Home რუბრიკები საზოგადოება “აქციის დაშლის ბრძანება აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა გასცა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უშუალო...

“აქციის დაშლის ბრძანება აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა გასცა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელია”

“ეს იყო გენოციდი ქართველი ხალხის მიმართ. ხელებშეკრულ ადამიანებს სცემდნენ, მაშინ, როცა ხელების შეკვრის საჭიროება იქ არ ყოფილა, რადგან მათ წინააღმდეგობას არავინ უწევდა. ფაშისტებიც კი არ იქცეოდნენ ასე სასტიკად. ასე არ მოიქცევა არც ერთი დამპყრობელი, ვისაც ადამიანობის ნიშანწყალი ცოტა მაინც აქვს შერჩენილი. ამ სპეცრაზმელებს კი ადამიანობის არაფერი ეტყობოდათ. ისინი იქცეოდნენ როგორც ველურები და სისხლმოწყურებული ვამპირები,” _ ასე იხსენებს 26 მაისის ღამეს ჩვენი კოლეგა, გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტი ბექა სივსივაძე. ბექა და მისი კოლეგა, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი აქციის დაშლის პროცესში პირადად იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობასთან. მათ ორივემ საკუთარ თავზე იწვნიეს რეზინის ტყვიების, ხელკეტების სიმწარე და უსამართლობა.
რა მეთოდებით დაშალა სპეცრაზმმა 26 მაისის ღამეს აქცია და როგორ გაუსწორდა ხელისუფლება აქციის მონაწილეებს, გიორგი მამაცაშვილმა და ბექა სივსივაძემ ჩვენთან საუბარში გაიხსენეს.

ბექა სივსივაძე:
_ 25 მაისს, ნაშუადღევიდან ვიყავი აქციაზე. ვცდილობდი, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი დამეფიქსირებინა. საღამოს საათებში ჩემი კოლეგა და მეგობარი გიორგი მამაცაშვილი შემომიერთდა.
როდესაც განხორციელდა შეტევა პირველი გიმნაზიის მხრიდან, გაუშვეს წყალი, მხუთავი გაზი, ჩვენ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნისკენ” გადმოვინაცვლეთ, სადაც ასევე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. ყველა გასასვლელი ჩაკეტილი იყო. მოგვამწყვდიეს ალყაში და არ მოგვცეს ტერიტორიის  დატოვების საშუალება! პრესკარტები მოვიმარჯვეთ და ჩვენს წინ აღმართულ სპეცრაზმელებს ვუთხარით, რომ ჟურნალისტები ვიყავით. თავისუფლების მოედნის მხარეს  გასვლას  ვცდილობდით, რათა იქიდან გაგვეგრძელებინა მუშაობა. შეძახილს, ჩვენ ვართ ჟურნალისტები, სპეცრაზლემების მხრიდან  სროლა მოჰყვა. ვიგრძენი, როგორ მომხვდა 10-15 ტყვია ერთად. ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს, რომელიც “ტვ 25”-ს აქვს გადაღებული. მოგვიანებით დავთვალე და ტანზე 37 ნატყვიარი მაქვს.
_ ტელევიზიებმა ისე გააშუქეს, თითქოს ჟურნალისტებისთვის სპეცრაზლემებს მუშაობაში ხელი არ შეუშლიათ.
გიორგი მამაცაშვილი:
_ სპეცრაზმელებს ჟურნალისტებისთვის ხელი კი არ შეუშლიათ, _ ადგილზევე დაგვხვრიტეს! დარწმუნებული ვარ, ცეცხლსასროლი იარაღი რომ ჰქონოდათ, იმავეს იზამდნენ!
