სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 50 წელიწადში თვითმკვლელთა რიცხვი 60%-ით გაიზარდა. სუიციდი ორი სახისაა: დასრულებული და დაუსრულებელი (ანუ თვითმკვლელობის მცდელობა). სტატისტიკურად, დაუსრულებელი სუიციდის რაოდენობა არასათანადოდაა შესწავლილი, რადგან ამგვარი შემთხვევები ხშირად იმალება ოჯახის ან თვით პიროვნების მიერ. ხოლო დაზარალებულთა რეგისტრაცია თვით სამედიცინო დაწესებულებებში ხშირად სხვა დიაგნოზით ხდება. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, «ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ დაავადების არარსებობა». ამრიგად, ფსიქიკურ აშლილობათა მომატება, მათი გამომწვევი მიზეზები და შედეგები მჭიდროდ უკავშირდება სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორს. სპეციალისტთა გამოკვლევით, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რევოლუციებს, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებს ადამიანებში დეპრესიის გავრცელება მოჰყვა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა თვითმკვლელობით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სუიციდურ ქცევათა შესახებ გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი შოთა გამყრელიძე.
– ბატონო შოთა, რა უდევს საფუძვლად სუიციდური ქცევებისა და ექსცესების მომრავლებას საქართველოში? ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა; შევარდნაძის მთავრობაში უშიშროების საბჭოს მდივანმა საკუთარ კაბინეტში ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა; უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ გამოვლინდა ჯარისკაცთა სერიული თვითმკვლელობების ფაქტები; ახლახან პედაგოგმა ბანკის ვალების გამო თავი მოიკლა; ამავე მიზეზით ამაღლების დღეს კახეთში კაცმა ტყეში თავი დაიწვა… რით ახსნით ამ მოვლენებს?
– სუიციდოლოგია ფსიქიატრიაში, როგორც ცალკე მიმდინარეობა, სულ რაღაც 40 წელია, რაც ჩამოყალიბდა. ეს ფაქტი თავისთავად ცხადყოფს, რომ სუიციდური მოვლენები მომრავლდა და პრობლემად იქცა. ამის საფუძველი კი გახლავთ არსებული შეუსაბამობა ჩვენს სურვილებსა და შესაძლებლობებს შორის. დღევანდელ სიტუაციაში ადამიანი ვერ ახდენს საკუთარი უნარების რეალიზებას. მას ეუფლება იმედგაცრუება, სასოწარკვეთა და უუნარობის შეგრძნება. დაუკმაყოფილებლობა, შინაგანი შებოჭილობა კი მუდმივი წყაროა დეპრესიისა, რომელიც თანდათან ღრმავდება და მისი ფინალური სტადიაა სუიციდი. ამ ავადმყოფობის შეცნობა შემდეგი სიმპტომატიკით შეგიძლიათ: ადამიანს გუნება-განწყობა უქვეითდება, ხდება ნაღვლიანი, მელანქოლიური, კარგავს ფიზიკურ და ფსიქიკურ აქტივობას, ყოველგვარი ინტერესი უქრება ამქვეყნიურობის მიმართ, ყველაფერი ბეზრდება. გარკვეული დროის შემდეგ იფიტება, სავსებით კარგავს შრომისუნარიანობას, უჭმელობა თანდათან გადასდის ჭამის აღკვეთაში. ამ პროცესის თანამდევია შინაგანი ორგანოების სხვადასხვა სახის დაავადება და გადაგვარება. ბოლო სტადიაზე მიიღწევა კახექსია – უკიდურესი სიგამხდრე. შფოთვა, ძილის დარღვევა, იოლი დაღლა, ხშირია თავისა და ზურგის ტკივილი, სხეულის მასის კატასტროფული შემცირება, გაღიზიანებული კუჭ-ნაწლავი, ხდება აზროვნებისა და მეტყველების შენელება, ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითება. ახასიათებს სეზონური გართულებები გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
რაც შეეხება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობას, მე ეს არ მჯერა, რადგან ზვიადი ღრმადმორწმუნე კაცი გახლდათ. რელიგია თავისი არსით შეუდარებელი ფსიქოთერაპიაა, შთაგონებით უდიდეს დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე. გამოკვლევათა მიხედვით ცნობილია, რომ კუვეიტში ყველაზე რელიგიური მოსახლეობა ცხოვრობს და იქ თვითმკვლელობის ფაქტები თითქმის არ ხდება. რელიგიური რწმენა დეპრესიის განდევნის საშუალებაა, ამიტომ გაემართა ათეულობით ათასი მომიტინგე «დინამოდან» სამების ტაძრისკენ. ამასთანავე, აპრობირებული მეთოდია დამქანცველი შრომა, მიზანდასახულობა. საზრუნავი დეპრესიას კურნავს. დღეს ფსიქოთერაპიის მრავალი მეთოდი არსებობს. ყველა ისინი შთაგონებაზეა დამყარებული. დიდი პოპულარობით სარგებლობდა შთაგონება ჰიპნოზით (ძილის ქვეშ). დღეს ექიმები ამგვარ თერაპიას აღარ მისდევენ, რადგან ეს პროცესი დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს, ამდენად, მედიკამენტურ მკურნალობას არჩევენ, მაშინ, როცა ყველა ფსიქოტროპულ მედიკამენტს უკუჩვენება აქვს, ზომაზე მეტი დოზა კი ინტოქსიკაციურია (მომწამვლელი).
