მუხროვანის სამხედრო ნაწილში ბუნტი სამშაბათს, დილით, დაიწყო. ამბოხებასთან დაკავშირებით დაკავებულები არიან სატანკო ნაწილის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მამუკა გორგიაშვილი, ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი კობა კობალაძე, თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმ «დელტას» ყოფილი მეთაური გია ღვალაძე და რამდენიმე სამხედრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. იძებნებიან გია წკრიალაშვილი და კობა ოთანაძე (ეს უკანასკნელი 90-იანი წლების მუხროვანის ცნობილ ბუნტში მონაწილეობდა). ამბოხის ორგანიზებაში ეჭვმიტანილია აგრეთვე ზაზა მუშკუდიანი, რომელიც ორთაჭალაში განლაგებული სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსია.
ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლის მიზნით, რუსეთის ორგანიზებით საქართველოს სხვადასხვა სამხედრო დანაყოფში სამხედრო ამბოხი მზადდებოდა. ამის შესახებ საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით: «ეს გეგმა კოორდინირებული იყო რუსეთთან და როგორც მინიმუმ, ნატოს სამხედრო წვრთნების ჩაშლას, ასევე ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სამხედრო ამბოხის მოწყობას ისახავდა მიზნად.» საზოგადოებამ «ვანოფიქჩერსის» მორიგი ოპერატიული ვიდეომასალაც იხილა.
ფარულად გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ უყვება თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმ «დელტას» ყოფილი მეთაური გია ღვალაძე რამდენიმე ადამიანს სამხედრო გადატრიალების გეგმის შესახებ. გია ღვალაძე ასევე საუბრობს რუსების მონაწილეობაზე: «შემდეგ რა ხდება, რუსები მოდიან 5 ათას კაცამდე – 2 ბრიგადა, ჩერდებიან ნატახტარზე, დუშეთის გზას კეტავენ… იცი, 5-ათასკაციანი კოლონა რამხელაზე იწელება? 12 კილომეტრზე»… ფარულ ვიდეოჩანაწერში საუბარია აგრეთვე რამდენიმე მაღალჩინოსნის ლიკვიდაციაზე: «რამიშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი… აი, ჯანაშვილზე «ვკაჩაობ», არ მინდა, ბიჭო, ჩემთან სახლშია მოსული და დედაჩემის გამომცხვარი ხაჭაპური აქვს ნაჭამი… მოკლან ხო… აი, მერაბიშვილი და უგულავა, ეს «ცვეტში», ამათ უკვე გადაუწყვიტეს. მე კი არა, ამ საქმეს ვეღარ შეაჩერებს ვერაფერი. გივი თარგამაძეცო, შეიძლება»…
როგორც აღვნიშნეთ, ეს მასალა შს სამინისტრომ გაავრცელა და ოპოზიციურმა სპექტრმა მას კარგად დადგმული ავანტიურა უწოდა. «ახალი მემარჯვენეების» ლიდერი დავით გამყრელიძე მუხროვანის ინციდენტს ასე გამოეხმაურა: «მუხროვანის აჯანყება მაშინ გაიშიფრა, როდესაც სააკაშვილი აჯანყებულ ნაწილში შევიდა. როგორ წარმოგიდგენიათ, პრეზიდენტი, რომელიც გორიდან ასე სამარცხვინოდ გამოიქცა, როგორ გამამაცდებოდა ამ ხნის განმავლობაში ისე, რომ აჯანყებულ ნაწილში შესულიყო?!» სამწუხაროდ, ქვეყნის მთავარსარდალი გორში საკუთარი ჩრდილის დანახვაზე მართლაც ისე თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, რომ პირადმა დაცვამ მისი დაჭერა ძლივს შეძლო. ამ ყველაფრის შემდეგ ძნელია, ვირწმუნოთ, რომ მან ამბოხებულ შეიარაღებულ ნაწილში შესვლა გაბედა. თანაც, ეს ჩვენი პრეზიდენტი იმდენად უშიშარი გამხდარა ბოლო დროს, რომ მუხროვანში ამბოხებულ ჯარისკაცებს მორალიც წაუკითხა: «…თქვენ სამხედროები გქვიათ? თქვენ თვალწინ დღეს დილას ტანკები დაქოქეს და არაფერი მოიმოქმედეთ, შესაძლოა, სულაც თქვენ დაქოქეთ. არ გრცხვენიათ, გადაყოლილი ვართ მე და სახელმწიფო თქვენზე. შესაძლოა, გაგაბრიყვეს და ისე ჩაგითრიეს ამ ყველაფერში, მაგრამ ადამიანს მხრებზე თავი რისთვის ადგას? რომ გააანალიზოს რაღაც. სად არის ის თქვენი პოლკოვნიკი ყორგიაშვილი? რას მებლუკუნებოდა ტელეფონში, რატომ მეუბნებოდა, 2 დღე ვაცხადებთ ამბოხებასო, ორი დღის შემდეგ ვის ელოდებოდით? ვინ უნდა ჩამოსულიყო? თქვენ მე შევარდნაძე ხომ არ გგონივართ? ხომ არ გეგონათ, რომ მოვიდოდი და თავზე ხელს გადაგისვამდით და ფერებას დაგიწყებდით?» ამ სიტყვების წაკითხვის თუ მოსმენის შემდეგ სააკაშვილის საღად აზროვნებაში საზოგადოებას შეიძლება კიდევ ერთხელ შეეპაროს ეჭვი, მაგრამ, რას ვიზამთ, ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა… სააკაშვილი დაახლოებით ისეთი ტონით და სიტყვებით «ტუქსავს» ჯარისკაცებს, როგორც ცნობილ ქართულ ფილმ «იმერულ ესკიზებში» მოსიყვარულე ბებია – ონავარ შვილიშვილებს. ხუმრობა იქით იყოს და, სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე… შს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერებისადმი უნდობლობას გამოხატავს როგორც ოპოზიციური სპექტრი, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილი. ექსპერტები ღიად აცხადებენ, რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილში მომხდარი ამბოხება ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული.
«საქართველო და მსოფლიო» სამხედრო ექსპერტს გიორგი თავდგირიძეს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებთ მუხროვანის სამხედრო ნაწილში მომხდარ ამბოხებას?
– მუხროვანში შეიძლება მართლა მოხდა რაღაც ინციდენტი, რომლის არსიც ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს შეიარაღებული ამბოხი, გნებავთ, აჯანყების და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. შს სამინისტრომ გვაჩვენა მორიგი ზღაპარი, რომ, თითქოს, საქართველოში სამხედრო გადატრიალება მზადდებოდა, რომელშიც მონაწილეობდნენ მთელი რიგი სამხედრო ნაწილები, მათ შორის, მუხროვანისაც.
– რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
– მოდი, თანმიმდევრობით მივყვეთ. პირველ რიგში, თავდაცვის მინისტრის განცხადება საკმაოდ არასერიოზული იყო. ჯერ თქვა, რომ ეს იყო დაუმორჩილებლობა, მაგრამ მერე, ალბათ, გაახსენდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ამბოხი და თქვა, რომ მუხროვანის შენაერთებმა გამოაცხადეს დაუმორჩილებლობა და ამბოხი. მინისტრის ამ არადამაჯერებელი გამოსვლის შემდეგ ეჭვი მაქვს, რომ მუხროვანში სერიოზული არაფერი ხდებოდა. ამით ხელისუფლებამ კიდევ ერთი დღით გაიხანგრძლივა ხელისუფლებაში ყოფნის ვადა. ისიც ითქვა, თითქოს, ამ ქვედანაყოფს არ სურდა მონაწილეობის მიღება დარბევაში, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის და სხვა სახის ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რასაც გამოძიება დაადგენს.
– თქვენი ინფორმაციით, დარბევაში მონაწილეობაზე თქვა ჯარმა უარი?
– ასეთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, არ ვიცით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს. ცალკე საუბრის თემაა ამხანაგი ღვალაძე, რომელიც საბჭოთა კავშირის რეანიმაციას გეგმავს, მაგრამ, როგორც ჩანს, მან ტექსტი ვერ ისწავლა ზეპირად; ხან გვარები ავიწყდება, ხან – ის, რისი რეანიმაცია უნდა, დსთ-ში ვართ თუ უნდა შევიდეთ… მოკლედ, ის ხმალამოღებული ებრძვის ნატოს ჯარების სწავლებას. რაც მთავარია, ეს სცენარიც, ეტყობა, ნაჩქარევადაა გაკეთებული, რადგან რაღაც ლოგიკური ბმა არ არის. თუ მუხროვანი იწყებს აჯანყებას, იქ რატომ მიდის ტექნიკა?! ჩანაწერში არის ასეთი მომენტი: «ჩვენ მივალთ იქ, შუქებს ჩავაქრობთ…» ასე ხდება აჯანყებები?! საუბარია აგრეთვე 200 თუ 250 «ჰაი ლუქსზე», რაც ერთი ბატალიონისთვის წარმოუდგენლად ბევრია, რადგან ერთი სატანკო ბატალიონი 400-500 კაცის ფარგლებშია და ასეთ სიტუაციაში 200-250 მძღოლი ძალიან ბევრია. ბარემ ტაქსები გამოეძახებინათ და ისე მოეწყოთ აჯანყება… ან რატომ უნდა მიეღო მილიონ 800 ათასი იმ სამ პირს, რომელთა სახეებსაც არ გვაჩვენებენ?!. და რაკი ღვალაძემ ჩათვალა, რომ მათ ეს ფული ეკუთვნით, მნიშვნელოვანი ფიგურები უნდა ყოფილიყვნენ. უკაცრავად, მაგრამ ეს ძალიან დიდ თანხად არ გეჩვენებათ?! გარდა ამისა, სულელურია შეკითხვები იარაღზე: «…ავტომატებს როგორს მოგვცემენ, გაწმენდილია, ხომ? შემოწმებულია ავტომატი?..» ღვალაძე თუ სერიოზულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა და ისეთი პიროვნებები აირჩია, ვინც ასეთ ბავშვურ შეკითხვებს სვამს, ფაქტია, რომ ვერაა ის კაცი, ასეთი რამის გაკეთება რომ შეუძლია. ეს რომ რეალობას შეესაბამებოდეს, ხომ უნდა იყოს საუბარი კონკრეტიკაზე?! საინტერესოა, აგრეთვე, რომ, თურმე, რესტორანში ნახა გენერლები. დარწმუნებული ვარ, კობალაძესა და ფირცხალაიშვილს რესტორანში ვერ ნახავდა ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ისინი ჯარიდან წამოვიდნენ. თანაც, როგორც ვიცი, ფირცხალაიშვილი საქართველოში არაა და ის იმდენად ფრთხილი კაცია, არ ვიცი, რას უნდა დაჰპირებოდნენ, რომ ამ საქმეში მონაწილეობა მიეღო.
– მოდი, პირდაპირ მიპასუხეთ, ხელისუფლების მიერ თუ შეიძლება იყოს ინსცენირებული?
– დიახ, მიმაჩნია, რომ ეს არის ცუდად შედგენილი სცენარის ცუდად განხორციელებული ვარიანტი.
«საქართველო და მსოფლიო» მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრა ასევე სამხედრო ექსპერტს ირაკლი სესიაშვილს:
– მუხროვანში მომხდარ ინციდენტს ოპოზიციამ უკვე უწოდა იაფფასიანი პროვოკაცია, როგორი იქნება თქვენი, როგორც ექსპერტის, შეფასება?
– შემაშფოთებელი იყო თავად ინციდენტის ფაქტი, რადგან ნორმალურ ქვეყნებში ასეთი რამ არ ხდება. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყანა არასტაბილურია და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო-დემოკრატიული კონტროლი რეალურად ვერ ხორციელდება. რაც შეეხება ინციდენტის შეფასებას, გაცილებით ბევრია შეკითხვა, ვიდრე – პასუხი. რაკი სამხედროებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და პროტესტის გარკვეულ ფორმას მიმართეს, ცხადია, გარკვეული მოთხოვნაც უნდა ჰქონოდათ. სიმართლე გითხრათ, მე მათი მოთხოვნა ვერ გავიგე, ყოველ შემთხვევაში, არ მომისმენია, კონკრეტულად რა უნდოდათ და რატომ გამოაცხადეს დაუმორჩილებლობა?!.
