Home რუბრიკები საზოგადოება დავით დარჩიაშვილი: პოლიციას სამშობლოსგან მადლობა ეკუთვნის

დავით დარჩიაშვილი: პოლიციას სამშობლოსგან მადლობა ეკუთვნის

ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ 25 მაისს ხელისუფლებამ მოსალოდნელი საფრთხე ეფექტურად აღკვეთა და შედეგებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ აქციის ორგანიზატორებს ეკისრება. გამოიძიებს თუ არა ხელისუფლება სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს და დაისჯება თუ არა ვინმე _ ამის თაობაზე “საქართველო და მსოფლიოს” დავით დარჩიაშვილი ესაუბრა.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ 25 მაისს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ აქციის ორგანიზატორებს ეკისრება? რატომ?
_ 25 მაისს განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება, ვფიქრობ, მარტივია, რადგან არსებობს კანონმდებლობა, რომლის დაცვაც ყველასთვის სავალდებულოა. ქვეყანაში აქციის ჩატარება ნებადართულია, თუმცა არ შეიძლება აქციის ჩატარება ძალადობრივი ფორმითა და მოწოდებებით, როგორც ეს ხდებოდა აღნიშნულ აქციებზე, სადაც ქსენოფობიური განცხადებები და ეროვნულ უმცირესობებზე აგდებული საუბარიც მოვისმინეთ. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მაგალითად, გაეროს ერთ-ერთი რეზოლუციის მიხედვით, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება უნდა იყოს პროპორციული, მაგრამ ასევე ცალსახადაა ნათქვამი, რომ, თავის მხრივ, პოლიციელზე ხელის აღმართვაც სახელმწიფოზე ხელის აღმართვას ნიშნავს.
_ მაგრამ ეს ადამიანები არ იყვნენ შეიარაღებულები და 25 მაისს მშვიდად მართავდნენ აქციას.
_ შეიარაღებაში თუ მაინცდამაინც M4 ტიპის ავტომატს გულისხმობთ, შესაძლოა, ავტომატები არ ჰქონდათ, მაგრამ, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია. ეს იყო ეგზალტირებული ხალხის აქცია, ძალადობრივი მოწოდებებითა და ფიზიკური ძალდობის შემთხვევებით. აქციის მონაწილეები აგრესიულები იყვნენ როგორც ჟურნალისტების, ასევე რიგითი გამვლელების მიმართ. რაც აქციის მონაწილეებს  ხელში ეჭირათ და რაც ახლომახლო ჰქონდათ მომარაგებული, ესეც შეიარაღებად ითვლება, უბრალოდ, თავიანთმა ინსტრუქტორებმა, ეტყობა, ვერ ასწავლეს “მოლოტოვის კოქტეილების” გამოყენება, ამასთან, სამართალდამცავებმაც სწრაფად და ეფექტურად  დაშალეს აქცია და ვითარებაც მალე განიმუხტა.
_ მაგრამ სამართალდამცავების ქმედებას მოჰყვა მსხვერპლი _ გარდაიცვალნენ და დასახიჩრდნენ ადამიანები, გრძნობს თუ არა ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება?
_ სამწუხაროდ, რაც მოხდა, ეს არის ტრაგედია და გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს უღრმესი სამძიმარი ეკუთვნით, მაგრამ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ?
ხელისუფლების მხრიდან საგანგებო ზომების მიღება აუცილებელი იყო და აქციის ლიდერები გაფრთხილებული იყვნენ, მაგრამ მაინც აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, აქციიდან ხალხი არ გაუშვეს, თუმცა იცოდნენ, რომ დაპირისპირებას, შესაძლოა, მსხვერპლი მოჰყოლოდა.
ამას გარდა, ნინო ბურჯანაძისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის პირველივე წუთებში აქციიდან გაქცევასა და ხალხში ავტომანქანებით შევარდნას თუ გავითვალისწინებთ, როგორ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანმა 26 მაისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისროს?!
_ როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი აღიარებთ თუ არა, რომ სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადაჭარბებას ჰქონდა ადგილი?
