Home რუბრიკები სამართალი “ბლოკ-ჯორჯიამ” 100 ახალი საავადმყოფოს პროექტი საბოლოოდ დაასამარა?

“ბლოკ-ჯორჯიამ” 100 ახალი საავადმყოფოს პროექტი საბოლოოდ დაასამარა?

მიხეილ სააკაშვილის მიერ ლამის საუკუნის პროექტად გამოცხადებული “ასი ახალი საავადმყოფოს” “კეთილი” ზღაპარი დასრულდა. მართალია, ხელისუფლება ამ ფაქტს ღიად არ აღიარებს, მაგრამ ჯანდაცვის სფეროში ინვესტი­ციების განხორციელებისა და ფინანსების მოზიდვის მიზნით ჩატარებულ პრივატიზებას სახელი გადაარქვა და ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა უწოდა. ჯანდაცვის სფეროში სახელთან ერთად ბევრი რამ შეიცვალა. თუ 2007 წლის აპრილის მონაცემებით ტენდერში სამმა კომპანიამ (“პსპ”, “ავერსი ფარმა” და “ბლოკ-ჯორჯია”) გაიმარჯვა და მათ ხელში გადავიდა ჯანდაცვის თითქმის მთელი პირველადი ობიექტები და საავადმყოფოები, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 დეკემბრის N833 განკარგულების შესაბამისად, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ “პსპ” და “ავერსი ფარმა”. მთელი რიგი სამედიცინო დაწესებულებებისა, რომლებიც პირველი ტენდერის საფუძველზე მათი საკუთრება იყო, ამჯერად შპს “ბლოკ-ჯორჯიას” და მის შვილობილ კომპანიებს – შპს “ბლოკ-ინვესტს”, შპს “მედიმექსს” და შპს “პატრია მედიკას” გადაეცა.
ამრიგად, 2009 წლის 29 იანვარს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ამ ოთხ ფირმას შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად – 1500 დოლარად გადაეცა 100 საავადმყოფო, ანუ თითქმის მთელი ქართული მედიცინა ერთი კერძო კომპანიის ხელში აღმოჩნდა და დღეს ამ კომპანიის გადასაწყვეტია, დააქცევს თუ ააშენებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვას, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ამ ეტაპზე გაცილებით საინტერესოა იმის გარკვევა, რატომ თქვეს უარი “პსპ”-მ და “ავერსი ფარმამ” იმ სამედიცინო ობიექტებზე, რომლებიც კონკურსის წესით მოიპოვეს. თუ არ იყვნენ დაინტერესებულნი სამედიცინო დაწესებულებებში ინვესტიციების ჩადებით, რატომ მიიღეს მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერში. თუ უნდოდათ, ერთი წლის შემდეგ რატომ გადაიფიქრეს?

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, “ბლოკ-ჯორჯიას” სურვილი ჰქონდა, სრულად გაეკონტროლებინა ჯანდაცვის სფერო. ხელისუფლებისთვისაც მომგებიანი იყო, ერთი კომპანიის ხელში გადასულიყო სამედიცინო ობიექტები. რაკიღა “პსპ”-მ და “ავერსი ფარმამ” სრულად ვერ წარმოადგინეს გარანტიები, ერთგვარი კეთილი ნება გამოიჩინეს და “ბლოკ-ჯორჯიას” დაუთმეს ცალკეული კლინიკები.

გაურკვეველია, რას ნიშნავს “დათმობა”, როცა საქმე ბიზნესს ეხება ან რატომ გაუჭირდათ “პსპ”-სა და “ავერსის” მსგავს სერიოზულ და ფინანსურად ძლიერ ფარმაცევტულ კომპანიებს გარანტიების სრულად წარდგენა? რატომ აღმოჩნდა აუთსაიდერი ორივე ფირმა ერთდროულად, ხომ შეიძლებოდა, ან ერთს, ან მეორეს გაძნელებოდა გარანტიების სრულად წარდგენა და არა – ორივეს ერთად? არ გვინდა, ვინმე კორუფციულ გარიგებებში დავადანაშაულოთ, მაგრამ ძნელი მისახვედრი არაა, რომ შესაძლოა, ხელისუფლება უხეშად ჩაერია პრივატიზაციის პროცესში და “ბლოკ-ჯორჯიას” ფართოდ გაუხსნა გზა, ხელში ჩაეგდო ქალაქის ცენტრალურ ადგილებში ჰექტრებზე გადაჭიმული ფართობები თავისი შენობა-ნაგებობებით, “ავერსი” და “პსპ” კი აიძულეს, ნებით დაეთმოთ სამედიცინო დაწესებულებები.

