ობამას ადმინისტრაციამ სააკაშვილის ხელისუფლებას ყური აუწია და თავგასული ბავშვივით კუთხეში დააყენა. თუ ზედმეტ დიპლომატიურობას თავს დავანებებთ, ალბათ, სწორედ ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის “საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ” და აშშ-ის ელჩის – ჯონ ბასის შემდგომი ვიდეომიმართვის მოკლე შინაარსი. რატომ გააკეთა ეს ვაშინგტონმა? მას, ვინც მიიჩნევს, რომ მის ერთადერთ მიზანს საქართველოში ჰარმონიის დამკვიდრება წარმოადგენს, შეუძლია მომდევნო ტექსტის წაკითხვისგან თავი შეიკავოს. ჩვენ კი შევეცადოთ, დავადგინოთ, თუ რატომ გაუჯავრდა ვაშინგტონი თავის “საყვარელ მოწაფეს”.
დაჯექი, ორიანი!
ის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საშინელი მდგომარეობაა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. მაგრამ ასეთ კონცენტრირებულ ნეგატივს აშშ-ის ხელისუფლების შეფასებებში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. რამდენიმე ციტატა: “დანაშაულებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, სახელისუფლო ჩინოვნიკები ან მათი მომხრეები იყვნენ ჩართული, ნელა იძიებდნენ და გამოუძიებელი რჩებოდა. იმ დანაშაულებს კი, რომლებშიც, სავარაუდოდ, ოპოზიციასთან დაკავშირებული ადამიანები ან ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, სწრაფად იძიებდნენ და სასამართლოში კანონის მთელი სიმკაცრით განიხილავდნენ”; “იყო სარწმუნო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა მას მმართველი პარტიისთვის შემოწირულობა მიეცა”; “იყო სარწმუნო ცნობები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ზღუდავდა სიტყვისა და პრესის თავისუფლებას”; “ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, ხელისუფლების წარმომადგენლები დაუსჯელად არიან ჩართული მაღალი რანგის კორუფციაში. მსოფლიო მთავრობების შესახებ “მსოფლიო ბანკის” მონაცემებში აისახა, რომ კორუფცია პრობლემაა”; “შეშფოთების საგანს ასევე წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დონე სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში, საკუთრების უფლებები და ელიტარული კორუფცია”. ანგარიშში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ ადგილი თვითნებურ დაპატიმრებებსა და პატიმრების უფლებების დარღვევებს ჰქონდა; ნეგატიური შეფასებები სხვა თემებთან დაკავშირებითაც გაკეთდა.ქართულმა საზოგადოებამ მშვენივრად იცის, რომ ყოველივე ეს არა მხოლოდ 2010 წელს, არამედ 2008-2009-ში და უფრო ადრეც ხდებოდა, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები მაშინ გაცილებით რბილი იყო. საუბარი “გარკვეულ პროგრესზე” მოხსენებაში დღესაც არის, თუმცა უარყოფითი მომენტები გაცილებით უფრო გამოკვეთილი გახდა. თანაც, ჯონ ბასის კომენტარში აღნიშნული მოხსენების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის საელჩომ 9 აპრილს გაავრცელა, სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ფრიად ავისმომასწავებელი ნოტები გაისმა.თუმცა, ვიდრე ამერიკელი დიპლომატის ვიდეომიმართვის განხილვას შევუდგებით, ალბათ, ურიგო არ იქნება, ყურადღება ერთ გარემოებას მივაქციოთ: მისმა გამოსვლამ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია, მედიასა და სოციალურ ქსელებში კი მას უამრავი კომენტარი მიეძღვნა. ჯონ ბასის ზოგიერთ ფრაზასთან, ცალკეულ სიტყვებთან დაკავშირებით ვრცელი და ცხარე დებატები გაიმართა, რადგან, როგორც ხელისუფლების მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები მათ მიღმა ფარულ ქვეტექსტს ეძებდნენ, რომელიც საქართველოს მომავლისთვის მნიშვნელოვან, ლამის საკრალურ, ინფორმაციას შეიცავდა. ეს ხდებოდა 9 აპრილს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად ოცი წლის თავზე და რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს ამის თქმა, მთლიანობაში ეს სიტუაცია ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურებოდა. როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლის სიტყვებს (ან მის უკან მდგომი სახელმწიფოს პოზიციას) ასეთი დიდი, განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება, შეუძლებელია ქვეყანას დამოუკიდებელი, ხოლო საზოგადოებას თავისუფალი ეწოდოს. ეს, ალბათ, თავისუფლების საპირისპირო მდგომარეობა, ბანალური მონობაა. თუმცა, ვინაიდან ვაშინგტონის სიტყვას ჩვენი პოლიტიკური ელიტისთვის მართლაც განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს და ჯონ ბასის გამოსვლა, ახლო პერსპექტივაში, ნამდვილად მოახდენს გავლენას ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მის ანალიზს გვერდს მაინც ვერ ავუვლით.
