Home რუბრიკები პოლიტიკა ვინ ჩაიბარებს აღლუმს

ვინ ჩაიბარებს აღლუმს

მას შემდეგ, რაც 21 მაისს საპროტესტო აქციები დაიწყო, ქართული საზოგადოება ერთი თავსატეხის ამოხსნას ცდილობს, რომელიც შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: აქვს თუ არა ნინო ბურჯანაძეს ჯოკერი, რომელსაც ჯერჯერობით სახელოში მალავს?
არსებობს თუ არა ჯერაც ამოუცნობი ფაქტორი, რომელზეც ის განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს? მიუხედავად იმისა, რომ უკანდახევის ყველა გზა მოიჭრა, ბურჯანაძე აქციებზე იმდენად თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, თითქოს რეზერვში რომის ყველა ლეგიონი და კართაგენის ყველა საბრძოლო სპილო ჰყავდა. გარეგნულად, ბევრი რამ თითქოსდა ისე მიდიოდა, როგორც 2007-09 წლებში, თუმცა იყო ერთის შეხედვით ძნელად შესამჩნევი სხვაობაც, რომელიც ამჟამინდელ აქციებს გასული წლების უიღბლო გამოსვლებისგან განასხვავებდა.

რევოლუციის ევოლუცია
აქციების საწყის ეტაპზე უცხოეთის წამყვანი მედიასაშუალებები მომიტინგეების მიმართ გაცილებით მეტ კეთილგანწყობას ავლენდნენ, ვიდრე 2007-09 წლებში; ეს, გარკვეულწილად, ,,ვარდების რევოლუციის” საწყის პერიოდს მოგაგონებთ. ამას შეიძლება ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებდეს: არაბული რევოლუციებიდან მოყოლებული ინერცია, რომელიც ოპოზიციის მხარდაჭერას ითვალისწინებს ან გავლენიანი წრეების მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ მოვლენები სასურველია სწორედ ასეთ ტონალობაში გაშუქდეს.
ცხადია, დასავლური მედია გაცილებით თავისუფალია ვიდრე ქართული და იქ ხელების (უხეშ და ხილულ) გადაგრეხვას ადგილი, დიდი ხანია, არ აქვს. მაგრამ თუ აშშ-ის ან ბრიტანეთის მთავრობა ჩათვლის, რომ სადღაც შორს, უცხოეთში მიმდინარე პროცესებს წამყვან მედიასაშუალებებში გარკვეული ინტერპრეტაცია უნდა მიეცეს, ის დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს. დასავლურ მედიაში დღეისთვის შექმნილი ფონი სააკაშვილის ხელისუფლებას, სავარაუდოდ, ძლიერ ანერვიულებს, რადგან ზოგიერთ პუბლიკაციაში ,,სტრიქონებს მიღმა” სფინქსისა და ეგვიპტური პირამიდების აჩრდილი სავსებით ნათლად მოჩანს.
,,საააკაშვილს მოუწევს, გადაწყვიტოს, გამოიყენებს თუ არა ძალას ამ მიტინგების დასაშლელად მუამარ კადაფის სულისკვეთებით, თუ ცვლილებებისა და დათმობების შესახებ განაცხადებს”, _ წერს The Nacional Interest“-ი. აქ საკმაოდ საინტერესოა თავისთავად საკითხის ფორმულირება, რადგან პერსპექტივაში, როგორც ერთ, ისე მეორე გზას სააკაშვილის ხელისუფლება კრახისკენ მიჰყავს. მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის გაცილებით კომფორტული იქნებოდა, ყველაფერი ძველებურად დარჩენილიყო და მათ გეგმებს ხელისუფლების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით არაფერი დამუქრებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, სააკაშვილსა და მის გარემოცვას (მისთვის) ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება მაინც მოუწევს.
სახელისუფლო პროპაგანდის საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში სააკაშვილის მომხრეთა ერთობ ისტერიული რეაქცია მიმდინარე მოვლენებზე საკმაოდ მკაფიოდ აისახება. როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელთან შედარებით, აქციების პირველ დღეებში ქუჩაში არც ისე ბევრი მომიტინგე იდგა, მათ იგრძნეს, რომ სიტუაცია ნებისმიერ შემთხვევაში დინამიურ მდგომარეობაში გადავა და ამას მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ბუნდოვანი პერსპექტივა აშინებთ. თუ ხელისუფლება დროებით მაინც საპროტესტო მოძრაობის ჩახშობას შეძლებს, სააკაშვილის მხარდამჭერები, სავარაუდოდ, შეეცდებიან, ამ დღეებში განცდილი ქვეცნობიერი შიშისთვის შური მთელ ქვეყანაზე იძიონ. მაგრამ ცხადია, ეს პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვერ მოუხსნის.
