Home რუბრიკები საზოგადოება ალექსანდრე აბდალაძე: სააკაშვილი იმ რევოლუციონერ კამოს მაგონებს, რომელმაც მიზნის მისაღწევად...

ალექსანდრე აბდალაძე: სააკაშვილი იმ რევოლუციონერ კამოს მაგონებს, რომელმაც მიზნის მისაღწევად ციხეში… ყველამ ვიცით, რაც შეჭამა

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, არმენოლოგ ალექსანდრე აბდალაძის მტკიცებით, ქართული არმენოლოგია დღეს საფრთხის წინაშე დგას. თუ ვინაა დაინტერესებული აღნიშნული დარგის გაუქმებით, რამ გამოიწვია ალექსანდრე აბდალაძესა და გიული ალასანიას შორის არსებული მრავალწლიანი დაპირისპირება და რამ აიძულა აბდალაძე, ისტორიის ინსტიტუტი დაეტოვებინა _ ამ თემებზე გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” თავად ალექსანდრე აბდალაძე ესაუბრა.

_ სააკაშვილის ანტიქართული ხელისუფლება გარკვეულ სომეხ წრეებთან ერთად საქართველოში ქართული არმენოლოგიის მოშლას ცდილობს. ავად თუ კარგად, ქართველ და სომეხ ერებს ათასწლოვანი ურთიერთობა აკავშირებს _ დაწყებული ქრისტეს შობამდე მეორე საუკუნიდან, დღემდე.  ეს ურთიერთობა არა მხოლოდ სომხების, არამედ ქართველი მკვლევარების, ისტორიკოსებისა და არმენოლოგების შესასწავლია. მოგეხსენებათ, ერთი მხარის მიერ შესწავლილი საკითხი ხშირ შემთხვევაში ტენდენციურია. ამას ამტკიცებს ის ფაქტი, რომ ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილს _ ლორეტაშირს სომხები  საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევენ (არადა, 1918-21 წლებში, საკუთარი ინტერესების გამო, ლორეტაშირი ინგლისმა ნეიტრალურ ზონად გამოაცხადა). 1930 წლიდან სომხები თავიანთ მიწას უწოდებენ ჯავახეთსაც. მეტიც, სომხების ლიტერატურის მიხედვით, თბილისი სომხური ქალაქი ყოფილა. როგორც ხედავთ, აღნიშნულ მაგალითებში ობიექტურობა დაკარგულია, სწორედ ამიტომ უნდა არსებობდეს საქართველოში ქართული არმენოლოგია.
ხელისუფლებას არამარტო არმენოლოგიის, ჩემი განადგურებაც აქვს განზრახული.
_ იქნებ, დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ და აქვე თქვენი და გიული ალასანიას დაპირისპირებაზეც გვიამბოთ…
_ ამაზე მეტი განადგურება რა გინდათ, უკვე 5 წელია, უმუშევარი ვარ გიული ალასანიას წყალობით. ოღონდ სააკაშვილის სომხობა არ გამეხმაურებინა და დედა-შვილმა ისე დააკნინა ეს დარგი, რომ ერთ ქართველ არმენოლოგსაც ვერ ვხედავ ასპარეზზე, ერთი მოსწავლეც კი არ მყავს.
ისტორიის ინსტიტუტიდან გიული ალასანიას ინტრიგების გამო გამომიშვეს. მთავარი მიზეზი სწორედ სააკაშვილის ფესვების ჩემგან აფიშირება იყო. ალასანია იმასაც კი იძახის, თურმე აბდალაძე სააკაშვილის სომხობას იმიტომ ქადაგებს, ამაში ფულს უხდიანო. რა მეტყობა ან მე, ან ჩემს სახლს გამდიდრების, თავადაც ხედავთ…
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ალასანიას მუდამ მის კონკურენტად მივაჩნდი და ჩემს გასაგდებად არაფერს თაკილობდა, ირგვლივ ყველას მიმხედრებდა, ხელმძღვანელობიდან დაწყებული, რიგითი თანამშრომლებით დამთავრებული, მაგრამ შედეგს მანამ ვერ მიაღწია, ვიდრე მისი შვილი ქვეყნის პირველი პირი არ გახდა.
მახსოვს, ახალგაზრდობაში, როცა ჩემი განყოფილების გამგედ დანიშვნა გადაწყდა, ალასანიამ ეს მისი კარიერის დასამარებად მიიჩნია და იმდენი მოახერხა, თავისი ეშმაკობის წყალობით, თანამდებობაზე თვითონ დანიშნეს. ამ დროისთვის ალასანია ასეთი “გაქაჩული” ვერ იყო, და გზის გაკვლევაში შეძლებული მამიკოს (მამამისი საბურავების ფაბრიკის დირექტორი იყო) ფულები და საჩუქრები ეხმარებოდა. მიუხედავად ამისა, იგი არც ქალურ ხრიკებს არიდებდა თავს, ოღონდაც მიზნისთვის მიეღწია. 10-11 წლიანი თანამშრომლობა მაკავშირებს ამ “ქალბატონთან” და კარგად ვიცი, რაზეცაა წამსვლელი. ამგვარი ჩაწყობებით იგი კომკავშირის პრემიის ლაურეატიც გახდა თავის დროზე.
