქროვილი დასაქოქი თოჯინაა! ტირაჟში გაშვებული, გეგმიური ძეგლია, რომლის დანიშნულებაა, შთანთქას წმიდა გიორგის ჭეშმარიტი სახე და სული!
სააკაშვილსა და მის ხროვას სურს, რომ ჩვენ თაყვანი ვცეთ არა ხატს, არამედ მის გამობურცულ სუროგატს, გავაფეტიშოთ ეს არაპროპორციული ქანდაკება, რომელიც ვერ “ჯდება” მოედნის ზომებშიც, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით რევოლუციის ბელადის _ ლენინის ძეგლზე. ო, ეს “ფიგურა” სრულ ჰარმონიაში იყო გარემოსთან! მაინც ნიჭიერი ხალხი იყვნენ კომუნისტები, საქმეს პროფესიონალებს ანდობდნენ. აქ კი, უნიჭო ნაციონალ-სოციალისტ…, ბოდიში, ნაციონალ-სააკაშისტებთან გვაქვს საქმე!
წმიდაო გიორგი, წმიდაო გიორგი!.. რატომ მიგვატოვე? ნუთუ, ჩვენ იგივე ქართველები არ ვართ, რომლებსაც წინ მიუძღოდი დიდგორისა თუ ბახტრიონის ომებში? ვეკითხები მას და ვგრძნობ, რომ ვფარისევლობ! დღეს ხომ ჩვენ ზნედაცემული, ღირსებააყრილი ვართ; ზნედაცემულს კი წმინდანი დახმარების ხელს ვერ გაუწვდის, ანუ წმიდა გიორგი ჩვენთან ბრძოლის ველზე არ გამოვა, თუნდაც ერთი მიზეზის გამო _ გავყიდით! ესე იგი კვლავ დავმარცხდებით… ამიტომ წინ, ეკლესიისკენ!!!
გიორგი კორძაძე
P.S.“სააკანტროპის ლაშქარს _ ზონდერებს” მივმართავ დაჟინებული თხოვნით, გულით მოინანიონ ჩადენილი დანაშაული, რათა უდანაშაულოთა დაღვრილი სისხლით, მათი შთამომავლობა არ დაიხრჩოს და პირადად მათი უკვდავი სულები ხელთ არ იპყროს ჩემმა “ძმამ და მეგობარმა” _ ასმადეუსმა. ცნობისათვის: მას ჯოჯოხეთში უსასტიკესი “დეპარტამენტი” აბარია. გახსოვდეთ მუდამ _ უფალი მოწყალეა გულით და საქმით მონანიებულებისადმი! იჩქარეთ, წამზომი ჩართულია!
გიორგი,თქვენი სახით უმაღლესი კატეგორიის ჟურნალისტი გვყავს-მორწმუნე,პატრიოტი,განათლებული,გემოვნებიანი,პროფესიონალი…
ბატონო გიორგი,რატომ არ ჩანხართ? ველოდებით თქვენს სიტყვას…