არსებობის უფლება აქვს მეორე ვერსიასაც, რომ “პსპ”-მ და “ავერსმა” ბოლო მომენტში უარი თქვეს “100 ახალი საავადმყოფოს” პროექტში მონაწილეობაზე. ხელისუფლების მიერ გაპიარებული პროგრამა რომ არ ჩაშლილიყო, ყველაფერი “ბლოკ-ჯორჯიას” გადაულოცეს და ჩეხეთის “ექსპორტ-იმპორტის” ბანკიდან 100-მილიონიანი კრედიტის ასაღებად სახელმწიფო გარანტიები მისცეს.

ასეა თუ ისე, ქართულ მედიცინაში ბურთი და მოედანი “ბლოკ-ჯორჯიას” დარჩა, გაზეთმა “საქართველო და მსოფლიომ” წინა ნომერში უკვე გააცნო მკითხველს ის სამედიცინო ობიექტები, რომლებიც ხელისუფლებამ აღნიშნულ კომპანიას სიმბოლურ თანხად – 1500 დოლარად უფეშქაშა. “ბლოკ-ჯორჯიამ” საბანკო-საგარანტიო თანხა 59 მილიონ 850 ათასი დოლარი წარადგინა. ეს თანხა ამ უკანასკნელს თავად როდი ჰქონდა, – ფოთის სადაზღვევო კომპანია “ვესტის” გარანტია აჩვენა, რომელსაც, თავის მხრივ, რისკები გადაზღვეული ჰქონდა B+ რეიტინგის მქონე სადაზღვევო კომპანია “ევრაზიაში”.

ამ ავანტიურის არსი უფრო ნათელი გახდება, თუ ჩვენს მკითხველს ეცოდინება ის ინფორმაცია, რომელიც “საქართველო და მსოფლიოს” სანდო წყარომ მიაწოდა.

სამშენებლო კომპანია “ბლოკ-ჯორჯიას” დამფუძნებლები არიან მამა-შვილი მამუკა და ვახტანგ ჯანაშვილები. ფოთში დარეგისტრირებული სადაზღვევო კომპანია “ვესტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ვახტანგ ჯანაშვილის ქალიშვილი ლია ჯანაშვილი, რომლის მეუღლე გელა გოგიშვილი შპს “ბლოკ-ჯორჯიას” გენერალური მენეჯერია. სწორედ ამ უკანასკნელის დედაა  ჰემატოლოგიის ცენტრის დირექტორი.

მეოთხე კლინიკურ საავადმყოფოში შესვლის შემდეგ “ბლოკ-ჯორჯიამ” თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალური დირექტორი პეტრიაშვილი, რომელიც სწორედ ამ პერიოდში მძიმე ავადმყოფობის გამო სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. მის ნაცვლად კი დანიშნა ირაკლი ფოჩხუა.

როგორც შევიტყვეთ, ეს ცვლილება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა (ყოფილი გენერალური დირექტორის შვილი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტია). ირაკლი ფოჩხუა მეოთხე კლინიკური საავადმყოფოს ფიქტიური დირექტორია, ჰოსპიტალს რეალურად განაგებს ლია ჯანაშვილი, რომელმაც გელა გოგიშვილის დედასთან ერთად საავადმყოფოს მედპერსონალს ტესტირება ჩაუტარა, ამის იურიდიული უფლება კი არ ჰქონდა.

ჩეხურ-ქართულმა კომპანია “ბლოკ-ჯორჯიამ” 2012 წლისთვის დიღომში ერთი მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილიანი ჰოსპიტალი, ხოლო სანზონის სამედიცინო კლასტერში 190-საწოლიანი მრავალპროფილიანი კლინიკა უნდა ააშენოს. მიუხედავად იმისა, რომ სანზონის კლასტერი მათ 2007 წელს გადაეცათ, დღემდე თითი თითზე არ დაუკარებიათ ახალი საავადმყოფოს ასაგებად. დიღომში საძირკველი გაჭრეს და მშენებლობა შუა გზაზე მიატოვეს. ძველ საავადმყოფოებს კი ისე მიმართავს, თითქოს ბაბუის დანატოვარი ქონება იყოს და არა სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების სანაცვლოდ გადაცემული ობიექტები.