საერთოდ, არ შეიძლება, მაღალ თანამდებობაზე დაინიშნოს პიროვნება ფსიქიკური აშლილობით, ეს საშიშია არა მარტო პიროვნებისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც.
ასევე აუცილებელი უნდა იყოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვეულთა ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმებაც.
– ბატონო შოთა, არის თუ არა ეს დაავადება გენეტიკური, როგორი ტკივილები და შეგრძნებები აქვს ავადმყოფს?
– როდესაც ავადმყოფი ექიმთან მიდის დეპრესიის სიმპტომებით, ექიმი ცდილობს, დაადგინოს, ხომ არ იყო ვინმე მისი წინაპარი სისხლით ნათესავი დეპრესიით დაავადებული ან ვინმე მისიანს ხომ არ მოუკლავს თავი. მემკვიდრეობითობა ამ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს.
ძალზე ხშირია მასკირებული (ფარული) დეპრესიის შემთხვევები, რომლის დიაგნოსტიკა ურთულეს კლინიკურ ამოცანას წარმოადგენს. კლინიცისტები დახმარების მიზნით საძილე პრეპარატებს ნიშნავენ, რაც უფრო ნიღბავს და აღრმავებს დეპრესიას. ბევრი სუიციდური ფაქტი სწორედ ძილის წამლების მოჭარბებული მიღებით ხორციელდება ხოლმე.
დეპრესირებული ადამიანი შინაგანად იტანჯება. არც ერთი ბიოტკივილი არ არის ამ სულიერ ტკივილზე მძიმე. ყველაზე დიდი ტრავმა მასთან შედარებით მსუბუქია. შეიძლება დეპრესიით დაავადებული მივიდეს ექიმთან კბილის ტკივილის ჩივილით; გასინჯავენ, მაგრამ კბილი ჯანმრთელია; მას კი აუტანელი ტკივილის ტანჯავს და, თანაც, იმ დონეზე, რომ ასეთ წამებას სიკვდილი ურჩევნია. ასეთ წუთებში ნუ ურჩევთ თავის ხელში აყვანას – ეს უსარგებლოა; ნუ გაკიცხავთ პასიურობისთვის, ამით მის დეპრესიას გააღრმავებთ; ნუ აიძულებთ, გულის გადასაყოლებლად სადმე წავიდეს; გახსოვდეთ, საკუთარ თავს ვერ გაექცევა.
ჩემი პრაქტიკიდან მახსოვს ერთ-ერთი ცნობილი მწერლის ქალიშვილი. მის ტანჯვას მკურნალობამ ვერაფერი უშველა, ელექტროთერაპიაც კი ჩაუტარეს, მაგრამ – ამაოდ. მან რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა, ამ მიზნით თუჯის ღუმლის სახელურიც კი გადაყლაპა, მაგრამ ოპერაციით გადაარჩინეს. მის ოჯახს ჰქონდა საშუალება, მის მეთვალყურედ ორი მანდილოსანი დაექირავებინა. ისინი იდგნენ ავადმყოფის საწოლთან მარჯვნივ და მარცხნივ და მისი ხელები ეჭირათ, რათა რამე არ მოემოქმედებინა. ერთ დილით კი მკვდარი ნახეს. სუიციდით შეპყრობილმა სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, ენა შეიჭამა, საკუთარი ენა დაღეჭა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სუიციდით დაავადებულ დედას შვილები დაუხოცავს და თვითონაც თავი მოუკლავს.
