Home რუბრიკები სამართალი სტრასბურგი გირგვლიანის საქმეს განიხილავს სააკაშვილმა კი სანდროს მკვლელები შეიწყალა

სტრასბურგი გირგვლიანის საქმეს განიხილავს სააკაშვილმა კი სანდროს მკვლელები შეიწყალა

817

სანდრო გირგვლიანის სადისტური მკვლელობისთვის გასამართლებული ალანია, ბიბილურიძე, ღაჭავა და აფციაური პრეზიდენტმა შეიწყალა და სასჯელი გაუნახევრა, შემდეგ ხელისუფლებამ “იმსჯელა” და ამ ადამიანებს თავისუფლებაც მიანიჭა. მართალია, მათ არა მარტო სანდროს სისხლში გაისვარეს ხელი, არამედ ირინა, ჯიმშერ, ლია და ეთერ ენუქიძეებიც შეიწირეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებისადმი მონური მორჩილება და ბინძური საქმეების შესრულება ამ ქვეყანაში გაცილებით მეტად ფასობს, ვიდრე კანონის უზენაესობა! სხვაგვარად როგორ შეიძლება აიხსნას იმ ადამიანების სამ წელიწადში გათავისუფლება, რომლებმაც გირგვლიანების ოჯახი ამოწყვიტეს?! მართალია, საქართველოში გირგვლიანებმა სიმართლე ვერ დაამტკიცეს და, ალბათ, ამის ილუზია არც ჰქონდათ, მაგრამ აქ ყველა ინსტანცია უნდა გაევლოთ იმისათვის, რომ საქმე ევროპის სასამართლოში გაეგზავნათ. როგორც ცნობილი გახდა, სტრასბურგის სასამართლო უახლოეს დღეებში აცნობებს მხარეებს, როდის დაინიშნება გირგვლიანის საქმის სასამართლო განხილვა სტრასბურგში. ამ საკითხებზე “საქართველო და მსოფლიო” გირგვლიანების ოჯახის ადვოკატს, შალვა შავგულიძეს ესაუბრა.
– ფაქტობრივად, ევროპულმა სასამართლომ დაასრულა მხარეებთან მიმოწერა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპულმა სასამართლომ ეს კომუნიკაცია ამომწურავად განახორციელა. რამდენჯერმე გადმოგვეგზავნა მთავრობის პოზიცია კომენტირებისთვის და, ასევე, ჩვენი პოზიცია გაეგზავნა მთავრობას. ახლახან მივიღეთ წერილი ევროპული სასამართლოდან, რომლითაც გვატყობინებენ, რომ უახლოეს დღეებში გვეცნობება განხილვის თარიღი. ასევე, გადაწყდება ზეპირ განხილვასთან დაკავშირებული საკითხი. დაახლოებით თვენახევრის წინათ სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს კითხვით მოგვმართა, გვსურდა თუ არა ზეპირი მოსმენით ამ საქმის განხილვა. ცხადია, მივწერეთ, რომ ჩვენთვის მისასალმებელია ცოცხალი სასამართლო პროცესის ჩატარება. შემდეგ ეს დაიდება ევროპული სასამართლოს საიტზე და საზოგადოებას საშუალება ექნება, იხილოს ამ საქმის განხილვა, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის, რას გადაწყვეტს ევროპის სასამართლო ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით. რაც შეეხება თარიღს, უახლოეს მომავალში ამასაც გვაცნობებენ.

– როგორ გგონიათ, რას გადაწყვეტს ევროპული სასამართლო?

– ჩვენ ვითხოვთ, ევროპულმა სასამართლომ ცნოს მომჩივანის მიმართ საქართველოს სახელმწიფოს მიერ ევროკონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება), მესამე მუხლის (წამების აკრძალვა), მეექვსე მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მეცამეტე მუხლის (უფლება დაცვის ეფექტური ზომის შესახებ) დარღვევა. თუ ევროპის სასამართლო ცნობს ამ მუხლების დარღვევას, ეს განაპირობებს ამ საქმის ხელახალ გამოძიებას. გარდა ამისა, დავაყენეთ საკითხი მორალურ ზიანთან დაკავშირებით 300 ათასი ევროს ოდენობით. რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია ის, რომ როგორმე მივაღწიოთ ამ საქმის ხელახალ გამოძიებას, რადგან,

