Home რუბრიკები სამართალი წერილი ციხიდან

წერილი ციხიდან

 რამაზ პატარაია მასზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის გამო უმძიმეს მდგომარეობაშია. პატიმრობის პერიოდში ის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ისე სასტიკად სცემეს, რომ პარალიზებული აქვს ქვედა კიდურები და ეტლით გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, მასზე ფიზიკური ზეწოლა დღემდე გრძელდება.ხოლო გამოძიება კი განზრახ ჭიანურდება. გთავაზობთ რუსთავის #2 კოლონიის პატიმრის, რამაზ პატარაიას წერილს.
“მომართვა ჩემ მიერ ხორციელდება საფუძველზე იმისა, რომ ჩემზე განხორციელებულ კანონდარღვევების შემდეგ იძულებული ვარ, მივმართო სტრასბურგის სასამართლოს, თქვენი დახმარებით და ქვემოთ მოყვანილი ფაქტებით შევეცადო, გაგარკვიოთ მომხდარ კანონდარღვევებში, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა ჩემ მიმართ.
1. დავიწყებ იმით, რომ ნუ დამძრახავთ მართლწერაში დაშვებული უზუსტობების გამო, რადგან არ მაქვს სათანადო განათლება უბრალო მიზეზის გამო _ სასჯელს 17 წლის ასაკიდან ვიხდი. შემდეგ გეტყვით, რომ ჩემ მიერ მოყვანილ ფაქტებში უმეტეს შემთხვევაში თარიღებს არ ვაკონკრეტებ, რადგან ცდომილების შემთხევაში ჩემ წინააღმდეგ არ იქნეს გამოყენებული. ახლა კი შევეცდები, გაგარკვიოთ მომხდარ ფაქტებში.
2. ქ. ქუთაისის #2 საპყრობილეში გადაყვანილ ვიქენი ქ. რუსთავის #6 საპყრობილიდან, სადაც ვიხდიდი ე.წ. კრიტს, რომელიც მისჯილი მქონდა ექვსი თვით. 2009 წლის ნოემბრის ბოლოს მოხდა აღნიშნული ეტაპირება.
3. ქ. რუსთავის #2 საპყრობილეში შესახლებულ ვიქენი კორპუსზე, სადაც იმყოფებოდნენ მსჯავრდებულები და არა პატიმრები. კონკრეტულად C (ცე) კორპუსზე, #324 საკანში, რომელიც გათვალისწინებული იყო ორ პატიმარზე და ჩემთან ერთად იმყოფებოდა პატიმარი, რომელიც ჩემთან ერთად იქნა ეტაპირებული ქ. რუსთავის #6 საპყრობილიდან.
4. მთავარი კანონდარღვევა, რომელიც ჩემ მიმართ განხორციელდა ქ. ქუთაისის #2 საპყრობილეში, მდგომარეობს შემდეგში: უმიზეზოდ მოგონილი ცრუ რეჟიმის დარღვევის ფაქტზე ჩამსვეს ე.წ. კარცერში, სადაც პროტესტის ნიშნად მივიყენე თვითდაზიანება ორივე ზედა კიდურზე. ამის შემდეგ გადამიყვანეს ე.წ. ფუქსებში, სადაც დამიმუშავა ექთანმა ჭრილობები. ამის შემდეგ იქ მყოფმა თანამშრომლებმა მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცდილობდნენ, გამოვეწვიე, რომ ჩამედინა რაიმე სახის კანონდარღვევა. შემიყვანეს ე.წ. ფუქსში, რამდენიმე ხანში განმეორდა სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩემ მიმართ, რასაც მოყვა კარების გაღება და ჯერ ორი თანამშრომლის ნუგზარ ჟორჟოლიანისა და დათოს (გვარი უცნობია ჩემთვის) შემოსვლა და სიტყვიერი შეურაცხყოფიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადასვლა, რაც გარკვეული ხანი გრძელდებოდა. ამის შემდეგ თანამშრომლებმა, რომლებიც მომხდარ ფაქტს უყურებდნენ, მოიყვანეს ექთანი, რომელმაც გამიკეთა ჩემთვის უცნობი პრეპარატი, ოღონდ განმიმარტა, რომ ეს იყო დამამშვიდებელი. დამაბრუნეს კვლავ ე.წ. ფუქსში და ის ორი ღამე გავათენე იქ, სადაც არ იყო არც სკამი, არც მაგიდა, რომ არაფერი ვთქვა ნარზე. დილით კუთვნილ ულუფაზე უარის თქმის შემდეგ, რა თქმა უნდა, პროტესტის ნიშნად, გადამიყვანეს კარცერში, სადაც მოვითხოვე ექთანი, რომელმაც გამიკეთა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი “ბარალგეტაქსი”, რომელსაც სისტემატიურად მოვიხმარ დაახლოებით 8 თვეა, თანაც დღეში მინიმუმ ერთ ამპულას, მაგრამ უფრო ხშირად _ მეტსაც. ყოველივე ამის შემდეგ ექთანს, რომელმაც მე ნემსი გამიკეთა, ვაჩვენე წინა ღამით ცემის შედეგად (თანამშრომლების მიერ) ჩემზე დატოვებული დაზიანებები და მოვთხოვე, რომ მორიგე ექიმისთვის ეთქვა ყოველივე ამის შესახებ, რათა ჩამოსულიყო ექიმი ე.წ. კარცერში, დავეთვალიერებინე და შესაბამისად დაეფიქსირებინა ჩემს სხეულზე დატოვებული აშკარა დაზიანებები, მაგრამ ეს არ მომხდარა. მოგვიანებით, რამდენიმე საათში, გაძლიერებული ტკივილების ფონზე და ამის შედეგად კვლავ მიყენებული თვითდაზიანებების შემდეგ, დამაბრუნეს საკანში, რომელშიც მანამდე ვიმყოფებოდი, C  კორპუსში, #324 საკანში.
5. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ გამირთულდა ისედაც შერყეული ჯანმრთელობის მდგომარეობა. კონკრეტულად კი გამიძლიერდა თავის ტკივილები, დამეწყო სისტემატიური სახის აუტანელი და გაუსაძლისი შეტევები, გათიშვები, რაც გრძელდება ხან 30 წუთი, ხანაც უფრო მეტხანს (შეტევისა და გათიშვის შესახებ თანასაკნელებისგან ვიგებ), ხერხემლის ძლიერი ტკივილები და ამ ყოველივეს ფონზე ვეღარ ვაკონტროლებ თავს და ვიყენებ თვითდაზიანებებს, იქნება ეს ქვედა თუ ზედა კიდური. ამჟამად კი თქვენთვის ცნობილია, რომ ინვალიდის ეტლის გარეშე ვერ გადავაადგილდები, ამ ყველაფრის გამომწვევი ზუსტი დიაგნოზი კი ჩემთვის დღემდე უცნობია.
6. ზემოთ აღნიშნული დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, მე და ჩემი თანასაკნელი გადაყვანილ ვიქენით იმავე ციხის იმავე კორპუსის #302 საკანში, რომელიც გათვალისწინებული იყო 6 ადამიანზე. დანარჩენი 4 იყო მსჯავრდებული და მე პატიმარი, რომელიც კოლონიიდან კრიტის რეჟიმში ვიყავი გადაყვანილი ადმინისტრაციის შეხედულებით, არასათანადო ქცევისა და რეჟიმის დარღვევის გამო.
7. რამდენიმე დღეში ნევროპათოლოგთან კონსულტაციის შემდეგ გადამიყვანეს ციხის სამედიცინო ნაწილში B,R #302-ში, საიდანაც, სავარაუდოდ, ზუსტი დიაგნოზის დასასმელად ეტაპირებული ვიქენი ქ. ქუთაისის #2 საპყრობილიდან ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ეტაპირება მოხდა დაახლოებით 2010 წლის იანვრის დასაწყისში.
8. ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გატარებული ორი კვირის განმავლობაში ჩემ მიმართ ხორციელდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფები, მუქარები და ზეწოლა უშუალოდ ამ დაწესებულების დირექტორის გოგა ბუთლიაშვილის მიერ. ამ ფაქტებზე მე ერთ-ერთ წერილში კიდეც ვაცნობე სახალხო დამცველის აპარატს. დაწესებულებაში გატარებული ორი კვირის შემდეგ კვლავ ეტაპირებული ვიქენი ქ. ქუთაისის #2 საპყრობილეში, სადაც ერთი დღით შემასახლეს სამედიცინო ნაწილში, B კორპუსში, #302 საკანში, საიდანაც მეორე  დღეს გადამიყვანეს ზემოთხსენებულ Cკორპუსზე კვლავ #302 საკანში. იქ გატარებული დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე კვლავ ხორციელდებოდა ციხის თანამშრომლების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფები და ზეწოლის ფაქტები. 2010 წლის 29 იანვარს ისე, რომ ჩემთვის არაფერი განუმარტავთ, ეტაპირებული ვიქენი კვლავ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ამ ეტაპირებისას გამოგონილი ინციდენტის შემდეგ ბადრაგის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად დარჩენილი დაზიანებები აღნიშნულია 2010 წლის 29 იანვარს ჩემი ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიღებისას შედგენილ ბარათში. დაზიანებებით ვყავდი ნანახი ჩემს ადვოკატს, რომელმაც მომხდარიდან რამდენიმე დღეში მინახულა. ამ დაწესებულებაში ყოფნისას, რომელმაც ორი კვირა გასტანა, ჩემ მიმართ კვლავ ხორციელდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ზეწოლა და მუქარა, ოღონდ ამჯერად დაწესებულების უფროსის პირველი მოადგილის მხრიდან, რომელსაც ვაჟა ჰქვია, გვარი ჩემთვის უცნობია. ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ჩემი ეტაპირება ქ. რუსთავის #2 კოლონიაში მოხდა 2010 წლის თებერვლის შუა რიცხვებში (აქაც ვაკონკრეტებ, რომ დაახლოებით).
მე მინდა გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტრასბურგის სასამართლომ  საჭიროდ მიიჩნია ჩემი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა, მე ამაზე უარს ვამბობ. მიზეზი ნათელია და გარკვევით მაქვს მითითებული ზემოთ მოყვანილ ფაქტებში.
რ. პატარაია”
წერილი მოგვაწოდა “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნინო ანდრიაშვილმა.
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here