და ყველაზე მთავარი: სახელმწიფო “ბლოკ ჯორჯიას” საავადმყოფოების აშენება-შექმნის დასრულების შემდეგ მხოლოდ 7 წლის მანძილზე ავალდებულებს უწყვეტ რეჟიმში სამედიცინო  პროფილით ფუნქციონირებას.

ჩვენ დავინტერესდით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლებით და კომენტარი ვთხოვეთ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელს, ქალბატონ თამარ მეტრეველს.

თამარ მეტრეველი: “იმ მასალებში, რაც სასამართლოს წესით მოვიპოვეთ, მხოლოდ 6 ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზეა საუბარი. რიცხვი “100” ვერსად ვერ მოვიძიეთ. ჩვენ გვაინტერესებს, საიდან გაჩნდა რიცხვი “100” და რა სამართლებრივი დასაბუთება აქვს ამას. კითხვები გვაქვს პრივატიზაციის პროცესთან დაკავშირებითაც, რადგან მოხდა პირდაპირი წესით მიყიდვა, მაგრამ ეს არ ყოფილა არც კონკრეტული პირდაპირი მიყიდვა, არც აუქციონი გამოუყენებიათ. 1000 დოლარად არის გაყიდული ამდენი სამედიცინო დაწესებულება. “სიმბოლურ ფასად” – ასე წერია პრეზიდენტის განკარგულებაში. ქართული კანონმდებლობა “სიმბოლური ფასის” ცნებას არ იცნობს. ან არის ფასი, ან – საჩუქარი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გამოვლინდა ამ განკარგულებიდან. ახალ საავადმყოფოებზე შვიდწლიანი პროფილით მუშაობის ვადა არის დათქმული. თუ მფლობელი 7 წლის მერე გადაწყვეტს, პროფილი შეუცვალოს საავადმყოფოს, შეუძლია, ერთი წლით ადრე აცნობოს ეკონომიკის სამინისტროს და პრობლემა ამით მოაგვაროს. ჩვენი აზრით, ამან შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ პრობლემები შექმნას; ცალკეული სამედიცინო დარგები, რომლებიც მომგებიანი არაა, გაქრეს კიდეც. საქართველოში იშვიათ დაავადებებზე ვეღარ იმკურნალონ”.

არანაკლებ საინტერესო იყო თავად შპს “ბლოკ-ჯორჯიას” ხელმძღვანელთა კომენტარები ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით.

გელა გოგიშვილი, “ბლოკ-ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი: “ჩვენი კომპანიის ვალდებულებაა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და აჭარაში ახალი საავადმყოფოების მშენებლობა-აღჭურვა 3 წლის ვადაში. ჯამში ეს არის 1700 საწოლი. კონტრაქტის გაფორმებიდან გავიდა ერთი წელი და ვახორციელებთ ჩვენს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს”.

– მე-5 სამშობიაროს ბაზაზე რატომ არ დაიწყო მშენებლობა და რატომ შეჩერდა დიღმის კლასტერში?

– მე-5 სამშობიაროს პროექტირება დასრულებულია, რეაბილიტაცია-მშენებლობა სექტემბრისთვის დაიწყება. ზოგადად, პროცესი შეაჩერა და გაწელა ქვეყნის არასტაბილურმა საშინაო-საგარეო მდგომარეობამ. პროექტის მიმდინარეობას დაემთხვა რუსეთთან ომი, ეკონომიკური კრიზისი. ჩვენი ძირითადი დაფინანსება მოდის ჩეხეთის რესპუბლიკიდან, ჩეხი პარტნიორები კი ამ პროცესებს ძალზე რთულად უყურებენ და ამის გამო პროექტი დროში გახანგრძლივდა, თუმცა იმ ვალდებულებების დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენ გვქონდა საწყის ეტაპზე – ქსელის პროექტირება-დაგეგმარება – დასრულებულია.

– ბატონო გელა, შესრულებული სამუშაოების თაობაზე 6 თვეში ერთხელ ანგარიში უნდა მიაწოდოთ ეკონომიკის განვითარების სამინისტროს. თუ აცნობეთ მათ, დიღომში მშენებლობა რომ შეჩერდა, სანზონის კლასტერში კი ჯერ არ დაწყებულა?

