Home რუბრიკები სამართალი შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას დევნის

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას დევნის

შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ ქართული სახელმწიფო პოლიტიკა ოკეანეში მოდრეიფე იმ პატარა ნავის თავგანწირულობით ირჯება, რომელსაც გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ აქვს. ეს “განწირულის სულისკვეთება” ხან ძალიან აგრესიულია, ხანაც – გასაოცრად ლაბილური. ზოგჯერ მიყუჩდება, ზოგჯერ კი, განსაკუთრებით, რეაქტიული ფსიქოზის შემოტევის დროს, ისეთივე კომიკურ იერს იღებს, როგორსაც, მაგალითად, ურმის, “ზაპოროჟეცის”, “ვოლგის”, “ოპელის” და “მერსედესის” ფონზე – სახელმწიფოს მეთაური. ლეგენდა მისი პიარგიგანტობის შესახებ ნელ-ნელა მიინავლა. სულ რაღაც ორ კვირაში ტალიავინის კომისიის დასკვნა საბოლოო განაჩენს გამოუტანს არა მხოლოდ მას, არამედ მისი გუნდის იმ წევრებსაც, რომლებიც შარშანდელ ავანტიურაში აქტიურობდნენ. როგორც ჩანს, განსაცდელის მოახლოებამ ფსიქიკურად ისედაც გაუწონასწორებელი მმართველი ელიტა საბოლოოდ გამოიყვანა მდგომარეობიდან. სხვას რას უნდა მივაწეროთ ისტორია, რომლის შესახებაც ქვემოთ გიამბობთ და რომელსაც, ალბათ, მხოლოდ სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის დეგენერაცია განაპირობებს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ეს, უბრალოდ, ჰუვანოიდების მორიგი პროვოკაცია იყოს.
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რია-ნოვოსტის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად ბესიკ ფიფია 2006 წლის 20 სექტემბერს დაინიშნა. მას შემდეგ იგი მეუღლესა და სამ შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ამ სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა სამწლიან მივლინებას ითვალისწინებს და დამატებით მხოლოდ ერთი წლით შეიძლება გაგრძელდეს. ახლახან ჟურნალისტმა ფიფიამ მორიგი ბრძანება მიიღო და მისი მივლინება 2010 წლის სექტემბრამდე გახანგრძლივდა, თუმცა გამორიცხული არ არის, სულ მალე მას თბილისის იძულებით დატოვებაც მოუწიოს. ცნობისათვის აქვე დავძენთ, რომ “რია-ნოვოსტი” ასი პროცენტით სახელმწიფოს კუთვნილი საინფორმაციო სააგენტოა, რუსეთის ფედერაციის მთავრობას ექვემდებარება და მსგავსი წარმომადგენლობები თბილისის გარდა 50 ქვეყანაში აქვს.

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დაბადებულმა ბესიკ ფიფიამ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდისთანავე ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა და მისი დასრულების შემდეგ საქართველოში არც უცხოვრია. 49 წლის ჟურნალისტის შრომის წიგნაკში მხოლოდ სამი ორგანიზაციის ჩანაწერი არსებობს: გაზეთები – “პრავდა” და “ნეზავისიმაია გაზეტა” და სააგენტო “რია-ნოვოსტი”.

საქართველოს ხელისუფლების, კონკრეტულად კი საგარეო საქმეთა სამინისტროს, დამოკიდებულება მეზობელი სახელმწიფოს ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს მიმართ ჯერ კიდევ სამი წლის წინათ გამოჩნდა, როდესაც თბილისში ახლად ჩამოსულმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აკრედიტაციისთვის ამ უწყებას მიმართა. წელიწადნახევრის მანძილზე სამინისტრო აკრედიტაციას არ აძლევდა. არ ვიცი, რა ვადას საჭიროებს უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის დროს სპეცსამსახურების მიერ მისი პიროვნების შესწავლის პროცედურები, მაგრამ გამორიცხული არც ის არის, რომ ქართული კონტრდაზვერვა ამოწმებდა, სააგენტოს საფარქვეშ სპეცსამსახურების თანამშრომლები ხომ არ მუშაობდნენ. აკრედიტაციის პროცედურის გაჭიანურების მიზეზებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ ოფიციალურად წერილობითი შეკითხვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამავე წერილში იგი დაუფარავად აცხადებდა, რომ, ამ სიტუაციის გაგრძელების შემთხვევაში, ადეკვატურ ზომებს მიმართავდნენ და მოსკოვში საქართველოს ტელევიზიების თანამშრომლებს აკრედიტაციებს გაუუქმებდნენ. ელჩის ამ წერილმა პრობლემა მომენტალურად მოხსნა და წელიწადნახევრით ადრე დანიშნული სააგენტოს ხელმძღვანელის საქართველოში საქმიანობა ლეგალური გახდა.

