Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართული პარტიის” რუსული “რულეტკა”

“ქართული პარტიის” რუსული “რულეტკა”

შემოდგომაზე ამოდიან ისინი ზღვიდან – 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე პერიოდში, ზღვის ბინადარნი, მოედებიან ქვეყანას, ხოცავენ ნადირს და ღრეობენ. მეფესედ მოიხსენიებს მათ მეგრული ფოლკლორი. მათზეა დამოკიდებული ქვეყნის ავ-კარგი, ბედი და უბედობა, ბარაქა და მოსავალი. ან ასე იქნება, ან – ისე.შარშან, შემოდგომაზე, 12 ოქტომბერს შექმნილ “ქართულ პარტიასაც”, ეტყობა, მესეფეთა პრინციპი უდევს საფუძვლად – ან ასე იქნება, ან – უარესად.ან გაიყოლიებენ ხალხს, ან – არა.ნდობის საკითხია. და ამ ნდობის მოსაპოვებლად, გულზე მჯიღის რტყმევიდან რომ ვერაფერი გამოადნეს, ამერიკული კოლტი საფეთქელთან მიიდეს და 16 მაისს ამერიკის საელჩოს წინ რუსული “რულეტკის” თავგანწირვის იმიტირებული სეანსი წარმოგვიდგინეს საპროტესტო აქციის სახით.შეხედეთ, რა მაგრები ვართ, რა პირდაპირები და პრინციპულები ანტიდემოკრატიული დინების ონკანის გადაკეტვის საქმეში.მაგრამ ეს ქუჩის მასკარადიც ისეთივე სამოყვარულო სპექტაკლი გამოდგა, როგორიც ამასწინათ თელავში მათივე წარმოდგენილი ვიღაც-ვიღაცების შავ-თეთრი პორტრეტების სახეზე აფარებით კუნტრუში.რაღაც უბედურება ჭირს ჩვენს ახლადშობილ, მაგრამ უკვე ამბიციებითა და პრეტენზიებით დამძიმებულ პარტიებსა და მოძრაობებს. ისეთი საეჭვო და ხალხისთვის მიუღებელი ბიოგრაფიების მქონე “მოღვაწეები” გამოდიან სუროგატი მშობლების როლში, რომ ვერ გაიგებ, რომელ ფინანსურ კოლბაში არიან გამოყვანილი, რომელ შუშის ჭურჭელში – ჩასახული, სახელისუფლო თუ ოპოზიციური დონორების მიერ.

“ქართულ პარტიას” რუსეთს რომ უხსენებდნენ, ისე იუარებდა, როგორც პატარძალი, რომელმაც იცოდა, რომ ჩქმეტა-ჩქმეტით დაორსულდებოდა.რუსეთს კი ისე სჭირდებოდა ოქრუაშვილ-სუბარ-კიწმარიშვილ-გაჩეჩილაძის და ა.შ. პარტია, როგორც საზიდარს – მეხუთე ბორბალი.ამათ სჭირდებოდათ და კიდეც მოაწყვეს საცდელ-საჩვენებელი თავგამოდების “რულეტკა”.ვინ დაადასტურებს, მაგრამ ეჭვი ხომ შეიძლება შეგეპაროს – აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ცოტას მაინც არ დაამუშავებდა ეროსის,  ამერიკაში რაღაც გაუგებარ წარმომადგენლად კარგა ხანს ღობე-ყორეს რომ ედებოდა?დაბეჯითებით ვერაფერს იტყვი. რომ თქვა, კიწმარიშვილი უნდა იყო, რომელიც “რუსთავი 2”-ის ეკრანიდან შხამსა და სამსალას ანთხევდა “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” სახელის მოსაპოვებლად.ცნობისათვის: 2003 წლის გაზაფხულზე, როდესაც პოლიტიკურმა გაერთიანება “ერთობამ” აშშ-ის საელჩოსთან 2000-კაციანი საპროტესტო აქცია მოაწყო და ჯორჯ ბუშ უმცროსის მილიტარისტული პოლიტიკა დაგმო, ეროსის “რუსთავი 2” და “მოქალაქეთა კავშირის” ახალგაზრდა მოქკავშირელები (მათ შორის ბატონი ოქრუაშვილი) შხამს და სამსალას ანთხევდნენ, ოღონდ კი “დაეგმოთ” და “გაეპროტესტებინათ”, გამიჯვნოდნენ “დემოკრატიის მამა-მარჩენალის” – ჯორჯ ბუშისა და მისი პოლიტიკის კრიტიკას.
 
მაგრამ სულ მთლად უნდა გამოსულელდე, რომ ენდო ასეთ კაცსა და ასეთ პარტიას.
დაბოლოს, ვინ განსკვნა ის კუდი, რომლითაც სააკაშვილზე იყო გადაბმული?
ოქრუაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა ხომ უცოდველობისა და სამშობლოსთვის თავდადების ნიმუშია!
გრეჩიხას, ამ, მომიტევეთ და, “პარაშუტისტს” – ფინანსებს ნუ გააგონებ!
და დარჩა “ქართული პარტია”, როგორც თხევადი გაზის წითელი ბალონი სოფლის ორღობეში შევსების მოლოდინში გამოდებული.მათი ანტიამერიკული, უფრო სწორად, აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქცია ძალიან ჰგავს რუსული “რულეტკის” თამაშს, იმ განსხვავებით, რომ ოქრუაშვილს დოლურაში არა ერთი, არამედ ყველა ვაზნა უწყვია და, ალბათობა რომ გაუმართლებს, ანუ რუსეთს “შეეტენება”, ნულის ტოლია.რაც შეეხება საფრთხეს, რომ “არ გავარდეს” და ოქრუაშვილს ამ რულეტკის თამაშით რამე მარცხი არ მოუვიდეს… არაფერი მოუვა. როცა სჭირდებოდა, იგი პირველი იყო, ვინც აშშ-ის მითითებით შინაგან საქმეთა სამინისტრო რეპრესიულ, უფრო ზუსტად კი, ინკვიზიციურ უწყებად აქცია. ოქრუაშვილი ასევე პირველი იყო, ვინც 2004 წელს ცხინვალის მიმართულებით სამხედრო ავანტიურა წამოიწყო. მკითხველს ასე­ვე კარგად ახსოვს რუსეთის მისამართით მისი ცნობილი გამონათქვამები. ასე რომ,… “ქართული პარტიის” რუსული “რულეტკა” არის საკენკი, რომლითაც ეს პარტია ანტიამერიკულად განწყობილი ელექტორატის გულის მოგებასაც ცდილობს. საკითხავი მხოლოდ ის არის,  რას მოიგებს, ვანო მერაბიშვილის გულის გარდა, “ქართული პარტია” ამ სამოყვარულო ფარსით.
დავით ბაზაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here