მსოფლიო პრესა ამ დღეებში მსოფლიო სავალუტო ფონდის პრეზიდენტის _ დომინიკ სტროსკანის დაკავების ფაქტით ტკბება. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ მართალია, ყრუდ, მაგრამ მაინც ისმის, რომ ეს კრიმინალური საქმე ძალადობრივ გაუპატიურებასთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ მასშტაბურ შეთქმულებასთან. ამ შეთქმულების მსხვერპლიაო სტროსკანი.
რაზეა ლაპარაკი?
“საქართველოს და მსოფლიოს” ამ შეკითხვას უპასუხა პროფესორმა დავით იაკობიძემ:
_ დასავლური მასმედიის პუბლიკაციების ავტორთა ერთი ნაწილი სტროსკანის დაპატიმრებას უკავშირებს საფრანგეთის შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას. იგი თავისი პოპულარობით ჯაბნიდა საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის. ეს ნიშნავს, რომ მომავალ არჩევნებში მას სერიოზული შანსი ჰქონდა, საფრანგეთის სოციალისტური პარტიიდან წარმდგარიყო პრეზიდენტობის კანდიდატად და გაემარჯვა.
აქედან გამომდინარე, აშკარად მიგვითითებენ, თუ ვის შეეძლო განეხორციელებინა შეთქმულება სტროსკანის წინააღმდეგ.
მაგრამ, თუ უფრო ღრმად ჩავუფიქრდებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ შეთქმულება შეიძლება სულაც არაა ფრანგული “წარმოშობის”. სტროსკანი, რომელიც იუდეველია, თავგადადებული მკვლევარია იუდეიზმის და ეკონომიკის, იუდეიზმის და პოლიტიკის, სერიოზული მეცნიერია, მკაცრ მორალურ-ეთიკურ ნორმებზე დგას. მიაჩნია, რომ ეკონომიკის მთავარი, განმსაზღვრელი, მამოტივირებელი საფუძველი რელიგიიდან უნდა მოდიოდეს. ამით იგი უპირისპირდება სარკოზის. ამასთან, საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი წარმოშობით უნგრელია.
ეს დაპირისპირება ისტორიაში ჩახედულ კაცს ერთგვარად 116 წლის წინანდელ ამბავს გაახსენებს, კერძოდ, დრეიფუსის პროცესს, საფრანგეთის არმიის კაპიტნის, იუდევეკის, რომელიც 1894 წლის დეკემბერში დააპატიმრეს გერმანიის აგენტობის ბრალდებით, სამხედრო სასამართლომ გაასამართლა და მომდევნო წლის იანვარში სამუდამო პატიმრობა მისჯილი გადაასახლეს ეშმაკის კუნძულზე.
მისი კონტრაგენტი იყო მაიორი ესტერგაზი, უნგრელი, რომელიც სამხედრო ხელისუფლებამ “თამაშიდან გაიყვანა” და მთელი ცოდვები ალფრედ დრეიფუსს “აჰკიდა”, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის იყო დამნაშავე. ხოლო “დოკუმენტი”, რომელზეც აიგო ბრალდება დრეიფუსის წინააღმდეგ, ნაყალბევი იყო.
სხვათა შორის, პირველი სკანდალი, რომელიც სტროსკანს აუგორეს, უნგრული წარმოშობის ქალს უკავშირდებოდა.
პარალელი თვალშისაცემია. ჩნდება ორი ფენა: ერთი მიგვანიშნებს საფრანგეთის ხელისუფლებაზე, მეორე _ სიონიზმის ელემენტებზე.
_ ბატონო დავით, დრეიფუსის დასაცავად მაშინ ხმა აღიმაღლა დიდმა ფრანგმა მწერალმა ემილ ზოლამ, რომელმაც ფრანგულ გაზეთში L’Aurore (“ავრორა”) გამოაქვეყნა ღია წერილი საფრანგეთის პრეზიდენტისადმი _ “ბრალს ვდებ”. მან პირდაპირ და დაუფარავად განაცხადა, რომ დრეიფუსის საქმე ფალსიფიცირებულია. ამ წერილმა შეძრა საფრანგეთიც და მთელი ევროპაც…
_ ემილ ზოლასნაირი გაბედული მწერლები, ღმერთმა ქნას, გამოჩნდნენ, მაგრამ ეჭვი მეპარება.