ბექა სივსივაძე:
_ დღეს საქართველოში 1937 წელია და სააკაშვილის “სპეცბანდამ” მეც 37 ტყვია მესროლა. ვთქვი და ვიმეორებ _ ჩვენ, ფაქტობრივად, დაგვხვრიტეს! როდესაც პირველი ზალპის შემდეგ სიტუაცია ჩაცხრა და  მეტროსთან ამოვედით, ვუთხარით პატრულს, რომელსაც გზა ჰქონდა გადაკეტილი, რომ ჟურნალისტები ვიყავით და უსაფრთხო ადგილიდან მუშაობის გაგრძელება გვინდოდა, მაგრამ წიხლისკვრით მოგვიშორეს და უკან გამოგვყარეს. ამასობაში უკანა მხრიდან სპეცრაზმი მოგვადგა. შემდეგი რამდენიმე წუთი აღარ მახსოვს, რადგან თავზე ხელკეტი გადამიჭირეს და გონება დავკარგე. როდესაც გონზე მოვედი, მაწვიმდა, თავით გუბეში ვიყავი ჩაყუდებული და ზურგზე გადაგრეხილ ხელებზე ხელბორკილი მედო. ვითომ ეცადნენ, “დემოკრატიული” პლასტმასის ხელბორკილი მოეტანათ, მაგრამ ეს არანაკლებ მწარე და ჯოჯოხეთური ხელბორკილია, ვიდრე ჩვეულებრივი, რკინის.
როგორც კი თავი ავწიე, ჩემგან ხელმარჯვნივ გიორგი მამაცაშვილი დავინახე, რომელიც ცდილობდა, აეხსნა სპეცრაზმელებისთვის, ხელები გაეხსნათ, რადგან ჟურნალისტები ვიყავით. მე გავხოხდი გიორგისკენ და ვიდრე მივუახლოვდებოდი, გზადაგზა მხვდებოდა ადამიანების ნაწამები და დაუნდობლად ნაცემი სხეულები, რომლებსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ. ღმერთმა გაანათლოს ნიკა კვინტრაძისა და მისი მამის სული. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, ფიზიკურად არ ვიცნობდი მას, მაგრამ შესაძლოა, სასიკვდილოდ ნაცემ ადამიანებს შორის ერთ-ერთი ნიკა კვინტრაძეც იყო.
მერე ვიღაც მოვიდა ჩვენთან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი უფროსთაგანი, საბუთები გამოგვართვეს და დაიწყეს იმის გარკვევა, ვიყავით თუ არა ნამდვილად ჟურნალისტები. ამ დროს მოედანზე ხელებშეკრულ ადამიანებს უმოწყალოდ სცემდნენ. ვთქვათ, ადამიანი ეგდო გულდაღმა, გადაუვლიდა მას სპეცრაზმელი წიხლებით, გვარიანად მოიჯერებდა გულს ხელკეტით ცემით, გადმოატრიალებდა მეორე მხარეს, წაავლებდა ქეჩოში ხელს, ააწევინებდა თავს და ჩასძახებდა: “ჰაა ბიჭო, კიდე გამოხვალ აქციაზე? კიდე გააპროტესტეებ იმას, რაც ხდება ქვეყანაში? კიდე დაიჭერ ბურჯანაძეს მხარეს?”. ასე ექცეოდნენ ყველას, ვისაც ხელები შეკრული ჰქონდა. როდესაც გაიგეს, “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტები ვიყავით, განსაკუთრებით დიდი აგრესია წამოვიდა მათგან და გამეტებით დაგვიწყეს ცემა.