სულ სხვაა მანიფესტური დეპრესია, როცა დაავადება აშკარა სიმპტომატიკით ხასიათდება, მაშინ დიაგნოსტიკაც გაადვილებულია და, შესაბამისად – მკურნალობაც.
– ბატონო შოთა, სუიციდი და მასთან დაკავშირებული ფსიქიკური დაავადებები განკურნებადია, რა არის საჭირო, რომ ადამიანები ამგვარ უბედურ ხვედრს ავაცილოთ?
– თვითმკვლელობისაკენ აკვიატებული ლტოლვა პიროვნულად ანადგურებს ადამიანს, საზოგადოებას კი თავზარს სცემს. ამ ტრაგიკული სენის აცილების უპირველეს და აუცილებელ პირობად საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების გაჯანსაღება მიმაჩნია. სუიციდი დეპრესიის გარეშე არ არსებობს. დეპრესია კი იმითაა გამოწვეული, რომ დღეს თანამედროვე ადამიანი არსებულ რეალობაში დასაყრდენსა და გამოსავალს ვერ პოულობს. ათასობით მოქალაქე ორი თვეა, ქუჩაში დგას და მათ არავინ გამოხმაურებია. დიდია ალბათობა, რომ მომიტინგეთა უმრავლესობას არსებულ ხელისუფალთა მხრიდან დაუფასებლობის ან შეუფასებლობის გამო დეპრესია გაუჩნდეს. არხეინ ადამიანებს ეს დაავადება არ ემუქრება. დეპრესია იმათ ემართებათ, ვისაც აწუხებს იდეები, თავისი ქვეყნისა და ერის ბედი, ფიქრი ადამიანთა სრულყოფაზე. დიახ, ეს უცნაური და, ერთი შეხედვით, სათაკილო დაავადება, კეთილშობილთა დაავადებაა. მას ინტელექტუალთა დაავადებასაც ეძახიან, რადგან დეპრესია იმათ აქვთ, ვისაც ინტელექტი აქვს. ბოლო წლებში ჩემთვის საგანგებო და საწყენია ის ფაქტი, რომ
ჩვენი საზოგადოება დასავლეთიდან უფრო მეტს ითვისებს იმას, რაც მანკიერია, რაც არაფრად ვარგა ზნეობის ასამაღლებლად. ზნეობის დაქვეითება, განათლების კლასიკური დონის არქონა კი საზოგადოებაში იწვევს მასობრივ დეპრესიას.
– ბატონო შოთა, ჩვენც ხომ არ გველოდება უახლოეს მომავალში მასობრივ დეპრესია, ამის ნიშნებს ხომ არ ამჩნევთ საზოგადოების განწყობაში?
– დღეს ჩვენთან სიტუაცია ძალიან კრიტიკულია. ხალხი უკმაყოფილოა არსებულით. პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. მიუხედავად აღნიშნულისა, დღეს სუიციდური მოვლენები არ იმატებს იმიტომ, რომ საზოგადოება გარკვეული მიზანდასახულობით მობილიზებულია. მეცნიერული კვლევები გვიჩვენებს, რომ ომებისა და კატაკლიზმების პერიოდში ფსიქიკური აშლილობების ფაქტები არ ფიქსირდება. როდესაც სიტუაცია ჩაცხრება და ყველაფერი ავად თუ კარგად დამთავრდება, მაშინვე მასობრივად თავს იჩენს ფარულად განვითარებული დეპრესიული სნეულებანი.
თავიდან რომ ავიცილოთ აღნიშნული ავადმყოფობა, საჭიროა პოლიტიკური და სოციალური გარემოს გაჯანსაღება, მედიის მიერ პრობლემების ობიექტური გაშუქება, სულიერი, რელიგიური ცხოვრება; სახელმწიფოს მიერ ძირითადი კონსტიტუციური უფლების – ანაზღაურებადი შრომის უფლების უზრუნველყოფა; პრობლემების გადაწყვეტისას მოყვასის თანადგომა; ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა. ყოველივე ამის ერთობლიობით და აუცილებლობის შემთხვევაში მედიკამენტოზური დახმარებით თავს დავაღწევთ ადამიანებში სულიერების მსხვრევის ფატალურ შედეგებს.
ესაუბრა ლალი შაშიაშვილი