Home რუბრიკები სამართალი 8 ფაქტი რომელთა გამოც ლალი აფციაური უჩივის მიშას მიერ “შაშურკინად” ქცეულ შაშკინს

8 ფაქტი რომელთა გამოც ლალი აფციაური უჩივის მიშას მიერ “შაშურკინად” ქცეულ შაშკინს

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში სასჯელაღსრულების 17 დაწესებულება ფუნქციონირებს. ვითარება ყველგან მეტ-ნაკლებად გაუსაძლისია.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით “საქართველო და მსოფლიო” ესაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, პატიმრების უფლებათა დამცველს ლალი აფციაურს. მისი თხოვნით, რედაქცია პატიმართა ვინაობას არ ასახელებს და მხოლოდ ინიციალებს შემოგთავაზებთ.
– ქალბატონო ლალი, დარღვეულია თუ არა საკნებში პატიმრების რაოდენობის ლიმიტი და რა პრობლემებია ამჟამად ციხეებში?

– ვარდყვავილოვანი რევოლუციის შემდეგ მოსულ ხელისუფლებას ხალხის დაჭერისა და დაკავების მეტი არაფერი გაუკეთებია. დღეში 50-60-მდე კაცს იჭერდნენ და მათგან რამდენიმეს უშვებდნენ. დღეს ციხეების მშენებლობის ბუმია. რუსთავის პირველ კოლონიაში შენდება კორპუსები, მე-6 საპყრობილის ტერიტორიაზე – ახალი ციხე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პატიმრების რაოდენობა კლების ნაცვლად იმატებს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და იუსტიციის სამინისტრო მიზანმიმართულად აყალბებს სტატისტიკას, თითქოს ქვეყანაში 19 ათასი პატიმარია, რაც აფსურდია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვეყანაში 25 ათასი ტუსაღია. ციხეები გადატვირთულია, საკნებში ორჯერ მეტი მსჯავრდებულია, ვიდრე ნორმითაა გათვალისწინებული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები მეუბნებიან, რომ 1 საწოლზე 4-5 ადამიანი მოდის და მორიგეობით უწევთ ძილი. ფაქტობრივად, ეს წამების ტოლფასია. საერთოდ გაუქმებულია ვენტილაცია. N8 საპყრობილეში სუნთქვის საშუალებაც არ არის. მსჯავრდებულ რ.მ.-ს თქმით, ფანჯარასთან მორიგეობით დგებიან, ჰაერი რომ ჩაისუნთქონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიგუდებიან. ასეთივე გაუსაძლისი პირობებია ადვოკატების ოთახებში. კვირაში ორჯერ მაინც მიწევს პატიმრებთან შეხვედრა, 15-წუთიანი საუბრის შემდეგ უჰაერობის გამო ცენტრალურ კიბეებთან გამოვდივარ. წარმოიდგინეთ, იქ რა მდგომარეობაა.

ქალთა კოლონიიდან 700 პატიმარია გადაყვანილი რუსთავში, სადაც უმძიმესი პირობებია: სძინავთ იატაკზე, კედლები ჩამონგრეულია, საიდანაც წყალი ჟონავს. მიზერული კომფორტიც კი არ არსებობს. დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავენ, რადგან გვერდით პლასტმასის ქარხანაა და გამონაბოლქვი იქაც აღწევს, ეს კი გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს.

– რატომ გადაიყვანეს რუსთავში, თუკი ასეთი პირობებია?

– ქალთა კოლონია დიდი ხნის წინათ გაიყიდა. მფლობელმა შენობის გათავისუფლება მოითხოვა. მფლობელი სწორედ ისაა, ვისაც ბიზნესი აქვს იმ ტერიტორიაზე.

ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი ფაქტი იყო კოლონიაში მომხდარი ბუნტი, ყოველგვარი კითხვების გარეშე რომ გაეყვანათ პატიმრები შენობიდან. 3 ქალი შეწყალებით გაშვებას ითხოვდა, რაც შემდგომ დიდ არეულობაში გადაიზარდა, ადმინისტრაცია კი ყველანაირად ხელს უწყობდა სიტუაციის გამწვავებას. როცა ვითარებამ პიკს მიაღწია, ცენტრალური კიბეებიდან კი არა, უკანა კედელი გაანგრიეს და იქიდან გაიყვანეს ეს ქალები.

მსჯავრდებულმა ნ.გ.-მ მითხრა, რომ გადაყვანისას სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს. ეს იყო წინასწარ ინსპირირებული ქმედება ხელისუფლების მხრიდან, რათა პატიმრები დაბეჩავებული და ღირსებააყრილი ყოფილიყვნენ. მათ კანონიერ უფლებებსა და ღირსებებს მიზანმიმართულად ფეხქვეშ თელავენ.

