“საქართველო და მსოფლიო” სისტემატურად გთავაზობთ ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობთან საუბრების ციკლს, რომელსაც უძღვება გაზეთის “მახვილი მესიისა” მთავარი რედაქტორი შორენა სიხარულიძე. ამჯერად გთავაზობთ მეუფე იობის ქადაგებას, რომლითაც მან მრევლს ქარელის რაიონის სოფელ ჭანდრებში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის კურთხევისას მიმართა.დღეს ჩვენს ეპარქიაში, ღვთის განგებულებით, ახალი ტაძარი (ქარელის რაიონში, სოფელ ჭანდრებში კვირაცხოვლობის სახელობის) იკურთხა. მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის. ტაძრის კურთხევა – ეს სულიწმინდის გარდამოსვლაა ამ ტაძარსა და მთლიანად ამ სოფელზე.სულიწმინდა აღადგენს ადამიანს, ანიჭებს განსჯის უნარს, აძლევს სულიერ სიძლიერეს. სულიწმინდაა ამავსებელი ნაკლოვანი სულისა და ხორცისა – სწორედ ეს მადლი დამკვიდრდა ამ ტაძარში.ტაძრის აღდგენა, ტაძრის კურთხევა უდიდესი მოვლენაა და მადლობა უფალს, რომ ამ მოვლენის მომსწრენი კიდევ ერთხელ გავხდით. განსაკუთრებით მინდა დავლოცო დედა ქეთევანი (დულარიძე), რამეთუ მისმა ღვაწლმა და მონდომებამ შთააგონა მის ვაჟს ამ ტაძრის აღდგენა. ეს უდიდესი საქმეა!ღმერთი ირჩევს, თუ ვინ აღადგინოს ტაძარი. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მატერიალური შესაძლებლობა, მაგრამ აზრადაც არ მოუვიდეს ტაძრის აღდგენა! არაერთგზის მითქვამს, რომ ადამიანს შეიძლება ყველაფერი ჰქონდეს, მაგრამ იგი მაინც მკვდარი იყოს. ასეთი “მკვდარი” ადამიანები ძალიან ბევრია ჩვენს გარშემო, სამწუხაროდ. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ადამიანი, რომელიც ეკლესიურად არ ცხოვრობს, სულიერად მკვდარია. მკვდარ ადამიანს კი აზრადაც არ მოუვა სიკეთის კეთება, ტაძრის აღდგენა.
დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: “თქვა უგუნურმან გულსა შინა თვისსა, “არა არს ღმერთი”, კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვსა უგუნურსა და მიემსგავსა მას”. უგუნურადაა მიჩნეული ადამიანი, რომელიც ეკლესიურად არ ცხოვრობს. პირუტყვსაა მიმსგავსებული კაცი, რომლისთვისაც მხოლოდ ჭამა-სმა, დროსტარებაა მთავარი და სულზე არ ფიქრობს!გავიხსენოთ დავით აღმაშენებელი – დიდი მეფე, რომელიც, როგორც სასულიერო პირთათვის, ისე ხელისუფლებისთვის მისაბაძი უნდა იყოს. ის სულ ლოცულობდა, წელიწადში ოცდაოთხჯერ სამოციქულოს კითხულობდა. სამოციქულოს წაკითხვა მხოლოდ რაოდენობით კი არ განისაზღვრებოდა, არამედ ეს იყო სულიერი საზრდო მეფისთვის, რომ გაძლიერებულიყო და ბრძნულად ემართა თავისი სახელმწიფო, თავისი ქვეყანა. ასეთი მეფეები და ხელისუფალნი გვყავდა და სწორედ ამან გაგვამარჯვებინა! რწმენა, უფლის, სამშობლოს სიყვარულია მთავარი, თორემ დღეს ვერავინ ვერავის მოატყუებს, დღეს ყველას ყველაფერი აწერია სახეზე. სანამ სიტყვას იტყვის ადამიანი, უკვე ჩანს, რისთვის ამბობს და რა დგას ამ სიტყვის უკან. ეს ნებისმიერ გლეხსაც