კიდევ ერთი გარემოება, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაზე მიბმულ პოპულაციას აფრთხობს, სავარაუდოდ, ისაა, რომ მათ ქუჩაში დაინახეს ადამიანები, რომლებმაც უკან დასახევი გზა თვითონ მოიჭრეს; ზონდერებს ხელი შეუბრუნეს (22 მაისს), თანაც ისე, რომ ეს უკანასკნელები იძულებული გახდნენ, მოეკურცხლათ. და საერთოდ, გააკეთეს უამრავი ისეთი რამ, რისთვისაც სააკაშვილის საქართველოში ადამიანებს თითქმის 100-პროცენტიანი ალბათობით ციხეში სვამენ. ზონდერების ცემა თუ იმ მანქანაზე იერიშის მიტანა, სადაც პოლიციელები სხედან, გარკვეული თვალსაზრისით, ,,უძლეველი” ხელისუფლების იმიჯის შელახვაც ხომ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ კადრებს ყველა არხი წარამარა ატრიალებს.
მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ რიგითი მოქალაქეების რიგებში ხელისუფლებას რეალურად შეურიგებელი მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ, რომლებმაც საკუთარი თავისთვის უკან დასახევი გზა არ დაიტოვეს. ისინი აშკარად განსხვავდებოდნენ იმ მომიტინგეებისგან, რომლებიც 2009-ში რუსთაველზე ,,ფოთლებს უფრთხილდებოდნენ”. ამ ევოლუციამ სააკაშვილის მომხრეებში საკმაოდ ნერვული რეაქცია გამოიწვია, რადგან კონკრეტული მიტინგი კი შეიძლება დაშალო, მაგრამ ეს ადამიანები დარჩებიან და საკუთარ პროტესტს სხვა, შესაძლოა, გაცილებით რადიკალურ ფორმებს მოუძებნიან. ეს ყველაფერი უკვე იყო, თან არაერთგზის, მაგალითად, კუბაში _ დაუვიწყარი 50-იანების მიწურულს.
O BELLA CIAO, რას ვშვებით, ძმაო?
2003 წელს ,,ვარდების რევოლუციის” საწყის პერიოდში ქუჩაში უფრო ნაკლები ადამიანი იდგა, ვიდრე _ 2011 წლის მაისში, მაგრამ მაშინ უზარმაზარი მასების მობილიზება საჭირო არც იყო. მაშინ, პირველ ეტაპზე, მთავარ ამოცანას საპროტესტო აქციების გადაქცევა ცენტრალურ მოვლენად საინფორმაციო სივრცეში და მოთხოვნების მკაფიო დაფიქსირება წარმოადგენდა. ისიც ფაქტია, რომ ,,სახალხო კრების” ლიდერები 21 მაისიდან მოყოლებული მომიტინგეთა ნაკლებობას უჩიოდნენ. მეტიც, აცხადებდნენ, რომ მათი სიმცირე დასახული გეგმების განხორციელებას აფერხებს.
გარკვეული როლი მომიტინგეების რიგების შეთხელებაში 21-23 მაისს ხელისუფლების აგრესიულმა მოქმედებამ შეასრულა, რომელიც ოპონენტებს ცოფიანი ორანგუტანგის ენთუზიაზმით დაერია, მაგრამ ექვსთვიანი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში და ბოლო დღეებში ,,სახალხო კრებამაც” ბევრი შეცდომა დაუშვა. ავიღოთ თუნდაც ერთი მცირე ეპიზოდი: 21 მაისის აქციის წინ ,,სახალხო კრებას” ხმის აპარატურით აღჭურვილი მანქანა (მოძრავი ტრიბუნა) დაუზიანეს, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი მიტინგის დაწყება მინიმუმ ერთი საათით შეაფერხა. აუცილებელი არაა კლაუზევიცი იყო, რომ მიხვდე _ ეს მანქანა მიტინგის საკვანძო ელემენტია და მას საგანგებო დაცვა რომ სჭირდება.
