26 მაისის ღამე ქართველი ერის ისტორიის კიდევ ერთი ტრაგიკული და სამარცხვინო ფურცელია. ამ დარბევის მასშტაბები და მეთოდების სისასტიკე გასცდა თვით საბჭოთა გენერლის _ როდიონოვის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებს. 1989 წლის 9 აპრილი თუ იყო ტოტალიტარული რეჟიმისგან განთავისუფლების საწყისი ფაზა, მაშინ 26 მაისის ღამეს აქციის დარბევა ერთპარტიული დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯია.
საქართველო ტოტალიტარიზმის საშიშ ზღვარს უახლოვდება, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და გადავიჩეხებით ტოტალიტარიზმის უფსკრულში. დააკვირდით, თუ როგორი სისასტიკით დაარბიეს მომიტინგეები, ყველა მხრიდან მოახდინეს მათი ბლოკირება და არ მისცეს დაშლის საშუალება. სპეცრაზმის, შესაბამისად კი ხელისუფლების მთავარ მიზანს საზოგადოებაში შიშის დანერგვა წარმოადგენდა, რათა მოსახლეობას კვლავაც არ გაუჩნდეს პროტესტის გრძნობა იმ უმსგავსობის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდება: ტერიტორიების დაკარგვა (უკვე იურიდიულად, როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაცია, რომელმაც აღიარა ტეროტორიების იურიდიული დაკარგვა, უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრია), ეკონომიკური კოლაფსი, მოსახლეობის სრული გაღატაკება, დემოკრატიული მართვის სტილის სრული იგნორირება.
ხელისუფლების წარმომადგენლები ურცხვად გვინერგავენ აზრს ქვეყნის პროგრესზე და განვითარებაზე, ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული რეჟიმის დამკვიდრებაზე. ყველაფერ ამას ისინი აკეთებენ, მათ მიერ კონტროლირებადი ნაციონალური არხების მეშვეობით, რომლებსაც ტოტალურად დაკავებული აქვთ ქართული საინფორმაციო სივრცე. ხელისუფლების მიერ ამუშავებული პროპაგანდის მანქანა ისეთ მეთოდებს იყენებს და ისეთ მასშტაბებს უახლოვდება, რომ მასებისთვის „ტვინების გამორეცხვის“ დიდოსტატს, მესამე რაიხის რაიხმინისტრს პროპაგანდის დარგში, იოზეფ გებელსსაც კი შეშურდებოდა.
დღევანდელი პოლიტიკური ვითარება იმდენად რთულია, რომ ძნელია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, თუმცა არა შეუძლებელი.
ბოლო მოვლენებმა აჩვენა ჩვენი ოპოზიციის სისუსტე, უპასუხისმგებლობა და, ფაქტობრივად, პოლიტიკური სიკვდილი. დღეს საქართველოში არ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებდა ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის ალტერნატიულ გზას და მსოფლმხედველობას.
ამ ყველაფერმა ქართულ საზოგადოებაში ნიჰილიზმი და პესიმიზმი დანერგა. სწორედ ამ ფაქტორებით შეიძლება ავხსნათ მოქალაქეთა მხრიდან ყველაფერ იმ უმსგავსობასთან შეგუება, რაც საქართველოში ხდება. შეუძლებელია, ვიფიქროთ იმაზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობაში ოპოზიციური სულისკვეთება არ სუფევს (2009 წლის 9 აპრილი ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უფრო გაუარესდა). მაშინ, რატომ გამოავლინა ქართველთა უმრავლესობამ გულგრილობა იმ აქციის მიმართ, რომელიც 21 მაისს დაიწყო? ეს ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში რეალურად არ არსებობს ქართველი ერის ინტერესებისა და მოთხოვნების აღმქმელი და ცხოვრებაში გამტარებელი პოლიტიკური სუბიექტი?!
ქართული პოლიტიკური სივრცის ოპოზიციური ფლანგი რამდენიმე ხნით გამოთავისუფლდა. პოლიტიკური სისტემის შიგნით ოპოზიციური ძალების პოლიტიკურმა სიკვდილმა პოლიტიკურ ძალთა ბალანსის დარღვევა გამოიწვია და სახელისუფლო პოლიტიკურ კლასს მიეცა შესანიშნავი შანსი მთლიანად პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლის დასამყარებლად.
აღარ იარსებებს ხელისუფლების ქმედების მაკონტროლებელი და შემზღუდველი პოლიტიკური სუბიექტი, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების გარყვნას. დემოკრატიულ ქვეყნებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს ხელისუფლების შეკავება და აგრეგაცია (საზოგადოების მხრიდან წამოსული მოთხოვნების მიტანა სამთავრობო სტრუქტურებამდე).
საქართველოში ოპოზიციური ძალების არარსებობის პირობებში, ხელისუფლება დაამყარებს ტოტალურ კონტროლს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე. მ. სააკაშვილი იქნება ყველგან და ყოველთვის, ყველა ოჯახში და ყველა ადამიანის გვერდით, იგი გახდება ერთადერთი ჭეშმარიტი იდეების მატარებელი, ყველა დანარჩენი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი იქნება დისიდენტი და ქვეყნის მტერი.