კი არ შეეშლება, წერა-კითხვის უცოდინარსა და გაუნათლებელ ადამიანსაც კი არ გაუჭირდება იმის გამოცნობა, როდის ტყუიან ადამიანები…სამწუხაროდ, დღეს რასაც პოლიტიკას ვეძახით, ამ ცბიერებაზე, ტყუილზეა დაფუძნებული. სწორედ ეს ტყუილის გავრცობა გამოიწვევს იმას, რომ ადამიანებს უკვე ნდობა აღარ ექნებათ ხელისუფლების მიმართ. ეს კი, თავის მხრივ, მათ ცნობიერებაში მოამზადებს ნიადაგს, რომ აირჩიონ ანტიქრისტე. ის თავიდან წარმოაჩენს თავის სახეს, როგორც კეთილშობილს, როგორც ბრძენსა და განსწავლულს. ადამიანები სწორედ ამისთვის არიან შემზადებულნი, რომ მეორე ადამიანი გარეგნობით შეაფასონ. გარეგნობით კი არა, კაცი ღირსებით, ადამიანობით, დამსახურებით უნდა შევაფასოთ. ბრძენ ქართველს უთქვამს: “საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო”. მართლაც, მისი გაკეთებული საქმე გამოაჩენს ადამიანს, გაკეთებული საქმიდან წარმოჩინდება თითოეული ჩვენთაგანის პიროვნება! ზნეკეთილი ადამიანები კი ეკლესიის წიაღში იბადებიან, რადგან სწორედ ტაძარში გეძლევათ საშუალება, მიიღოთ ის მადლი, რომელიც ეკლესიაშია დავანებული, რომლითაც უფალს ვუკავშირდებით. ამიტომაა ტაძრის აღდგენა, აშენება ასეთი დიდი, საღვთო საქმე; ამიტომაც ასე განსაკუთრებულად ვლოცავ ამ ტაძრის აღმდგენსაც და იმ ხალხსაც, ვინც მცირეოდენი წვლილიც კი გაიღო ამ საქმისთვის.რა დანიშნულება აქვს ტაძარს? ტაძარი ადამიანს სულიერად ზრდის, სულიერად განამტკიცებს, განსჯის უნარს ანიჭებს, რომ დაინახოს, სად არის ბოროტება და სად – სიკეთე. მაგრამ, თუ ადამიანი სულიერად არ ცხოვრობს, ის ამ განსჯის უნარს მოკლებულია. ასეთ ადამიანზე შეიძლება ითქვას: “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდებისო”. როგორც არის აღზრდილი, როგორც თავად აზროვნებს, ისე სჯის მის ირგვლივ მოვლენებს. სულიერი ადამიანი კი სხვაგვარად ხედავს და აღიქვამს გარემოს – მას თავადაც უჩნდება სურვილი, სიკეთე აკეთოს, მოწყალე იყოს და სხვასაც ამისკენ მოუწოდებს. ეკლესია სწორედ ამისთვისაა, რომ ეს თვისებები ჩამოუყალიბოს ადამიანს, რომ მიტევების, მოყვასისადმი სიყვარულის, თავდადების, თავგანწირვის უნარი ჰქონდეს. ვინც ამ თვისებებით არ არის შემკული, ის ეკლესიაში ვერ შევა, იქ ვერ დამკვიდრდება.სახარებიდან მინდა გაგახსენოთ, როცა უფალი მიბრძანდა ოჯახში, სადაც ორი და იყო, მართა და მარიამი, მარიამი ფერხთით დაუჯდა იესო ქრისტეს და მის ღვთიურ ქადაგებას უსმენდა, ხოლო მართა ზრუნავდა, სუფრას აწყობდა და ემზადებოდა, რომ ღირსეულად შეხვედროდა მაცხოვარს. მართა ჩქარობდა სუფრის გამზადებას და უფალს საყვედურით უთხრა – მომახმარე ჩემი და ამ სამზადისშიო. უფალმა კი უპასუხა: “მართა, მართა, მრავლისთვის ზრუნავ და შფოთავ შენ, აქა ერთისთვის არს სახმარო” – მოსახმარი ამ ქვეყნად ერთი და მთავარი არის, მარიამმა კეთილი წილი გამოირჩიაო. კეთილი წილის გამორჩევა კი ნიშნავს ეკლესიურ ცხოვრებას, ეს ნიშნავს, რომ ძალა, მადლი და ღირსება მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებაში, სულიწმინდის მადლის მოპოვებაშია. თუ ეს არ გვაქვს, არარანი ვართ წინაშე ღვთისა.