გასაკვირია ქართველი ჩინოვნიკების ამგვარი საქციელი. მით უფრო, რომ სამშობლოდან შორს მყოფ ბესიკ ფიფიას არასოდეს გაუწყვეტია ურთიერთობა აქაურ ახლობელ-მეგობრებთან. უფრო მეტიც, 1993 წელს, აფხაზეთში ომის დასრულებიდან ორი წლის შემ­დეგ, სანკტ-პეტერბურგში მისი და დსთ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს წარმომადგენლის – ზურაბ ჩიკვილაძის ერთობლივი ძალისხმევით გამოიცა და რამდენიმე ათას ეგზემპლარად გავრცელდა აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული პირველი წიგნი სახელწოდებით “Распятая Грузия”, რომელშიც ხაზგასმულად პროქართული მასალები გამოქვეყნდა. ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ამ წიგნის შეძენის სურვილი პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ – ზურაბ ჟვანიამაც გამოთქვა და 1996 წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა 1000 ეგზემპლარი საჩუქრად მიიღო.

ამხელა შესავალი მხოლოდ იმიტომ დამჭირდა, რომ მკითხველს მეტ-ნაკლებად ნათელი წარმოდგენა შეექმნას, ვინ არის და რას წარმოადგენს ჩვენი დღევანდელი პუბლიკაციის გმირი. ახლა კი ამ წერილის დაწერის მიზეზიც ავხსნათ:

ბესიკ ფიფია სამსახურებრივ ავტომანქანას თავად მართავს. იგი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს კანონმდებლობით ვალდებული იყო, ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ შეეცვალა მართვის მოწმობა. ამ მიზნით 2009 წლის ივნისის დასაწყისში განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ქ. რუსთავის მომსახურების სააგენტოს, სადაც წარადგინა მის სახელზე გაცემული მართვის ორი მოწმობა. პირველი მან 1977 წელს ქ. ზუგდიდის #5 საშუალო სკოლაში ავტომოყვარულთა კურსების და შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შემდეგ მიიღო. 1991 წელს კი, დაკარგული აღნიშნული მოწმობის სანაცვლოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის ქ. ზუგდიდის მილიციის შესაბამისმა განყოფილებამ მას მართვის უფლების დუბლიკატი გაუფორმა. მართვის მეორე მოწმობა 1999 წლით თარიღდება და რუსეთის ფედერაციის სანკტ-პეტერბურგის მილიციის მთავარი სამმართველოს შესაბამისმა სამსახურმა გასცა.

მორიგე ოპერატორმა ორივე მართვის მოწმობის დათვალიერების შემდეგ ქართული მოწმობა ამოირჩია და ჟურნალისტმა შესაბამისი განცხადების ბლანკი შეავსო, სალაროში თანხაც გადაიხადა და ეს დოკუმენტები ოპერატორს გადასცა. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ პასუხმა დაიგვიანა. გაკვირვებულმა ბესიკ ფიფიამ მიზეზი იკითხა, რაზეც უპასუხეს, რომ მისი მართვის მოწმობის ნამდვილობასთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები არსებობდა და ყველაფრის გარკვევას დაჰპირდნენ.