ვეყარეთ უპატრონოდ, წვიმაში. მოდიოდნენ სპეცრაზმელები, იკითხავდნენ _ ვინ არიან აქ ჟურნალისტებიო. იმის საპასუხოდ _ აი, გვეშველა-თქო, რომ ვიძახდით, ისინი ხელკეტებს გვირტყამდნენ. გიორგი მამაცაშვილი ჩემს წინ იწვა და ხელკეტი მას უფრო მეტი მოხვდა. ორივეს გვაქვს ტვინის შერყევა. არ ვიცი,  რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს ძმათამკვლელი წუთები. გარკვეული დროის შემდეგ, ის ადამიანი, რომელმაც ჩვენი საბუთები წაიღო, დაბრუნდა. ჩაგვავლო მხარში ხელი, გვერდით ამოუდგა მეორე 18-19 წლის ღლაპი სპეცრაზმელი, რომელიც გვეუბნებოდა, რომ მიგიყვანთ ყვითელ ავტობუსში და, იქ თუ არ გაირკვევა, რომ ჟურნალისტები ხართ, დედას გიტირებთ, დაგჭრით, დაგასახიჩრებთო. საბედნიეროდ, გზად შეგვხვდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, რომელმაც დაუდასტურა სპეცრაზმელებს, რომ ჩვენ მართლაც ჟურნალისტები ვიყავით. ამის შედეგ ჩვენი გამოშვება გადაწყვიტეს. ვთხოვეთ, ხელები გაეხსნათ და შედარებით უსაფრთხო ადგილზე მივეყვანეთ, მაგრამ ამაზე ცინიკურად გვიპასუხეს: “სახლშიც ხომ არ მიგიყვანოთო?!”. ასე ხელებშეკრულებმა გამოვაღწიეთ სოლოლაკისკენ, სადაც თავი ერთ-ერთი ახლობლის ოჯახს შევაფარეთ.
ეს იყო მიხელ როდიონოვის მიერ განხორციელებული ბართლომეს ღამე. ტიპიური, თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკი, სადაც ადამიანებს სასიკვდილოდ სცემდნენ და დღეს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ სადმე გვამი იპოვეს, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ადამიანები სპეცრაზმელებს შემოაკვდათ და შემდეგ სხვადასხვა ადგილებზე დააწყვეს.
გიორგი მამაცაშვილი:
_ ჩემ გვერდით შუახანს მიტანებული მამაკაცი ხროტინებდა, როგორც ჩანს, ეპილეფსიური შეტევა ჰქონდა. მკითხველმა მაპატიოს და, დუჟიც კი მოსდიოდა პირიდან და ძლივს გასაგონად ითხოვდა წყალს. სპეცრაზმელებს მივმართე, _ ღმერთი აღარ გწამთ, წყალი მაინც დაალევინეთ, კაცი კვდება-მეთქი. შენ ვინღა გეკითხება, შენც ზედ დაგაკლავთო და გადაგვიჭირეს და გადაგვიჭირეს ხელკეტები. კარგი, მე არამკითხე ვიყავი და ზედმეტი აქტიურობის გამო გამისწორდნენ, მაგრამ იმ პიროვნებას რაღად მიუბრუნდნენ, ხელკეტს ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: “კიდე წახვალ მიტინგზე? არ მოგწონს სააკაშვილის პოლიტიკა?” შესაძლოა, ის კაცი ცოცხალი ვერც გადარჩენილიყო. ერთი ახალგაზრდა ბიჭი მოიყვანეს და დააგდეს კიდევ ბექას სიახლოვეს, თავგაჩეხილი… იმხელა ჭრილობა ჰქონდა, მე მგონი, ტვინი სდიოდა თავიდან. მისი უსიცოცხლო სხეული, ფაქტობრივად, ბექაზე დააგდეს. ბიჭი დაეცა თუ არა, ხმა აღარ ამოუღია. ეს ორი რამ ყველაზე მძაფრი და ამაზრზენი იყო, რაც მახსოვს. იყო მომენტები, როდესაც ვითიშებოდი და არ მახსოვს, რა ხდებოდა გარშემო. “ტვ 25”-მა ახლახან მოგვაწოდა კადრები, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ამ არხის ხელმძღვანელობას და, რა თქმა უნდა, იმ ჟურნალისტს, რომელიც არ შეშინდა და იღებდა ამ კადრებს. ახლა რომ ვუყურებ ამ კადრებს, შინაგანდ ძალიან მიჭირს. მახსენდება მწკრივებად ჩაწყობილი ცოცხალ-მკვდარ ადამიანთა სხეულები და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ღმერთმა უწყის, მათგან რამდენი გადარჩა. ბოლოს, მადლობა ღმერთს, 4-5-ჯერადად ცემის შემდეგ ვიღაც ადამიანობაშერჩენილი სპეცრაზმელი გამოჩნდა და _ ჟურნალისტები ვინ არიან, ადექით, წამომყევითო. მიუხედავად იმისა, რომ  გვხედავდნენ, როგორ გავყავდით ტერიტორიიდან, შემხვედრი სპეცრაზმელები მაინც გვირტყამდნენ ხელკეტებს. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია ქართველი ერის წინააღმდეგ! ეს იყო გენოციდი ქართველი ერის წინააღმდეგ!
