Home რუბრიკები სამართალი ბიზნესმენის გაყვლეფაში «საქართველოს ბანკიც» გარიეს

ბიზნესმენის გაყვლეფაში «საქართველოს ბანკიც» გარიეს

დღეს მსოფლიოში მძვინვარე ეკონომიკური კრიზისი, უპირველეს ყოვლისა, მძიმე ინდუსტრიას და საბანკო სექტორს შეეხო, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოში მოქმედ საბანკო სექტორზე, რადგან მის დასახმარებლად მსოფლიო ბანკმა, დონორმა ორგანიზაციებმა და ჩვენი ქვეყნისადმი კეთილად განწყობილმა სახელმწიფოებმა ათობით მილიონი დოლარი შეაშველეს აქაურ მსხვილ თუ წვრილ ბანკებს და ფიქრობენ, რომ უკიდურეს სიღატაკეში ჩავარდნილ საქართველოს ამით დიდი საქმე გაუკეთეს!
არახალია, რომ ნახევარ საქართველოს ამა თუ იმ ბანკიდან სესხის სახით ფულადი კრედიტები აქვს გამოტანილი, რომელსაც, ძირითადად, წვრილი ბიზნესისათვის იყენებს. არის შემთხვევები, როცა კერძო პირებს სასწრაფო და გადაუდებელი საქმეებისთვის უცებ სჭირდებათ დიდი თანხა და ბანკიდან ფულის უპრობლემოდ გამოტანის მიზნით საჭირო თანხის საფასურად გარკვეულ ქონებას «დებენ» გარანტიად!

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ბანკისათვის ვალის დაბრუნების შემთხვევაში «ჩადებული» ქონების პატრონს ქონება ბანკმა უპრობლემოდ უნდა დაუბრუნოს, მაგრამ, როგორც ეტყობა, საქართველოში ასე არ ხდება და მოგახსენებთ, რატომაც…

როგორც «საქართველო და მსოფლიოსთან» საუბარში თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე თეიმურაზ თომაძე ყვება, 2004 წლის 29 ივნისს მან «საქართველოს ბანკთან» ხელშეკრულების საფუძველზე 60 ათასი დოლარი გამოიტანა სესხის სახით, რის უზრუნველსაყოფად ორი ავტომობილი – 2004 წელს გამოშვებული «ლინკოლნ ნავიგატორი» და ასევე 2004 წელს გამოშვებული «ტოიოტა ფორ-რანერი», ბანკის საწყობში გარანტიის სახით «ჩადო». ორივე ავტომობილის ღირებულება ბანკის აუდიტმა მინიმალურ ფასად შეაფასა და ამ თანხის ოდენობა 80 ათას დოლარად განსაზღვრა!

«მე, თეიმურაზ თომაძემ, ბანკის სესხის დიდი ნაწილი – 57 000 აშშ დოლარი თვენახევრის დაგვიანებით დავფარე, გადავიხადე, აგრეთვე, ბანკის მიერ მის ხელშეკრულებაში არსებული ჩადებული სანქციები. ეს თანხა დაიწყო შემდეგნაირად: 54 340 აშშ დოლარი, 2005 აშშ დოლარი პროცენტი და 644 აშშ დოლარი ჯარიმა დაგვიანებისათვის, ანუ ერთი ავტომანქანა «ლინკოლნ ნავიგატორის» საფასური გადავიხადე, ხოლო მეორე მანქანა «ტოიოტა ფორ-რანერი» დარჩენილი 5649 აშშ დოლარის უზრუნველსაყოფად ბანკის საწყობში დარჩა! დარჩენილი სესხის დაფარვა 2008 წლის 6 მაისს შევძელი, როცა ანგარიშზე «საქართველოს ბანკში» გარკვეული თანხა «დაჯდა» და, შესაბამისად, ბანკმაც ამ ანგარიშიდან 5649 აშშ დოლარი, 3198 აშშ დოლარი და პროცენტი – 5768 აშშ დოლარი «მოჭრა», რაც ხელშეკრულების პირობების განუყოფელ ნაწილს შეადგენდა!

თითქოს «საქართველოს ბანკსა» და ჩემ შორის ყველაფერი ვალის ბოლომდე დაფარვის შემდეგ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ავტომობილი «ტოიოტა ფორ-რანერი», რომლის მინიმალური ფასი ბანკისავე აუდიტით 40 000 აშშ დოლარს შეადგენდა, ბანკის საწყობიდან გაქრა და დღემდე მის ადგილსამყოფელს ვერც ავტოსადგომის ხელმძღვანელი პირები აკონტროლებენ და ვერც «საქართველოს ბანკის» გენერალური დირექტორი ნ. ენუქიძე».

