Home რუბრიკები პოლიტიკა 300 სახალხო კრებელი, ანუ ტაფით ან ტაფაზე…

300 სახალხო კრებელი, ანუ ტაფით ან ტაფაზე…

21 (ოცდაერთი)… კაზინოს თვალებჩაწითლებული ბინადარნიც კი არ იმეორებენ ამ რიცხვს ისეთი სიხშირითა და აღტკინებით, როგორც ამას, ბოლო კვირაა, ქართველების უმრავლესობა აკეთებს. მეტიც, 21 მაისის გარშემო განვითარებულ პოლიტიკურ ბატალიებში ნამდვილად არის რაღაც ბანქოს ცნობილი თამაშიდან, რომლის სახელწოდება სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია, თუმცა პირველად ის სერვანტესმა ,,სამოძღვრებო ნოველებში” აღწერა და `Ventiuna“-s (,,ოცდაერთი” _ ესპ.) სახელით მოიხსენია. ეს პოლიტიკური თამაში უაღერესად აზარტულია, ხოლო ფსონი _ ძალზე დიდი; 80-იანი წლების ტელეეკრანებიდან ობერ-ლეიტენანტი კლოსი რომ იტყოდა, ,,ფსონი სიცოცხლეზე მეტია”, რადგან თამაშ-თამაშ შეიძლება საქართველო წავაგოთ.
გაზაფხული შემოსულა, ნინ…
საგაზაფხულო გამოსვლებისთვის ,,წარმომადგენლობითი სახალხო კრება” ნახევარი წლის განმავლობაში ემზადებოდა და, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში მათ მოიფიქრეს რაიმე უფრო ღირებული, ვიდრე ერთ ადგილზე დგომა და დროის ფლანგვაა, რასაც ადგილი 2009 წლის გაზაფხულზე ჰქონდა. მაშინ ყოველივე ერთობ მოაგონებდა I მსოფლიო ომს, სანგრებში ჯდომითა და იმის ლოდინით, თუ როდის გამოელევა მოწინააღმდეგეს რესურსები. ამჯერად კი პროცესებმა შეიძლება უფრო II მსოფლიო ომის რეალიები მოგვაგონოს, კერძოდ კი ბლიცკრიგის ფრიად დინამიური პრაქტიკა; ყოველ შემთხვევაში, ნინო ბურჯანაძე საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებზე, დღეებსა და კვირებზე საუბრობს (ერთხელ საათებიც კი ახსენა). იდეაში, მან ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედოს, ისე, რომ ხელისუფლებას გონზე მოსვლისა და ძალთა მობილიზების საშუალება არ მისცეს. აქვს თუ არა მას ამის შესაძლებლობა?
ერთის მხრივ, ახლო წარსულის მოვლენები ცხადყოფს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მაშინ, როდესაც რაღაც მოულოდნელ საფრთხეს ეჯახება, მინიმუმ რამდენიმე საათით ლობიოსავით იბნევა, რასაც, ალბათ, რიგი ფსიქოლოგიური თვისებებისა განაპირობებს. თუმცა მეორეს მხრივ, ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებში ინფორმატორების მუდმივ ინფილტრაციას ახდენს. ასე რომ, ამა თუ იმ გეგმის საიდუმლოდ შენახვა მეტად პრობლემური ჩანს. მიუხედავად ამისა, ნინო ბურჯანაძე მეტად (ზოგმა შეიძლება თქვას _ ,,მეტისმეტად”) თავდაჯერებული ჩანს. ბურჯანაძის ტაქტიკური სიურპრიზი და ხელისუფლების არაადეკვატური, დაბნეულობით გამოწვეული რეაქცია შეიძლება გახდეს ის ფაქტორი, რომელიც სწრაფ ესკალაციას გამოიწვევს.
საკუთარი თავის მოტყუება მაგიური ფრაზით ,,არაფერი არ მოხდება”, რასაკვირველია, შეიძლება, თუმცა სიტუაციაში, როდესაც ერთი მხარე წინასწარ აცხადებს, რომ რევოლუციაზე მიდის, ხოლო მეორე წინდახედულობის მწვავე დეფიციტს განიცდის, ,,რაღაც” აუცილებლად მოხდება. ჩვენ ასევე შეგვიძლია ვისაუბროთ, ,,მშვიდობიან მეთოდებსა” და ,,კონსტიტუციურ ჩარჩოებზე” და ეს, ალბათ, სულიერ სიმშვიდეს მოგვგვრის, მაგრამ იმის ალბათობა, რომ  ,,არც ერთი ფოთოლი” ამჯერადაც არ ჩამოვარდება, საკმაოდ მცირეა. სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება სავსებით რეალური ჩანს. ორი საგანგაშო სიგნალი უკვე გაისმა: სააკაშვილის ხისტი განცხადებები ბათუმში, პოლიციის აღლუმზე, რომელზეც ვრცლად წინა ნომერში ვისაუბრეთ, და 26 მაისს რუსთაველზე სამხედრო აღლუმის დანიშვნა, რომელიც კომენტატორების ნაწილმა აღიქვა როგორც ძალის დემონსტრირება, ჯიბრში ჩადგომა და ისეთი სიტუაციის მიზანმიმართული შექმნა, რომელიც შეიძლება შეტაკებით დასრულდეს.