– რა თქმა უნდა, დაახლოებით 10 დღის წინათ მივაწოდეთ ანგარიში თითოეული  კლინიკის მიხედვით, ვაჩვენეთ, რა გავაკეთეთ (ეკონომიკის განვითარების სამინისტროში გვითხრეს, რომ 15 ივლისს უნდა წარადგინონ წერილობითი ანგარიში, – ნ.ქ.).

– თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო დიღმის კლასტერში მშენებლობა შეჩერდა. როგორ ჩაეტევით ვადებში?

– ჩეხეთის “ექსპორტ-ბანკმა” მოგვცა კრედიტი.

– ჩვენთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ კრედიტის ასაღებად სახელმწიფო დაგიდგათ გარანტად…

– არა. ეს “ბლოკ-ჯორჯიას” ჩეხი პარტნიორების გარანტია და ინვესტიციაა. რასაც ამბობთ, სრული სიცრუეა.

– ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თქვენ მხოლოდ 7 წლის განმავლობაში ხართ ვალდებული, იმუშაოთ პირდაპირი პროფილით. 7 წლის მერე თქვენს ნება-სურვილზე უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი, გვექნება თუ არა საავადმყოფოები?

– ეს ჩვენს კონტრაქტში ნამდვილად არის, მაგრამ ჩეხური ბანკიდან 13-წლიანი კრედიტი გვაქვს აღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ, სულ მცირე, 13 წელი უნდა შევინარჩუნოთ პროფილი. ამასთან, ჩვენი გააზრებული ქმედებაა ჯანდაცვის ბიზნესი. ეს ისეთი დიდი, მნიშვნელოვანი და საინტერესო სფეროა, რომ არანაირი სურვილი არ გვაქვს, პროფილი შევუცვალოთ.

– რატომ გადმოგცეს 1500 დოლარად ამდენი საავადმყოფო, აუქციონის წესით ხომ მეტი თანხა შევიდოდა ბიუჯეტში?

– ეს ვინ გითხრათ?

– პრეზიდენტის განკარგულებაში წერია, “სიმბოლურ” ფასად – 1500 დოლარად გადაეცეს “ბლოკ-ჯორჯიას” ამა და ამ საავადმყოფოების აქციათა პაკეტი.

– (ჩაიცინა) ჩატარებული ტენდერის შემდეგ გამოიცა პრეზიდენტის განკარგულება. ტენდერში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ კომპანიას შეეძლო. თუ ისინიც წარმოადგენდნენ გამარჯვებისთვის საჭირო პარამეტრებს, მათაც ექნებოდათ შანსი. ჩვენ 100 მილიონის ჩადებას ვგეგმავთ ჯანდაცვაში და ეს 100 დოლარი არაა.

– ხომ შეიძლებოდა, ვინმეს სოლიდური თანხაც გადაეხადა შესაძენად და ინვესტიციებიც ჩაედო?

– ანუ?

– ანუ, როგორც აქამდე გაიყიდა ბევრი საწარმო…

– ჩვენ ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ, რომელშიც ინვესტიციების ჩადება და შემდგომ  მუშაობა სპეციფიკურია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ კომპანიას აბსოლუტურად გამჭვირვალედ შეეძლო ტენდერში მონაწილეობის მიღება, სახელმწიფოს მიმართ ვალდებულებები აეღო და ჩვენს მსგავსად მრავალმილიონიანი გარანტიები დაედო.

ბატონი გელა თვლის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გადაცემული ათასობით ჰექტარი მიწა თავისი შენობა-ნაგებობებით ეკონომიკური, კრიზისიდან გამომდინარე, არანაირ აქტივს აღარ წარმოადგენს. მას შეუძლია, ეს საკენკი იმ თავის თანამშრომლებს დაუყაროს, რომლებიც შესაშური გულმოდგინებით იცავენ პატრონს და ხელს გვიშლიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

ნათია ქადაგიშვილი

 

P.S. რაც შეეხება ამ პროექტს, მისი წყალობით თუ ჯანდაცვის ობიექტების გარეშე არ დავრჩებით, სამედიცინო მომსახურების ტარიფები მაინც გაიზრდება და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კიდევ უფრო გაუჭირდება მკურნალობა. ისიც საკითხავია, რამდენად შესაძლებელი იქნება გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მომაკვდავი პაციენტის საავადმყოფომდე დროულად მიყვანა. მთელი თბილისის მასშტაბით ხომ სულ რამდენიმე კლინიკა დარჩება, ისიც – გარეუბნებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here