გამოჩენილი ქართველი პოეტი მურმან ლებანიძე იხსენებდა: “დიდი სიხარული და დიდი გაკვირვება მე სამეგრელოს შვილმა, ჩემთვის მანამდე უცნობმა კაცმა, ბატონმა დამიანე გოგოხიამ განმაცდევინა… კეთილი ნების ვიზიტით ვეახელი სტამბა-გამომცემლობათა დარგში კომიტეტის თავმჯდომარედ ახლადდანიშნულს… მაინტერესედა, რა კაცი ბრძანდებოდა. ყავა მოადუღებინა, კაბინეტის კარი ჩააკეტინა და ხანგრძლივი საუბარი გამიმართა მწერლობაში ერთ ინტრიგულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ტელეფონმა დარეკა, უნდობლად აიღო ყურმილი, არც კი აპირებდა აღებას, უცბად კი _ ზეზე წამოიჭრა, დატკბა, დადნა კაცი, ასე მოწაფესავით ფეხზე ამდგარი მოწიწებული მეგრულით ელაპარაკა კაი ხანს მოხუც დედას იქ, აფხაზეთში, საქართველოს მეორე ბოლოში… ეს არ იყო თეატრალური ჟესტი, ეს იყო რეალური სულიერი მდგომარეობა და მე სამუდამოდ მოხიბლული დავრჩი კოლხური ჩრდილობით”.
ახლა ჯანსუღ ჩარკვიანს მოუსმინეთ:
“ერთ საოცრებას გავიხსენებ. დამიანე გოგოხიას სამუშაო ოთახში ვართ. რეკავს ტელეფონი. ბატონი დამიანე იღებს ყურმილს და, ჰოი, საოცრებავ, უცებ კოლხური მოკრძალებით ამბობს: “დიახ, გისმენთ, ბატონო დედა!” და სიხარულით აგრძელებს საუბარს… მართალი გითხრათ, გაოცებული დავრჩი. გაიგეთ, ხალხო?! ფეხზე წამოუდგა და ისე ელაპარაკა დედას! ფეხზე იდგა, ვითარცა ყმაწვილი და ბატონობით ელაპარაკებოდა ძვირფას ქალბატონს, ძვირფას დედას… აი, ასეთი ადამიანები ქმნიდნენ ეპოქებს, სიყვარულით სავსენი ბოროტებას ვერ ჩაიდენდნენ”.
ორი დიდი პოეტი სხვადასხვა დროს ერთსა და იმავე ფაქტს რომ შეესწრება და ერთნაირად რომ აღიქვამს, ერთნაირად გაოცდება და შეაფასებს მშობლისადმი მოწიწებული დამოკიდებულების ამგვარ გამოხატვას, ეს უდავოდ მოყმისა და ვეფხის ბალადის დონის მაგალითია.
ვერ ჯდება ასეთი ქართული ტრადიცია “საიდუმლო სირობის”, “გლობალური მორალის” ეთიკაში, ამ ზნედაცემულობის გამოაშკარავების ლაკმუსის ქაღალდად წარმოგვიდგება.
არ იყოო ეს თეატრალური ჟესტი, თქვა მურმან ლებანიძემ.
რომ არ იყო, ამას ბატონ დამიანეს ვაჟი, ნუგზარ გოგოხია დაგიდასტურებთ:
_ მამაჩემი შინაც ასე იქცეოდა: ბებიას ტელეფონით ყოველთვის ფეხზე ამდგარი ელაპარაკებოდა. არასოდეს წაუკითხავს ჩვენთვის ლექცია, მშობლებისადმი, უფროსებისადმი მოწიწებული დამოკიდებულების შესახებ, მაგრამ თავისი ქცევით გვაზიარებდა მაღალი მორალის პრინციპებს. ასე გავიზარდეთ. მამას ერთი ფუძემდებლური პრინციპი ჰქონდა: ოჯახში სამმა თაობამ ერთმანეთი უნდა აღზარდოს.
