Home რუბრიკები საზოგადოება აღლუმისადმი პრეზიდენტის ახირებას ადამიანების სიცოცხლე მეორედ შეეწირა

აღლუმისადმი პრეზიდენტის ახირებას ადამიანების სიცოცხლე მეორედ შეეწირა

მუხროვანის ამბოხი იყო ბლეფი, რომელიც ხელისუფლებამ იმ სამხედროების დასასჯელად გამოიყენა, რომლებმაც დამარცხებული მთავარსარდლისთვის აღლუმის ჩაბარებაზე უარი თქვეს
2009 წლის 5 მაისის დილას საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება იგეგმებოდა, რომელიც სამართალდამცავებმა აღკვეთეს. სახელმწიფო გადატრიალებისა და სამხედრო ამბოხში მონაწილეობისთვის 41 პირი დააკავეს, მათგან კობა ოთანაძესა და ლევან ამირიძეს 28 და 29 წელი მიესაჯათ. ამავე დანაშაულისთვის აყვანის დროს მოხდა გია კრიალაშვილის ლიკვიდაცია. ამ ფაქტიდან სამი წლის შემდეგ, “ამბოხის” ირგვლივ კვლავ უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი.
“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” ჟურნალისტური გამოძიებით ბევრ კითხვას უპასუხა და ხელისუფლების ვერსია თავდაყირა დააყენა. საქმეში მონაწილე ადვოკატების განცხადებით, აღმოჩნდა, რომ ამბოხად შერაცხული სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებები თურმე რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავზე, 26 მაისის აღლუმში მონაწილეობაზე პროტესტი იყო.
ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რაზეც საუბარია ფილმში “ოპერაცია ამბოხი”, “საქართველო და მსოფლიო” ფილმის ავტორს, გიორგი ჯანელიძეს ესაუბრა.
_ გამოძიებას სხვა ვერსია ჰქონდა, თქვენი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ კი აბსოლუტურად სხვა შეფასებები გაკეთდა.
_ ეს არ არის კლასიკური ჟურნალისტური გამოძიება, თუმცა ასე კი გამოვიდა, ალბათ, იმიტომ, რომ მასში მონაწილეობდნენ ადვოკატები, სამხედრო ექსპერტები, პოლიტოლოგები. საბოლოო ჯამში, შეიქმნა ისეთი აზრი და შთაბეჭდილება, რომ, რაც მუხროვანში მოხდა, იყო უბრალო პროტესტი. რამდენადაც ჩემთვის  ადვოკატებისა და ექსპერტების მონათხრობიდანაა ცნობილი, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოდიოდა პირველი 26 მაისი და ჯარისკაცების გარკვეულმა ჯგუფმა უარი განაცხადა აღლუმში მონაწილეობაზე. ეს იყო დაუმორჩილებლობა და არა ამბოხი. დაუმორჩილებლობაც, რა თქმა უნდა, დასჯადია, მაგრამ კონკრეტული სამხედრო მოსამსახურეები უნდა დასჯილიყვნენ შესაბამისად და არა ასე მკაცრად. მოგეხსენებათ, ჩატარდა სპეცოპერაცია, რასაც შეეწირა ადამიანის სიცოცხლე, 41 ადამიანს წაეყენა ბრალი და დღეისთვის 19 იხდის სასჯელს.
_ ვერსია, რომ ეს იყო 26 მაისის აღლუმში მონაწილეობაზე უარის თქმა, არც კი გაჟღერებულა აქამდე.
_ არც ჩემთვის იყო ცნობილი აქამდე ამის შესახებ, თუმცა კულუარებში საუბრობდნენ, მაგრამ ფილმში, ადვოკატთა კორპუსი და ექსპერტები თამამად აცხადებენ ამის თაობაზე, თუმცა ისინიც არ უარყოფენ, რომ ეს ქმედებაც დასჯადია.
