Home რუბრიკები პოლიტიკა „შენს გისოსებში მზეა“

„შენს გისოსებში მზეა“

საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის აქცია-მარათონი ფილარმონიაში.ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ბევრი ემოციის მომსწრეა. აქ მღერიან, ცეკვავენ, ხუმრობენ… პოლიტპარტიების ყრილობებიც იმართება და საიუბილეო თუ საქველმოქმედო საღამოებიც… აქ უხარიათ, ერთობიან, იცინიან, ხალისობენ, წარმატებას ულოცავენ ერთმანეთს… ამჯერად კი ფილარმონია სევდას აევსო – დარბაზში ისხდნენ ის ადამიანები, ვისი ოჯახის წევრიც დღევანდელმა რეჟიმმა შეიწირა ანდა გაუსაძლის პირობებში იმყოფება საპატიმროებში და მათი გულშემატკივრები. აქ არავინ მოსულა გასართობად, აქ არც პოლიტიკური განცხადებების მოსასმენად იყვნენ განწყობილნი. სავსე დარბაზს საერთო ტკივილი აერთიანებდა.
11-12 მაისს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში პატიმართა ოჯახების დასახმარებლად გაიმართა საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის ორდღიანი თავყრილობა და საქველმოქმედო აქცია-მარათონი „შენს გისოსებში მზეა“. აქციის სიმბოლოდ საგანგებოდ შეირჩა თეთრი გვირილა. „თეთრი გვირილის დღე“ მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში ექიმმა გრიგოლ ორბელიანმა დაამკვიდრა. გვირილების გაყიდვით შემოსული თანხა კი ჭლექით დაავადებულ ადამიანებს ხმარდებოდა.
მოძრაობის მიზანიც ტუბერკულოზით დაავადებული იმ ადამიანების დახმარება იყო, ვისაც საპატიმროებში შეეყარა ეს მძიმე სენი. აქცია ასევე მიზნად ისახავდა ციხეებში წამებით მოკლულთა ოჯახების წევრების, მათი მცირეწლოვანი შვილებისა და უმწეო მშობლების თანადგომას. „21-ე საუკუნის საქართველოში ეს დაავადება ისევ მძვინვარებს. საპყრობილეებში უამრავი პატიმარი იღუპება ტუბერკულოზით. ჩვენ გვინდა, ამ აქციით დავეხმაროთ ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმრებს და მივაწოდოთ აუცილებელი წამლები“, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.
საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა (პოლიტიკოსების გარეშე) 2010 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა. მასში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები გაერთიანდნენ. მოძრაობის უპირველესი ამოცანაა რეჟიმის მიერ მიტაცებული უფლებების ხალხისთვის დაბრუნება. ეს არის ბრძოლა სამოქალაქო უფლებებისთვის, რამაც ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პროფესიის ადამიანები გააერთიანა. სწორედ ისინი ცდილობდნენ ენუგეშებინათ და მცირედით მაინც შესწეოდნენ უსახსროდ და უსასოოდ დარჩენილ ადამიანებს. მოძრაობა მხოლოდ ერთჯერადი აქციებით არ გამოხატავს მათდამი თანადგომას, მისი წევრი ადვოკატები უფასო კონსულტაციებს უწევენ პატიმართა ოჯახების წევრებს.
ამჯერად კი აქციაში მომღერლები და მსახიობებიც მონაწილეობდნენ. შეკრებილ საზოგადოებას უჩვენეს ვიდეოკლიპები უსამართლოდ დახოცილ ახალგაზრდებსა და ციხეში გარდაცვლილ პატიმრებზე, ასევე, აფხაზეთის ომის ამსახველი ვიდეომასალა.
დარბაზმა პირველი შოკი მაშინ მიიღო, როცა გაისმა სიმღერა (ტრიო „ჰარმონიის“ შესრულებით) „ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი“ და ეკრანზე უჩვენეს კლიპი მოკლული ბიჭების ფოტო-და ვიდეოკადრებით, რომლებშიც მათი ცხოვრების ბედნიერი მომენტებია აღბეჭდილი. დარბაზი მათ სახეებში საკუთარ აწმყოს ხედავდა და ტიროდა.
„ჩვენთვის ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ დავიბრუნოთ მომავალი, ღირსება და პროფესია. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მედია-კავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა. მისი თხოვნით, ირინა ენუქიძეს და გარდაცვლილ პატიმართა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ირინა ენუქიძის ხსოვნის პატივსაცემად, უნაჩვენეს რეჟისორ ლევან ანჯაფარიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ურჩხული“. აქამდე ეს ფილმი არც ერთ ტელეკომპანიას არ გაუშვია ეთერში.