2009 წლის 10 ივნისს ჟურნალისტს ტელეფონით დაუკავშირდა ქ. რუსთავის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი მინდია ივანიშვილი და მოწმის სახით დასაკითხად დაიბარა. ბესიკ ფიფიას აუხსნეს, რომ მის მართვის მოწმობაში აღნიშნულია ორი კატეგორია – B და C, და ვინაიდან მართვის მოწმობის ასაღებად მას თავის დროზე ჩაბარებული ჰქონდა გამოცდები მხოლოდ B კატეგორიაზე, მოწმობაში შეტანილი C კატეგორია უსაფუძვლო აღმოჩნდა, რის გამოც გამოძიებამ ჩათვალა, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ყალბი დოკუმენტების, ბეჭდების, შტამპების ან ბლანკების დამზადება, რეალიზაცია ან გამოყენება). ეს მუხლი ფულად ჯარიმას ან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

არ ვიცი, ვინ რა მიზნებით შეიძლება მოქმედებდეს, მაგრამ ფაქტია, რომ 1977 წელს 17 წლის ბესიკ ფიფიასთვის მიცემულ მართვის მოწმობასა და 1991 წელს დაკარგული ამ მოწმობის ნაცვლად გაცემულ დუბლიკატში მითითებული ავტომანქანის მართვის ორი კატეგორიის გამო ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა ან ჰუვანოიდების მორიგი პროვოკაციაა, ანდა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, საქართველოს ხელისუფლების სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის დეგენერაცია.

თავად განსაჯეთ. 1991 წელს გაცემული მართვის მოწმობის დუბლიკატის ნამდვილობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. იგი თავის დროზე ქ.ზუგდიდის შს საქალაქო განყოფილების უფლებამოსილმა პირმა გრიშა ქობალიამ გასცა (ეს ის გრიშა ქობალია გახლავთ, ჯერ კიდევ “ნაცმოძრაობის” ლიდერ ოპოზიციონერ სააკაშვილს ზუგდიდში ჯგირ მასპინძლობას რომ უწევდა და შემდეგ გაპრეზიდენტებულმა სააკაშვილმა მადლიერების ნიშნად პარლამენტარობა უბოძა). არც მართვის მოწმობის ბლანკია გაყალბებული და არც მასში შესაბამისი შტემპელებით შეტანილი B და ჩ კატეგორიების აღნიშვნა. ჟურნალისტ ფიფიასთვის უცნობია, რატომ და რის საფუძველზე მოხდა მისთვის ჩ კატეგორიის უფლების მინიჭება, მით უმეტეს, რომ ამ მოწმობის გაცემიდან 18 წელიწადზე მეტი გავიდა. ისიც აღსანიშნავია, რომ, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში მას არასოდეს უსარგებლია მართვის ქართული მოწმობით, რასაც ადასტურებს საქართველოს საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი საჯარიმო ქვითრები – ყველგან მითითებულია მხოლოდ სანკტ-პეტერბურგში გაცემული მართვის უფლების მოწმობა.

სულ ახლახან, 3 სექტემბერს, გამომძიებელმა ჟურნალისტი ბესიკ ფიფია ეჭვმიტანილად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დაკითხა კიდეც. ეჭვმიტანილს (რომელიც, დღევანდელი ქართული სამართალწარმოების პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, მალე ბრალდებულად მოგვევლინოს) ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს.

ჟურნალისტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამომძიებელიც და პროკურორიც კორექტულად ექცევიან, მაგრამ უსაფუძვლოს და კანონსაწინააღმდეგოს უწოდებს მის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილად ცნობასთან დაკავშირებით. იგი ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას მოითხოვს. ამ ისტორიით დაეჭვებული ადამიანების შეკითხვას კი – უნდა სცოდნოდა თუ არა, რომ მართვის მოწმობაში გაკეთებული აღნიშვნა ჩ კატეგორიაზე უსაფუძვლო იყო და რატომ არ განაცხადა აღნიშნულის შესახებ? – კითხვითვე პასუხობს, – რომ მცოდნოდა გაყალბების თაობაზე, ნუთუ გამოძიება ვარაუდობს, რომ ნებაყოფლობით ავიდოდი ეშაფოტზე და თავადვე გამოვამზიურებდი იმ დოკუმენტს, რომლის გამოყენებისთვისაც პასუხს მომთხოვდნენ?