იოანე ღვთისმეტყველის მიხედვით, თუ ჩვენ ღმერთს არ ვემსახურებით, თუ ღმერთთან კავშირი არ გვაქვს, მაშინ ეშმაკთან ვართ. სხვა მესამე განზომილება, მესამე მდგომარეობა არ არსებობს – ადამიანი არის ან ღვთის, ან ეშმაკის.ვინც ნებით თუ უნებლიეთ ეშმაკს ემსახურება, ის მასთან ერთად დამკვიდრდება საიქიო ცხოვრებაში. ღვთის მსახურნი და მორწმუნე მრევლი, რომელიც ერთგულად იცავს ღვთის მცნებებსა და მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ცხოვრობს, ის ღვთის მადლითა და წყალობით დამკვიდრდება სასუფეველში – ეს მიზანი უნდა ამოძრავებდეს თითოეულ ჩვენთაგანს. ჩვენ, ყველანი მოკვდავნი ვართ, ცოდვილნი და ჩვენი ამ ცოდვილი ბუნების განსაწმენდად სწორედ ეკლესია და ეკლესიური ცხოვრებაა აუცილებელი.ისიც მინდა გაგახსენოთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ბრძოლის ველზე გასვლის წინ აღსარებას ამბობდნენ, ეზიარებოდნენ და, თუ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ნაზიარებნი გარდაიცვლებოდნენ, იცოდნენ, რომ საიქიოში ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებდნენ, მართალთა წიაღში დაამკვიდრებდნენ თავიანთ სულს. სწორედ ეს არის მთავარი, ამაშია ჩვენი ძალა, ჩვენი მომავალი ცხოვრება და შევთხოვ უფალს, დედა ღვთისმშობელს, რომ მათი მეოხებით ჩვენი ერი გაძლიერდეს სარწმუნოებაში.მე მინდა უფლის სიტყვები შეგახსენოთ: “ვინც ჩემთან არ არის, იგი მტერ ჩემდა არს”. ისევ უფალი გვპასუხობს, ვინ არის მასთან – ვინც ჩემს სისხლსა და ხორცს ღებულობს, ის ჩემთანა ჰგიესო – ვინც ეზიარება, ეკლესიურად ცხოვრობს, მხოლოდ მასზეა სულიწმინდის მადლი გადასული.არაერთგზის მითქვამს, რომ ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, როცა ჩვენი ეკონომიკა თითქმის სრულად და საინფორმაციო საშუალებების თითქმის ოთხმოცი პროცენტი “ვიღაცების” ხელშია… და გვკარნახობენ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. სწორედ აქ უნდა გვქონდეს სულიერი თვალი, რომ მათი კარნახით არ ვიცხოვროთ, მათი შემოთავაზებული ცხოვრების წესი არ გავიზიაროთ, თუ გვინდა, რომ სწორი, ღვთივსათნო იყოს ჩვენი ცხოვრება. რადგან იქ, ვისთანაც სულიერება დაკარგულია, მკვდარია; ის, ვინც თავისი აზროვნებით მართლმადიდებელი არ არის, ჩვენ მისგან მაგალითს ვერ ავიღებთ; სულიერად მკვდარ ადამიანებს ვერ მივემსგავსებით…ხშირად “გვიქადაგებენ” დასავლური ცხოვრების იმ მხარეს, სადაც გაუფასურებულია ადამიანური ღირებულებები; იქ თითოეული ადამიანი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. მათთვის სამშობლოს მცნება არ არსებობს; მათი გონება მატერიალური კეთილდღეობისკენაა მიმართული. სული კი მკვდარია. ეს უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ სულით და ხორცით ცოცხალნი მაშინ ვართ, როცა ეკლესიაში ვართ. ვერანაირი პრესა, ტელევიზია, ვერანაირი მოწოდებები პატრიოტიზმს და ზნეობას ვერ ჩამოაყალიბებს. ამის მომცემი მხოლოდ ეკლესიაა. თუ ადამიანი ეკლესიურად ცხოვრობს, ის ზნეობრივადაც ღირებულია და მას პატრიოტული სულისკვეთებაც გააჩნია.