_ შესაძლოა, ცალკეულ შემთხვევებში, ხაზს ვუსვამ, ცალკეული სპეცრაზმელის მხრიდან, ყოფილიყო ძალის გადამეტების ფაქტი. არ ვიცი მკითხველი როგორ გამიგებს, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება აქციის დაშლა ძალის გადამეტების გარეშე. ყველა საერთაშორისო სტანდარტის სკრუპულოზურად დაცვა ძალიან რთულია.
_ საზოგადოებამ იხილა კადრები, სადაც ათი კაცი ერთ ახალგაზრდას ურტყამს, ვნახეთ დასახიჩრებული ადამიანები, ნაცემი მოხუცები…
_ გარწმუნებთ, კონკრეტული პოლიციელების ქმედებები იქნება გამოძიებული. მე ვნახე ერთადერთი ასეთი კადრი ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, როდესაც ხელებაწეულ ახალგაზრდას პოლიციელები ურტყამენ, მაგრამ იქ არ ჩანს, როგორ იქცეოდა ეს ახალგაზრდა ამ მომენტამდე. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, პოლიციელების ქმედებას არ ამართლებს. მაგრამ ამას გარდა, მე ბევრი ისეთი კადრიც ვნახე, სადაც სპეცრაზმელებს მოხუცები და ქალები გამოჰყავთ აქციიდან და, ჟურნალისტებს რომ არ ერჩოდნენ, ესეც დანამდვილებით ვიცი.
_ შესაძლოა, ცალკეულმა პოლიციელმა გამოიჩინა კეთილი ნება, მაგრამ ამის მიუხედავად, უამრავი ჟურნალისტი დაზარალდა. ისინი ყვებიან, რომ, როდესაც ჟურნალისტის დამადასტურებელ მოწმობას აჩვენებდნენ, მაინც სცემდნენ, ართმევდნენ სამუშაო აპარატურას, ხელს უშლიდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ხელისუფლება აპროტესტებდა ჟურნალისტების მიმართ აქციის მონაწილეების აგრესიულ ქმედებებს, თუმცა 25 მაისს თავად უარესად მოექცა ჟურნალისტებს.
_ მე ძალიან ბევრი ჟურნალისტისგან მოვისმინე, რომ აქციაზე მათთვის არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ ჟურნალისტმაც უნდა იცოდეს მოქცევის წესები, უნდა იცოდეს, ასეთ დროს სად დადგეს. გარწმუნებთ, ჟურნალისტებს არაფერს ერჩოდნენ და ცალკეული ასეთი შემთხვევები თუ იყო, სამართალდამცველთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
სამწუხაროა, რომ სწორედ ამგვარი ცალკეული შემთხვევების გამო, ეროვნული ინტერესებისა და მშვიდობისთვის განხორციელებული მოქმედება, მთლიანობაში აღიქმება როგორც არაადეკვატური და უსამართლო.
_ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ინიციატივით გამოვიდა, შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც მომხდარ მოვლენებს გამოიძიებს. აპირებს თუ არა პარლამენტი ამ მიმართულებით მუშაობას?
_ ირაკლი ალასანიამ ბევრი რამ შეიძლება განაცხადოს. მესმის, რომ მას კრიტიკულად განწყობილი ელექტორატის გულის მოგება სურს, ასევე უნდა ქალბატონი ლიდერის მიმართ იმედგაცრუებული ხალხის მიმხრობაც. ეს პოლიტიკური ბრძოლის ჩვეული მეთოდია, მაგრამ ირაკლი ალასანიას განცხადებები უპასუხისმგებლოა. თავად, როგორც უნდა, გამოიძიოს, არავინ უშლის, მაგრამ პარლამენტში როგორ მოვიქცეთ, გადაწყვეტილების მიღების უფლება ჩვენ დაგვიტოვოს, ხოლო როცა არჩევნები ჩატარდება, მოახერხოს პარლამენტში შესვლა და შემდგომში მიიღოს გადაწყვეტილებები.