სვიმონ მასხარაშვილის მსგავსი ისტორიკოსები გასული საუკუნის პარტიულ ნომენკლატურას როგორც ტვინშეზღუდულ და გაუნათლებელ კარიერისტებს, შემთხვევის ძალით სახელმწიფოს სათავეში მოქცეულ კასტას წარმოგვიდგენენ, როგორც ეროვნებაგამოცლილ, პარტიის ისტორიის მოკლე კურსზე აღზრდილ, ადამიანური გრძნობებისგან დაცლილ მატრიცებს, ვისთვისაც სამშობლო მხოლოდ საცხოვრებელი ადგილია, ცხოვრების წესი _ სტახანოვური მოძრაობა, მომავლის იდეალი _ კომუნისტური გულაგი, შემოქმედება _ “დანოსების” წერა და ამქვეყნიური სიამოვნება _ დღესასწაულებზე მწყობრ რიგებად სიარული:
მარცხენით, მარცხენით, მარცხენით!
ასეთ “მეცნიერებზე” დიდი მოთხოვნილებაა ისეთ სახელმწიფოებში, სადაც უილიამ შექსპირის “რიჩარდ მესამედან” თავად გლოსტერს თუ დავესესხებით,
“ვეღარას ვიტყვი, ეს ქვეყანა გაუკუღმართდა
და სად არწივნი ვერ ბედვენ დასხდომასაც კი,
იქ ჭინჭრაქები ნავარდობენ…”
მედროვე ჭინჭრაქების უდღეური თეორიის პოსტულატებს თავდაყირა აყენებს ბატონ დამიანე გოგოხიას პიროვნება, მისი ცხოვრების გზა და წესი, კაცისა, რომელიც პარტიული ფუნქციონერიც იყო და მაღალი სახელმწიფო პოსტებიც ეკავა _ პარტიის გალის რაიკომის პირველი მდივანი, აფხაზეთის პარტიის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე, ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე და ა.შ., და ყოველთვის რჩებოდა კეთილშობილების განსახიერებად.
აი, ამ პიროვნების პორტრეტის მხოლოდ რამდენიმე შტრიხით გადმოცემას ვცდილობ საქართველოში ცნობილი ადამიანების დახმარებით და ბატონ დამიანეს ვაჟის _ ნუგზარ გოგოხიას კომენტარებით.
ცნობილი ქართველი პოეტი და სამაგალითო ქართველი გენო კალანდია ამბობს:
“დამიანე გოგოხია საქართველოს ისტორიაზე შეყვარებული კაცი იყო, უყვარდა ქართული მწერლობა, ქართული თეატრი, ქართული ხალხური სიმღერები. ის მეგობრობდა ქართული მწერლობის გრანდებთან. მის ოჯახს სტუმრობდნენ კონსტანტინე გამსახურდია და ირაკლი აბაშიძე, ოთარ თაქთაქიშვილი და რევაზ ლაღიძე, ნოდარ დუმბაძე და გრიგოლ აბაშიძე, რევაზ მარგიანი და ხუტა ბერულავა. დამიანეს მხარდაჭერითა და თანადგომით, ბევრი მათგანი გულრიფშსა და ბიჭვინთაში დასახლდა კიდეც. ერთ-ერთი პირველი “მთვარის მოტაცების” ავტორი იყო”.
იცნობდა მათ შემოქმედებას, აფასებდა და არ ხურდავდებოდა კაკალაშვილების უნიჭოდ გარითმული სტრიქონების ციტირებით, შემოქმედებით მიღწევად უნიჭობის გასაღებით.
თუნდაც _ ერთი კაკალაშვილისა, რომელსაც მე ვგულისხმობ.
სად შესწვდებიან კაკალაშვილის მეხოტბენი იმ ბუმბერაზებს, ვისაც მეგობრობდა “ნომენკლატურის კაცი”.