სანამ უშუალოდ ფილმს აჩვენებდნენ, მისასალმებელ სიტყვაში ლევან ანჯაფარიძემ ირინა ენუქიძის გმირობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქალბატონი ირინა უკვე ისტორიის ნაწილია. ჩემს პრაქტიკაში პირველად მოხდა, როდესაც მე არ ვუყურებდი ჩემი ფილმის გმირებს, ეს იმდენად მძიმე წუთები იყო… ჩემთვის ირინა ენუქიძე ერთდროულად დაცემაც იყო და ამაღლებაც“. რეჟისორის თქმით, თეთრი გვირილები იბრძვიან წითელი ვარდების წინააღმდეგ და ისინი აუცილებლად გახდებიან გამარჯვების სიმბოლო.
აქცია-მარათონს უძღვებოდნენ მსახიობი ნანა შონია და მომღერალი ზურაბ მანჯავიძე. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ჯემალ სეფიაშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე, მერაბ ჭიქაშვილი და ანსამბლი „ილორი“, სოსო მანჯავიძე და  ზურაბ დოიჯაშვილი, მარინა ბერაძე და ანსამბლი „ფორტე“, აველინა დავითულიანი და ნათია ავსაჯანიშვილი… გამომსვლელები საუბრობდნენ საქართველოს სატკივარზე და იმედს არ კარგავდნენ, რომ აუცილებლად დადგება დრო, როცა მოეკითხებათ იმ ადამიანს, ვისაც თანამემამულეთა სიცოცხლე არაფრად უღირთ და ასე იოლად წირავენ… ხოლო მუსიკალური ნომრებით ხალხს ამოსუნთქვის შესაძლებლობა ეძლეოდა.
აქცია-მარათონის „შენს გისოსებში მზეა“ მეორე დღე აფხაზეთის ომის ცნობილი კადრების გახსენებით დაიწყო. დარბაზმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ ჯარისკაცებს. ადა მარშანიას და დიმიტრი ჯაიანის გამოსვლამ კი კიდევ უფრო გაამძაფრა ტკივილი, რომელიც არასოდეს ტოვებს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილებს, რომლებიც დღევანდელი ხელისუფლებისთვის „ზედმეტ ბარგად“ იქცნენ.
წინააღმდეგობის მოძრაობის უპრეცენდენტო აქცია-მარათონმა ნათლად გვიჩვენა, რომ საქართველოში მოყვასის მიმართ თანაგრძნობისა და თანადგომის მუხტი კვლავაც მძლავრია. თუმცა, პრობლემები, რომელთა შესახებაც აქციის მსვლელობისას საუბრობდნენ, ადვილად მოსაგვარებელი არ არის. ამიტომაც, დარბაზში ყურადღებით უსმენდნენ საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერის დავით თარხან-მოურავის გამოსვლას, რომელმაც ხალხს დეკლარაციისა და მანიფესტის პროექტები გააცნო და მხარდაჭერა სთხოვა. ეს დოკუმენტები რამდენად სერიოზულია და რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მათში ჩამოყალიბებული მოთხოვნების შესრულებას, თავადაც დარწმუნდებით, როცა გაეცნობით.
ხალხის მხარდაჭერა ბუნებრივი იყო, რადგან იგი უკვე აცნობიერებს, რომ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ძალიან პატარა ავანტიურისტთა ჯგუფმა მიიტაცა ხელისუფლება და საქართველო ციხედ გადააქცია. ამ 7 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მოსახლეობის 10% გაასამართლა. ამ ხელისუფლებამ ხალხს არ დაუტოვა არჩევანი. მათი მთავარი მიზანი ყველას დაპატიმრებაა.  ხელისუფლება სპეციალურად იღებს კანონებს, რომ მის საფუძველზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დააპატიმროს, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა დიქტატურისთვის.
აქცია-მარათონის დასასრულ, სიტყვა გადაეცათ ციხეში გარდაცვლილ პატიმართა ოჯახის წევრებს.
მარათონის ფარგლებში შეგროვილმა თანხამ 8000 ლარი შეადგინა. თანხა გადაეცათ გარდაცვლილი პატიმრების ზენონ ხალვაშის, ჯამბულ აბუსერიძის, ციხის ბუნტის დროს მოკლული 23 წლის პატიმრის, ნუგზარ ქსოვრელისა და მალხაზ მუზაშვილის ოჯახის წევრებს. აგრეთვე 50-ვე პატიმრის ანგარიშზე, რომელთაც ტუბერკულიოზის ყველაზე მძიმე ფორმა აქვთ, 100-100 ლარი დაირიცხება.
წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ ჩატარებული აქცია-მარათონს პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. „თავისუფალი საქრთველოს“ ლიდერის კახა კუკავას თქმით, აქციაზე პატიმრების უფლებების საკითხი ადეკვატურად შეფასდა და მსგავსი ტიპის ღონისძიება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უპრეცენდენტო შემთხვევა იყო. „ფილარმონიის დარბაზის ავსება ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, აქციამ დაგვანახა რომ ყინული დაიძრა და ანდაზა – „სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი“ – არ გამართლდა. დღეს ქართულ ციხეებში ზუსტად ისეთივე ფაშიზმია, რაც ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში იყო; სააკაშვილმა და კალმახელიძემ შექმნეს პატიმრების არაორდინალური მეთოდებით წამების ინდუსტრია“, – აღნიშნა კახა კუკავამ.
კონსერვატიული პარტიისა და „ეროვნული საბჭოს“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ 11-12 მაისს, ფილარმონიაში გამართული თავყრილობა და საერთოდ, ამ მოძრაობის საქმიანობა ასე შეაფასა: „ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში, ამიტომ ზოგი რადიკალური ნაბიჯების მომხრეა, ზოგი – ევოლუციური გზის; წინააღმდეგობის მოძრაობამ ფილარმონიაში ორი დღის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი აქცია ჩაატარა. ეს იყო წარმატებული ღონისძიება და საერთოდაც, ეს მოძრაობა იკრებს თავის მხარდამჭრებს და უკვე ძლიერი და ყოვლისმომცველი მოძრაობა გახდა, რაც ასევე მისასალმებელია. რაც უფრო მეტ ფრონტზე გაიხსნება შეტევა ხელისუფლების მიმართ, მით უფრო კარგი იქნება საერთო საქმისთვის“.
დღევანდელ რეალობაში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის ორი დღის განმავლობაში ხალხით გავსება მართლაც უპრეცენდენტო ფაქტია. აქცია-მარათონი „შენს გისოსებში მზეა“, იგივე წინააღმდეგობის მოძრაობის თავყრილობა, ფილარმონიაში სავსე დარბაზში გაიმართა.
ქვეყანაში არსებული საყოველთაო ნიჰილიზმისა და უნდობლობის ფონზე, ფილარმონიის ხალხით გავსება არც ერთ პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ მოძრაობას არ შეუძლია. ხალხში იმედგაცრუება დაიძლია, წინააღმდეგობის მოძრაობამ შეუძლებელი შეძლო, საზოგადოებაში გაჩნდა რწმენისა და იმედის ნაპერწკალი და ამას გაღვივება სჭირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ 11 მაისს, წინააღმდეგობის მოძრაობის აქციას დროში დაემთხვა მახათას მთაზე ახალი ეკლესიის კურთხევის ცერემონია და სახალხო მსვლელობა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.
იყო სერიოზული რისკი, რომ ამ მნიშვნელოვან რელიგიურ რიტუალს გადაეფარა წინააღმდეგობის მოძრაობის აქცია, თუმცა მოძრაობის მიერ წამოჭრილი პრობლემები საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ძალიან აქტუალური აღმოჩნდა. ამიტომაც, მართალია აქცია-მარათონი დასავლური სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, ოღონდ სევდითა და ცრემლით იყო გაჯერებული, როგორც ქვეყანაში არსებულ სიტუაციას შეეფერება.
„სააკაშვილისა და ნაციონალების ყრილობების მსგავსად, ჩვენ ფეირვერკებისა და ბუშტების განწყობა ნამდვილად არ გვაქვს. ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა და ჩვენს აქციას ცრემლი და ამასთანავე, მომავლის რწმენაც ახლდა“, – განაცხადეს წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერებმა.
როგორც უკვე ვთქვი, აქცია-მარათონი საქმიანი ატმოსფეროთი გამოირჩეოდა. ამავე დროს, თანამედროვე დასავლური ტრადიციების მიხედვით, იყო შოუს ელემენტებიც – კლიპები, ფილმების პრეზენტაციები, მუსიკა და პოეზიაც ვიხილეთ და მოვისმინეთ, მაგრამ ორდღიანი თავყრილობა სევდითა და ცრემლით იყო გაჯერებული, როგორც ქვეყანაში არსებულ სიტუაციას შეეფერება.
