26 მაისის აქცია თავისი მასშტაბებით ბევრად ჩამოუვარდებოდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წინ “ვარდების რევოლუციამდელ” თუ მას შემდეგ გამართულ აქციებს, თუმცა დარბევა, რომელიც ამ დღეს განხორციელდებოდა, ბევრად უფრო სისხლიანი და სასტიკი აღმოჩნდა. დაშავებულებით გადავსებული საავადმყოფოები და წინასწარი დაკავების იზოლატორები, ნაცემი ჟურნალისტები _ ასეთი შედეგები 2007 წლის 7 ნოემბრის მრავალათასიანი აქციის დროაც კი არ ყოფილა. პოლიციის თანამშრომლებისა თუ მოქალაქეების მიერ საავადმყოფოებში მიყვანილი ადამიანები, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო კვლავ იქ რჩებიან. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 105 აქციის მონაწილე, გაუჩინარებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ოჯახის წევრები თუ უფლებათა დამცველები ამ დრომდე ეძებენ.
26 მაისის აქციის შედეგად ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ჟურნალისტებმა: “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტებმა _ დარეჯან პაატაშვილმა და მალხაზ ჭკადუამ (ჭკადუა პოლიციის განყოფილებაშიც გადაიყვანეს რამდენიმე საათით). ასევე დააკავეს “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტები _ ანა გაბუნია და თენგო ოკუჯავა, სცემეს სააგენტო “პირველის” ორ ჟურნალისტს _ თელარა გელანტიასა და ხათუნა გაგნიძეს, “რეზონანსის” ჟურნალისტს _ ზაირა მიქატაძეს, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტებს _ გიორგი მამაცაშვილსა და ბექა სივსივაძეს, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს _ თამაზ კუპრეიშვილს, “გურია ნიუსის” ჟურნალისტს _ ნატო გოგელიას, “მედია.გე”-ს რედაქტორს _ დავით მჭედლიძეს, მედიაკავშირ “ობიექტივის” ჟურნალისტს _ დიანა ხოფერიას. რაც შეეხება დაკავებულ და გაუჩინარებულ მომიტინგეებს, მათ უფლებებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს. “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩოგოშვილი.
_ თქვენი ორგანიზაცია ახორციელებს დაკავებული მომიტინგეების დაცვას, როგორ მდგომარეობაში არიან დაკავებულები და რა დარღვევები დააფიქსირეს თქვენმა იურისტებმა?
_ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა პირის მოძებნა ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ. 20-ზე მეტი ადამიანის ადგილსამყოფელი არ ვიცით, არც ის ვიცით, დაკავებულები არიან თუ არა, რადგან ეს ადამიანები არც შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში არიან. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან, სხვადასხვანაირი მდგომარეობაა: ზოგიერთ მათგანს მიღებული აქვს ძალიან მძიმე ფიზიკური დაზიანება. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა თელავის იზოლატორში, სადაც სამი ადამიანია სასტიკად ნაცემი. მათგან ერთ-ერთს (როგორც თავად აცხადებს) თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში სცემეს, ანუ დაზიანებები მას მიადგა არა დაკავების დროს, არა აქციაზე, არამედ შემდეგ, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, თელავში გადაყვანამდე. ასევე ეს ადამიანები ორი დღის განმავლობაში იყვნენ საკვების, წყლისა და სამედიცინო დახმარების გარეშე. ჩვენ იძულებული გავხდით, თვითონ შეგვეგზავნა მათთვის საკვები და წყალი, ასევე მოვითხოვეთ ექიმის შეყვანა. ახლა უნდა გადავამოწმოთ, მიიღეს თუ არა საკვები, წყალი და ექიმის მომსახურეობა მათ.
კიდევ 20-ზე მეტი ადამიანია ჩვენი დაცვის ქვეშ, მაგრამ ამ პირების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.
_ 25 მაისს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქცია არასანქცირებული იყო და კანონით ექვემდებარებოდა დარბევას.
_ ეს არასწორი ინტერპრეტაციაა, ამიტომ გავიმეორებ ჩემს კომენტარს, რომ აქციის მონაწილეების მხრიდან სწორი იქნებოდა აქციის ადგილის შეცვლა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციას უნდა გამოეყენებინა ძალა და მითუმეტეს _ გადამეტებული. მე თავი მოვალედ ჩავთვალე, მეთქვა ეს, რომ აქციის მონაწილეები ინფორმირებული ყოფილიყვნენ გარდაუვალი საფრთხის შესახებ, რაც მათ ემუქრებოდათ. აქციის ორგანიზატორებს, სამწუხაროდ, შეცდომაში შეყავდათ ეს ადამიანები, ეუბნებოდნენ, რომ ჰქონდათ იქ ყოფნის კანონიერი საფუძველი და ვერავინ ხელს ვერ ახლებდა. ვფიქრობ, ვიღაცას აუცილებლად უნდა ეთქვა, რომ ისინი რეალური საფრთხის წინაშე იდგნენ.
_ არაპოლიტიკურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, არასანქცირებული მიტინგის დაშლის უფლება, კანონით, პოლიციას ჰქონდა.
_ მე არ ვიტყოდი, რომ უფლება ჰქონდა, მითუმეტეს იმ ფორმით, რა ფორმითაც დაშალა, მაგრამ საფრთხე იყო ძალიან რეალური და შეიძლებოდა ლეგიტიმურიც ყოფილიყო ეს. ასე რომ, ვფიქრობ, მომიტინგეებს უნდა სცოდნოდათ, რას ამბობდა კანონი.
_ აქციის დაშლისას ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას?
_ არც კი ვიცი, რა ვუწოდო. ძალის გადამეტება ძალიან მსუბუქი ნათქვამია. სამართალდამცავებმა სხვადასხვა სიმძიმის სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. როგორც ვხედავთ, არის მსხვერპლი, არიან დაღუპული ადამიანები და ეს ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა. ცალსახად არის დანაშაულის ნიშნები პოლიციელების მხრიდან, რაც აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული და დამრღვევები უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
_ როგორც შს სამინისტრო აცხადებს, დაღუპულები არიან იმიტომ, მათ გადაუარა გაქცეულთა ესკორტმა.
_ ერთ შემთხვევაში ცხადია, რომ ესკორტს შეეწირა ერთი ადამიანი, მაგრამ საუბარია გარდაცვლილებზე და არის ეჭვი, რომ შეიძლება ისინი ცემის შედეგად გარდაიცვალნენ. ასევე, სასტიკად ნაცემია იზოლატორში მყოფი ადამიანებიც. რა თქმა უნდა, ეს დანაშაულია.
ესაუბრა
სოფო გელაშვილი