ამასთანავე, ,,კრების” საინფორმაციო სტრატეგია მთელ რიგ ხარვეზებს შეიცავდა და ბევრი პოტენციური მომიტინგე გაურკვევლობის, დაბნეულობისა და სახელისუფლო კონტრპროპაგანდის მსხვერპლი გახდა. მიტინგებზე ხშირი იყო უაზრო პაუზები, ნაკლებად შინაარსიანი გამოსვლები და საერთოდ, ყოველივეს კარგი დრამატურგია აკლდა. ცხადია, ეს სუფთა ტექნოლოგიური ასპექტია, მაგრამ ამის გამო მთელ რიგ ადამიანებს 22-23-ში შეექმნა განცდა, რომ აქცია სუსტდება და გამოსავალი არ ჩანს. ამან ერთი უცნაური (ფსიქოლოგიური ხასიათის) შედეგი გამოიწვია: როდესაც 22-ში აქციაზე ,,ქართული პარტიის” წარმომადგენლები მივიდნენ, მათი გამოჩენა მომიტინგეთა გარკვეულმა ნაწილმა კრიტიკულად მნიშვნელოვან დახმარებად და ორ თანასწორ ძალას შორის ერთგვარი პაქტის გაფორმებად აღიქვა; არადა, აქციების წინარე პერიოდში ნინო ბურჯანაძე შესაძლო (მაგრამ ნაკლებად სავარაუდო) ალიანსში საკუთარი თავის ,,უფროს პარტნიორად” წარმოჩინებას ახდენდა, რომელიც ნებისმიერი სცენარის კალაპოტში ,,ქართული პარტიის” დახმარებაზე დამოკიდებული არ იქნება.
მოგვიანებით ბურჯანაძემ გააკეთა კომენტარი, რომლის მიზანი, სავარაუდოდ, ამ განწყობის კორექტირება იყო: ,,თუ “სახალხო კრების” აღმასრულებელი საბჭოსთვის ,,ქართული პარტიის” რომელიმე გადაწყვეტილება მისაღები არ იქნება, “სახალხო კრება” ამას არ გააკეთებს, ყოველ შემთხვევაში _ “კრების” ეგიდით”. ,,სახალხო კრება” არ დაუშვებს რაიმე ისეთ ქმედებას მისი სახელით და მისი ქუდის ქვეშ, რაც ჩვენთვის მისაღები არ არის” (,,ინტეპრესნიუსი”). ამასთანავე, მან დააკონკრეტა, რომ საუბარი ეხება არა ,,სახალხო კრებისა” და ,,ქართული პარტიის” ერთობლივ აქციას, არამედ ,,ქართული პარტიის” მიერ ,,სახალხო კრების” აქციის მხარდაჭერას.
დაახლოებით ამავე დროს დაიწყო საუბრები ,,ჯოკერზე”, რომელიც ბურჯანაძეს თითქოსდა შემონახული აქვს, რადგან აბსოლუტურად გაუგებარი შეიქნა, რა რესურსით (რა ვადებში, რა მეთოდებით) მოხდება ხელისუფლების შეცვლა. თუ გამოცდილება და ინტუიცია რაიმეს ნიშნავს, შემიძლია გამოვთქვა სუბიექტური მოსაზრება, რომ ხსენებული ჯოკერი ბურჯანაძეს ნამდვილად აქვს; მაგრამ შეძლებს თუ არა მის ეფექტურ გამოყენებას, სხვა საკითხია. ამ კონტექსტში შეგვიძლია, ვიფიქროთ გარკვეულ მყარ გარანტიებზე, რომლებიც მან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ მიიღო, თუმცა ამ მსჯელობის შემდგომი გაგრძელება, ალბათ, კონსპიროლოგიაში გადაგვაგდებს.
23 მაისის მიტინგზე ცნობილი გახდა, რომ 25-ში, 12 საათზე აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნისკენ დაიძრებოდნენ. ზუსტად იმ დროს, როდესაც ავლაბრის მოედანზე ,,ქართული პარტიის” მხარდამჭერები უნდა შეკრებილიყვნენ. ამ მომენტიდან ძალიან საინტერესო გახდა ხელისუფლების რეაქციის დაკვირვება: თუ ის მიიჩნევდა, რომ ეს ორი პარალელური აქცია მხოლოდ რადიკალურად განწყობილი საზოგადოების ძალების დაქსაქსვას გამოიწვევს, მათთვის ხელი, წესით, არ უნდა შეეშალა, ხოლო თუ ჩათვლიდა, რომ ეს ერთი ,,არმიის” ორი კოლონაა, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებენ და ,,ბრძოლის ველზე” უნდა შეერთდნენ, 25 მაისამდე დარჩენილ დროში მათთვის ცალ-ცალკე უნდა დაერტყა, რადგან ოპონენტების ერთობლივი მოქმედება 26 მაისის აღლუმის ჩასაშლელად, როგორც საინფორმაციო, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით, საკმაოდ დიდ რისკებს დაუკავშირდებოდა.
