Home რუბრიკები საზოგადოება ვის გამო რეკავს მასმედიის ზარი

ვის გამო რეკავს მასმედიის ზარი

რამდენიმე დღის წინათ მიიწურა ზაფხული – ზოგისთვის მკვდარი სეზონი, ზოგისთვის კრახის მომასწავებელი ავბედითი რეკვა მასმედიის ზარების: უცხოეთის პრესაში გახშირდა მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული დახასიათება, დაუფარავი ცინიზმის საგრძნობი დოზით გაჯერებული. სრული ობიექტურობისათვის – მხოლოდ მაგალითები – “შიშველი ფაქტები”  “მეფის სიშიშვლის” დასამტკიცებლად.

“სახელმწიფოს მეთაურმა მიხეილ სააკაშვილმა ვერაფერი ისწავლა. ერთი წელიწადი გავიდა, რაც მან სეპარატისტული რესპუბლიკის – სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ უგნური სამხედრო აქცია წამოიწყო, რასაც რუსეთთან ომი მოჰყვა, მაგრამ მისგან არანაირი თვითკრიტიკის იმპულსი არ მოდის. ამაზე მისი რიტორიკა და ვითარების არარეალური შეფასება მიუთითებს. ვიდრე სააკაშვილი ქვეყნის სათავეშია, კონფლიქტის გონივრულ გადაწყვეტას არ უნდა ველოდოთ”… (ვოლფგანგ შმიგი, “კავკასიური ლეგენდები: მიხეილ სააკაშვილი ომიდან ერთი წლის შემდეგ”).
“სააკაშვილი მამა აბრამის ბატკანი სულაც არ არის, როგორადაც თავი მოაქვს” (იქვე).

და ასეთი მომაკვდინებელი დასკვნა: “სააკაშვილი დამარცხებულია. მისი მიზანი, დაებრუნებინა აჯანყებული რეგიონები, ახლა შორეული პერსპექტივაა. საქართველოს ნატოში გაწევრება გადაიდო; საშინაო პოლიტიკაში დასუსტებულია; საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით – დიდად იზოლირებული; ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის დეფიციტია. მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგსა და ვაშინგტონში სწავლობდა. თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, არ აქვს უცხოელ ჟურნალისტებთან ურთიერთობის პრობლემა და ფლობს დასავლურ ტერმინოლოგიას, თუმცა ეს ქვეყნის დემოკრატიული სიმწიფის დასადასტურებლად საკმარისი არ არის”.

მკვახეაო! დაახლოებით ისეა, როგორც ერთ მოქნეულ ფრაზაში: “მწიფეს ესროდნენ, მკვახე ცვიოდაო”.

მწარე იუმორი თანდათან სერიოზულ კრიტიკაში გადაიზრდება. სააკაშვილიდან არეკლილი კრიტიკა მის “გამშუქურებელზე” – ბუშის ადმინისტრაციაზე გადადის. რუსული “გარდიანის” რედაქტორი სერგეი როი მიიჩნევს, რომ ცხინვალის კონფლიქტმა “ნაკლები ბუნდოვანება დატოვა” საგარეო ურთიერთობებში… (ე.ი. უფრო გაარკვია სიტუაციაო. – ა.ს.).

ავტორი იხსენებს, რომ პუტინმა ასეთი კრიზისებისთვის სპეციალურად შექმნილი ცხელი ხაზით ბუშთან დაკავშირებაც სცადა. “მეორე მხარე, უბრალოდ, არ უპასუხებდა: სამარისებური სიჩუმე – ცხადი ნიშანი იმისა, რომ ეს მხარე უშუალოდ მონაწილეობდა სააკაშვილის სისხლიან თამაშში”.

აშშ სტრატეგია, ამტკიცებს როი, კავკასიის ბალკანიზაციაა, რომლის პრინციპი ასეთია: “არ იბრძოლო უშუალოდ. შენი მტრის დასასუსტებლად მისსავე საზღვრებში არსებული სეპარატისტული მოძრაობები გამოიყენე”.

უცხოელი ანალიტიკოსი ასეთ გამოსავალს პოულობს, ეს იქნებაო “ახალი, უფრო საზრიანი პოლიტიკური რეჟიმი საქართველოში, რომელიც აღიარებს არსებულ სიტუაციას და რუსეთთან პრაგმატულ, შესაძლოა, თანამშრომლობით ურთიერთობას დაამყარებს”.

მაგრამ ეს გამოსავალი ცისფერ ფრინველს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალისტურ დასკვნას, ისეთ რჩევას, რომლის განხორციელება ჩვენს პირობებში შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მმართველების ხელში.

ამ ლაბირინთიდან თავის დაღწევა ჭირს იმის გამოც, ფიქრობს პოლიტოლოგი პიტერ კორიგი, რომ “აშშ-სა და ევროპას საქართველოს შიდა პოლიტიკური სტაბილურობის მიმართ აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ამ სტაბილურობის ფასი დემოკრატიაა.