რატომ, იცით?
იმიტომ, რომ ის, რაზეც ვილაპარაკე, გადაფარულია მესამე პრობლემით.
როგორც კი დააპატიმრეს სტროსკანი, იმავე წამს გამოჩნდა მისი შემცვლელი კანდიდატი აშშ-დან. ამის დამნახავმა ე. წ. ახალმა ქვეყნებმა _ ჩინეთმა, ბრაზილიამ, სამხრეთ აფრიკამ, ინდოეთმა, რუსეთმა, თავ-თავიანთ წარმომადგენელს მოარგეს ეს ჩოხა. ჯერ ერთი, რატომ უნდა იყოს ამ მონეტარული ფონდის ხელმძღვანელი მაინც და მაინც დასავლეთ ევროპიდან და, მეორე, თვით ამ ფონდის საკითხიც მსჯელობის საგნად აქციეს. ტროსკანი გადადგა. მის შემცვლელად, უეჭველია, კვლავ ევროპელს აირჩევენ.
მაგრამ მთავარი, ჩემი აზრით, თვით ამ მონეტარული ფონდის პრობლემებია.
_ რომლებიც სტროსკანთან არის დაკავშირებული?
_ დიახ. როგორც მსოფლიო მასშტაბის ეკონომისტი-პოლიტიკოსი სტროსკანი 2008 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც “დიდმა შვიდეულმა” აღიარა, რომ მსოფლიოში არის ფინანსური კრიზისი.
ეს კრიზისი მსოფლიოში 2006 წელს დაიწყო. მაგრამ ამის ფიქსაცია არ ხდებოდა. ამ მოვლენას ხან რას არქმევდნენ, ხან _ რას, მაგრამ “კრიზისის” ხსენებას გაურბოდნენ. მხოლოდ 2008 წლის ზაფხულში ინგლისის მაშინდელი პრემიერის _ ბრაუნის ინიციატივით აღიარეს, რომ სახეზეა კრიზისი.
ამის შემდეგ გამოდის სტროსკანი და აცხადებს, რომ ამ კრიზისს ვერ გადავლახავთ, თუ არ შევქმნით სპეციალურ მექანიზმებს მონეტარული ფონდის გასაძლიერებლად.
_ იგი ამ დროს მსოფლიო სავალუტო ფონდის პრეზიდენტია?
_ 2007 წლიდან უდგას სათავეში. 1998 წელს, კრიზისის პერიოდში, ფონდს ხელმძღვანელობდა მიშელ კამდესიუ.
_ თბილისშიც იყო ჩამოსული.
_ კი, იყო. მან თქვა, რომ საერთაშორისო მონეტარული ფონდი მოწოდებულია, დაალაგოს ეს კრიზისი და მსოფლიო ბანკთან ერთად, რომლის აღმასრულებელი დირექტორი მაშინ ვულფენსონი იყო, მიხედავდა ამ პრობლემას.
ეს ტანდემი მართლაც მზად იყო პრობლემის მოსაგვარებლად. მაგრამ კამდესიუმ, რომელიც შინაგანად წესიერი კაცი იყო, ვერ გაუძლო ანტიგლობალისტების შემოტევებსა და შეურაცხყოფას და გადადგა. ამასთან, მას დაუფარავად მიანიშნეს, რომ მისი საქმე არ არის მსოფლიო კრიზისისა და მსოფლიო პრობლემების მოგვარება. წავიდა კამდესიუ, წავიდა ვოლფენსონიც.
2008 წელს სტროსკანს მიეცა შანსი, კვლავ წამოეწია ეს საკითხი. მაგრამ წამოწია თუ არა პრობლემა, დაუყოვნებლივ აუგორეს სკანდალი, რომელიც უნგრელ ქალთან იყო დაკავშირებული: ტელეფონით ეარშიყებოდაო. ამით დაამუხრუჭეს. ვეღარ იაქტიურა.
ამასობაში ბრაუნმა, მერკელმა და სარკოზიმ ჩამოაყალიბეს კონცეფცია, რომლის მიხედვით მსოფლიო კრიზისი ბანკებზე სახელმწიფოს მარეგულირებელი ზემოქმედებით უნდა გადაწყვეტილიყო.