– სხვა ციხეებში რა მდგომარეობაა?

– გაუპატიურების შესახებ სხვაგან არ მსმენია, მაგრამ სერიოზული ფიზიკური ზეწოლაა. ხმამაღალი გაცინების, საუბრის, საკნიდან საკანში გადალაპარაკების უფლება არ აქვთ. ამ დროს შეიძლება შემოუვარდეთ ბადრაგი და ცემაც იწვნიონ, ან თუ არ მიმართავ, “ბატონო ბადრაგო”, ამის გამოც გემრიელად მოხვდებათ. პატიმარ ბ.ჭ.-ს ხმამაღალი გაცინების გამო სასტიკად სცემეს, რომელსაც ტვინის შერყევა დაემართა; ჟ.რ.-ს წვერზე სანთებელათი ცეცხლს უკიდებდნენ და სველი პირსახოცით სცემდნენ. სახალხო დამცველმა თავის მოხსენებაშიც ასახა, როგორი ნაწამები იყვნენ კარცერში შეყრილი შიშველი პატიმრები. ვიდეოთვალს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებენ, თუ ხელისუფალს სურს რაიმე შოუს დადგმა, შავბნელი საქმეებისთვის აფიქსირებენ ფაქტებს, სხვა შემთხვევაში არც აინტერესებთ, რა ხდება საპყრობილეებში.

– ჰიგიენასთან დაკავშირებით რას იტყვით?

– ზაფხულში პატიმრებს თვეში ორჯერ უწევთ დაბანა. საპირფარეშოებთან გაუთავებელი რიგებია, მცირე რაოდენობით მიეწოდებათ ჰიგიენური საშუალებები: 20-30 კაცზე – 1 საპონი და 2 პირსახოცი. უწყლობის გამო აბაზანები დაბინძურებულია, ხშირ შემთხვევაში საპირფარეშოები გაჭედილია. თეთრეულს ურეცხავენ იმ შემთხვევაში, თუ ფულს გადაუხდიან მუშა პატიმრებს. მსჯავრდებულ ჭ.ბ.-ს დედა ჩიოდა, რომ ყოველ მეორე კვირას 5-ლარიან მონობარათს ურიცხავდა მუშა პატიმარს, თეთრეული და სამოსი რომ წაეღო გასარეცხად. ვთხოვე, ჩემთვის ეთქვა მუშა პატიმრის ნომერი, მაგრამ შვილის უსაფრთხოების გამო სიჩუმე არჩია. დაშინებულნი არიან ადმინისტრაციისგან. ვისაც ფული არ აქვს, სიბინძურეში უწევთ ცხოვრება. ამიტომაცაა მოდებული კანის მრავალნაირი დაავადება, რომელთა განკურნება, ფაქტობრივად, ვერ ხდება.

– მკურნალობის თვალსაზრისით, რა მდგომარეობაა?

– დღემდე არ ხდება პატიმრების გამიჯვნა. ავადმყოფებსა და ჯანმრთელებს ერთად უწევთ ყოფნა. ფაქტობრივად, ტუბერკულოზის კერაა. მსჯავრდებული რომ ციხის საავადმყოფოში გადავიყვანო, დიდი ბრძოლა მჭირდება. თავად გადაყავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი სასიკვდილოდაა განწირული. ტკივილებისგან ყვირილი რომ დაიწყონ, წამალს არავინ მიაწვდის, ექიმიც გამოძახებიდან 2 კვირაში მოვა გასასინჯად. ასეთ რთულ მდგომარეობაში არიან.

მსჯავრდებულ ფ.ჭ.-ს ხორხში სიმსივნე აღმოაჩნდა. ერთი ომი გავიარე, ვიდრე არ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. მედიკამენტებით მხოლოდ ოჯახის წევრები უზრუნველყოფენ. გარკვეული დღეებია გამოყოფილი, როცა ციხის ექიმი ჩამოდის ადმინისტრაციის მიმღებში და აწვდის ოჯახის წევრებს დანიშნულებებს, რათა მედიკამენტები შეიძინონ იქვე მდებარე აფთიაქში. ბევრს არ აქვს ძვირადღირებული წამლის შეძენის საშუალება. ხშირ შემთხვევაში ტუსაღი უყურადღებობისა და უსახსრობის გამო იღუპება. იქაური ბიზნესი იწირავს უამრავი ადამიანის სიცოცხლეს. სულაც არ აინტერესებთ, რამდენი პატიმარი იღუპება. მთავარია, ბევრი ფული აკეთონ.