პრესა და რადიო სულ უფრო იზღუდება, ოპოზიციონერებს რეგულარულად აპატიმრებენ იარაღისა და ნარკოტიკების საეჭვო ბრალდებით, დემონსტრაციის თავისუფლება ფაქტობრივად ლიკვიდირებულია”.

უყურადღებოდ არც ოპოზიცია რჩებათ, რომელსაც სერიოზულად აკრიტიკებენ მოუქნელობისა გამო. მიიჩნევენ, რომ “ვარდების რევოლუციის” პერიოდისგან განსხვავებით, ოპოზიცია ვერ ახერხებს ისეთი ფართო პოლიტიკური პროექტის შემუშავებას, რომელიც დღევანდელი სისტემისგან განსხვავებული იქნება და ხელისუფლების ცვლილებაზე დასავლეთის არსებით მხარდაჭერას მოიპოვებს”.

ლაიონელ ბინერი (“სააკაშვილის რეჟიმის ბედის ცვლილება”) სერიოზულად არის დაეჭვებული აშშ-საქართველოს ურთიერთობის ხარისხის გამო და აცხადებს: “ზედმეტად დიდი ფსონი ხომ არ დადო კავკასიის ამ პატარა, გახლეჩილ ქვეყანაზე შეერთებულმა შტატებმა?” ამ დასკვნის ორჭოფულ ფორმაში (“ხომ არ”) კატეგორიულობა რომ ჭარბობს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს: დადო და შეცდა!

ბინერი დარწმუნებით აცხადებს, რომ აგვისტოს “ხანმოკლე ომმა” საქართველო დასავლეთელ მეგობრებს, განსაკუთრებით კი, შეერთებულ შტატებს სულ უფრო დააშორა”.

იმ ზარის რეკვა, რომელიც წერილის დასაწყისში ვახსენეთ, იმედგადაწურულ დარისხებასავით ისმის: “საქართველო… საკუთარი წარსული რაობის ნაგლეჯად იქცა”; “ობამას ადმინისტრაციასთან ემოციური კონტაქტების ნაკლებობამ საქართველოს ისეთი განცდა დაუტოვა, თითქოს სივრცეში გარეთ მარტოდმარტო დატოვეს”; “დღეს ვაშინგტონს მორალური მხარდაჭერის გაცემა შეუძლია, მაგრამ სამხედროსი – არა”; “სააკაშვილი… არსებითად წარუმატებელი პრეზიდენტია”; “სააკაშვილმა გარისკა და დამარცხდა, მასთან ერთად დამარცხდა საქართველოც”.

ვის გამო რეკავს ზარი, ალბათ, გარკვეულია, მაგრამ მხოლოდ ემოციური სიმძაფრის ველში რომ არ დავრჩეთ, შემოგთავაზებთ ერთი ანალიტიკური წერილის დასკვნით ნაწილს (ივან კრასტევი, “აგვისტოს ქვემეხები: უმნიშვნელო მოვლენა მნიშვნელოვანი შედე­გებით”), რომელსაც ბევრისმთქმელი ქვესათაური აქვს: “დაკრძალვის შემდეგ”.

“რუსეთ-საქართველოს ომის შეფასებისას ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი: გვაძლევს კი ამ ომის შემდეგ დაბადებული სამყარო უკეთეს შანსს ლეგიტიმური და სამართლიანი ევროპული წესრიგის დასამყარებლად, თუ პირიქით, ამ წესრიგის მიღწევას ნაკლებად შესაძლებელს ხდის? ამ კითხვაზე ორი შესაძლო პასუხი არსებობს: უკიდურესად პესიმისტური და ზომიერად ოპტიმისტური.

პესიმისტები იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის უმნიშვნელო მოვლენად გადაქცევით დასავლეთი კრემლს ახალისებს, რათა მისი “წარმატება” პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ადგილებშიც გაიმეოროს და ამით ევროპულ წესრიგზე იმედებს ილუზიად აქცევს.

ოპტიმისტები უფრო იმ მოსაზრებისკენ იხრებიან, რომ რუსეთ-საქართველოს ომით ერთდროულად ორი პროექტი ჩაიშალა: რუსეთის მცდელობა ევროპაში გავლენის სფეროების პოლიტიკის აღდგენის შესახებ და დასავლეთის მცდელობა, აეშენებინა ევროპა რუსეთის გარეშე.

თუ პესიმისტები მართლები არიან, ჩვენ ხანგრძლივი ღამის ადრეულ სტადიაში ვიმყოფებით. თუ ოპტიმისტების მოსაზრებაა სწორი, ამ ორი პროექტის გარდაცვალება იმას ნიშნავს, რომ დღეს სწორედ ის დროა, როცა მესამე პროექტის შემუშავებაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი.”

* * *

ვიღაც უთუოდ ფიქრობს მესამე პროექტზე, მაგრამ ეს ვიღაც ჩვენს ხელისუფლებაში რომ არ არის, სამწუხარო ფაქტია.

 

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here