“ერთხელო, _ წერს აკადემიკოსი როინ მეტრეველი, _ მცხეთაში სადილად მოვხვდით ირაკლი აბაშიძესთან და ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად. “დათა თუთაშხია” ახალი დაბეჭდილი იყო. ეს ბრწყინვალე ნაწარმოები, ცხადია, ყველას მოსწონდა. ბატონი დამიანე განსაკუთრებით ბედნიერი ჩანდა. ნაწარმოებში ხომ მისი კუთხის ცხოვრებაა აღწერილი. ჭაბუა ამირეჯიბი ცალკეულ ეპიზოდებს განმარტავდა და სიამოვნებით უპასუხებდა ბატონ დამიანეს შეკითხვებს… დამიანე გოგოხიას სიხარულის ცრემლი ადგა თვალზე. ჭაბუა ამირეჯიბსა და დამიანე გოგოხიას ახლო მეგობრობა ჩამოუყალიბდათ _ მთელი სამეგრელო ერთად მოიარეს.
…სიკეთის მთესველი იყო დამიანე გოგოხია”.
ნუგზარ გოგოხია მამამისის მეგობრებთან შეხვედრებს ასე იგონებს:
“სოხუმში ჩამოსვლისას მამა უამრავ მეგობარს მოინახულებდა ხოლმე. მათ შორის იყვნენ: მიხეილ ბღაჟბა, ბაგრატ შინკუბა, ვალერიან კობახია, დიმიტრი ხვარცკია, ბორის ადლეიბა, ვალერი ხინთბა, ვალოდია აშხაცავა, ივანე თარბა და ბევრი სხვა. მამას ხშირად დავყავდი ამ შეხვედრებზე. მირჩევდა, ყურადღებით მომესმინა ამ ბრძენი, განათლებული ადამიანებისთვის. მე მართლაც ბევრი მომცა ისეთ პიროვნებებთან ურთიერთობამ, როგორებიც იყვნენ ილია ვეკუა, ეგნატე ფიფია, ბორის ყურაშვილი, დათიკო შარაშიძე, ირაკლი აბაშიძე, ნინა ჟვანია, ანატოლი კაჭარავა. აქვე იყო შედარებით ახალგაზრდა თაობაც: რეზო ამაშუკელი, რამაზ ყურაშვილი, ზეზვა ღუღუნიშვილი, ნუგზარ წერეთელი…
მამას ბევრი მეგობარი ჰყავდა. ყველა ძალიან უყვარდა. ერთს კი აღმერთებდა. ეს იყო კონსტანტინე გამსახურდია…
ერთხელ ილია ვეკუამ მამას უთხრა, რომ რომელიღაც პარტმუშაკისა თუ პარტიის რომელიღაც ყრილობის პატივსაცემად მის სოფელს სახელის გამოცვლას უპირებდნენ. თუ ასე მოხდებაო, _ ცხარობდა დიდი მეცნიერი, _ ფეხს აღარასდროს ჩავდგამ ჩემს სოფელშიო. მამა სასწრაფოდ ჩაერია ამ ამბავში და ილია ვეკუას სოფელს დღემდე შეშელეთი ჰქვია სახელად”.
გაუბედა სააკაშვილს რომელიმე ნაცფუნქციონერმა და უთხრა, თავი შეეკავებინა თბილისის ქუჩებისთვის სხვა ქვეყნების ცოცხალი თუ გარდაცვლილი პრეზიდენტების სახელის დარქმევისგან?
არა. არავის გაუბედავს. ასეთია დღევანდელი წინწაწეული ქართული დემოკრატია.
დღეს, როცა ომში დამარცხება გამარჯვებად ითვლება, ტერიტორიების დაკარგვა კი _ მათ შემომტკიცებად, აფხაზეთის პრობლემა ხელისუფლებას სათამაშო მოედნების მოწყობის დონეზეც არ აინტერესებს.
ტკივილი კი რჩება, მოურჩენელი.