ფაქტობრივად, არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიება არ ჩატარებულა, ამიტომაც არ არიან მხილებულნი მკვლელობის შემკვეთები. დანაშაულში მხილებულ პირთა მოქმედებას კი არასწორი კვალიფიკაცია მიეცა და, ნაცვლად განზრახ მკვლელობისა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩაიდინეს, კვალიფიკაცია ასე განისაზღვრა: სხეულის დაზიანება, რასაც გაუფრთხილებლობით სიკვდილი მოჰყვა. არადა, პირთა ჯგუფმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს ადამიანი, თუნდაც იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სიცოცხლისათვის საშიშ ზონაში, კერძოდ, კისრის არეში, სანდრო გირგვლიანს მიყენებული აქვს 11 ჭრილობა. ეს ჭრილობები შეფასებულია როგორც მძიმე დაზიანება და სიცოცხლისთვის სახიფათო, რასაც უშუალოდ მოჰყვა სიკვდილი. აქ განზრახ მკვლელობის გარდა სხვა კვალიფიკაცია სამარცხვინოა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი წარმოუდგენელი გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა სასამართლომ და, თანაც, – სამივე ინსტანციამ. მოგეხსენებათ, ასეთი ალოგიკური გაგრძელება იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილება გირგვლიანის მკვლელების შეწყალების შესახებ და ვადამდე მათი გათავისუფლება.

– როგორც ვიცით, ევროპის სასამართლომ საკმაოდ “უხერხული” კითხვები დაუსვა ხელისუფლების წარმომადგენლებს. იქნებ, გვითხრათ რამდენიმე მათგანის შესახებ?

– მოგეხსენებათ, ევროპის სასამართლომ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიჩინა ამ საქმისადმი. საზოგადოებას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ სამივე ინსტანციის სასამართლოში ჩვენ ვითხოვდით, საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებ­ლობა მოგვცემოდა. სატელეფონო საუბრების ამონაწერის და სხვა მტკიცებულებების გაცნობას რომ ვითხოვდით, ეს სხვა საკითხია, რადგან საქმეზე გამოძიების მიერ დართული მტკიცებულებებიც კი არ გაგვაცნეს. ძირითადად, ეს იყო ვიდეომასალა, რომელიც სხვა­დასხვა საგამოძიებო მოქმედებით ამოიღეს. მტკიცებულებების ნაწილში იყო ამოცნობების ვიდეომასალაც; რამდენად ობიექტურად განხორციელდა ეს ამოცნობები, მათ შორის, ბუხაიძის მიერ მელნიკოვის ამოცნობა, პირველად ამოცნობაზეა საუბარი. საქმეზე მტკიცებულების სახით დართულია აწგარდაცვლილ ბადრი პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებული ვიდეოთვალით გადაღებული მასალა, რომელიც აფიქსირებდა ავტომანქანების გადაადგილებას ოქროყანის გზაზე. საქმეში კი გაშიფრულია მხოლოდ ერთსაათიანი მონაკვეთი – ღამის ორი საათიდან სამ საათამდე, ანუ ის მონაკვეთი, როდესაც ხსენებულმა “ემელის” ჯიპმა გაიარა, რომელშიც ისხდნენ უკვე გატაცებული გირგვლიანი და ბუხაიძე. ჩვენ ვაყენებდით საკითხს, რომ ვიდეოთვალს დაფიქსირებული აქვს მთელი ღამის მანძილზე ავტომობილების გადაადგილება. სწორედ ამ მასალის გაცნობას ვითხოვდით სრულად. კიდევ ვიმეორებ, ეს მასალა საქმეს სრულად ერთვის.

მსგავსი პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში არ გამიგია, – ისე დასრულდა სამივე სასამართლო ინსტანცია, რომ მხარეს საქმეზე დართული მტკიცებულებები არ გააცნეს. ევროპულმა სასამართლომ მოსთხოვა ქართულ მხარეს, რომ მათთვის გადაეგზავნათ ეს თოთხმეტი მტკიცებულება, რომელთაც უშედეგოდ ითხოვდა დაზარალებული მხარე სამივე სასამართლო ინსტანციაში და უნდა გითხრათ, რომ ევროპულ სასამართლოსაც არ გადაუგზავნეს. ეს უკვე გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ იმ მტკიცებულებებით ნა­თელი გახდებოდა სხვა პირთა მონაწილეობა ამ დანაშაულში და სხვა საგამოძიებო და სასამართლო ინსტანციების მიერ ჩადენილი მრავალი უკანონობა.