წარსულში ბანკის მოვალე თეიმურაზ თომაძე ჩვენთან საუბარში იმასაც აცხადებს, რომ იგი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანკის დაქვემდებარებაში მყოფ ავტოსადგომზე არაერთგზის მივიდა, ითხოვა, მისთვის ეჩვენებინათ მისსავე საკუთრებაში მყოფი ავტომანქანა «ტოიოტა», მაგრამ ავტოსადგომის მეთვალყურეებმა უარის მიზეზად ის გარემოება დაასახელეს, თითქოსდა, ბანკის ხელმძღვანელების გარეშე ისინი აღნიშნულ ავტომობილს პატრონს ვერ აჩვენებდნენ!

თეიმურაზ თომაძემ «საქართველოს ბანკის» ხელმძღვანელებს საკუთარი ავტომობილის დაბრუნების შესახებ არაერთგზის მიმართა განცხადებით, მაგრამ გენერალური დირექტორიდან – ნ. ენუქიძიდან დაწყებული, სესხების განყოფილებით დამთავრებული, ყველას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და ავტომობილის რეალურ ადგილსამყოფელს დღემდე ვერ ასახელებს.

გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ თომაძის საკუთრებაში მყოფი ავტომობილი «ტოიოტა ფორ-რანერი» «საქართველოს ბანკმა» ან ვიღაცას აჩუქა, ანდა, სულაც, მინიმალურ ფასად ბანკის რომელიღაც «დიდ მოხელეს» მიჰყიდა! აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ «საქართველოს ბანკის» პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ძმაა და საინტერესოა, «საქართველო და მსოფლიოს» მეშვეობით გაჟღერებულ ამ ინფორმაციაზე ბატონ ნიკა გილაურს რა რეაქციები ექნება მას შემდეგ, როცა შეიტყობს, რომ მისი ძმის ბანკში ასეთი აფერები ხდება?

«საქართველო და მსოფლიომ» გადაწყვიტა, თეიმურაზ თომაძის ავტომანქანის ბედის შესახებ უშუალოდ «საქართველოს ბანკის» გენერალური დირექტორისგან, ბატონი ნიკა ენუქიძისგან მოესმინა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ენუქიძე ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა და კომენტარისთვის ერთადერთი სიტყვა გადმოგვიგდო: «გავერკვევით». ჩვენს შეკითხვაზე, – «როდის გაერკვევით?», – ისევ გვიპასუხა: «გავერკვევით, გავარკვევთო», – და ყურმილი დაკიდა. ტელეფონის საშუალებით (444134) «საქართველო და მსოფლიო» უშედეგოდ ცდილობდა «საქართველოს ბანკის» სესხების განყოფილებისგანაც მიეღო კომენტარი, მაგრამ…

მოკლედ, ისღა დაგვრჩენოდა, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანკის ავტოსადგომში თავად წავსულიყავით და იმ პიროვნებისგან მიგვეღო პასუხი, რომელმაც 2004 წლის 29 ივნისს შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე თეიმურაზ თომაძის ავტომობილი პირადად ჩაიბარა შესაბამისი აქტის საფუძველზე, რომლის შემდეგაც საკუთარი ხელმოწერაც დააფიქსირა და «თOIOთA-შღ-5 სარეგისტრაციო ნომრით საწყობში გააჩერა!

ეს პიროვნება დაცვის პოლიციის თანამშრომელი მიშიკო პირტახიაა, მაგრამ იგი «ბანკის ავტოსადგომში» აღარ მუშაობს, რადგან დაწინაურების საფუძვლით, ამჟამად უფრო «ღირსეულ» ადგილზეა გადაყვანილი. მანქანის მეპატრონე თომაძის თქმით, მიშიკო პირტახიამ მასთან საუბარში აღნიშნა: «არაფერი არ ვიცი, მე რა შუაში ვარ?..»

საინტერესოა, ამ შემთხვევის გამო, მაშ, ვინ არის პასუხისმგებელი? ისიც საინტერესოა, მანქანის სხვაზე გადაფორმება რა გზით მოხერხდა? და, ალბათ, ყველაზე საინტერესო კი ის არის, მანქანის რეალურ მფლობელს, თუნდაც, მინიმალურ საფასურს, 40 ათას აშშ დოლარს ვინ გადაუხდის – «საქართველოს ბანკი» თუ ის პიროვნება, რომლის ვინაობაც რატომღაც გასაიდუმლოებულია?

ირინა გოგოსაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here