თუმცა ყველაზე უკეთ ხელისუფლების საქმე ამ შემთხვევაში ,,ქართულმა პარტიამ” გააკეთა (ნებით თუ უნებლიეთ, სხვა საკითხია), როდესაც 24-ში 25 მაისის აქცია გააუქმა. აგრეთვე, პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ, ხმაურიანი ანონსის მიუხედავად, 25 მაისს ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში არ ჩამოვა. ამან საზოგადოება კიდევ უფრო დააბნია. ძნელი სათქმელია, რა იყო ეს _ ტაქტიკური მანევრი თუ მიზანმიმართული საბოტაჟი.
საინფორმაციო ასპექტში სურათი (კადრი, რეპორტაჟი და ა.შ.), სადაც ერთ მხარეს შეიარაღებული ფორმიანი ადამიანებით გარშემორტყმული ხელისუფლების პირველი პირები, ხოლო მეორე მხარეს, უიარაღო სამოქალაქო პირები დგანან, სააკაშვილისთვის უაღრესად წამგებიანი იქნებოდა. უსაფრთხოების თვალსაზრისით კი, სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების თავმოყრა იმ ადგილის უშუალო სიახლოვეს, სადაც ათასობით რადიკალურად განწყობილი ადამიანი იმყოფება, უმართავი პროცესების დაწყების აშკარა  საფრთხეს უკავშირდება.
საპატიო პაციენტის ვნებანი
26 მაისის აღლუმი ერთგვარ ფსიქოლოგიურ მიჯნად იქცა. არავინ აიძულებდა სააკაშვილს, ასეთ არასტაბილურ ვითარებაში მასშტაბური აღლუმი გაემართა, მაგრამ, როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ ძალის დემონსტრირება საუკეთესო გამოსავალია. ეს არის გადაწყვეტილება ლათინოამერიკული, მეტიც, აფრიკული დიქტატურების სტილში, რაც თავისთავად, კონსტრუქციული, უფრო მოქნილი და გონივრული იდეების არარსებობაზე მიანიშნებს.
26 მაისის აღლუმი ,,რუბიკონად” სწორედ სააკაშვილმა აქცია. მან თვითონ შექმნა კოორდინატების სისტემა, სადაც იმ შემთხვევაში, თუ რუსთაველის გამზირზე აღლუმის ჩატარებას ვერ მოახერხებდა, ეს წარმოჩინდებოდა როგორც ხელისუფლების მარცხი. ვინაიდან ოპოზიციის ლიდერები იმთავითვე აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება ,,აღლუმს მშვიდად ვერ ჩაიბარებდა”,
მომიტინგეების აღლუმის ჩატარების ადგილამდე არმიშვება (და შესაბამისად ძალისმიერი მოქმედება მათ წინააღმდეგ) სააკაშვილისთვის პირველი რიგის ამოცანად იქცა. ყოველივე ეს ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმოიშობა სუბიექტური ფსიქოლოგიური მოტივებისგან, სააკაშვილის პირადი ქიმერებისგან პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს. არადა, დემონსტრაციულად მასშტაბური აღლუმის მოწყობა ქალაქში, სადაც მრავალათასიანი საპროტესტო აქციები იმართება და პოლიცია მომიტინგეებს სასტიკად უსწორდება, იმავე ,,დემოკრატიული სამყაროს” გადასახედიდან გამოიყურება როგორც უკიდურესი პოლიტიკური სიჩლუნგე, რაც სააკაშვილის იმიჯს სერიოზულ (მერამდენე?) დარტყმას მიაყენებს.
ალბათ, იყო რაღაც უცნაური ლოგიკა იმაში, რომ გასულ კვირას ბუდაპეშტის კორვინის სახელობის უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე შემდეგი განცხადება გამოქვეყნდა: ,,23 მაისს მის განრიგში გაუთვალისწინებელი ცვლილებების გამო” მიხეილ სააკაშვილი ,,ვერ შეძლებს ეწვიოს ჩვენს უნივერსიტეტს მისთვის საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის ცერემონიაზე”. მართლაც, რაღა დროს ,,საპატიო დოქტორობაა”, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ ის უფრო ,,საპატიო პაციენტის” წოდების დაუფლებას ცდილობს.

ასეთ ვითარებაში ნორმალურ (და ზომიერად არანორმალურ) ქვეყნებში, როგორც წესი, ხელისუფლებაში მყოფი საღად მოაზროვნე პირები არაადეკვატურად მოქმედ პრეზიდენტს აჩერებენ, თუმცა დღევანდელ საქართველოში ამის ალბათობა არც ისე მაღალია. ასე რომ, როგორც ჩანს, ქვეყანა მასშტაბური არეულობის, მეტიც, სისხლისღვრის ზღურბლზე დგას.
 
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here