_ ეს რას ნიშნავს?
_ ეს ნიშნავს მსოფლიო თავისუფალი ფინანსების დაპირისპირებას მაკროეკონომიკურ-პოლიტიკურ ელემენტებთან. ამაზე დიდი წინააღმდეგობა მსოფლიოში წარმოუდგენელია.
აღნიშნული სამეული დაუკავშირდა ბუშს, რომელიც იმ დროს ფორმალურად რჩებოდა აშშ პრეზიდენტად, რადგან ობამა უკვე არჩეული იყო.
ბუში დაეთანხმა სამეულს და მათი კონცეფცია ძალაში შევიდა. დაეთანხმა, რომ დაერტყათ ბანკებისთვის და ამით გამოეყვანათ მსოფლიო კრიზისიდან. გაზარდეს ფულის ოდენობა მიმოქცევაში, რათა რეცესიის სიმწვავე ოდნავ შეერბილებინათ, და გამოაცხადეს, რომ კრიზისი დაძლეულია.
მაგრამ კრიზისი გრძელდება.
წლეულს, 3 მარტს, სტროსკანი საათ-ნახევრიანი მოხსენებით გამოვიდა ვაშინგტონში საერთაშორისო მონეტარული ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ამოსავალი დებულება მისი მოხსენების იყო შემდეგი: მსოფლიო კრიზისი გრძელდება და ამის მიზეზი არის ვაშინგტონის კონსენსუსის ვულგარული, გამარტივებული წარმოდგენა.
_ ანუ?
_ ანუ ეს არის ვითარება, როცა ქვეყნები უსაფუძვლოდ ებრძვიან ბიუჯეტის დეფიციტს, ლიბერალურ მეურნეობებს ქმნიან იქ, სადაც საჭირო არ არის, ახდენენ ეკონომიკის დერეგულირებას, როცა ამის აუცილებლობა არ არის და ა.შ. განაცხადა, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდს აქვს უნარი და შესაძლებლობა, დაიცვას თავისი პოზიცია და მსოფლიო კრიზისის შეჩერებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.
თავისთავად ეს კონცეფცია შეიძლება მეხივით გავარდნილიყო, მსოფლიოს ძლიერ ქვეყნებს მხარი რომ დაეჭირათ. მაგრამ ისინი გაისუსნენ. რაც ავის მომასწავებელი იყო და ერთი თვისა და ათი დღის შემდეგ, 14 აპრილს აუფეთქეს სკანდალი.
_ რამდენად საფუძვლიანია, თქვენი აზრით, ის ბრალდება, რომლის გამოც სტროსკანი დააპატიმრეს?
_ ჯერ ერთი, ეჭვის საფუძველს იძლევა ის, რომ “ძალადობის” ობიექტი უარს ამბობს 6 მილიონ დოლარზე, რომელიც კომპენსაციის სახით შესთავაზეს. მეორე, ძნელი წარმოსადგენია, რომ იმ გარეგნობის განელმა ქალმა მოხიბლოს ვინმე. მესამე, ეს მეტრისა და 80 სანტიმეტრის სიმაღლისა და ოთხმოცდაათი კილოგრამის წონის ქალი, უფრო ადვილია, მოძალადედ წარმოიდგინო, ვიდრე ძალადობის მსხვერპლად. მეოთხე. რა გაუჭირდა სტროსკანს ისეთი, რომ მაინც და მაინც აივ-ინფექციით დაავადებულზე მიეტანა სექსუალური იერიში?! ეს ქალი ამ უკურნებელი სენით დაავადებულთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. სოციალური დახმარების ობიექტია.
ამ ეჭვების საფუძველზე შეიძლება განვაცხადოთ, რომ სტროსკანის წინააღმდეგ მოაწყვეს შეთქმულება თანამდებობიდან მისი ჩამოცილების მიზნით.
ნიჭიერადაა წარმოდგენილი: ან ფრანგების მოწყობილი ინტრიგაა, ან ებრაელების ვერაგული ჩანაფიქრი სიონიზმის გასაძლიერებელი ახალი ტალღის ასაგორებლად. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ სტროსკანი იუდეველია?