ბექა სივსივაძე:
_ ეს იყო საჩვენებელი დარბევა. მათ სპეციალურად არ გათიშეს პირდაპირი ეთერი, რათა სრულიად საქართველოს ენახა, თუ როგორ უსწორდება სააკაშვილის კრიმინალური პოლიცია ხელისუფლების მოწინააღმდეგე ადამიანებს. გამობრძანდა ის გაბღენძილი და თვითკმაყოფილი შოთა უტიაშვილი და განაცხადა, რომ რეზინის ტყვიით არავინ დაზიანებულაო. ეს ადამიანი, ალბათ, სხვა საქართველოში ცხოვრობს, სხვა რეალობაშია და ვეტყოდი მას: მე შემომხედოს და მერე გაიმეოროს იგივე ფრაზები! ჩემი და გიორგის ნატყვიარ სხეულებს შეხედოს და მერე ილაპარაკოს ბევრი!
მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მიხეილ სააკაშვილს მუჭა-მუჭა აყრიდნენ დამამშვიდებელ წამლებს. კარის მლიქვნელები არწმუნებდნენ, რომ აღლუმი აუცილებლად უნდა გამართულიყო პარლამენტის წინ. მისი პირადი სურვილი იყო, რომ ასეთი ფორმით დაეშალათ აქცია. რაც შეეხება აქციის დაშლის ბრძანებას, როგორც ჩანს, იგი აშშ-ის ელჩმა გასცა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელია. არაერთ პოლიტიკოსს უთქვამს, რომ მიშა სწორედ მისგან იღებს ინსტრუქციებს! სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც სურს, ქართველებს ტრაქტორით გადაუაროს. ტრაქტორი არ ყოფილა იქ, მაგრამ სპეცრაზმელებმა მართლაც ტრაქტორებივით გადაუარეს ქართველ ხალხს.
გიორგი მამაცაშვილი:
_  ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით. მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, საერთაშორისო ჟურნალისტთა ფედერაციებს, რომ ვიბრძოლებთ მანამ, ვიდრე არ დაისჯებიან დამნაშავეები, რომლებმაც 26 მაისის ღამეს ქართველი ერი დახვრიტეს!
_ წამყვანი ტელევიზიების ჟურნალისტებმა თუ გამოხატეს თქვენს მიმართ იმ წუთებში ან შემდგომ კოლეგიალობა ან სოლიდარობა?
გიორგი მამაცაშვილი:
_ სხვადასხვა გაზეთისა თუ ტელევიზიის ჟურნალისტებს ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. მათ შეეძლოთ თუნდაც დაერეკათ და მოვეკითხეთ, მორალურად დაგვდგომოდნენ გვერდით, მაგრამ  ბევრმა მათგანმა ეს არ გააკეთა.
ბექა სივსივაძე:
_ კი, ბატონო, გადაიღე და არ გაგაშვებინეს. უფროსი რასაც გიბრძანებს, ემორჩილები, მაგრამ უბრალო მოკითხვის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა. ასე გეშინიათ? ასე ისმინება თქვენი ტელეფონები? სხვა შესაძლებლობა არ გაქვთ, რომ ის მაინც გეთქვათ, არ მომეცა გაშუქების საშუალება, მაგრამ ვიზიარებ შენს დიდ ტკივილსო? ბევრს შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ, მათდა სამარცხვინოდ, არ გააკეთეს.