კაცობრიობის ისტორიამ ცხადყო, რომ ადამიანები უფრო და უფრო მეტი ძალაუფლებისკენ მიისწრაფვიან. სწორედ ამ ფაქტმა დააყენა განვლილი საუკუნეების ინტელექტუალები პოლიტიკური თამაშის წესების ძიების იმ გზაზე, რომელსაც უნდა დაეცვა საზოგადოება მმართველობის უკანონო და აღვირახსნილი ქმედებებისაგან. ნებისმიერი მმართველი და ხელისუფალი მიდრეკილია გარყვნისაკენ, თუ არ იარსებებს მათი ძალაუფლების შემზღუდველი მექანიზმები. „ხელისუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ხელისუფლება რყვნის აბსოლუტურად“ (ლორდი ექტონი).
საქართველოში ხელისუფლების კონტროლის მექანიზმების არარსებობის პირობებში, იგი შეეცდება, ტოტალურო კონტროლი დაამყაროს ყველაფერზე, უფრო მეტად მოუჭიროს მარწუხები, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მოსახლეობიდან წამოსული ნეგატიური იმპულსების ზრდაზე მმართველი გუნდის მიმართ. ეს პროცესები ქვეყანას უფრო მეტ სიღატაკეში ჩააგდებს, რაც ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას კიდევ უფრო რთულ მატერიალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააგდებს, ყველაფერმა ამან შეიძლება საქართველო მომავალში სოციალურ აფეთქებამდე მიიყვანოს, რაც რევოლუციური განწყობების ზრდას შეუწყობს ხელს ქართულ საზოგადოებაში. რევოლუციების, გადატრიალებების მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ადამიანთა შევიწროება, ცუდი პირობები და ასეთი მდგომარეობა ქართულ საზოგადოებას მისცემს სტიმულს, იბრძოლოს უკეთესი მდგომარეობის მისაღწევად.
ვინმეს თუ ჰგონია, რომ საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლება, ძალიან ცდება. „კონსტრუქციული ოპოზიციის“ მიერ საარჩევნო გარემოების გაუმჯობესებისა და არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცველის თაობაზე გაკეთებული განცხადებები განკუთვნილია მიამიტი ქართველებისთვის. ნუთუ იმ მოვლენების შემდეგ, რომელთაც ადგილი ჰქონდა საქართველოში, ეს ხელისუფლება რომელიმე სხვა პოლიტიკურ ძალას გადასცემს ძალაუფლებას კონსტიტუციური გზით?
ოპოზიციის პოლიტიკური სიკვდილის შემდეგ დღევანდელი პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ ხელისუფლებას, “ნაციონალურ მოძრაობას” მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ფაქტობრივად, კონკურენტი აღარ ეყოლება. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში არ ჩანს ისეთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” კონკურენციას გაუწევს, თუ იმ ტერორსაც გავითვალისწინებთ, რომელიც განსხვავებული მოაზროვნეების მიმართ ხორციელდება. ხოლო ის კვაზი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პარლამენტის შიგნით არიან მოკალათებული, ფაქტობრივად, მმართველი პარტიის განშტოებებს წარმოადგენს, რომლებიც მოწოდებული არიან, დემოკრატიულობის იმიჯი შეუქმნან ქართულ პოლიტიკურ სისტემას. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალიზისას იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ საქართველო მიიღებს ფორმალურად დემოკრატიულ, ხოლო ფაქტობრივად _ ერთპარტიულ დიქტატურას.
მომავალი პოლიტიკური ბატალიები იქითკენ მიექანება, რაც პოლიტიკური სისტემის მეტად დახურვას გამოიწვევს. ასეთი მდგომარეობა ხელს შეუწყობს მომავალში მაღალ სახელისუფლო ეშელონებში გამოუცდელი და არაპროფესიონალი, მაგრამ ერთგული კადრების აღზევებას. ისინი ყველაფერს გააკეთებენ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. მომავალში არ უნდა გამოვრიცხოთ ძალადობრივი მეთოდებისა და ტერორის უფრო მეტად გამოყენება, რაც, ალბათ, ხელს შეუწყობს რამდენიმე წლის შემდეგ ახალი რევოლუციური ტალღის აგორებას. „ყოველი მომდევნო რევოლუცია შემდეგის წინამობედი ხდებოდა“(დევიდ იუმი). თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეს ხელისუფლება ძალიან ხშირად ქართულ საზოგადოებას რევოლუციის პირმშოდ მოიხსენიებს.
საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა კი სავალალოა, მაგრამ არა უიმედო. შეიძლება ეს პოლიტიკური რეალობა შევაფასოთ როგორც ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ ჭრილში: პოლიტიკური პროცესების ნეგატიური კუთხით განვითარებაში ვგულისხმობთ იმას, რომ ამერიკელები შეეცდებიან დღევანდელ კლინიკურ სიკვდილში მყოფი „კონსტუქციული“ ოპოზიციური პარტიებიდან ხელი შეუწყონ რომელიმეს რეანიმაციას და მის ქართულ პოლიტიკურ ავანგარდში მოთავსებას. არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ მომავალში ახალი პოლიტიკური დაჯგუფების ლიდერად ირაკლი ალასანია მოგვევლინოს და მას ეს პოლიტიკური ძალები ქართულ საზოგადოებას წარუდგენენ როგორც ერთადერთ ალტერნატივას.
ამერიკელებმა ბრწყინვალედ იციან, რომ ხელისუფლება კონტროლის გარეშე ნიშნავს კანონიერი ჩარჩოებიდან მის ამოვარდნას და საზოგადოების ძალადობრივი მეთოდებით მართვას, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობაში გამოიწვევს უკმაყოფილების ზრდას. ასეთი ტიპის რეჟიმების ერთადერთი ბოლო არის გადატრიალება. სწორედ ამ დროს მოხდება პროამერიკურლი პოლიტიკური ძალებისა (დღესდღეობით ასეთად გვევლინება „კონსტრუქციული“ ოპოზიციის სახელით ცნობილი პოლიტიკური პარტიები, შეიძლება, აგრეთვე, მათ რიგს მივაკუთვნოთ ქრისტიან-დემოკრატები გ. თარგამაძის ლიდერობით) და მათი ლიდერების წინა პლანზე წამოწევა.
მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც დღეს ნიჰილისტურად არის განწყობილი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართ, იძულებული გახდება, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას მიემხროს ამ პოლიტიკური რეჟიმის დასამხობად. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჯონ ბასის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლითაც მან, ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო ხელისუფლების მიერ მომიტინგეთა დარბევას, იმ კარტის გათამაშებას ისახავდა მიზნად, რომელიც ირაკლი ალასანიასა და მის პოლიტიკურ გუნდს მომავალში გაუთავისუფლებდა გზას ხელისუფლებაში მოსასვლელად. ეს ვარაუდი თუ გამართლდა, მოგვიწევს ისევ იმავე წრეზე ბრუნვა, რომელზეც უკვე ოცი წელია ვტრიალებთ. შემდეგ ისევ გაგრძელდება ის, რაც ადრე ხდებოდა. ხელისუფლებაში ახალი გუნდის მოსვლის შემდეგ, მათ ისევ გამოეყოფიან ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც აუცილებლად ოპოზიციაში გადავლენ და ვაშინგტონში დაწერილი სცენარით მოვლენ ისევ ხელისუფლებაში. ეს ამერიკული წრებრუნვა არ შეწყდება მანამ, სანამ თავის სტრატეგიულ ინტერესებს არ ამოწურავს. თუ უკანასკნელი რამდენიმე წლის ქართულ ამერიკულ ურთიერთობას გადავხედავთ, ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამას ცხადყოფს ზემოხსენებული აშშ-ის ელჩის უკანასკნელი განცხადებაც.
როგორც უკვე ვთქვით, ამ რთულ პლიტიკურ სიტუაციას პოზიტიური მომენტიც ახლავს, რაც, სუფთა პოლიტიკური დაფის პირობებში, ახალ პოლიტიკურ ძალას გამოჩენის შესაძლებლობას აძლევს, რათა ახალი სისხლი და ენერგია შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში. საქართველოს დღეს სჭირდება ეროვნულად ორიენტირებული, პატრიოტი და საზოგადოებრივი აზრისა და ნების გამტარებელი პოლიტიკური სუბიექტი და არა ამერიკული კოლონიზატორული პოლიტიკის მალეგიტიმირებელი მარიონეტთა ჯგუფი. საქართველოში ამჟამად არსებული სიტუაცია ხელსაყრელ პირობებს ქმნის ახალი პოლიტიკური ძალის აღმოცენებისთვის. ქართულ საზოგადოებაში პოლიტიკური პროცესებისადმი არსებული პესიმიზმი ახალ ეროვნულ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიის გაჩენის შესაძლებლობის იმედს გვიტოვებს.
ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაცია შეიცვალა. სახელისუფლო პარტიის გავლენა მკვეთრად გაიზარდა, “სახალხო კრებამ”, “ქართულ პარტიასთან” ერთად, ყველანაირი რესურსი ამოწურა და მას არ აქვს მომავალი ქართულ პოლიტიკაში. რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ ძალებს, მათი მდგომარეობა უფრო დამძიმდა _ არავითარი შანსი არ ექნებათ მინიმუმ რამდენიმე წლიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ვაშინგტონელი კურატორების დახმარების გარეშე. სწორედ ეს არის მეორე ფაქტორი, რაც გზას უხსნის ახალი პოლიტიკური სუბიექტის გამოჩენას ქართულ პოლიტიკაში.
ირაკლი უბილავა