არაეკლესიური ადამიანი მოკლებულია ამ თვისებებს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ეკლესია-მონასტერი გაიხსნას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოვიდეს ეკლესიაში, რომ საქართველო განიწმინდოს,საქართველო გადარჩეს… სხვანაირად – თუ სული დავიღუპეთ, თუ სულით თავისუფალნი არ ვიქნებით, მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობით, ეკონომიკური განვითარებით საქართველო ვერ გადარჩება…საოცარია, როცა ჩვენი ერის, ეკლესიის ისტორიას ვეცნობით, ვგრძნობთ, რომ აშკარად ღვთის ხელი მოქმედებს როგორც ჩვენს ერზე, ისე ეკლესიაზე. ეს ჯერ კიდევ იმ დროიდან მომდინარეობს, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ მოციქულებთან ერთად მიიღო მონაწილეობა წილისყრაში – თუ ვის სად უნდა ექადაგა. აი, სწორედ იქიდან განისაზღვრა საქართველოს მომავალი, ჩვენი ცხოვრება, როდესაც გადაწყდა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი უნდა წამობრძანებულიყო საქართველოში, მისი ამ ქვეყნიდან გასვლის დრო იყო დამდგარი, მას მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა – შენს წილხვედრ ქვეყანაში გააგზავნე ანდრია პირველწოდებული და “არა გავწირო ერი ესე საზეპურო უკანასკნელ ჟამამდეო”. სწორედ დედა ღმრთისმშობელი ბრძანდება ჩვენი უზესთაესი პატრონი, ჩვენი მფარველი, ჩვენი დედა, რომ არა ეს განსაზღვრულობა უფლისგან, ჩვენ ნამდვილად აღარ ვიარსებებდით, ჩვენზე უფრო ძლიერი, განვითარებული ქვეყნები წაიშალა ისტორიიდან, მაგრამ საქართველო ისევ არსებობს და იარსებებს “უკანასკნელ ჟამამდე”. ეს კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დიდი დამსახურებაა…ჩვენს განსაკუთრებულობას და იმას, რომ ჩვენი ერი ღვთის მფარველობის ქვეშ არის, ისტორიაც დაგვიდასტურებს. ჩვენი ერის ცხოვრებაში იყო პერიოდები, როცა არც ერთმორწუნეობა გვშველოდა ბერძნებთან თუ რუსებთან, ისინიც კი გვმტრობდნენ, რადგან ქვეცნობიერად გრძნობდნენ, რომ ჩვენ ყველაზე მთავარი თვისება გვქონდა ღვთისგან მონიჭებული – სიყვარული. ამ ღვთიური ნიჭითაა ქართველი დაჯილდოებული და ჩვენი ეს უპირატესობა ყოველთვის იგრძნობოდა ბერძნებთან თუ რუსებთან ყოფნის დროს. ჩვენ მათ კი არ გადაგვარჩინეს ან ერთმორწმუნეობამ კი არ გადაგვარჩინა, ჩვენ გადაგვარჩინა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელმა დედამ, ჩვენ გადაგვარჩინა ერთგულებამ დედა ეკლესიისადმი და მართლმადიდებლობამ.