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შეუტყობინებლობის ან დაფარვისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არ არის (მუხლები 375-376).

ამ იურიდიულ ნიუანსებში სპეციალისტები უკეთ გაგვარკვევენ. “საქართველო და მსოფლიომ” იურისპრუდენციის პროფესორ გია მეფარიშვილს სთხოვა ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასება და მის კვალიფიციურ კომენტარს აქვე გთავაზობთ.

ჟურნალისტი ბესიკ ფიფია კი საქართველოს იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის სახელზე გაგზავნილ წერილში (რომლის ასლიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ხელმძღვანელ ანდრეი სმაგსაც გაუგზავნა) იმედს გამოთქვამს, რომ მის მიმართ წარმოებული გამოძიება მხოლოდ გაუგებრობაა და არა უაღრესად გამწვავებული ქართულ-რუსული ურთიერთობის სამწუხარო გამოძახილი. “ჩემი პროფესიული საქმიანობით მე დღესაც ვცდილობ, არ დაიწვას ის ბოლო ხიდები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს. “რია-ნოვოსტის” საქართველოს ბიუროს ამ მიმართულებით ბევრი რამ აქვს გაკეთებული და კიდევ ბევრს გააკეთებს”, – წერს ბესიკ ფიფია ამ წერილის დასასრულ.

როდესაც ბატონი ბესიკ ფიფია “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციაში “მის მიერ ჩადენილ დანაშაულთან” დაკავშირებით სასაუბროდ მოვიწვიეთ, მან ინტერვიუზე უარი გვითხრა და ის წერილი გადმოგვცა, რომელიც ზურაბ ადეიშვილს გაუგზავნა და რომლის თაობაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. საუბრის დროს გაირკვა, რომ ჟურნალისტს სპეციალისტებმა, იურიდიულ ნიუანსებში კარგად ჩახედულმა ადამიანებმა ურჩიეს სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება თვით სტრასბურგის სასამართლომდეც კი, მაგრამ მან სასტიკად იუარა. უარის მიზეზად ამ სასამართლოს სპეციფიკა დაასახელა. თუკი საქმე მართლაც წარიმართება სტრასბურგში, მაშინ საჩივარი ამგვარად იქნება ფორმულირებული – “ბესიკ ფიფია საქართველოს წინააღმდეგ”. ჟურნალისტმა თავისი უარის არგუმენტად განაცხადა, მე არასოდეს წავსულვარ საქართველოს წინააღმდეგ და მით უმეტეს არასოდეს ვუჩივლებ საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში. ჩემთვის მიუღებელია ფორმულირება “ბესიკ ფიფია საქართველოს წინააღმდეგ”, ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებაო.

როგორც ხედავთ, საქართველოში დაბადებული და რუსეთში დახელოვნებული ჟურნალისტი, რომელიც სულ რაღაც სამი წელიწადია, აქ მოღვაწეობს და სამშობლოს მიმართ განსაკუთრებული გრძნობა აქვს, კარგად აცნობიერებს არა მხოლოდ თავის მდგომარეობას, არამედ თავის როლსაც, რომლის შესრულებაც შეუძლია ამ ქვეყნისთვის სასიკეთოდ ან საზიანოდ. მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებზე, რომელთა მთავარი მიზანიც სწორედ იმ ხიდების დაწვაა, ბესიკ ფიფია რომ უფრთხილდება. ერთ-ერთი ასეთი ხიდი “რია-ნოვოსტის” საქართველოს წარმომადგენლობაც არის. თუმცა საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებით ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე და ამ წარმომადგენლობის ხელმძღვანე­ლის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, “რია-ნოვოსტის” ოფისი სოხუმში გადაიტანონ, რადგან აქ არ აძლევენ მუშაობის საშუალებას.

ბუნებრივია, “რია-ნოვოსტის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიმართ წარდგენილი პრეტენზია უყურადღებოდ არ დარჩათ რუს ჟურნალისტებს. რადიო “ეხო მოსკვის” წამყვანი ალექსეი ვენედიქტოვი, რომელიც ლიბერალური ღირებულებებისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩევა და საქართველოსა და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მისი ხელისუფლების მიმართ ერთობ ლოიალურია, გადაცემაში “ოსობოე მნენიე” მკვეთრი განცხადებით გამოვიდა და მისი ფავორიტი ხელისუფლება დაუნდობ­ლად გაამათრახა. ვენედიქტოვის ამ გამოსვლასაც აქვე გთავაზობთ.