_ ჩვენ გვახსოვს მაშინდელი ვერსიები, რაც გაავრცელა ძალოვანმა უწყებამ, თითქოს ტანკები უნდა გამოსულიყო სამხედრო ნაწილიდან და დაემხო ხელისუფლება, ანუ რეალურად ამაზე საუბარი არც კი ყოფილა?
_ ფილმშიც არის საუბარი ამის თაობაზე. ხელისუფლებას დაუმორჩილებლობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მინიმუმ 5 მაისის ღამის 4 საათზე, მაგრამ არაფერი გაკეთებულა ამის აღსაკვეთად, თუნდაც ამ დაუმორჩილებლობის აღსაკვეთად; როგორც ადვოკატი შალვა თადუმაძე ამბობს, არ გაკეთებულა მანამ, ვიდრე არ დადგა კამერები, არ გათენდა, არ შეიკრიბა ხალხი და გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.
_ ანუ ეს ფაქტი გამოიყენეს?
_ ფილმიდან შეგექმნებათ ამის შთაბეჭდილება, მე არაფერს ვამტკიცებ. ვეყრდნობი იმ ადამიანებს, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ამ საქმესთან და დასკვნა ასეთია: თუ დაუმორჩილებლობას ჰქონდა ადგილი, ამის აღკვეთა თავისუფლად შეიძლებოდა მანამდეც.
_ რაც შეეხება პასუხისგებაში მიცემულ პირებს, მათი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ აბსურდული ბრალდებები აქვთ წაყენებული.
_ დიახ. მაგალითად, იარაღის შენახვის მცდელობა, როგორც ადვოკატი შალვა თადუმაძე ამბობს, მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი ბრალდება. საქმეში ასევე ფიგურირებს ტანკი, რომელიც, ადვოკატების განცხადებით, მიჰქონდათ სარემონტოდ, მაგრამ მას გაუწყდა მუხლუხი და გამოიყვანეს მეორე ტანკი, რომელსაც უნდა შეებრუნებინა იგი უკან. ადვოკატი შალვა თადუმაძე ამბობს, ამას დაარქვეს ტექნიკის გადაადგილება და ა.შ., ანუ ტექნიკის გამოყვანასა და დისლოკაციის ადგილის შეცვლას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ფაქტები იმისა, რომ მზადდებოდა გადატრიალება, არ არსებობს.
_ რა ბრალდებით იხდიან სასჯელს პატიმრობაში მყოფი პირები?
_ სხვადასხვა ბრალდებებით. ოთანაძეს, ამირიძეს აქვთ ამბოხი, დაუმორჩილებლობაში დახმარება… რამდენიმე მუხლია, რაც ალოგიკურია, როგორც იურისტები განმარტავენ, ამბოხი თავისთავად შეიცავს დაუმორჩილებლობასაც, მაგრამ ამ ფილმში მონაწილე ადამიანების განმარტებით, იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაეზარდათ სასჯელი მათ შეუფარდეს ამბოხი ცალკე და დაუმორჩილებლობა ცალკე, რამაც მოიცვა 29, 28 და 19 წელი. ადვოკატი კარგად ხსნის ამას ფილმში: ამბოხი, დაუმორჩილებლობას, ისევე, როგორც მკვლელობა სხეულის მძიმე დაზიანებას, ავტომატურად შეიცავს, მაგრამ ადამიანებს ცალკე მკვლელობისთვის და ცალკე სხეულის დაზიანებისთვის არ უსჯიან, დაახლოებით მსგავსი პარალელია იქ გავლებული. იმის გამო, რომ შეკრებითობის პრინციპით სასჯელის ვადა გაზრდილიყო, მათ ამ დანაშაულებისთვის ცალ-ცალკე შეუფარდეს სასჯელი.
_ კრიალაშვილის ლიკვიდაციის ოპერაციასაც ეხებით ფილმში?