_ იუდეველი გაწირეს სიონიზმის გასაძლიერებლად?
_ აქეთკენ სურთ წაიყვანონ მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი. ხოლო ის ძალა, რომელსაც სურს, მსოფლიო კრიზისის რეალური მიზეზები არ დადგინდეს, ამ ვერსიებს ამოეფარა.
ასეთი დასკვნის გაკეთების უფლებას მაძლევს აი კიდევ რა.
როცა ვულფენსონმა გააკრიტიკა ვაშინგტონის კონსესუსის გამარტივებული წარმოდგენები, იქვე დასძინა, რომ ეკონომიკის ასეთი მიმართულებით სვლა გლობალიზაციას კაპიტალისტურ ხასიათს ანიჭებს. ჩვენ კი ვალდებული ვართ, გლობალიზაცია ადამიანური სახით წარმოვადგინოთო.
_ ამით მან თავისი პოლიტიკური კრედო წამოაჩინა.
_ სწორედაც რომ. სტროსკანს ებრძვიან არა იმიტომ, რომ არ სურთ საფრანგეთის პრეზიდენტობა მისი, არც ამორალობის გამო ებრძვიან. მის წინააღმდეგ ლაშქრობა დაიწყო იმიტომ, რომ იგი ებრძვის დღეს არსებულ გლობალიზაციის მეთოდს. ხოლო გლობალიზაციის დღევანდელი მეთოდი არის ძლიერთა სტატუსკვოს შენარჩუნება.
_ რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ მომჩივანის ადვოკატის განცხადება, რომ “მისი დაცვის ქვეშ მყოფმა” არაფერი იცოდა სტროსკანის შესახებ, მაშასადამე, არც შეიძლებაო სტროსკანის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაზე ლაპარაკი?
_ დამაჯერებელია. საქმეც ის არის, რომ იმ ქალმა არც სტროსკანი იცის, არც 6 მილიონი დოლარის ფასი. სპეციალურად არის შერჩეული ასეთი “ობიექტი”, ზუსტად არის გათვლილი სტროსკანის სისუსტეებზე, ანუ სპეცსამსახურების ჩვეული მეთოდია: დაარტყან იქ, სადაც გაწყდება. სკანდალი ტექნოლოგიურად დამაჯერებლადაა მოწოდებული.
სტროსკანის თემა გაუპატიურების ფაქტიდან არ გამომდინარეობს. იგი უკავშირდება მსოფლიო კაპიტალის თავისუფალი გადადინების პრობლემას.
_ ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტროსკანს დაუნიშნეს სპეციალური მეთვალყურეობა, თავი არ მოიკლასო. მართალია, დეპრესია მის ქცევაში არ შეიმჩნევა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვისო…
_ ესეც გათვლილია.
_ შეიძლება “გაასაღონ”?
_ ასეთი რამ ხელს არ აძლევთ. დისკრედიტაცია სახეზეა. რომ “გაასაღონ”, მისი მოხსენება ხომ რჩება? რჩება. მაშასადამე, ამ მოხსენების იდეები დროის შემდეგ ისევე 2011 წელს გაიხსენეს. სტროსკანს დამნაშავეობა, სექსუალური ძალადობა უნდა დაუმტკიცდეს იმიტომ, რომ მომავალში მისი იდეების, კონცეფციის გამეორება სირცხვილი უნდა იყოს. სახელგატეხილი კაცის აზრები რა მოსატანია?! ასეთია ამ შეთითხნილი სკანდალის აზრი.
ესაუბრა არმაზ სანებლიძე
P.S. გასულ პარასკევს სასამართლომ სტროსკანი 1 მილიონი დოლარი გირაოს საფასურად ციხიდან გაათავისუფლა. გამოძიების პერიოდში მას საშინაო პატიმრობა და ქალაქიდან გაუსვლელობა მიუსაჯეს. ფრანგულ პრესაში გაჩნდა წერილი სათაურით “გაათავისუფლეს და მიუსაჯეს”, რომელშიც სტროსკანის ისტორია შეფასებულია, როგორც ამერიკული ყაიდის “საპნის ოპერა”.