_ კარგა ხანია, უკვე ხელისუფლების მხრიდან გვესმის, რომ საქართველოში დემოკრატიითა და სიტყვის თავისუფლების დონით ყველა რეიტინგები დავიპყარით. იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც თქვენ ნახეთ, რას იტყვით ამის თაობაზე?
გიორგი მამაცაშვილი:
_ საქართველოში სიტყვის თავისუფლება არის _ რასაც მინდა, იმას ვიტყვი, მაგრამ მეორე საკითხია, როგორ მაგებინებენ შემდეგ ჩემს ნათქვამზე პასუხს. ბექას  37 ტყვიით აგებინეს,  მე _ ჩვიდმეტამდე ტყვიარით, პლიუს კიდევ ორივეს ერთად _ ხელკეტებით. აი, ასე გვაგებინა ამ ხელისუფლებამ იმ თავისუფალ სიტყვაზე პასუხი, რომელსაც გუშინ და გუშინწინ ვამბობდით და დღესაც ვამბობთ!
ბექა სივსივაძე:
_ ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არ კითხულობს ჟურნალ-გაზეთებს, ტყუილია. ის სიტყვა-სიტყვით, აბზაც-აბზაც კითხულობს თითოეულ სტატიას, რომელიც იწერება “ასავალ-დასავალში”, “საქართველო და მსოფლიოში” და კიდევ რამდენიმე გამოცემაში, სადაც სიმართლისა და იმედის ნაპერწკალი ღვივის. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო ანგარიშსწორება “ასავალ-დასავალის” მიმართაც!
_ როგორ ფიქრობთ, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთდა თუ არა მოვლენების სათანადო ანალიზი და შეფასება? ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დღის სიმწარე იწვნია და იმ ადამიანთა სულები, ვინც ამ დღეს დაიღუპა, სამართლის აღსრულებას ითხოვს…
ბექა სივსივაძე:
_ სამართლის აღსრულებას საქართველოში არა მარტო 26 მაისს დაღუპული ადამიანების სულები ითხოვენ, არამედ ირინა ენუქიძის, სანდრო გვირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის სულები… და ეს სამართალი, ადრე თუ გვიან, აღსრულდება.
ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ქართველი ერის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა. თუმცა ვნახეთ, რომ ევროკავშირმა საკმაოდ მკაცრად დატუქსა ხელისუფლება და საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა ამ მოვლენების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, როდესაც ნახავენ სხვადასხვა კადრებს და ვიდეო მასალებს, რომლებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, კიდევ ურო მკვეთრ და მწვავე შეფასებებს გააკეთებენ.
გიორგი მამაცაშვილი:
_ ორიოდე სიტყვით გიპასუხებთ: მალე გათენდება და მზე ისევ ამოვა!
