Home რუბრიკები საზოგადოება პარმენ მარგველაშვილი: “ჭამა და სექსი! მეტი ინტერესის სფერო აღარ იკვეთება!”

პარმენ მარგველაშვილი: “ჭამა და სექსი! მეტი ინტერესის სფერო აღარ იკვეთება!”

დღეს უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ ზოგადსაბუნებისმეტყველო მეცნიერებები საქართველოში უსამძიმროდ და უჭირისუფლოდ “გარდაიცვალა”. ვინც წლების განმავლობაში ჭირისუფლობდა, ზრუნავდა და პატრონობდა ქართულ მეცნიერებას, დღეს ჩარეცხილები, წითელი პროფესურა უწოდეს და აკადემიებიდან გამოაძევეს. უპატრონოდ დარჩენილი მეცნიერების ზრუნვისთვის კი სახელმწიფოს არც ფინასები დარჩა და აღარც დრო… ბედისანაბარად მიტოვებულ ზოგადსაბუნებისმეტყველო დარგებში არსებულ დღევანდელ მდგომარეობაზე პროფესორი პარმენ მარგველაშვილი გვესაუბრება.

_ დღეს მსოფლიოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებები განვითარებული და წინ წასულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით საქართველოზე. დღეს ისეთი ეპოქაა, ზოგადსაბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების გარეშე თანამედროვეობას ვერაფრით აუწყობ ფეხს. ამის გარეშე დღეს ადამიანი იგივეა, რაც პირველყოფილი ადამიანი, რომელმაც არ იცოდა, რა შესაძლებლობები ჰქონდა და ცხოვრობდა მარტო ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
საქართველოში გარკვეულმა ძალებმა გამოიწვიეს საგანმანათლებლო სისტემის, მეცნიერების ნგრევა. ამის შეჩერება კი ისეთივე რთულია, როგორც მოვარდნილი ცუნამის. საქართველოში ზოგადსაბუნებისმეტყველო მეცნიერება პრაქტიკულად აღარ გვაქვს. ამ სფეროთი აღარც ახალგაზრდები ინტერესდებიან. რატომ? იმიტომ, რომ ახალგაზრდა ფიქრობს: რატომ უნდა ვისწავლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, რა პერსპექტივა და მომავალი მექნება, თუ ამას გავაკეთებ? ზოგადსაბუნებისმეტყველო მეცნიერებები ისეთი დანგრეული და განადგურებულია, მომავლის პერსპექტივასა და ინტერესს ვერ უღვიძებს ახალგაზრდებს. ამიტომაც არ მიდიან ამ მიმართულებით. ყველა ცდილობს, ის ისწავლოს, რაც პურს აჭმევს. ცოტა ხნის წინათ პრეზიდენტი ბრძანებდა, ისწავლეთ 3 თვეში შემდუღებლის პროფესია პროფესიულ სასწავლებლებში და თქვენ გექნებათ სამსახურიო. სამწუხაროდ, არც ხელისუფლებას და არც პრეზიდენტს არ სურს ზოგადსაბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება, 15-20 წლის განმავლობაში მასზე ზრუნვა. სამწუხაროდ, განათლება და მეცნიერება მთლიანად გადაიყვანეს საბაზრო მოთხოვნილებაზე. ეს მოიტანა ახალმა რევოლუციურმა ხელისუფლებამ და რეფორმებმა, მაგრამ ეს არის უდიდესი შეცდომა. განათლებისადმი, მეცნიერებისადმი, სამედიცინო დარგისადმი ასეთი დამოკიდებულება დამღუპველია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ხელისუფლებას აბსოლუტურად არ აწუხებს. ის თვლის, რომ ესაა პიროვნული პრობლემა და რომ ეს მისი გადასაჭრელი არაა. ფიქრობს, რომ შენ უნდა გადაწყვიტო, შემდუღებელი გინდა იყო თუ უპერსპექტივო ფიზიკოსი.
_ ალბათ, მომავალი თაობა, რომელიც არ ირჩევს ამ სფეროებს ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე, რადგან ის ცდილობს, თავისი მომავალი პროფესიით უზრუნველყოს…
_ დღეს ამბობენ, რომ სოციალისტური წყობა ცუდი იყოო. სოციალისტური სისტემის დროს ნებისმიერი დარგის კურსდამთავებულს ჰქონდა იმის გარანტია, რომ თავის პროფესიით ემუშავა, იქნებოდა ეს ფიზიკა, ქიმია თუ სხვ. დღეს ასეთი გარანტიები აღარ არსებობს. შეიძლება დისერტაცია გქონდეს დაცული, მაგრამ ტაქსის მძღოლად მოგიწიოს მუშაობა. ეს არის თავისუფლება და დემოკრატია?! მე კი ვფიქრობ, რომ ეს არის არჩევანის და თავისულფების წართმევა. სახელმწიფოში, რომელსაც განვითარებულობაზე აქვს პრეტენზია, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, საკუთარი ნიჭი გამოამჟღავნოს და განავითაროს.
დღევანდელ ხელისუფლებას არ აინტერესებს, ადამიანს რა მისწრაფება, რა შესაძლებლობა, რა ნიჭი და მიდრეკილება აქვს. ეს ყველაფერი მისთვის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, იმიტომ, რომ დღეს პიროვნების, როგორც ინდივიდის, პატივისცემა დაკარგულია ქვეყანაში.