საკმაოდ ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენება მისი დასავლელი პარტნიორების ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს და ამიტომ გადამჭრელ ზომებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს. თუმცა მოლოდინი დასავლეთის მკვეთრ რეაქციასთან დაკავშირებით შეიძლება გადაჭარბებული აღმოჩნდეს; თანაც, თუ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ბურჯანაძის შესაჩერებლად ძალის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, ამას, სავარაუდოდ, მაინც გააკეთებს, თან სწრაფად. რაც უფრო თამამად იმოქმედებს ,,სახალხო კრება”, მით უფრო მეტი, ჯერ კიდევ სახლში მჯდომი ადამიანი შეუერთდება მას, ხოლო მზარდი ზეწოლა სახელისუფლო სტრუქტურებზე მათი კოროზიის საფრთხეს შექმნის. ამიტომ სააკაშვილი, სავარაუდოდ, შეეცდება პროცესი ჩანასახში ჩაკლას.
რა თქმა უნდა, მისთვის გაცილებით მომგებიანი იქნება, რომ ყოველივე წარმოჩინდეს როგორც საპასუხო მოქმედება დემონსტრანტების მიერ კანონის დარღვევაზე. ამ კონტექსტში მისთვის იდეალური იქნებოდა, თუ მოხდებოდა რაიმე პროვოკაცია, რომელიც დემონსტრანტებს ისე გააღიზიანებდა, რომ ისინი მკვეთრ მოქმედებას დაიწყებდნენ (მაგალითად, ადმინისტრაციულ შენობებში შეჭრას, პოლიციელების ცემას და ა.შ.). ტექნოლოგიურად ასეთი პროვოკაციის მოწყობა, კაცმა რომ თქვას, არც ისე რთულია და გამორიცხული არაა, რომ მისი განხორციელებისთვის ყველაფერი უკვე მზად არის.
საპროტესტო მოძრაობის ძალისმიერი ჩახშობის შემთხვევაში (ცხადია, თუ გამოუვა), სააკაშვილს ორი გზა ექნება: ან სასტიკი დიქტატურა დაამყაროს, ან კიდევ დაახლოებით ისე იმოქმედოს, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ: ჩაატაროს (შესაძლოა ვადამდელი) არჩევნები და ძალის გამოყენებით შელახული იმიჯის თანდათანობითი გაუმჯობესება სცადოს.
მეორე გზით წასვლა გაცილებით ლოგიკური და უფრო სავარაუდო ჩანს. ამ ვარიანტში სააკაშვილს დასჭირდება პოლიტიკური პარტნიორები ოპოზიციიდან, რომელთა მონაწილეობა არჩევნებში, მათი ლეგიტიმურობის ხარისხს აამაღლებს და, ჟარგონულად რომ ვთქვათ, შემდგომ პოლიტიკურ ცვლილებებს ,,გააპრავებს”. საერთოდ, მოვლენები აღწერილი სცენარით რომც არ განვითარდეს, ,,კონსტრუქციული” ოპოზიცია დღეს, ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესო სასტარტო პოზიციაზე იმყოფება და შექმნილი მდგომარეობიდან შეიძლება საკმაო მოგება ნახოს.
რვა ბაბუინი ბაობაბის კენწეროში
ცხონებულ თავმჯდომარე მაოს უყვარდა ისტორია ბრძენი მაიმუნის შესახებ, რომელიც ხეზე იჯდა და ორი ვეფხვის ჩხუბს უყურებდა. ისე, ამ იგავის პირვანდელ რედაქციაში იბრძოდა არა ორი ვეფხვი, არამედ ვეფხვი და სპილო და ფორმალურად შერკინებაში მაიმუნიც მონაწილეობდა. მოკლე შინაარსი: მაიმუნი, ვეფხვი და სპილო ტყის მბრძანებლის ტიტულისთვის შეიბნენ. მაიმუნი ხეზე აძვრა, ვეფხვი და სპილო კი ერთმანეთს ეძგერნენ. დიდხანს იბრძოლეს, ბოლოს ვეფხვმა სპილოს ყელი გამოსჭამა, სასიკვდილოდ დაჭრილი გიგანტი კი ვეფხვს დაეცა და გასრისა. მაიმუნი ხიდან ჩამოვიდა. ცხოველებმა ნახეს, რომ გამარჯვებული ის დარჩა და ტყის მეფედ გამოაცხადეს. ჩინეთი მსოფლიოს #1 ზესახელმწიფოს ტახტისკენ ასე თავდაჯერებულად, ალბათ, იმიტომ მიაბიჯებს, რომ ყველა ჩინელმა, გენერალური მდივნიდან დაწყებული უკანასკნელ მეეზოვემდე, ეს იგავი მშვენივრად იცის.