საქართველოს მთავრობამ ამჯობინა, მიიღოს ის მწვავე შეფასება, რასაც სტრასბურგის სასამართლო გამოიტანს, ვიდრე გაეგზავნათ ის მტკიცებულებები, რაც შემკვეთებს ამხელდა და სხვა მონაწილე პირებს გამოააშკარავებდა.

ასეთ რეჟიმში მიმდინარეობდა ევროსასამართლოში მოსამზადებელი პერიოდი. წარმოიდგინეთ, ევროპულმა სასამართლომ მოითხოვა საქმეზე დართული კონკრეტული მტკიცებულებები და მასაც კი არ გაუგზავნეს მასალები.

– თუ სტრასბურგში საქმის ზეპირი მოსმენა ჩატარდა, დაზარალებულ მხარეს წარმოადგენთ თქვენ, მაგრამ ხომ არ იცით, ვინ წარმოადგენს ხელისუფლებას?

– იმ შემთხვევაში, თუ ზეპირი მოსმენა შედგება, მე და დავით ჯანდიერი ვიქნებით დაზარალებული მხარის წარმომადგენლები. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენელს, ნამდვილად არ ვიცი, ვინ იქნება.

– გირგვლიანის მკვლელების ვადამდე გათავისუფლებას როგორ შეაფასებთ?

– რა შეფასება შეიძლება?! ეს არის ლოგიკური გაგრძელება და არა დასასრული ამ ხელისუფლების ყველა იმ ქმედებისა, რაც ამ ადამიანების მიმართ ჩაიდინეს. ამას გაგრძელება კიდევ ექნება სხვადასხვა შეღავათის და ხელშეწყობის სახით. მთელი ეს საქმე აგებული იყო უსამართლობაზე და არც ამ ადამიანების ვადამდე გათავისუფლება შერცხვებოდა ხელისუფლებას. გირგვლიანის საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაყალბებაში, თანამონაწილე პირთა დაფარვაში, ხოლო მხილებულ პირთა არასათანადო დასჯაში აქტიურად მონაწილეობდა ხელისუფლების ყველა შტო. საგამოძიებო ორგანოებმა სამარცხვინო გამოძიება ჩაატარეს. სუფრის ცნობილი წევრები: თაკო სალაყაია, დათა ახალაია, ვასილ სანოძე და ოლეგ მელნიკოვი არ დაისაჯნენ, ხოლო მხილებულ პირთა ქმედებას არაადეკვატურად მსუბუქი კვალიფიკაცია მიანიჭეს, რასაც სასამართლოთა არაობიექტური გადაწყვეტილებები მოჰყვა. მოსამართლეები სრულად დაეთანხმნენ წინასწარი საგამოძიებო ორგანოების პოზიციას, ანუ სასამართლო ხელისუფლებაც ჩაერთო საქმის გაყალბებაში.

უფრო მეტიც, იმ კვალიფიკაციის დანაშაულისთვისაც კი, რაც ოფიციალურად წაუყენეს ამ ადამიანებს, გათვალისწინებული იყო 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ პარლამენტმა კანონში ცვლილება შეიტანა, რის შედეგადაც ეს სასჯელიც გაუნახევრეს. ასევე, ცვლილება შეიტანეს პატიმრობის შესახებ კანონში. ჩვენ ვაყენებდით საკითხს, რომ ალანია და მისი თანამზრახველები მოთავსებული არიან ერთ საკანში, სადაც შეუზღუდავი რაოდენობის ალკოჰოლი და კიდევ სხვა საშუალებები შედიოდა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ, რადგან პატიმრობის შესახებ კანონი იმპერატიულად კრძალავდა ერთ საქმეზე დაკავებული ადამიანების ერთ საკანში მოთავსებას, პარლამენტმა სასწრაფოდ შეიტანა ცვლილება კანონში და დასაშვები გახადა ამგვარი პრე­ცედენტები, ანუ, საკანონმდებლო ხელისუფლებაც ჩაერთო ამ უკანონობაში ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლად. ბოლოს უსამართლობის ეს ზეიმი საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ დამნაშავეთა შეწყალებით დაასრულა – ისედაც განახევრებული სასჯელი კიდევ გაუნახევრა და საბოლოოდ ვადამდე გათავისუფლდნენ. მოკლედ, სახელმწიფოს ყველა შტო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტების გაყალბებით, გარკვეულ პირთა დაფარვით, ამ დანაშაულში მონაწილეების არასათანადოდ დასჯითაა დაკავებული. ამით საზოგადოების თვალში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოხდა.

 

ესაუბრა

მანანა ჩხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here