1976 წელს ივანე ჯავახიშვილის ასი წლის თავზე მისაძღვნელი კრებულის გამოცემა დაგვევალა, რედაქტორად მე დამნიშნეს. წერილი გიული ალასანიამაც მოიტანა, მაგრამ უნდა გენახათ, რამდენი შეცდომა აღმოვუჩინე და როგორ გამიბრაზდა ამის გამო. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს ალასანიამ გასწორებული ნაშრომი მოიტანა, რომელიც ისე განსხვავდებოდა წინა წერილისგან, როგორც ცა და დედამიწა. თურმე ჩემი შენიშვნების გასწორება გამგეს დაუძალებია და მასალის ხელმეორედ დაწერაშიც ის დახმარებია. აი, ასეთი პროფესიონალი გახლავთ გიული ალასანია. თავი ისტორიკოსად მოაქვს, მაგრამ ბევრი არაფერი გაეგება ამ დარგში.
_ რა არგუმენტები გაქვთ სააკაშვილის სომხობასთან დაკავშირებით?
_ სააკიანი და სააკოვი სომხეთში დღესაც ძალიან გავრცელებული გვარებია. ამ გვარის ორიგინალი ვერსია სააკიანია, მაგრამ რუსეთში წასულებმა სააკოვად გადაიკეთეს, საქართველოში ჩამოსულები კი სააკაშვილები გახდნენ.
რაღა შორს წავიდეთ, საკუთარ წარმომავლობას ჩვენი პრეზიდენტის ბაბუა მიხეილ სააკაშვილი არც კი მალავდა. თავის დროზე, მას თანამშრომლობა ცნობილ ქართველ პოეტ ხუტა ბერულავასთან მოუწია, რომელიც იმ დროს გამომცემლობის ხელმძღვანელი იყო და სააკაშვილის წიგნი უნდა გამოეცა სამედიცინო ისტორიის შესახებ. წიგნის განხილვისას სააკაშვილს ხუტასთვის უთქვამს, არ გიკვირს, სომეხმა კაცმა ქართულად რომ დავწერე წიგნიო? ამ ამბავს ხუტა ბერულავა ძალიან ხშირად იხსენებდა…
გადმოცემების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის (ბაბუის) მეზობლად მცხოვრები ხალხი იმასაც ადასტურებს, რომ იგი ერთ ხანს ნამდვილ გვარს _ სააკოვს ატარებდა.
1950-58 წლებში მიხეილი სამედიცინო სექტორის რექტორი გახლდათ, რადგან სტალინის დროს გორელებს წყალობდნენ.
გორელ სააკაშვილებზე კი, ცნობებს იაკობ გოგებაშვილი გვაწვდის. მართალია, ნაწარმოებში ნახსენები სომეხი მღვდელის ვინაობა დოკუმენტალურად უცნობია და ტერტერათი მოიხსენება, მაგრამ იაკობ გოგებაშვილს იგი შემთხვევით არ მოუნათლია სომეხ სააკაშვილად. მოგეხსენებათ, იაკობ გოგებაშვილის სოფელი გორთან ახლოს მდებარეობს და ამ გვარის ნამდვილი წარმომავლობა კარგად იცოდა.
პირადად ჩემთვის სააკაშვილის სომხური წარმომავლობა ეჭვშეუტანელია, ხოლო მათ, ვისაც ამ გვარის ქართული აღნაგობა (შვილზე დაბოლოება) აბნევს,  ავხსნი, რომ სავსებით შესაძლებელია, ქართული აღნაგობისა და დაბოლოებების გვარები წარმოშობით სომხური იყოს. მაგალითად, მე-17 საუკუნეში გვყავდა ქართველი ისტორიკოსი, ქართველი მემატიანე გორგიჯანიძე, რომელის გვარიც ასევე ქართული აღნაგობისა იყო, მაგრამ იგი ნასომხარი გახლდათ. ასევე ბეჟუაშვილი შვილზე მთავრდება, მაგრამ ამ გვარის მატარებელნი მე-17 საუკუნეში თეთრი წყაროს რაიონში ჩასახლებული სომხები არიან. დროთა განმავლობაში ისინი სხვადასხვა კუთხეში დაიქსაქსნენ და დღეს ქართველობენ.