_ ინგლისურისა და კომპიუტერის ბოლოდროინდელ პოპულარიზაციას როგორ შეაფასებთ, თქვენი აზრით, საკმარისია თუ არა მხოლოდ ინგლისურისა და კომპიუტერის სწავლა თუნდაც სამსახურის საშოვნელად?
_ ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა არ არის განათლება. დღევანდელ ეპოქაში ეს ისეთივე აუცილებლობაა, როგორც წერა-კითხვა. ამის ცოდნასაც ინფორმაციული XXI საუკუნე ითხოვს, მაგრამ ამაზე აქცენტის გაკეთება და ამით პრივილეგიების მინიჭება არ შეიძლება. მხოლოდ ამით ადამიანი სრულფასოვან პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება. სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბებასა და აღზრდას მხოლოდ და მხოლოდ საფუძვლიანი, ფუნდამენტური განათლება განაპირობებს. დღევანდელი მდგომარეობით თუ ვიმსჯელებთ, მგონი, აღარც ფუნდამენტალური განათლება აინტერესებთ. დღეს ყველაფერი გადასულია ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე: ჭამა და სექსი! მეტი ინტერესის სფერო აღარ იკვეთება! ამის დასტურია ის სულელური გადაცემებიც, რომელთაც ყოვლედღიურად აჩვენებენ ტელევიზიებით. საერთოდაც, ვერ ვხედავ იმას, როგორი სახელმწიფოს მოწყობა სურს დღევანდელ ხელისუფლებას. ამდენი ხნის განმავლობაში კარგი არაფერი გამოკვეთილა. მხოლოდ და მხოლოდ სკამების შენარჩუნებაზე ფიქრობენ.
_ განათლების სისტემის გარეშე, ხელისუფლების დაუხმარებლად შესაძლებელია თუ არა მეცნიერებმა თავად იზრუნონ მეცნიერების გადარჩენაზე?
_ ბიბლიოთეკები აღარ გვაქვს, სამეცნიერო სკოლები, ლაბორატორიები… როგორ უნდა გადარჩეს მეცნიერება? რა უნდა ქნას მეცნიერმა შიშველი ხელებით, რომელსაც სამუშაო ასპარეზი აღარ აქვს? საერთოდ ჩამოართვეს ადამიანებს შემოქმედებითი ასპარეზი. მათ კი, ვინც ამ პირობებში მაინც შეძლო საკუთარი მონდომებისა და ნიჭის ხარჯზე მაღალი დონის განათლების მიღება, განვითარებისთვის  და შემოქმედებითი ასპარეზის საძიებლად, გეზი ყველას საზღვარგარეთ აქვს აღებული. საქართველოში კი ვინ რჩება?! სხვა თუ არაფერი, საუნივერსიტეტო მეცნიერების შენარჩუნება მაინც შეგვეძლო, თანაც მინიმალური დანახარჯებით. ის არაფერს ითხოვდა, გარდა იმისა, რომ ესუნთქა, ეცოცხლა. დღეს კი ისეთ მდგომარეობამდე მივედით, მეცნიერები მიდიან ბაზარზე და, რაც წიგნები აქვთ, ლუკმაპურისთვის ყიდიან.
_ როგორ ფიქრობთ, დღევანდელი რეფორმირებული განათლების სისტემა რით არის ძველზე უკეთესი?
_ საბჭოთა განათლების სისტემას აგინებენ, ჩარეცხილებად და წითელ პროფესურად მოიხსენიებენ, მაგრამ ის საგანმანთლებლო სისტემა, სწავლებისა და აღზრდის თვალსაზრისით, ძალიან კარგი იყო, პატარა იდეოლოგია იყო შესაცვლელი. არ სჭირდებოდა ასე ძირფესვიანად დანგრევა და მოსპობა! ეს არის ტრაგედია, როდესაც ერს არ აძლევ ღვთიური ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას, მაშინ, როდესაც საოცარი ნიჭიერებაა საქართველოში, გინდ საბუნებისმეტყველო მიმართულებით, გინდ ხელოვნებაში და საერთოდ, ნებისმიერ სფეროში. როდესაც ფიზიკას რაღაც “ტრიმესტრის” სისტემით ასწავლი, საერთოდ უკარგავ სწავლის ინტერესს ბავშვს და ამავე დროს უნერგავ იდეოლოგიას, რომ არ გინდა, რაში გჭირდება, წადი ბუჩქებში და “გაერთეო”, ეს კონცეპტუალურად დამღუპველი, არასწორია.
ძველი საგანმანათლებლო სისტემიდან გამოსული თაობა დღესაც საკმაოდ მაღალკონკურენტუნარიანობით გამოირჩევა და მსოფლიო ბაზარზეც ასპარეზობს. დღევანდელი განათლების სისტემიდან გამოსულები კი, მე არ ვიცი, რას შეძლებენ. ვფიქრობ, პირველ რიგში, სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული, მისი მოქალაქე მსოფლიო მასშტაბით პროფესიონალი და სახელგანთქმული იყოს. ქართული ნიჭის ხელშემწყობი და მფარველი სწორედ რომ სახელმწიფო უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის ნიშნები საერთოდ არ ჩანს. დღეს საქართველოში მაღალინტელექტუალური შრომის ბაზარი არ არსებობს. ასეთი კურსით სვლა კატასტროფამდე მიგვიყვანს.
ესაუბრა თეო ტაბატაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here