“დღეს, აფხაზეთის პრობლემაზე ფიქრისას გამოვუტყდები ხოლმე საკუთარ თავს, ზოგჯერ კი სხვების გასაგონადაც ვიტყვი ხმამაღლა: ორ ძმას შორის არ მივიდოდა საქმე ასეთ გამწვავებამდე, ყველა ეტაპზე, იქაურ თუ აქაურ ხელმძღვანელობაში ბატონი დამიანეს მსგავსი, მისნაირი საქმიანი თუ პიროვნული თვისებებით შემკული ადამიანები რომ ყოფილიყვნენ. _ ასე ფიქრობს ბატონი ნუგზარ ფოფხაძე და განაგრძობს, _ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები არ იქნებოდა, იქნებოდა და იყო კიდეც მღელვარება 1957-ში, 1967-ში, ურთულეს დროს, როცა დამიანე გოგოხია აფხაზეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ, მაგრამ ასე მწვავე, ასე ტკივილიანი, ასე სისხლიანი არ იქნებოდა რეალობა. დამიანე გოგოხია და მისნაირები აქამდე არ მიიყვანდნენ საქმეს. არც მიუყვანიათ… სახელმწიფოებრივმა აზროვნებამ, ეროვნულმა სულისკვეთებამ და პრინციპულობამ, შეზავებულმა სიდინჯესთან, შორსმჭვრეტელობასთან, გულწრფელ კეთილგანწყობასთან, რომლის გარეშეც სიბრძნე არ არსებობს, შეაჩერა უბედურება მაშინ… ბატონი დამიანე აფხაზეთში პირადად იცნობდა ყველას. მართლაც ყველას, ვისაც ჭკუა ეკითხებოდა და ვინც მოფერებას საჭიროებდა. მან იცოდა არა მარტო ყველა გავლენიანი უხუცესი აფხაზის გვარ-სახელი, არამედ მათი ოჯახების იმდროინდელი მდგომარეობა…”
მითხარით, აი ისინი, პარლამენტარები, აფხაზეთის პრობლემის მოგვარება რომ ავალიათ, იცნობენ კი ვინმეს აფხაზეთში, ტელევიზიით ემოციურ-”პატრიოტული” განცხადებებით გამოსვლის გარდა, იციან კი რამე დღევანდელ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შესახებ?
ნუგზარ გოგოხია იხსენებს:
“1990 წელია. სოხუმში ჩემი მეგობრის _ ლორიკ მელაძის დაკრძალვაზე ჩავედით. სწორედ მაშინ მოხდა საბედისწერო შეტაკება. ქალაქი ჩაიკეტა. რამდენიმე დღით სოხუმში, მშობლებთან დარჩენა მომიწია. ერთ დღეს მამას რამდენიმე ადამიანი ეწვია. მომხდარზე ისაუბრეს.
_ მადლობა ღმერთს, გავიმარჯვეთ, _ თქვა სტუმართაგან ერთ-ერთმა.
არასოდეს დამავიწყდება მამას პასუხი:
_ კი არ გავიმარჯვეთ, დავმარცხდით! ძმათა ომში გამარჯვებული არ არსებობს. თუ სასწრაფოდ გადამჭრელი ზომები არ მივიღეთ, კარგი არაფერი გველის!
მიოკარდის ინფარქტი რომ დაემართა, მამამ კასეტაზე ჩაწერილი მეგრული და აფხაზური სიმღერები მოგვატანინა და სიკვდილამდე სიყვარულით უსმენდა”.
* * *
აი, ასეთი ადამიანები იყვნენ ნომენკლატურაში.
მოულოდნელია?
მაგრამ სწორედ “მოულოდნელობით განისაზღვრება ადამიანის ლეგენდარულობა”.
არმაზ სანებლიძე
P.S. ნუგზარ გოგოხია მამამისის მძღოლის _ ჟორა დავლაშელიძის ნაამბობს იმოწმებს და ყვება: “რაიონის სოფლების მანქანით შემოვლისას მამა დროდადრო დაცხომას იმიზეზებდა და ქუდს იხდიდა. ჟორა გვიანღა მიმხვდარა, რომ მამა ამ რიტუალს ეკლესია-მონასტრებთან ჩავლისას ასრულებდა”.