_თქვენ ახსენეთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გამოძიებს, როგორ ფიქრობთ, დაისჯებიან სამართალდამცველები თუ პირიქით, მათ პრემიებით დააჯილდოებენ?
_ როგორც აღვნიშნე, აქციის დაშლა აუცილებელი იყო, ვინაიდან ქვეყანას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. პოლიციის დამსახურებაა, რომ ქვეყანამ მოსალოდნელი საფრთხე აიცილა და ბუნებრივია, პოლიციას სამშობლოსგან მადლობა ეკუთვნის.
_ 25 მაისის ღამე მსხვერპლით დასრულდა. ამის შემდეგ რამდენად გამართლებული იყო 26 მაისს აღლუმის საზეიმო ვითარებაში ჩატარება?
_ რატომ არ უნდა ჩაგვეტარებინა აღლუმი, პუტინს რომ გახარებოდა?
ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობა ვიზეიმეთ და არ ვფიქრობ, რომ ეს გასართობი ღონისძიება იყო. ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არ სურს, ძალა გამოიყენოს ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს გარდაუვალია.
_ ძალის გადამეტებაში და სასტიკ მოპყრობაში თქვენ უფლებადამცველები და იურისტებიც გადანაშაულებენ..
_ გასაგებია, რომ გელა ნიკოლაიშვილი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული ადამიანი; მან ოღონდ ხელისუფლება დაადანაშაულოს და ყოველთვის ისე დახატავს სურათს.
_ არა მარტო გელა ნიკოლეიშვილი, ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა და სხვა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა სამართალდამცველების მხრიდან გადამეტებაზე ისაუბრეს.
_ Human Rights Watch -ი არის მნიშვნელოვანი სტრუქტურა, მაგრამ ის არ არის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში საზოგადოებრივ აზრს ქმნის. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მათ, უბრალოდ, არ იციან, რა წინაპირობა უძღოდა ამ ყველაფერს წინ და კონტექსტის გაუთვალისწინებლად მხოლოდ ცალკეულ ფაქტებზე აკეთებენ აქცენტს.
_ აშშ-ის ელჩის _ ჯონ ბასის განცხადება საზოგადოების ნაწილმა 25 მაისის აქციის დარბევაზე ხელისუფლებისთვის ნების დართვად აღიქვა. გაამძაფრებს თუ არა ეს საქართველოში ანტიამერიკულ განწყობას?
_ მოდი ხალხს თავი დავანებოთ. ხალხის ენით საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც გვაქვს ან არჩევნების, ან სოციოლოგიური კვლევის შედეგები. ხელაღებით ხალხზე საუბარი არასწორი და სუბიექტურია. მე მგონია, რომ ქართულ საზოგადოებას კარგად ესმის, რომ შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და  სახელმწიფოს მშენებლობის გზა ია-ვარდით მოფენილი არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა. D
_ აქციები ისევ გრძელდება. რას აპირებს ხელისუფლება, შეიძლება თუ არა იმავე მოვლენების განმეორებას ველოდოთ? ბურჯანაძე აცხადებს, რომ ბრძოლას გააგრძელებს…
_ მიტინგი არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში აკრძალული. რაც შეეხება ნინო  ბურჯანაძეს, ვფიქრობ, ის პოლიტიკაში აღარ დარჩება, ვინაიდან საზოგადოებაში მისი რეიტინგი დაბალია. მეორეც, თუ ძიება დაადგენს, რომ მისი და მისი ვაჟის საუბარი მხოლოდ ბოროტი ოცნება კი არა, შეთქმულების ნაწილი იყო, მაშინ უკვე მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ვფიქრობ, ბურჯანაძე საკუთარი ოჯახურ-პიროვნული დიდების წყურვილითაა დაბრმავებული.
_ მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაგაჯილდოვათ. როგორ ფიქრობთ, რა დამსახურებისთვის მიიღეთ აღნიშნული ჯილდო?
_ როგორც ვიცი, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში გარკვეული წვლილის შეტანისთვის დამაჯილდოვეს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს ორდენი, მაგრამ ნამდვილად მეამაყება.
ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here