– კვებასთან დაკავშირებით რას იტყვით?

– ეგრეთწოდებულ ბალანდას პატიმრების დიდი ნაწილი არ მიირთმევს, თუ მთლად დაქცეული ოჯახიდან არ არის. საკვებს გაფუჭებული ცხიმისგან ამზადებენ. 1 კვირის წინ N8 განყოფილებაში ბიდონებით მიჰქონდათ სადილი, საიდანაც უცნაური ფერის სითხე იღვრებოდა. ვთხოვე, თავი აეხადათ და ეჩვენებინათ, რას აჭმევდნენ გასაცოდავებულ ხალხს. 10 სანტიმეტრის სისქეზე ჩანდა არაბუნებრივი ფერის ცხიმი, რომელმაც კუჭი დაუავადა პატიმრებს. ჩვენი ყველაფრისჭამია პრეზიდენტიც კი ვერ მიირთმევდა, ისეთი საშინელი შესახედავი იყო. ქალთა კოლონიაში შეიტანეს აყროლებული სოსისი, იქ მყოფი ქალბატონების განმარტებით, ისეთი სუნი ასდიოდა, ვერავინ მიეკარა. საკვებით პატიმრის მოწამვლის შემთხვევებიც ყოფილა. მაგალითად, ტ.ა. ხორცის ულუფის მირთმევის შემდეგ მოიწამლა და კარგახანს მკურნალობდა, რაც დიდი ბრძოლის ფასად დამიჯდა.

– პროდუქტების შესაძენ ბარათებთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ?

– ამ ბარათებზე, ძირითადად, ოჯახის წევრები რიცხავენ თანხას, მაგრამ ეს თანხებიც უკონტროლოა. ეს არის ფინანსური ზეწოლა ოჯახებზე. პატიმარს არ აქვს უფლება, თვითონ შეიძინოს სასურველი პროდუქტი. სიას ჩამოწერენ და მუშა პატიმარი ყიდულობს ციხეში გახსნილ ჯიხურებში, მაგრამ რამდენად კეთილსინდიერად იქცევა, არ ვიცი. ყოფილა შემთხვევები, პატიმრის ანგარიშიდან მოუხსნიათ თანხა საკუთარი სიამოვნებისთვის. ჯიხურები ახალაიებმა დანერგეს და ისინი მართავდნენ ამ ბიზნესს. მგონი, დღესაც მათ ეკუთვნით. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჯიხურები ფულის გათეთრების ბაზაა. მათ ნაკლებად აინტერესებთ პატიმრების მენიუ, უბრალოდ, ჭუჭყიან ფულს ათეთრებენ. აი, ეს არის ახალაიების მთავარი მიზანი.

არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ოჯახს ყოველთვის როდი შეუძლია ყველაფრის შეგზავნა ახლობლის უზრუნველსაყოფად. თანაც, შეგზავნები აკრძალეს. მხოლოდ ხილია ნებადართული და ისიც – გარკვეული რაოდენობის. თუ პატიმარს ანგარიშზე თანხა აქვს, მას შეუძლია შეიძინოს საკვებიც და 40-50-ლარიანი თეთრეულიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება მშიერი და დაიძინებს ბინძურ ლეიბზე.

არსებობენ ოჯახები, რომელთაც არ აქვთ თეთრეულის შეძენის საშუალება და ურჩევნიათ, გამოყენებული გარეცხილი თეთრეული მიაწოდონ პატიმარს. ესეც ფულის კეთების ერთგვარი ხერხია.

ციხეში ბიზნესი ხალხის ჯიბიდან ვითარდება. ბიუჯეტის 60% ივსება საპროცესო გარიგებებით, ასევე, ნარკოტიკების ეგრეთ წოდებული მომხმარებლებისგან.

ასეთ შემაშფოთებელ ფაქტსაც წავაწყდი. 6 თვის წინათ სისხლის სამართლის დანაშაულზე დაიჭირეს ბ.გ., რომელიც შეამოწმეს ნარკოლოგიურში. დასკვნის ნომრის ნახვისას აღვშფოთდი – შემოწმებული ჰყავდათ ნახევარი მილიონი ადამიანი. მათ მიერ გადახდილი თანხებიც ხომ ავსებს ბიუჯეტს…

ამ სფეროში დიდი განუკითხაობაა. სასჯელაღსრულების დაწესებულებები ლამაზად შეფუთული ნაგავია, რომელსაც ზემოდან დაკრული მიშას ვარდი ამშვენებს.

 

ესაუბრა

ნანა დიხამინჯია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here