ის, რაც წაიკითხეთ და რისი წაკითხვა თუ მოსმენაც შემდგომში მოგიწევთ (განსაკუთრებით, რუსულ პრესასა და ტელევიზიაში) ამ ფაქტთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების და მისი საინფორმაციო პოლიტიკის არაადეკვატურობის ნათელი გამოვლინებაა.

უფრო დაზუსტებით კი შეკითხვა – რა არის ეს: – სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის დეგენერაცია თუ ჰუვანოიდების მორიგი პროვოკაცია? – პასუხს მოითხოვს. ადრე თუ გვიან ამ პასუხსაც მივიღებთ, თუმცა შესაძლოა, ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდეს.

ბონდო მძინარაშვილი

 

 

რა შუაშია ბესიკ ფიფია?

პატივცემულო რედაქცია!

ყურადღებით გავეცანი თქვენ მიერ გადმოგზავნილ მასალებს, რომლებიც საქართველოში რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო სააგენტო “რია-ნოვოსტის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას საქმეს ეხება. მე არ გავცნობივარ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ამიტომ გამიჭირდება მათი დეტალური მიმოხილვა. შევეცდები, კომენტარი გავაკეთო მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილში მოყვანილ კაზუსზე: არის თუ არა დანაშაულის შემადგენლობა (ქმედების შემადგენლობა) იმ მოქმედებაში, რომლის ჩადენასაც ედავებიან ჟურნალისტს.

პიროვნების დამნაშავედ ცნობას თავის წესი აქვს, მაგრამ არსებობს გამომძიებლის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ყალბი დოკუმენტის გამოყენება) ეჭვმიტანილადაა ცნობილი ჟურნალისტი ბესიკ ფიფია. გამომძიებლის ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა, ალბათ, იგი დაკონკრეტდება სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, თუ სახეზე იქნება იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა დანაშაული. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამისთვის 30-დღიან ვადას ითვალისწინებს, თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ ეჭვმიტანილს ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება.

ბესიკ ფიფიას მიერ მომზადებულ დოკუმენტში აღწერილი ქმედების მიხედვით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყალბი დოკუმენტის გამოყენების შემადგენლობა სახეზე არ არსებობს. ამის საილუსტრაციოდ მივმართოთ კანონს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა. დანაშაულის ცნების სტრუქტურა სამი ნიშნისგან შედგება. ეს ნიშნებია: 1. ქმედების შემადგენლობა, ანუ ჩადენილი ქმედების შესაბამისობა სისხლის სამართლის კანონით აღწერილი შემადგენლობის ნიშნებისადმი; 2. ქმედების მართლწინააღმდეგობა; 3. ბრალი. სამივე ამ ნიშნის თანაარსებობა წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სავალდებულო და საკმარის საფუძველს.

ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას ქმედებაში არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობის სწორედ ეს, მესამე ნიშანი, რომელიც თანამედროვე სისხლის სამართალში გაგებულია როგორც ბრალდებულის გაკიცხვა ჩადენილი უმართლობის, უარყოფითი შეფასების გამო. იგი განზრახვის და გაუფრთხილებლობის სახით შეიძლება გამოხატოს. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, რომელი განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედება აქვს ჩადენილი ჟურნალისტს, რომელიც უმართლოა და გასაკიცხი?

ბესიკ ფიფიას არ გაუყალბებია მართვის მოწმობა. მან მიმართა უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს (ქ. ზუგდიდის შინაგან საქმეთა განყოფილებას) და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდების პირს. სწორედ ამ თანამდებობის პირის მიერ გაიცა მართვის უფლების მოწმობის დუბლიკატი შესაბამისი აღნიშვნებით, რომელიც ტექნიკურად გაყალბებული არ არის. რით იხელმძღვანელა მართვის უფლების გამცემმა და რატომ მოხდა დოკუმენტში მითითება ჩ კატეგორიაზე, რა თქმა უნდა, გამოძიებული უნდა იქნეს. მაგრამ რა შუაშია აქ ბესიკ ფიფია? მას ხომ არ ჩაუდენია ისეთი მოქმედება, რომელიც მისი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდებოდა?