მართალია, ოპოზიციური ,,რვიანის” შემთხვევაში ჩვენ საქმე არა ერთ ბრძენ მაიმუნთან, არამედ მაიმუნების მთელ ასამბლეასთან გვაქვს (არაფერი პირადული, ეს, უბრალოდ, მეტაფორაა), რომელიც ჭარბი ინტელექტით (როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად) არასოდეს გამოირჩეოდა. თუმცა ეს დეტალებია, მთავარი კი ისაა, რომ დიდი ბრძოლის დაწყების წინ ისინი ხეზე აღმოჩნდნენ. ეს ნამდვილად არ არის ჰეროიკული და რომანტიული პოზიცია, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ის უაღრესად პრაგმატული და კომფორტულია. შეგიძლია შეჭამო ბანანი, შეგიძლია ვეფხვი და სპილო გალანძღო ან ერთ-ერთ მათგანს (იმას, რომელიც იმარჯვებს) გამხმარი ტოტები ესროლო, რათა მოწინააღმდეგეების შანსები გაათანაბრო, ბოლოს და ბოლოს შეგიძლია წაიძინო კიდეც. მთავარია, ზუსტად განსაზღვრო ხიდან ჩამოსვლის მომენტი.
ბურჯანაძეს და სააკაშვილს უკან დასახევი გზა აღარ დარჩათ: ,,ფარით ან ფარზე!”, მარტივად რომ ვთქვათ _ ,,ტაფით ან ტაფაზე!”, მაგრამ ,,რვიანის”  პარტიებს არჩევანის შესაძლებლობა ნამდვილად აქვთ, რაც დღევანდელ მდგომარეობაში საკმაოდ დიდი ფუფუნებაა. მათი მხარდაჭერა კრიტიკულ მომენტში ორივე მხარისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. ამ მხარდაჭერის დაფიქსირებას ადგილი რომც არ ჰქონდეს, მოთხოვნა ,,კონსტრუქციულ ოპოზიციაზე” ნებისმიერ შემთხვევაში გაიზრდება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს. შესაბამისად, გაიზრდება მოგროვებული ბანანების, სხვადასხვა ბონუსის რაოდენობაც, იქნება ეს დამატებითი ადგილები პარლამენტში თუ რაიმე სხვა. ამასთანავე, ბუნებრივად გაიზრდება გავლენა საზოგადოების იმ სეგმენტზე, რომელსაც დღეს, ხელისუფლებისა და ,,სახალხო კრების” დაპირისპირებაში ,,ნეიტრალური უჭირავს”. ასევე, სავარაუდოა ქულების მომატება უცხოელი პარტნიორების თვალშიც.
იმისათვის, რომ ამ პერსპექტივით თავბრუდახვეულმა პოპულაციამ ხეზე ხტუნვა არ დაიწყოს და დროზე ადრე ძირს არ ჩამოვარდეს, არსებობს მომთვინიერებელი, წელში ოდნავ მოტეხილი მოხუცი გამჭოლი მზერით, რომელსაც შინაურები ძია სემს ეძახიან. ის, ,,მათრახის და ბანანის” მეთოდს ფრიად ოსტატურად იყენებს. წინდახედული მაიმუნები ცდილობენ, ის არ გააბრაზონ.
მოკლედ, როგორც ამბობდნენ რედიარდ კიპლინგის გმირები, ,,მოიწყვეს ცხოვრება ბანდერლოგებმა, ვერაფერს ვიტყვით”.