_ დიახ. ფილმი შეგნებულად არის გადაღებული ავტორის ყოველგვარი კომენტარის გარეშე. ძალიან ბევრი ვერსია და ვარაუდია, მაგრამ საერთო ჯამში ეს ოპერაცია მინიმუმ ეჭვს აღძრავს, რაზეც პასუხები არ არის. სპეცოპერაციის შემდეგ მაშინვე დაიგო ასფალტი იმ ადგილას, ფაქტობრივად, მტკიცებულებები გაქრა. საეჭვოა ასევე, რომ ორმხრივი სროლა იყო და ა.შ. ფილმში საუბარია, რომ ამ სამმა ადამიანმა, რომლებიც იძებნებოდნენ, გადაწყვიტა მიკროავტობუსით გადაადგილება. როგორც ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, ოთანაძის ჩვენების საფუძველზე, სწორედ ამ მიკროავტობუსში იყო ჩასაფრება, უკანა მხარეს, გატიხრულ ნაწილში. მას შემდეგ, რაც მანქანა დაიძრა და გარკვეული მანძილი გაიარეს, გაიხსნა ცეცხლი. გია კრიალაშვილს სამი ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის ერთი სასიკვდილო, რვა თუ ცხრა ტყვია აქვს ამირიძეს და შვიდი ტყვია ოთანაძეს. შემდეგ, როგორც ადვოკატები ყვებიან, იგი გადმოაგდეს ავტომანქანიდან და დაუცხრილეს მაჯები. ცნობილი იყო, რომ ოთანაძეს შეეძლო რკინის ძალაყინის კისერზე გადაღუნვა და რკინის ლარიანებს ორი თითით ღუნავდა. როცა მაჯები დაუხვრიტეს, როგორც მისი ძმა ყვება, უთხრეს: ახლაც დაღუნე ლომი და რკინის ლარიანებიო. რეალურად რა მოხდა იქ, ძალიან ძნელი სათქმელია და მე არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ეს ყველაფერი კომპეტენტური ადამიანების მონათხრობზეა აგებული და დასკვნა მაყურებელმა გამოიტანოს.
_ როგორც ვიცი, არც ერთმა სახელმწიფო უწყებამ არ გააკეთა კომენტარი ამ ფილმში.
_ მე მივწერე გივი თარგამაძეს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს და ვთხოვე, დამხმარებოდნენ, რომ ფილმი გამოსულიყო დაბალანსებული და მოგვესმინა სახელმწიფოს პოზიცია. ეს წერილი 24 მარტს ჩაბარდა პარლამენტს და პასუხი დღემდე არ მოსულა. იმავე პერიოდში გავუგზავნე წერილი საქალაქო სასამართლოს, მინდოდა სპიკერ მოსამართლესთან ინტერვიუს ჩაწერა. საქალაქო სასამართლომ მოგვწერა, რომ არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად სპიკერ-მოსამართლესთან ინტერვიუ და დაგვაკმაყოფილეს მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური პრესრელიზით განაჩენის შესახებ, რაც ისედაც დევს მათ საიტზე. ამ ფილმში ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის ფაქტორი, ჩემი და არამხოლოდ ჩემი აზრით, თუ მართლაც რუსეთის ფაქტორს ჰქონდა ადგილი, რატომ არ წავიდა გამოძიება ამ მიმართულებით, რატომ არ იქნა ბოლომდე მიყვანილი ეს ყველაფერი? სხვათა შორის ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ თითქოს ყველა პოლიტიკოსს პირი ჰქონდა შეკრული და ყველამ იცოდა, რა უნდა ეთქვა; ყველა გამუდმებით ლაპარაკობდა რუსეთის ფაქტორზე, მაგრამ ამას განვითარება არ მოჰყოლია.
_ დაპატიმრებულებზე თუ ხორციელდება რაიმე სახის ზეწოლა?