ჩემი აზრით, თუ აღნიშნულ იურიდიულ საფუძველზე ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას სისხლისსამართლებრივი დევნა მაინც მოხდა, თავდაყირა დგება არა მარტო სისხლის სამართლის ფუძემდებლური პრინციპი “ნულლუმ ცრიმენ სინც ცულპა” (არ არის დანაშაული ბრალის გარეშე), არამედ ელემენტარული ადამიანური წესიერებაც კი.

დასასრულ, მინდა, აღვნიშნო: მე სპეციალურად არ შევეხე ამ საკითხის პოლიტიკურ მხარეს. ეს ყოველივე მკითხველისთვის მიმინდია, თუმცა სინანულით და შეშფოთებით მეც ვიტყვი: “ფრთხილად, ქართველებო!”

 

გია მეფარიშვილი

პროფესორი

  

ალექსეი ვენედიქტოვი: მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი ჟურნალისტებს უმსგავსად ექცევა, იგი უმსგავსად იქცევა პრესასთან

უკანასკნელი ისტორია, მინდა ვთქვა, სცდება სიკეთისა და ბოროტების საზღვრებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა “რია-ნოვოსტის” ბიუროს ხელმძღვანელის – ბესიკ ფიფიას წინააღმდეგ. რისთვის? – იმისთვის, რომ მისი (ყურადღება მიაქციეთ) 1977 წელს (თქვენ არ მოგესმათ, 1977 წელს!) გაცემული მართვის უფლების მოწმობა, როგორც გამომძიებელი ამტკიცებს, მაშინ 17 წლის ბესიკმა გააყალბა, ანუ იგი არ არის ბრალდებული, მაგრამ ჩამოართვეს გაუსვლელობის ხელწერილი და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რა არის ეს? რა შეიძლება ამას ვუწოდოთ? მე ყოველთვის ვამბობდი, გეუბნებით თქვენც და მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილსაც (ვიმედოვნებ, მალე კიდევ ერთხელ გავუმეორებ) – იგი ჟურნალისტებს უმსგავსად ექცევა, იგი უმსგავსად იქცევა პრესასთან. ჩვენ ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცით – შესანიშნავად გვახსოვს, როდესაც ომის დროს თბილისში ჩვენი მაუწყებლობა გათიშეს.

ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, თუ რას ვფიქრობ ომის თაობაზე. წესიერად უნდა მოიქცე. რას გადაეკიდე ადამიანს, რომელიც, უკვე დიდი ხანია, საქართველოშია, რომელიც მანდ დაიბადა 1960 წელს და შენზე უფროსია, ბატონო პრეზიდენტო. “რია-ნოვოსტისთვის” ჩქმეტა გინდა? გეტყვით რატომაც. გახსოვთ, შევჩენკოსა და მამონტოვთან დაკავშირებული ისტორია? ისინი ქვეყანაში არ შეუშვეს, მაგრამ პატრიარქმა ილია II-მ ამ დელეგაციის წევრი, ჟურნალისტი “რია-ნოვოსტიდან” ალან კასაევი მიიღო. საქართველოს შსს-ში ეს გამოწვევად მიიღეს – ასე? ახლა თქვენს “რია-ნოვოსტის” დავასამარებთო. და აღძრეს სისხლის სამართლის საქმე 1977 წელს გაცემული ავტომობილის მართვის უფლების მოწმობის გაყალბების ფაქტზე. შესაძლოა, ამაზეც არ გაჩერდნენ. ეს, რა­საკვირველია, არ დაამშვენებს საქართველოს ხელმძღვანელობას და, რბილად რომ ვთქვათ, ბევრს დააეჭვებს პრეზიდენტ სააკაშვილის კეთილ განზრახვაში.

 

რადიო “ეხო მოსკვი”

გადაცემა “ოსობოე მნენიე”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here