სხვათა შორის, იმის შესახებაც გამოითქვა მოსაზრება, რომ გიული ალასანიასაც გადაკეთებული გვარი აქვსო, მაგრამ პირადად მე ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გამაჩნია, ამიტომ ჩემთვის იგი ისეთივე ვაიქართველია, როგორიც  _ ფილიპე მახარაძე, შვილის ანტიქართულ ქმედებებსაც ამიტომ არ ეწინააღმდეგება.
_ მიუხედავად არსებული არგუმენტებისა, მიხეილ სააკაშვილი სომხურ წარმომავლობას კატეგორიულად უარყოფს…
_ რამდენიც უნდა უარყოს, მას თავისი ვიზუალობა ისედაც ყიდის. ბევრი სომეხი ამაყობს, ნასომხარი პრეზიდენტი გყავთ და, რაც კი რამ გაკეთებულა საქართველოში, ისევ ჩვენი კაცის წყალობითო. თავად სააკაშვილი კი ეროვნების დასამალად რას აღარ კადრულობს. ქართველები ცოტათი მაინც რომ გამოფხიზლდნენ, მას კუთვნილ ადგილს მიუჩენდნენ, სწორედ ეს აშინებს მასაც. სააკაშვილი დღეს ქვეყნის მთავარი ჭირია. მას საქართველო მეწველ ფურად სჭირდება. იგი განსაკუთრებით ამერიკაში მყოფ გავლენიან სომხურ წრეებთანაა შეკრული. ისინი ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ საქართველოს დასუსტებას და სომხეთისათვის ზღვაზე პირდაპირი გასასვლელის მოპოვებას.
სააკაშვილი იმ  რევოლუციონერ კამოს მაგონებს, რომელმაც მიზნის მისაღწევად ციხეში…… ყველამ იცის, რაც შეჭამა.
ასევე მაგონებს 19 საუკუნის ერთ-ერთი დოკუმენტის პერსონაჟს _ სტეფანე შიხუაშვილს მარკიროზას ძეს, რომელმაც ბატონისგან  თავის დასახსნელად საკუთარი _ სომხური ეროვნება უარყო. დედამისს მრუშობაც კი დააბრალა. მართალია, შიხუაშვილად ვითვლები, მაგრამ დედაჩემს მანდუაშვილი დასწოლოდა და მე იმ მანდუაშვილს შევექმენო, ანუ მიზნის მისაღწევად ნაბიჭვარი დაირქვა და დედას მრუში უწოდა. მამამისი კი შვილის ამ ქმედებას დასტიროდა. ასე საგულდაგულად მალავს სააკაშვილიც საკუთარ ფესვებს.
_ ამ მოსაზრების გაჟღერებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია რობერტ სტურუას ირგვლივ…
_ რა თქვა ასეთი ამ ადამიანმა, აჟიოტაჟი რომ გამოიწვია?! აღნიშნა ის, რაც ისედაც დადასტურებული ფაქტი იყო, მითუმეტეს სახელი არც კი დაუკონკრეტებია. რობიკოსთან მე სულ სხვა სასაყვედურო მაქვს; რამდენიმე წლის წინ მან ქართველების ეროვნული სახარება _ “ვეფხისტყაოსანი” აბუჩად მოიხსენია. ამდენის უფლება საკუთარი თავისთვის არ უნდა მიეცა…
_ ბატონო ალექსანდრე, რამდენად ახლოსაა ის ფაქტი რეალობასთან, რომ საქართველოში 650 სომხური ეკლესია არსებობდა, რომლის აღდგენასაც სომხები დღეს ითხოვენ?
_ დავიწყოთ იმით, რომ სომხეთის ეკლესიას იმთავითვე ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ საქართველო როგორმე სომხეთის დაქვემდებარებაში გადაეყვანა, თუმცა ისე აღმოჩნა, რომ სომხეთი ქართველების დასაცავი გახდა მუსლიმანური შემოტევებისას. ამ დროს საქართველო არამარტო სისხლს ღვრიდა ერთმორწმუნე სომხეთის მხარდამხარ, არამედ სომეხ მოსახლეობასაც იხიზნავდა. სწორედ ამ დროს ჩნდება საქართველოში  სომხური ეკლესიები, რათა ამ შემოხიზნულ ხალხს თავიანთი სალოცავებიც ჰქონოდა.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სომხების გარკვეული ნაწილის ეს მოთხოვნა აბსოლუტურად უსაფუძვლო და უსამართლოა. თუმცა არ ვიცი, ამასთან დაკავშირებით რას გადაწყვეტს თავად ნასომხარი სააკაშვილი და რის უფლებას მისცემს სომხურ გავლენიან წრეებს.
აქვე მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილს ჩემი არსებობა დედამისივით არ მოსდის თვალში, მაგრამ მე არც მისი მეშინია და არც გიული ალასანიასი. ისტორიულ რეალობას ყოველთვის გავახმიანებ.
 
ესაუბრა ეკა რობაქიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here