 
ესაუბრა  
თეო ტაბატაძე
დარეჯან პაატაშვილი (სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი):
სპეცრაზმელმა ყელზე ძლიერად შემომაჭდო მკლავი და ნელ-ნელა გონებას ვკარგავდი
_ აქციის დარბევის შემდეგ სასტუმრო “ქორთიართ მერიოტთან” მოვხვდი, სადაც კამერით ვიღებდი, თუ როგორ სვამდნენ ხელბორკილდადებულ ადამიანებს ყვითელ ავტობუსებში. იქვე გამოჰყავდათ სხვა “ტყვებიც” და სასტუმროს წინ აყენებდნენ. ვხედავდი ერთ რიგად ჩამწკრივებულ თავპირდასისხლიანებულ ადამიანებს, რომლებსაც თავები ჰქონდათ ჩაქინდრული. არ მჯეროდა, რომ ეს ჩემს ქვეყანაში ხდებოდა……ალბათ, დიდხანს შემოვრჩი იმ ადგილს და თვალშიც ამიტომ მოვხვდი სპეცრაზმს.. შემამჩნიეს თუ არა, ერთი სპეცრაზმელი  ყვირილით მომვარდა, თუ რა მინდოდა და რას ვაკეთებდი. ვაჩვენე ჟილეტი წარწერით, მერე გულზე დაკიდებული ბეიჯიც, მაგრამ, ბეიჯი ჩამომგლიჯა, მერე მკლავში მწვდა და კამერის წართმევა დამიპირა. საბოლოოდ, ჩვენი ჩხუბი იმით დასრულდა, რომ ვიღაცამ ყელზე ძლიერად შემომაჭდო მკლავი და ნელ-ნელა გონებას ვკარგავდი… ამასობაში კამერა გამომგლიჯეს. ვიღაცამ  დაუძახა, ქალია, რას შვრებითო, მაგრამ ჩემი კამერის უკვე ახლანდელმა მეპატრონემ მიუგო: “თუ ქალია, წავიდეს სახლშიო”. თუმცა ეს მაინცდამაინც ზრდილობიანად არ უთქვამს. არც ტკივილი მიგრძვნია, არც _ შიში. ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემთვის იყო ქართული სპეცრაზმის დამოკიდებულება იქ მყოფი ადამიანების მიმართ.
 
თაზო კუპრეიშვილი, (“ნეტგაზეთის” ჟურნალისტი):
რამდენიმე სპეცნაზელი გინებით მომვარდა და ჯერ ფეხებში, მერე კი ზურგზე რეზინის ხელკეტები დამიშინეს
_ “ნეტგაზეთის” სხვა ჟურნალისტებთან ერთად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის კუთხეში ვიდექი და ჩიტაძის ქუჩიდან რუსთაველისკენ მომავალ სპეცრაზმს ვიღებდი. ამ დროს ქაშუეთის მხრიდანაც წამოვიდა სპეცრაზმი და იძულებული გავხდი, თავისუფლების მოედნისკენ წავსულიყავი, თან ვიდეოკამერით ვიღებდი, ფოტოაპარატი კი კისერზე მქონდა ჩამოკიდებული. სახეზე ქურთუკს ვიფარებდი, რომ რეზინის ტყვიები არ მომხვედროდა. ქაშუეთიდან და მეტრო “თავისუფლების მოედნის” მხრიდან მომავალ სპეცრაზმელებს შორის ადგილი სულ უფრო მცირდებოდა; იყო საშინელი კვამლი, გასაქცევი კი _ არსად. მოახლოებულ სპეცრაზმელებს ვუყვიროდი, რომ ვარ ჟურნალისტი და გავეშვი, მაგრამ რამდენიმე სპეცნაზელი გინებით მომვარდა და ჯერ ფეხებში, მერე კი ზურგზე რეზინის ხელკეტები დამიშინეს. ამასობაში ძირს დავვარდი და რამდენიმეჯერ თავშიც მომხვდა რეზინის ხელჯოხი. ამ დროს ერთმა სპეცრაზმელმა ხელიდან ვიდეოკამერა გამომგლიჯა, მეორე კი ფოტოაპარატის წართმევას ცდილობდა. მე მაინც ვყვიროდი, რომ ვარ ჟურნალისტი და თავი დაენებებინათ. მოგვიანებით გამოჩნდა პოლიციელი და სპეცრაზმელებს ჩემი ცემა შეაწყვეტინა, წამომაყენა და ტერიტორიიდან გამიყვანა. სპეცრაზმელებს შორის რომ გამოვდიოდი, რამდენიმე მათგანმა რეზინის ხელკეტი თავში ჩამარტყა, წიხლებსაც მირტყამდნენ. თავი ჯერ სასტუმრო “მერიოტს” შევაფარე, მოგვიანებით კი – მაღაზია „პოპულს“.
