საქართველოს უახლეს ისტორიას ეკლესიაზე შეტევის არაერთი შემთხვევა ახსოვს; არამხოლოდ ინფორმაციული, ყოფილა ტაძრის ხელყოფის ფაქტებიც. თუმცა დღეს კიდევ უფრო საშიშ ტენდენციებთან გვაქვს საქმე. ზუგდიდში ორი ნასვამი პოლიციელი წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში შევარდა და ღვთისმსახურს დამიზნებით ესროლა. შეურაცხყოფა მიაყენეს მრევლსაც. დღეს კი ოპოზიციის წარმომადგენლის, კახა მიქაიას განცხადებით, მამა ილარიონი ისეთი ზეწოლის ქვეშ არის, რომ ფაქტს, რომელსაც უამრავი ადამიანი შეესწრო, უარყოფს.
კახა მიქაია: “საღამოს ლოცვების დასრულების შემდეგ ორი ნასვამი პოლიციელი (ერთ-ერთის გვარია ფონია) შევარდა ტაძარში. მრევლმა გადამალა სტიქაროსნები, რის შემდეგაც ისინი დაემუქრნენ ერთ უნარშეზღუდულ ადამიანს, თავზე იარაღს ადებდნენ და აიძულებდნენ ემღერა, ამაზრზენად იქცეოდნენ. მამა ილარიონმა მოუწოდა მათ სიმშვიდისკენ, რის გამოც მას ერთ-ერთმა დამიზნებით ესროლა. ამ დროს, ვინაიდან ის ნასვამი იყო, ფეხი აუცდა და ჩავარდა ორმოში, თორემ მამა ილარიონი იქნებოდა ამ ინციდენტის მსხვერპლი. ამის თვითმხილველები არსებობენ _ იქვე იყო მამა ილარიონის მეუღლე, მძღოლი და შვილი. მართალია, შემდეგ მამა ილარიონმა ამაზე კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონდაო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მამა ილარიონის მეუღლესთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ის ადასტურებს ყოველივე ამას, რასაც ახლა თქვენ გეუბნებით. ამის თვითმხილველები ასევე არიან მრევლი და მესანთლე, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. ეს ეკლესია მდებარეობს ჭითაწყალის სასაფლაოს ეზოში, პატრულის შენობიდან ორას მეტრში. ხუთი გასროლა მოხდა, მაგრამ პატრულს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
_ რა მიზნით შეცვივდნენ პოლიციელები ტაძარში?
_ მთვრალები იყვნენ. დღეს აღვირახსნილი და უკონტროლოა ზუგდიდის პოლიცია, საშიში მდგომარეობაა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლების თავგასულობას საზღვარი არ აქვს.
_ შსს-ის გენერალურმა ინსპექციამ არ მოახდინა რეაგირება?
_ არანაირი რეაგირება არ მომხდარა. ამბობენ, რომ ისინი გაათავისუფლეს სამსახურიდან, მაგრამ მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლება თუ უნდა ჩაითვალოს ასეთ ფაქტზე რეაგირებად, არ ვიცი. ცინიზმია ეს, მეტი არაფერი.
_ სხვა რა შემთხვევებს აქვს ადგილი, რომელშიც ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლების თავგასულობა გამოიხატება?
_ ზუგდიდში გრძელდება ტერორი, იჭერენ უდანაშაულო ადამიანებს. “ოპერატიული წამალი” _ არსებობს ასეთი მცნება. ხალხს ალტერნატიული აზრისთვის უდებენ “ოპერატიულ წამალს”, მიმდინარეობს ამ ადამიანებისა და მათი ოჯახების ტერორი და ა.შ. რა, ეს ახალია? ახალაიას კლანი, გუნავასა და ქარდავას ხელმძღვანელობით ახორციელებს ტერორს სამეგრელოში. ის ფაქტიც, კი, რომ უკვე საეკლესიო პირს, მღვდელს ესროლეს, ყველანაირ ზღვარს სცილდება. ისინი არ დაგიდევენ არაფერს _ არც ეკლესიას, არც საზოგადოებას. მამა ილარიონთან მივიდნენ და დააშინეს. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ის, როცა უარყოფს მომხდარ ფაქტს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავუდეთ მისი მეუღლის საუბრის ჩანაწერი. წარმოიდგინეთ, როგორი ზეწოლა მიმდინარეობს მასზე.
_ საოლქო პროკურორი არის ვანო მერაბიშვილის ფავორიტი, დათა ახალაიას მამა, როლანდ ახალაია; ის აკონტროლებს სიტუაციას რეგიონში?
_ რეგიონში როლანდ ახალაიას საქართველოს პრეზიდენტს უწოდებენ. ის აკონტროლებს ყველაფერს: პროკურატურასაც, სასამართლოსაც, კუდსაც, სოდსაც. პოლიციის დანაშაულზე ზუგდიდში, საერთოდ სამეგრელოში და მთლიანად საქართველოში, რეაგირება არ ხდება. ახლახან გარემოვაჭრეები დაარბიეს. შიდა მოვაჭრეები ხელისუფლებამ დაუპირისპირა გარემოვაჭრეებს და მოხდა საშინელი დარბევა, რაშიც მონაწილეობდა ლევან მესხია _ ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გამგებლის მოადგილე. სასტიკად სცემეს ადამიანებს, გარემოვაჭრეებს დახლები გადაუყარეს მდინარეში… თუმცა ისინი ისევ აგრძელებენ ბრძოლას, ლევან მესხიამ ჯიუტები უწოდა მათ.
_ როგორი დამოკიდებულებაა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ?
_ საშინელი, ისევე, როგორც ჩემ მიმართ. მერაბიშვილი იყო ათი დღის წინ ანაკლიაში და ბრძანება გასცა, მიქაია და მისი მეგობრები უნდა დავამთავროთო. ერთ-ერთმა ცნობილმა ზონდერმა, პოლიციელმა თორიამ ეს დავალება საკუთარ თავზე აიღო.
ესაუბრა სოფო გელაშვილი