მინდა, ერთი მაგალითი მოგიყვანოთ: ყოველთვის გვებრძოდნენ, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არ ყოფილიყო დამოუკიდებელი. მეთოთხმეტე საუკუნეში საბერძნეთში იყო პატრიარქი – კალისტე კონსტანტინეპოლელი, რომელსაც მისმა ქვეშევრდომებმა და სასულიერო პირებმა სთხოვეს, გაეუქმებინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და ისტორიულად აუხსნეს, თითქოსდა არ ვიმსახურებდით ამ დამოუკიდებლობას. შეადგინეს წერილი, ტრაქტატი და ამ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა კალისტემ. მოხდა ისე, რომ მალევე შეწყდა მისი პატრიარქობა და ეს გადაწყვეტილება მან სისრულეში ვერ მოიყვანა. ჩვენ ავტოკეფალური და დამოუკიდებელი ვიყავით და ვართ დღესაც. სწორედ ამაშია ღვთის ხელი.ისიც მინდა გავიხსენო, თუ როგორ დამაჯერებლად დაუსაბუთა ღირსმა მამამ, გიორგი მთაწმინდელმა ისტორიული წყაროებით ანტიოქიის პატრიარქს, თეოდოსი მესამეს, რომელიც “იყო კაცი მაღალი და ფილოსოფოსი, ორთავ ცხოვრებაში გამოცდილი”, რომ ჩვენი ეკლესია ნამდვილად იმსახურებდა ავტოკეფალიას – “წმინდაო მეუფეო, შენ იტყვი ვითარმედ თავისა მის მოციქულისა პეტრეს საყდართა ვზიო, ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათთორმეტთა მოციქულთაგანი სვიმონ კანანელი ქვეყანასა ჩვენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ და ვინაითგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწვალებელთა შევაჩვენებთ და დავსწყევთ… შვენის ესრეთ, რათა წოდებული იგი მწოდებელსა მას დაემორჩილოს, რამეთუ პეტრესი ჯერ არს, რათა დაემორჩილოს მწოდებელსა თვისა და ძმასა ანდრეას და რათა თქვენ ჩვენ დაგვემორჩილნეთ”, რადგან ანდრიას პირველად მოუწოდა იესო ქრისტემ და ამის გამო პირველწოდებული ეწოდა, ქართველები კი მისი მოქცეულები ვართ, ხოლო პეტრეს – ანდრიას ძმას, ანდრიას შემდგომ მოუწოდა უფალმა მოციქულად და აქედან გამომდინარე, ჩვენ კი არ უნდა დაგემორჩილოთ თქვენ, არამედ თქვენ უნდა დაგვემორჩილოთ ჩვენ, თქვენ უნდა იყოთ ჩვენს დაქვემდებარებაშიო…უფლის მადლითა და წყალობით მაშინ გიორგი მთაწმინდელმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ ქართული სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალიას იმსახურებდა. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ყოველთვის იყო ბრძოლა და დღეს განა შეიძლება რამე გაგვიკვირდეს? დღეს რაღაც ჯგუფმა – არაქართველებმა დაიწყეს ეკლესიის წინააღმდეგ შეტევა (ვინც დედაეკლესიას ებრძვის, მას არ შეიძლება ქართველი ეწოდოს).ის მაინც გაიხსენონ, რომ ისტორიულად ასე იყო ყოველთვის – როცა მტერი შემოდიოდა, ცდილობდა, პირველად ეკლესია-მონასტრები დაენგრია, მცდელობა იყო იმისა, რომ მეფე-დედოფალთ სარწმუნოება შეეცვალათ და მერე სხვა ფენის ადამიანებიც შეიცვლიდნენ სარწმუნოებას, მაგრამ ჩვენი მეფე-დედოფალნი ქრისტეს ერთგულნი რჩებოდნენ. ამისი ყველაზე ნათელი დადასტურებაა ქეთევან დედოფალი, მეფე ლუარსაბი, არჩილი… დღეს კი ჩვენს ვაი-ქართველებს (მე ძალიან მტკივა გული ამ ადამიანებზე) არ ესმით ეკლესიის მნიშვნელობა და მიზანმიმართულად, შეგნებულად ებრძვიან ეკლესიას და ის კი არ იციან, რომ ეკლესია ბრძოლაში იწრთობა, უფრო ძლიერდება და მყარდება! ჩვენ ბრძოლის არ გვეშინია. ეკლესიის დაარსებიდან, პირველი საუკუნიდან დღემდე მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ბრძოლაში ასე გამობრძმედილ ქრისტეს ეკლესიას ვერაფერს დააკლებს ვერც შინაური და ვერც გარეული მტერი… ეს კარგად ახსოვდეს ყველას!