_ ამირიძე და ოთანაძე, რამდენადაც ფილმიდან ხდება ცნობილი, ერთკაციან საკანში იყვნენ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, უმძიმეს პირობებში, აბსოლუტურად იზოლირებულნი. სააპელაციო სასამართლოს ჩართვის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ პირების გადაყვანა შედარებით უკუთეს პირობებში. ზეწოლას რაც შეეხება, კობა ოთანაძის შვილი გამოაგდეს სკოლიდან. ერთი წლით მოუხდა ბავშვს გადასვლა რუსთავის სკოლაში. შემდეგ კი, როგორც მაშინდელმა განათლების მინისტრმა ნიკა გვარამიამ განაცხადა,  მსგავს სისაძაგლეებს ადგილი არ ჰქონია  მოხერხდა მისი დაბრუნა სკოლაში.Mმე შეგნებულად აღარ მიცდია ამ ფაქტების გამოკვლევა, რადგან კვლავ არ შექმნოდა ბავშვს პრობლემები. ლევან ამირიძის მეუღლე, რომელიც განათლებით იურისტია და მუშაობდა პრობაციის სისტემაში, 5 მაისს გაათავისუფლეს სამსახურიდან. შოთა გორგიაშვილის მეუღლე მუშაობდა თავდაცვაში მაღალ თანამდებობაზე, ისიც გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. ყველა საკუთარი განცხადების საფუძველზე, თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება კობა ოთანაძის ძმას, 5 მაისსა და 21 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას შორის არის 16 დღე, ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჯიმი ოთანაძე ყვება, აიყვანეს ოთანაძის ერთი ძმა, ერთი კვირის შემდეგ _ მეორე ძმა თავისი ცოლ-შვილით. ერთი ღამის განმავლობაში ისინი  “მოდულის” შენობაში, იზოლატორში ჰყავდათ, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა ამ ადამიანის დამუშავება, სთხოვდნენ გამოეყენებინა ნაცნობთა წრე და დაერწმუნებინა ძმა, ჩაბარებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში გაცემული იყო პრეზიდენტის ბრძანება მის ლიკვიდაციაზე. დილამდე ამყოფეს ეს ადამიანი იზოლატორში, პარალელურ რეჟიმში, როგორც ჩანს, მათ მიაგნეს და ეს გამოუშვეს. ჯონი ოთანაძე ყვება, რომ ქვემოთ ჩამოსულმა დაინახა, რომ დაკავებული ჰყავდათ მისი 16 ნათესავი, მათ შორის იყო 8 თვის ბავშვი.
_ ანუ ძირითადი დარღვევები, რაც გამოიკვეთა, თუ არ ჩავთვლით ლიკვიდაციას, არის ის, რომ იყო ზეწოლა ბრალდებულთა ნათესავებზე, და ბრალდების შეცვლა?
_ იურიდიულად თუ შევხედავთ, ასე გამოდის. შეიძლებოდა ამ ადამიანების დაუმორჩილებლობისთვის გასამართლება. ფილმში საუბარია იმაზეც, რომ ამ გაუგებრობაში მოხვდნენ ადამიანები, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ამ ყველაფერთან. მაგალითად,  საუბარია ოთანაძეზე. ფილმში ეს არ ჩამისვამს, მაგრამ მისი მეუღლე ამბობს, რომ ოთანაძე არ იყო მოქმედი სამხედრო მოსამსახურე. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა ის იქ. როგორც მისი მეუღლე ამბობს, ის მსახურობდა ერაყში და იქ აპირებდა გარკვეული სამხედრო მოსამსახურეების წაყვანას. ასევე საინტერესოა, რატომ მაინცდამაინც ეს გვარები _ ოთანაძე და კრიალაშვილი გამოიყენეს. ცნობილია, რომ ეს ადამიანები მონაწილეობდნენ 2001 წლის ამბოხში, რომელიც გასაგებია, რომ სოციალური პირობების გამო, მაგრამ მაინც შეფასებულია ამბოხად. თითქმის ყველა ექსპერტმა აღნიშნა, რომ უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი, ამიტომ გამოიყენეს ამ ადამიანების გვარები.  მე კიდევ ვიმეორებ, ვერაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ეს ყველაფერი აგებულია კომპეტენტური ადამიანების საუბრებზე და დასკვნა თავად გამოიტანეთ.
ესაუბრა
სოფო გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here