 
მალხაზ ჭკადუა, “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი: სპეცრაზმელებმა პრესბარათი ამაგლიჯა და სადღაც მოისროლა
_ მიტინგის დაშლის შემდეგ ჟურნალისტების ჯგუფი ჯერ ფურცელაძის, შემდეგ კი თაბუკაშვილის ქუჩებზე შევიკრიბეთ. რამდენიმე სააგენტოს ჟურნალისტებთან ერთად ვცდილობდი რუსთაველის გამზირისკენ ასვლას, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა ამის საშუალება არც ერთს არ მოგვცეს. ვნახეთ წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით დაზარალებულები. ერთი ქალბატონი მოთქვამდა, რომ მის 20 წლის ვაჟიშვილს ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი მანქანაში შეათრიეს.
საინფორმაციო სააგენტო “ექსპრესნიუსის” ჟურნალისტებთან და “პალიტრა ტვ”-ს ოპერატორთან ერთად ლაღიძის ქუჩაზე გადავინაცვლე. ვხედავდით, რომ სპეცრაზმის წევრები “თბილისი მარიოტის” გვერდით იდგნენ. ისე ვაკვირდებოდით სიტუაციას, არც არაფერი გადაგვიღია. უცებ ატყდა სროლა. აშკარა გახდა, რომ ჩვენი მიმართულებით ისროდნენ.
ყვირილი დავიწყეთ, რომ პრესის წარმომადგენლები ვიყავით. მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ისინი ჩვენკენ მორბოდნენ და ჩვენც თაბუკაშვილის ქუჩისკენ გაქცევით ვუშველეთ თავს. ერთგან შევუხვიეთ, შესახვევის ბოლოს კიბე ჩავირბინეთ და ვიწრო ქუჩაზე აღმოვჩნდით. სწორედ ამ დროს დაგვეწივნენ და დაგვაკავეს. თავში მაშინვე ძლიერი ტკივილი ვიგრძენი _ ერთ-ერთმა ჩაფხუტიანმა ხელკეტი უკნიდან ჩამარტყა. პირველს მეორე მოჰყვა. გინებით მიწაზე დამაგდო, თან გაშმაგებით მირტყამდა. ამასობაში მეორემაც მოირბინა და ხელებზე ბორკილი დამადეს. ის, პირველი ძალიან მონდომებული ჩანდა ცემაში, “ბურჯანაძის მონავ”, _ სულ ასე ამბობდა. ვყვიროდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი. სანამ ხელებს შემიკრავდნენ, რამდენიმეჯერ ამისი დამადასტურებელი პრესბარათიც ვუჩვენე, მაგრამ პრესბარათი ამაგლიჯა და სადღაც მოისროლა. შემდეგ თბილისის პოლიციის სამმართველოში წაგვიყვანეს.
სამმართველოში ჩვენთან ერთად იყო რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც ამბობდნენ, რომ აქციის მონაწილეები არ იყვნენ და ქეიფიდან ბრუნდებოდნენ. მამა-შვილიც იყო მათ შორის. შვილი ამბობდა, რომ მანქანას მართავდა, ამიტომ არ დაულევია, სხვებს კი აშკარად ეტყობოდათ სიმთვრალე. კიდევ ერთი მამაკაცი მოიყვანეს. ამბობდა, რომ 18 და 20 წლის შვილები სახლიდან აქციაზე გამოეპარნენ და მათ საძებნელად იყო წამოსული. სულ ცოტა ხანში კი შუახნის მოქალაქე მოიყვანეს, ცხვირი ჰქონდა გატეხილი და სისხლი სდიოდა.