…ჩვენ გამოვიარეთ კომუნისტური ეპოქა, სადაც ათეიზმს, უღმერთობას გვასწავლიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ დღესაც იგივე მდგომარეობაა – ტელევიზიით თუ პრესის საშუალებებით პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიდის მოწოდება, რომ ღმერთი არ ვიწამოთ, ტაძრები, მონასტრები არ ავაშენოთ… ასეთ რთულ ვითარებაში ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ლოცვები გავაძლიეროთ, რომ ღვთის მადლით, ანდრია პირველწოდებულის ლოცვით (სწორედ ანდრია პირველწოდებულმა მისცა ჭეშმარიტი სარწმუნოება ქართველ ერს, რომლითაც დღესაც ვცხოვრობთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ სიცოცხლეს) სულიერი თვალი აგვეხილოს.შევთხოვ წმინდა ანდრია პირველწოდებულს, რომელსაც პირველად მოუწოდა უფალმა მოციქულთა შორის, რომელმაც საქართველოში დედა ღმრთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი ჩამოაბრძანა ნიშნად იმისა, რომ ეს ქვეყანა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის წილხვედრია, რომ სულიერად წარიმართოს საქართველოს მომავალი, მართლმადიდებლური ჭეშმარიტი სარწმუნოებით განმტკიცდეს ქართველი ერი და ჩვენი ეს ღვთივკურთხეული მიწა-წყალი ყოველთა ქართველთა წმინდანთა ლოცვით დაცული ყოფილიყოს ხილული და უხილავი მტრებისგან. ჩვენს სამშობლოს ძალიან ბევრი მტერი ჰყავს – შინაური თუ გარეული. ქართველ წმინდანთა ლოცვით ყველა ეს მტერი დათრგუნულიყოს; ყველა, ვისაც ჩვენი სამშობლო, ჩვენი დედაეკლესია არ უყვარს, ვინც ქართველი ერის მიმართ მტრულადაა განწყობილი.საქართველოს ყველა მტერი – შინაური თუ გარეული, ყველა წმინდა გიორგის ძლევაშემოსილი მახვილით განგმირულიყოს! ხოლო ვინც ერთგულია დედასამშობლოსი, დედაეკლესიისა, ღვთისა და წმინდანთა მფარველობა არ მოჰკლებოდეს!ჩვენ, მორწმუნენი ერთმანეთს აღდგომის შემდეგაც ორმოცი დღის განმავლობაში “ქრისტე აღსდგა”-თი ვესალმებით, რადგან კვლავ გრძელდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც არის საწყისი სიყვარულისა, იმედისა. აღდგომის დღესასწაული ყოველთვის განგვაახლებს, გვაძლიერებს, დაცემულს აღადგენს, სასოწარკვეთილებაში მყოფს კი იმედს შთაუნერგავს. სიხარული, სიყვარული, იმედი არ მოგიშალოთ უფალმა!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, მადლით და წყალობით აგავსოთ! ყოველთა ქართველთა წმინდანთა ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
ქრისტე აღსდგა!
Home რუბრიკები საზოგადოება მეუფე იობი, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი: დღეს რასაც პოლიტიკას ვეძახით, ცბიერებაზე და...
Ars da iyos! Amin! Amin! Amin!