მოდელირება ლომთა ხვედრია
არსებობს მოსაზრება, რომ დაძაბული მოლოდინი, რომელიც 21 მაისს უკავშირდება, ცრუ იმედებს და არასწორ გათვლებს ეფუძნება. ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ ,,სახალხო კრების” მხარდასაჭერად ქუჩაში არც ისე ბევრი ხალხი გავა, ამის გამო კი აქციის ორგანიზატორები იძულებული გახდებიან, მხოლოდ პროტესტის სიმბოლური დაფიქსირებით შემოიფარგლონ. თუმცა ამასთან დაკავშირებით შეიძლება შემდეგი კონტრ-არგუმენტი გაჩნდეს: ექვსთვიანი მუშაობა აქციების მომზადებაზე (თუ ,,სახალხო კრებამ” ეს პერიოდი სულელურად არ გაფლანგა), ალბათ, გულისხმობს იმას, რომ ქუჩაში იმაზე მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, ვიდრე შარშან, 25 ნოემბერს. ხოლო თუ ქუჩაში გავა იმდენივე ადამიანი, რამდენიც ნოემბერში (+ამას თუნდაც 25-50%), ეს აქტიური მოქმედების (მაგ. მაგისტრალების გადაკეტვის) დასაწყებად სავსებით საკმარისი იქნება. ზოგიერთ სიტუაციაში კი, შედარებით მცირე ჯგუფების გამოყენება გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე მრავალათასიანი, ძნელად სამართავი მასების. ამ შემთხვევაში, ალბათ, განმსაზღვრელია არა იმდენად რიცხოვნება, რამდენადაც სწორად შერჩეული ტაქტიკა.
ხელისუფლება ცდილობს, არ გამოამჟღავნოს, რომ ,,სახალხო კრების” ქუჩაში გასვლა მას აღელვებს და საერთოდ რამდენადმე ეხება. სააკაშვილი დელფინებს ეთამაშება და ეკონომიკურ აღმასვლაზე საუბრობს; მისი თანაპარტიელები იქცევიან ისე, თითქოს საქმე სადღაც სხვა პლანეტაზე განვითარებულ მოვლენებს ეხებოდეს. ერთი სანტერესო ფაქტი: 21 მაისს, როდესაც მათი გაწამებული თანამემამულეები ქუჩაში გავლენ, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაცია სტუდენტებთან გასაუბრებას გამართავს. საქმე ისაა, რომ ხსენებული ორგანიზაცია ,,ქართველი სტუდენტებისთვის ატარებს ევროპული საბჭოს მოდელირებას. მოდელირების მთავარი თემაა ევროპის სუვერენული ვალის კრიზისი. მოდელირება წარიმართება ინგლისურ ენაზე” (ციტატა მმართველი პარტიის ოფიციალური საიტიდან). საკუთრივ ეს დიადი ღონისძიება 14-15 ივნისს ჩატარდება, ხოლო 21-22 მაისს მასში მონაწილეობის მოსურნე სტუდენტებს წინასწარ ახალგაზრდა პარტაიგენოსეები გაესაუბრებიან.
რა აღმაფრენა, რა გაქანება, რა ტიტანური მასშტაბი… მათ გარშემო უბედური, მათივე ლიდერის თქმით, ,,ძალიან ღარიბი ქვეყანაა” გაშლილი, მაგრამ ისინი ისეთ მაღალ მატერიებზე ბჭობენ, რომ, ალბათ, უხერხული იქნება, ჩვენი პრობლემებით შევაწუხოთ. იმავე საიტის ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ახალგაზრდა ნაციონალები დროდადრო ადგილობრივ პრობლემებსაც იხილავენ, მაგრამ ეს უფროსი თაობის თანაპარტიელებთან შეხვედრების დროს ხდება. სტუდენტების ჩართვას მოდელირებაში თემაზე ,,საქართველოს დაუსრულებელი კოშმარი”, პარტია, როგორც ჩანს, არ გეგმავს. არა უშავს, იყოს ,,ევროპის სუვერენული ვალის კრიზისი”, თუნდაც ინგლისურ ენაზე. დომინიკ სტროს-კანი დაიჭირეს, მილტონ ფრიდმანი ცოცხალი აღარაა და ეგენი თუ გაგვაგებინებენ, რა ხდება სინამდვილეში. იმედია, მოდელირება (დედას ვფიცავარ, უნებლიე კალამბური იყო) მაინც ეხერხებათ.
რეალურად “ნაციონალები”, განსაკუთრებით კი მიხეილ სააკაშვილი, (მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ, არ შეიმჩნიონ), სავარაუდოდ, ძლიერ ნერვიულობენ. ქვეყანაში, როგორც ჩანს, ფრიად დინამიური პროცესები იწყება და ნებისმიერმა შეცდომამ ან გაუთვალისწინებელმა ფაქტორმა მათ მომავალზე შეიძლება განმსაზღვრელი ზემოქმედება იქონიოს. ვლინდება თუ არა მათი ნერვიულობა ჰალსტუხის ღეჭვის ტრადიციულ რიტუალში, ძნელი სათქმელია, რადგან ეს რიტუალი ანტიკური ხანის საიდუმლო კულტებზე უფრო დიდი იდუმალებით არის მოსილი და მასში, გადმოცემის თანახმად, მხოლოდ პარტიის განდობილი წევრები მონაწილეობენ. ისე, რა მნიშვნელობა აქვს, გინდ დაღეჭონ, გინდ არა, შავი და თეთრი მაინც 21-ში გამოჩნდება.
დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here