არ დამავიწყდება ის სასულიერო პირი, რომელიც თაბუკაშვილის ქუჩაზე მოვიდა: არ ვიცი, მოძღვარი იყო, მორჩილი თუ ბერი. პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს მიმართა, გამაყოლეთ ეს ხალხიო. მოახლოებაც კი დაუშალეს. თუ არ გამაყოლებთ, მაშინ მეც მათთან ერთად წამიყვანეთო, _ უთხრა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა, შორიდან ედევნებინა თვალი სამმართველოში ჩვენი გადაყვანისთვის.
ძალიან ბევრი კოლეგა მირეკავდა და მწერდა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. დაკავების დღესვე გავიგე, რომ ჩემ გარდა არაერთი ჟურნალისტისთვის მიუყენებიათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
არ მინდა, დამოუკიდებლობის დღეს ქვეყანა სისხლიანი რუსთაველითა და მორიგი რევოლუციის სურვილით ხვდებოდეს. თუ სწორად მახსოვს, მერაბ მამარდაშვილი წერდა, თუ ქართველმა ხალხმა საკუთარ შეცდომებზე სწავლა ვერ შეძლო, ჯოჯოხეთი მუდმივად გაუმეორდებაო…
რედაქციისგან:
საქართველოს უახლესი ისტორიის მემატიანე, დამოუკიდებელი და ზეპარტიული გაზეთი “ასავალ-დასავალი” მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და უპირველესად ნიჭიერი, პატრიოტული სულისკვეთებით ანთებული შემოქმედებითი ჯგუფისა და მთლიანად ქართული საზოგადოების თვალსაჩინო მონაპოვარია უახლესი ისტორიის ეკლიან გზაზე. შესაბამისად, ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, მიმართული ხსენებული გამოცემის წინააღმდეგ, უნდა შეფასდეს როგორც საქართველოში ცენზურის საბოლოოდ გაბატონების აშკარა მცდელობა.
“საქართველო და მსოფლიო” კატეგორიულად გმობს დამოუკიდებელი და ზეპარტიული გაზეთის _ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტების გიორგი მამაცაშვილისა და ბექა სივსივაძის, აგრეთვე სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენელ კოლეგათა მიმართ ხელისუფლების მიერ გაუგონარი სისასტიკით განხორციელებულ ძალადობის აქტს და მომხდარს აფასებს, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლას, თავისუფალი მედიისადმი დესპორტური აგრესიით ჩადენილ დანაშაულს, რომელსაც ძნელად თუ მოეძებნება პრეცენდენტი.
“საქართველო და მსოფლიო” სოლიდარულია და თანადგომას უცხადებს დამოუკიდებელი და ზეპარტიული გაზეთის მთავარ რედაქტორს, ბატონ ლაშა ნადარეიშვილს, აგრეთვე, მთელ შემოქმედებით ჯგუფს, განსაკუთრებით ხელისუფლების გაუგონარი აგრესიის შედეგად დაზარალებულ კოლეგებს _ გიორგი მამაცაშვილსა და ბექა სივსივაძეს.
ითვალისწინებს რა საზოგადოების უკიდურესად დაბალ ნდობას ხელისუფლების, როგორც დაინტერესებული მხარის მიერ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედების ობიექტურად გამოძიებისადმი, “საქართველო და მსოფლიო” პრინციპულად სთხოვს საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებს, აგრეთვე, ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არ დაიშურონ ძალისხმევა, რათა მოხდეს ზემოაღნიშნული ფაქტის, აგრეთვე, სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენელი ჩვენი კოლეგების მიმართ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიება, დამნაშავე პირების გამოვლენისა და კანონის შესაბამისად მათი დასჯის მიზნით.

1 COMMENT

  1. ამ ღამისტვის მეზიზღება სააკაშვილი…ჩEმს შვილიშვილებსაც კი დავუBარებ რომ იცოდნენ რა გველიც იყო…ხარბი…მატყუარა ტრაბახა..მოღალატე და გამყიდველი…ერი გამყიდველობას არავის შEარჩენს…მიუჩენს ადგილას ისტორია,ყორღანაშვილის გვერდით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here