Home რუბრიკები სამართალი პოლიციის მაღალჩინოსანმა საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელი მოკლა

პოლიციის მაღალჩინოსანმა საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელი მოკლა

სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურა ვაზაგაშვილი, გიორგი გამცემლიძე… პოლიციის მიერ ჩადენილ მკვლელობათა რიცხვს მორიგი მსხვერპლი, 30 წლის მამუკა (ლეონიდ) ჩხარჩხალია შეემატა. შს სამინისტრო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას განაგრძობს და განზრახ ჩადენილი მკვლელობის ჩაფარცხვას ცდილობს. პოლიციელის იმიჯის შესანარჩუნებლად მკვლელის, ვაკე-საბურთალოს მე-3 განყოფილების უფროსის, სერგო სუხიშვილის ტყავის გადარჩენას ცდილობს.

შს სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, «შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, სერგო სუხიშვილმა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მასზე განკუთვნილი ტაბელური იარაღიდან მოახდინა ერთჯერადი გასროლა, რა დროსაც ადგილზე გარდაიცვალა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, 1979 წელს დაბადებული ლეონიდ გულადის ძე ჩხარჩხალია. სერგო სუხიშვილი დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ქ. თბილისის პროკურატურა».
მოკლულის ოჯახი აღშფოთებულია შს სამინისტროს ამ განცხადებით, რადგან დარწმუნებულია, რომ მათი შვილი განზრახ მოკლეს. ნათესავები ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.

ჩვენთან საუბარში მამუკას დედამ დოდო ჩხარჩხალიამ განაცხადა:

«ერთი შვილი მყავდა. დედისერთა მომიკლეს… არ დავმარხავ… ფეხით ჩამოვალ თბილისში!..»

ადვილი წარმოსადგენია შვილმკვდარი დედის მდგომარეობა. მან საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

მოკლული მამუკა ჩხარჩხალია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმედან იყო. იგი საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელი გახლდათ, პარალელურად, სამშენებლო კომპანია «კიდ-არქიტექტურაშიც» მუშაობდა.

შეგახსენებთ, მკვლელობა 15 ივნისს, ნუცუბიძის პირველ კვარტალში, რესტორან «ქვევრსა» და «კიდ-არქიტექტურის» სამშენებლო ობიექტს შორის მდებარე ჩიხში მოხდა. ამ დროს ჩხარჩხალია ობიექტს დარაჯობდა.

მკვლელობა დაახლოებით ღამის თერთმეტიდან თორმეტ საათამდე მოხდა. მკვლელობას თვითმხილველიც ჰყავს. ირაკლი კეკუა უშუალოდ შეესწრო მამუკას მკვლელობას. მისი ნაამბობი აბსოლუტურად განსხვავდება შს სამინისტროს ვერსიისგან.

ჩვენთან საუბარში ის დეტალურად საუბრობს მომხდარზე, რომლის შესახებაც მკვლელობის ღამესვე აცნობა გამოძიებას.

ირაკლი კეკუა: «დღის ოთხ საათზე დედის ბიძაშვილმა, ტარიელ ანთიამ დამირეკა. ის და მამუკა დაბადების დღეზე მიდიოდნენ და მათ მოსვლამდე ობიექტზე დარჩენა მთხოვა. ღამის თერთმეტის ნახევარზე მამუკა სამსახურში მოვიდა. საკმაოდ ნასვამი იყო. დაახლოებით ხუთ წუთში ისევ წასვლა მოინდომა; სიგარეტი არ მაქვს და ვიყიდოთო. ერთად ჩავედით იქვე მდებარე ჯიხურთან, სადაც მამუკა სიგარეტს ხშირად ნისიად იღებდა, თუმცა იმ ღამეს გამყიდველმა ნისიად სიგარეტის მიცემაზე უარი უთხრა: ხვალ სმენა იცვლება და ვერ მოგცემო. მამუკამ თხოვნა მეორედაც გაუმეორა. უარის მიღების შემდეგ გაბრაზდა და სარეკლამო აბრას ხელი დაარტყა. დამშვიდება დავუწყე და გზის მეორე მხარეს გადავიყვანე. არ დამემორჩილა და ისევ ჯიხურთან მიბრუნდა, გამყიდველს ხმამაღლა ლაპარაკი დაუწყო. დავამშვიდე და ერთად ავუყევით სახლისკენ მიმავალ ჩიხს. მერე პატარა ძელსკამზე ჩამოვსხედით. რამდენიმე წუთში ორი უცნობი მამაკაცი მოვიდა. ერთს შავი მაისური (სუხიშვილი. – რედ.), მეორეს კი ღია ფერის პერანგი ეცვა. მოგვიახლოვდნენ, არც კი უთქვამთ, რომ პოლიციელები იყვნენ, პირდაპირ მამუკას მიმართეს: «შენ ხარ ის ძველი ბიჭიო?»