ბონდო მძინარაშვილი

საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის დეკლარაცია 

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გზით, მიიტაცა აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება, ქვეყანაში მოკლა პოლიტიკური პროცესი და ოპონენტებს დაუტოვა მხოლოდ ქუჩის პოლიტიკის არეალი, ციხეები გაავსო პოლიტპატიმრებით, დაიმორჩილა მედიის დიდი ნაწილი და აწარმოებს საზოგადოების ცნობიერებაზე მავნე ზემოქმედებას, ეკონომიკის „პრიორიტეტად“ აქცია წართმევა, სოციალური დაცვის პოლიტიკა შემოფარგლა დევნილთა ბანაკების მშენებლობით, გააღატაკა მოსახლეობა, მიზანმიმართულად გაანადგურა პროფესიონალი კადრები, სამარცხვინოდ დაკარგა ქვეყნის ტერიტორიის 22 პროცენტი.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასაღუპავად განწირული ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელია:
ა) შსს-ს დეცენტრალიზაცია, მისი ცენტრალური აპარატის, სოდ-ის, კუდ-ისა თუ სხვა პოლიტიზებული სამსახურების გაუქმება, ხოლო საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, დაზვერვის, კონტრდაზვერვის, საზღვრის დაცვის სამსახურების დამოუკიდებელ უწყებებად ჩამოყალიბება;
ბ) პროკურორის ინსტიტუტის გაუქმება და მის ნაცვლად სახელმწიფო ბრალმდებლის ინსტიტუტის შემოღება, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის უფლება;
გ) დამოუკიდებელი ერთიანი საგამოძიებო სამსახურის ჩამოყალიბება; გამომძიებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სახალხო დამცველის მოთხოვნისთანავე, თუკი იგი საგამოძიებო მოქმედებებს არაობიექტურად მიიჩნევს;
დ) სასამართლო პროცესებზე მედიასაშუალებების დასწრების გაუქმებული წესების აღდგენა; მოსამართლის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, თუკი ამას მოითხოვს სახალხო დამცველი ამ მოსამართლის მიერ მიღებულ სამ სხვადასხვა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;
ე) ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადება, რათა საპატიმროებში დარჩეს 5000-ზე ნაკლები პატიმარი (ევროსტანდარტების შესაბამისად); ნარკომომხმარებელთა განთავისუფლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და მათი სავალდებულო მკურნალობა; საზოგადოებისთვის სანდო, ავტორიტეტული უფლებადამცველებისა და ჟურნალისტებისთვის საპატიმროების მონიტორინგის უფლების მინიჭება;
ვ) საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნა არაკომერციულ იურიდიულ პირად _ ჟურნალისტთა კავშირად, რომლის წევრებიც (საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები) თავად აირჩევენ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციას; „თავისუფალი ტრიბუნის“ ხელმისაწვდომობა არაკომერციული იურიდიული პირებისთვის;
ზ) წვრილი და საშუალო მეწარმეებისთვის მხოლოდ ფიქსირებული გადასახადის დაწესება, მათი განთავისუფლება საფინანსო, საბუღალტრო და ნებისმიერი სხვა ანგარიშგებისგან;
თ) უფასო და საყოველთაო სამწლიანი ზოგადი უმაღლესი განათლების შემოღება;
ი) გადაუდებელი უფასო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა ყველა მოქალაქისთვის; უფასო მედიკამენტების ნუსხის განსაზღვრა საქართველოს მიერ საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად;
კ) პენსიისა და სოციალური დახმარების გათანაბრება საარსებო მინიმუმთან; სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი პირებისთვის რეალური და სამართლიანი შემწეობის სისტემის შექმნა;
ლ) ისეთი სახელმწიფო საკადრო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავებას განათლების, კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით;
მ) დევნილთათვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა, მათთვის დროებითი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა და შემწეობის გაზრდა საარსებო მინიმუმამდე;
ნ) საქართველოს ეროვნული ინტერესების გამომხატველი და ქვეყნის გამთლიანებაზე ორიენტირებული, გამჭვირვალე პოლიტიკის წარმოება რუსეთთან, ევროპასა და აშშ-სთან;
ვაცხადებთ, რომ ქვეყნის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსაყვანად ვაერთიანებთ ჩვენს ადამიანურ, ორგანიზაციულ, საინფორმაციო, ფინანსურ და სხვა რესურსებს.
ვირჩევთ მიზანმიმართული, შეურიგებელი და თავგანწირული ბრძოლის გზას.
მივმართავთ ყველა მამულიშვილს – ერთად ვიხსნათ სამშობლო!
თბილისი, 2011 წლის 12 მაისი.

საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მანიფესტი
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პოლიტიკური ძალადობის, კრიმინალური ქმედებებისა და არჩევნების გაყალბების გზით, საქართველოში ხელისუფლება ხელში ჩაიგდო ავანტურისტთა ჯგუფმა, რომელმაც ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა. ეს კრიმინალური დე-ფაქტო ხელისუფლება მიზანმიმართულად იბრძვის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ქართველ ხალხს არ უტოვებს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობას. ამ რეჟიმმა უხეშად ხელყო ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებანი, მთელი ქვეყანა აქცია ციხედ, გამუდმებით ატერორებს მოსახლეობას და ადამიანებს სიცოცხლის უფლებას ართმევს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში მძვინვარებს პოლიტიკური და ეკონომიკური ტერორი, რომელსაც ახასიათებს განსაკუთრებული სისასტიკე და კაცთმოძულეობა, მუდმივად მიმდინარეობს სოციალური გენოციდი, საფრთხე ექმნება ქართული სახელმწიფოებრიობის და თვით ქართველი ერის არსებობას. ერისთვის ამ უმძიმეს ვითარებაში ყოველმა ჩვენგანმა უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე, ჩაებას თავგანწირულ ბრძოლაში სამშობლოს გადასარჩენად.
მიგვაჩნია, რომ ქვეყნის სათავეში მყოფი დამნაშავე რეჟიმი საზოგადოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ტერორს ახორციელებს მის ხელთ არსებული ყველა რესურსისა და საშუალების გამოყენებით, განიხილავს და იყენებს სახელმწიფო ორგანოებსა და უწყებებს, როგორც ამ ტერორის განხორციელების ქმედითუნარიან ინსტრუმენტებს.
ვთანხმდებით, რომ კრიმინალი დე-ფაქტო ხელისუფლების გასანეიტრალებლად აუცილებელია უკომპრომისო და თავგანწირული ბრძოლა, რათა დავიბრუნოთ წართმეული სამოქალაქო (პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული) უფლებები.
ტერორის ინსტრუმენტების გასაუვნებელსაყოფად და დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მიტაცებული ძალაუფლების კვლავ ხალხისთვის დასაბრუნებლად მოვითხოვთ:
ა) შსს-ს დეცენტრალიზაციას, მისი ცენტრალური აპარატის, სოდ-ის, კუდ-ისა თუ სხვა პოლიტიზებული სამსახურების გაუქმებას, ხოლო საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, დაზვერვის, კონტრდაზვერვის, საზღვრის დაცვის სამსახურების დამოუკიდებელ უწყებებად ჩამოყალიბებას;
ბ) პროკურორის ინსტიტუტის გაუქმებას და მის ნაცვლად სახელმწიფო ბრალმდებლის ინსტიტუტის შემოღებას, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის უფლება;
გ) დამოუკიდებელი ერთიანი საგამოძიებო სამსახურის ჩამოყალიბებას; გამომძიებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სახალხო დამცველის მოთხოვნისთანავე, თუკი იგი საგამოძიებო მოქმედებებს არაობიექტურად მიიჩნევს;
დ) სასამართლო პროცესებზე მედიასაშუალებების დასწრების გაუქმებული წესების აღდგენას; მოსამართლის უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, თუკი ამას მოითხოვს სახალხო დამცველი ამ მოსამართლის მიერ მიღებულ სამ სხვადასხვა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით;
ე) ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებას, რათა საპატიმროებში დარჩეს 5000-ზე ნაკლები პატიმარი (ევროსტანდარტების შესაბამისად); ნარკომომხმარებელთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და მათ სავალდებულო მკურნალობას; საზოგადოებისთვის სანდო, ავტორიტეტული უფლებადამცველებისა და ჟურნალისტებისთვის საპატიმროების მონიტორინგის უფლების მინიჭებას;
ვ) საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნას არაკომერციულ იურიდიულ პირად _ ჟურნალისტთა კავშირად, რომლის წევრებიც (საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები) თავად აირჩევენ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექციას; „თავისუფალი ტრიბუნის“ ხელმისაწვდომობას არაკომერციული იურიდიული პირებისთვის.
ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქმედებებით ერთდროულად უზრუნველვყოფთ:
ა) საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებასა და ჩართვას ჩვენთვის წართმეული უფლებების დაბრუნების პროცესში;
ბ) პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვას და ამ აქციებში ფართო საზოგადოებრიობის ჩაბმას;
გ) ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის გამოსავლენად რეფერენდუმის ჩატარებას; ხელისუფლების წინააღმდეგობის შემთხვევაში რეფერენდუმს ჩავატარებთ დამოუკიდებლად, ჩვენი ძალებით;
გვჯერა, რომ დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთობა წარმატების საწინდარია!
ყველა მამულიშვილს, ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ სამოქალაქო თანხმობისკენ!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
თბილისი, 2011 წლის 12 მაისი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here