– როგორც ითქვა, ამბოხებულებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დიალოგი მოითხოვეს…
– აბსურდია, სამხედრო მეთაური გაიფიცოს იმის გამო, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდეს ხელისუფლება და ოპოზიცია! დიალოგისკენ პოლიტიკოსებს უწმინდესმა მოუწოდა, ეს არ შესრულდა და ვიღაც სამხედრო მეთაურის მიმართვის შედეგად შედგებოდა დიალოგი?! მითუმეტეს, ამ ადამიანმა იცის, რომ გაფიცვა და ბუნტი კანონმდებლობით ისჯება და საეჭვოა, რომელიმე სამხედრომ პოლიტიკური დიალოგის მისაღწევად ასეთი ნაბიჯი გადადგას. მეორე მხრივ, ჩვენ ვიხილეთ ხელისუფლების მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც რამდენიმე შემაშფოთებელი ფაქტი გაჟღერდა, კერძოდ, თურმე, 5 მაისს, 12 საათზე, რუსეთი საქართველოზე თავდასხმას გეგმავდა. თუკი ეს უტყუარი ინფორმაციაა, მაშინ რეალურად რუსული ჯარი შემოსული უნდა იყოს საქართველოში და ვსვამ კითხვას: რა კონტრზომები მიიღო ხელისუფლებამ რუსული აგრესიის შესაჩერებლად? არც ყაზარმული მდგომარეობა გამოცხადებულა, არც – საბრძოლო მზადყოფნა, არც თავდაცვითი შესაძლებლობები გამყარდა, არც მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ჩვენ სიმართლე არ ვიცით – ვინ იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. აბსურდულად მეჩვენება ისიც, რომ ორგანიზატორები გაიქცნენ. მუხროვანში ვინც არის ნამყოფი, მისთვის ნათელია, რომ იქიდან გაქცევა არც ისეთი მარტივია. რას ნიშნავს – გაიქცა? ნაწილს ალყა ჰქონდა შემორტყმული, ვერტმფრენები დაფრინავდნენ და ამ დროს მთავარი დამნაშავეები გაიქცნენ?!
– პირდაპირ გკითხავთ: ფიქრობთ, რომ ეს ინციდენტი ხელისუფლების მიერაა ინსცენირებული?
– ეს ეჭვი არსებობს, რადგან, ლოგიკური ჯაჭვი ვერ იკვრება. თუ ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ 5 მაისს ასეთი ინციდენტი უნდა მომხდარიყო, თუნდაც, ერთი დღით ადრე რატომ არ მოხდა პრევენცია?! მოულოდნელი იყო პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც აბსოლუტურად მშვიდად საუბრობდა ინციდენტზე, მაშინ, როდესაც ძალები მობილიზებული იყო მუხროვანის ბრიგადასთან და მეამბოხეებს უარი რომ ეთქვათ დამორჩილებაზე, სისხლი დაიღვრებოდა, რაც ძალიან დიდი ტრაგედია იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. მერე ნახევარ საათში გაიქცა მუხროვანში და ისე დატუქსა სამხედროები, თითქოს არაფერი მომხდარა. მოხდა თუ არა ინციდენტი, შეიძლება ეს კითხვაც კი გაჩნდეს.
– არსებობს ასეთი ინფორმაციაც, თითქოს, ამ საჯარისო შენაერთმა მიტინგის დარბევის ბრძანების შესრულებაზე განაცხადა უარი და სწორედ ამას მოჰყვა მათი პროტესტი…
– რადგან ერთ-ერთი მეამბოხე პოლიტიკური მოვლენების კრიზისის გადაწყვეტას ითხოვდა, ხომ არ არის ისეთი ვითარება შექმნილი, რომ ჯარი ითხოვს, – ჩვენ თავი დაგვანებეთ, პოლიტიკურ მოვლენებში ნუ ჩაგვრთავთო?!. ხომ არ არის ძალდატანება, რომ აქციის დარბევაში ჯარი იყოს გამოყენებული?! არსებობს მრავალი პასუხგაუცემელი შეკითხვა, რასაც ხელისუფლებამ უმოკლეს დროში უნდა უპასუხოს.
მანანა ჩხეიძე