ამ დროს შავმაისურიანი მამუკას ყელში სწვდა, დახრჩობა დაუწყო. მამუკამ დაარტყა და მოიშორა. ისევ გაიწია მისკენ. მამუკას ვერ ერეოდნენ, ყველაფერი წამებში მოხდა.

შავმაისურიანმა იარაღი როდის ამოიღო, არ ვიცი, მაგრამ დავინახე, როგორ გადატენა და მამუკას პირდაპირ თავში ესროლა.

ჩვენ მისაშველებლად გავიწიეთ, მაგრამ ღია პერანგიანი გვაკავებდა. ამის მერე ისინი ქვემოთ, ვაჟა-ფშაველასკენ დაეშვნენ. უკან გავყევით, გზაზე ტარიელი შეგვხვდა, რომელსაც ვუთხარი, რომ მამუკას ესროლეს და არ გაგვექცნენ-მეთქი.

ამ დროს 15-20 პოლიციელი მოცვივდა, ყველანი მთვრალები იყვნენ. ადგილზე მივიდნენ, მკვდართან მიახლოების უფლება არ მოგვცეს. ამ არეულობაში შავმაისურიანი სად აორთქლდა, არ ვიცი.

გაიგეს თუ არა, რომ მკვლელობას შევესწარი, პოლიციელებმა მანქანაში ჩამსვეს და ქალაქის სამმართველოში წამიყვანეს დასაკითხად. მათ ყველაფერი მოვუყევი».

ჩვენს შეკითხვაზე – თუკი გამოძიებამ სიმართლე იცის, რამ განაპირობა შსს-ს რადიკალურად განსხვავებული ვერსია მომხდართან დაკავშირებით – ასეთი პასუხი მივიღეთ: «სამსახურში პოლიციელი მთვრალი არ დადის. როგორც მერე გავიგე, ისინი რესტორან «ქვევრში» ქეიფობდნენ. თუ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ჯერ ჰაერში გაესროლა, რაღა თავში დაუმიზნა, ფეხებში მაინც ესროლა. უიარაღო კაცს როგორ უნდა ესროლოს პოლიციელმა?!» – ამბობს ირაკლი კეკუა.

ჩვენ, ასევე, დავუკავშირდით მოკლულის მეგობარს და სამსახურის მეწყვილეს ტარიელ ანთიას.

ანთიას თქმით, დაბადების დღიდან მეგობრის მანქანით დაბრუნდნენ. მამუკა ობიექტზე დატოვეს:

«ჩემს მეგობარს ფული უნდა მოეცა, 50 ლარი და «პოპულში» ჩავედით. იქიდან ფეხით წამოვედი სამსახურისკენ. გზაზე ირაკლი დავინახე, რომელიც ჩემკენ მორბოდა. მითხრა, ჩვენიანს ესროლესო. დამანახა ვიღაც შავმაისურიანი, რომელიც გარბოდა, ამან ესროლაო».

როგორც მან აღნიშნა, ოჯახი, სამეგობრო, სანათესაო მომხდართან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებული ვერსიით აღშფოთებულნი არიან და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

«ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ყურადღებას ვერაფერს ვერ ვაქცევთ, თუმცა ტელევიზიით გავიგეთ შეთითხნილი ვერსიების შესახებ. მშობლები გაგიჟებულები არიან და მკვდრის დამარხვას არ აპირებენ; ამბობენ, თბილისში ჩამოვასვენებთო. სჯობს, სიმართლე თქვან, თორემ ამას კარგი არაფერი მოპჰყვება და საქართველო კი არა, მთელი მსოფლიო გაიგებს მომხდარის შესახებ.

როგორ ამბობენ, სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მოკლაო, როდესაც მკვლელი რესტორან «ქვევრში» შვილის ნათლობას აღნიშნავდა და იქიდან გამოვიდა. ეს რესტორანში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმაც დააფიქსირა», – ამბობს ანთია.

ნანა არევაძე, მაკა ქობალია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here