გაზეთი “საქართველო და მსოფლიო” შეშფოთებას გამოთქვამს “მედიაპალიტრაში” შემოსავლების სამსახურის მიერ არაგეგმიური შემოწმების დაწყების გამო, რაც იმ განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც ამ მედიაორგანიზაციამ 26 მაისის მოვლენების ობიექტურად გასაშუქებლად შეასრულა, ბადებს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს თავისუფალი მედიასაშუალების დემონსტრაციულად დასჯის მცდელობასთან. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლების მხრიდან სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლის პროცესმა საქართველოში შეუქცევადი ხასიათი მიიღო.
“მედიაპალიტრაში” შემოსავლების სამსახურის არაგეგმიური შესვლა ასევე სერიოზულ ეჭვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ცდილობს გაუსაძლისი წნეხის ქვეშ მოაქციოს თავისუფალი მედიასაშუალებები და მიზნის მისაღწევად რეპრესიული მანქანის ღიად, საჯაროდ გამოყებასაც არ ერიდება, რაც 26 მაისის მოვლენების ფონზე მოულოდნელი არ გახლავთ და ხელისუფლების ავტორიტარული პოლიტიკის ნათელ დასტურს წარმოადგენს.“საქართველო და მსოფლიო” კატეგორიულად გმობს ხელისუფლების ქმედებას “მედიაპალიტრის” მიმართ და მომხდარს აფასებს, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დემონსტრაციულ აქტს.“საქართველო და მსოფლიო” სოლიდარულია და თანადგომას უცხადებს “მედიაპალიტრის” ხელმძღვამელობას, თითოეულ კოლეგას, მრავალრიცხოვან აუდიტორიას, ამასთანავე პრინციპულად სთხოვს საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, აგრეთვე, ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გამოიჩინონ პრინციპულობა და არ დაუშვან თავისუფალი მედიასაშუალების საჯაროდ, დემონსტრაციულად დასჯისა და ხელყოფის მორიგი პრეცედენტი.