ჯონ ბასის მასტერ-კლასი
ჯონ ბასის გზავნილი #1: “მიგვაჩნია, რომ უფრო ძლიერი ქართული დემოკრატია საჭიროებს მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოს 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ამიტომ საქართველოსთვის ჩვენი დახმარების დიდი ნაწილი (მათ შორის წელს ახალ ინვესტიციებად გამოყოფილი 60 მილიონი დოლარი) მიმართულია საარჩევნო რეფორმისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დამცველი ორგანიზაციების მხარდაჭერისკენ. აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის ჩათვლით, საუბრობდნენ და კვლავ გააგრძელებენ საუბარს საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საქართველოში”.ეს არის სავსებით ნათელი პოზიცია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, თუმცა, შესაძლოა, ამ პასაჟის მიღმა იდგეს მოწოდება პროდასავლურად განწყობილი ოპოზიციური ჯგუფებისადმი – უფრო აქტიურად იმოქმედონ იმ პირობებში, როდესაც აშშ-ის ფინანსური დახმარება და პირადი უსაფრთხოების “ქოლგა” მათ გარანტირებული ექნებათ. ეს, სავარაუდოდ, უნდა დასრულდეს ხელისუფლების ისეთი გადაფორმატებით, როდესაც ქვეყანაზე კონტროლს ვაშინგტონზე ორიენტირებული ძალები შეინარჩუნებენ, მაგრამ ოდიოზური ფიგურები სააკაშვილის გარემოცვიდან (ბოლოს კი თავად სააკაშვილი) ავანსცენას თანდათან დატოვებენ.ამ ჰიპოტეტურ სქემაში ხელისუფლება ემსგავსება ტიკს, რომელსაც ორი ნახვრეტი აქვს: ერთში ახალ ღვინოს ასხამენ, მეორედან კი ძველი ღვინო იღვრება. ცხადია, გაცილებით მომგებიანია, თუ ყოველივე ლეგიტიმურად, არჩევნების გზით მოხდება. მაგრამ ჯონ ბასმა, სავარაუდოდ, მიანიშნა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, პრობლემა არც სხვა გზით წასვლა იქნება.საუბარი მან რატომღაც ჩრდილოეთ აფრიკის ხსენებით დაასრულა და გამორიცხული არაა, რომ ამ მომენტში სააკაშვილის ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა სევდიანად დახედა ჩემოდანს ან კიდევ ვალიდოლის ძებნა დაიწყო. ჯონ ბასის გზავნილი #2: “მსურს, დავასრულო ჩემი მიმართვა ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენებით. როგორც პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა ლიბიის მოვლენების განხილვისას, შეერთებული შტატები უნდა დადგეს მათთან, ვისაც სჯერა იმავე პრინციპების, რომლებითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით მრავალი ქარტეხილის დროს: ჩვენი წინააღმდეგობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის მიმართ; ჩვენი მხარდაჭერა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების მიმართ, მათ შორის ხალხის ნების გამოხატვისა და საკუთარი ლიდერების არჩევის თავისუფლება; ჩვენი მხარდაჭერა იმ მთავრობების მიმართ, რომლებიც საკუთარი ხალხის მისწრაფებებს გამოხატავენ. მჯერა, რომ საქართველოში მრავლად არიან ისეთი ადამიანები (როგორც მთავრობაში, ისე საზოგადოებაში), რომლებიც ხელმძღვანელობენ იმავე პრინციპებით”.შესაძლოა, ჯონ ბასის გამოსვლის ეს მონაკვეთი პირდაპირ მიანიშნებს აკრძალვაზე – სააკაშვილის ხელისუფლებისთვის ოპოზიციის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს. ცხადია, ასეთ პირობებში სააკაშვილს და მის გარემოცვას, რეალურ დათმობებზე წასვლის გარდა, სხვა გზა არ დარჩება, რაც, საბოლოო ჯამში, ისევ ხელისუფლების თანდათანობით გადაფორმატებამდე მიგვიყვანს. ასევე საკმაოდ საგულისხმო იყო მინიშნება იმ ადამიანებზე, რომლებიც ამჟამად “მთავრობაში არიან” და “იმავე პრინციპებით” ხელმძღვანელობენ (ეს პრინციპები, ალბათ, სხვა არაფერია, თუ არა ვაშინგტონის მორჩილი ერთგულება). როგორც ცნობილია, ე.წ. ლიბერალების ჯგუფი (და არა მარტო ის) მალე ოპოზიციაში გადასვლას და სააკაშვილის მწვავედ გაკრიტიკებას გეგმავს. სავარაუდოდ, ამერიკელები მას მოსალოდნელი ცვლილებების განუყოფელ ნაწილად, ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად მოიაზრებენ;ეს ჯგუფი, როგორც ჩანს, ასევე აქტიურად უნდა ამოქმედდეს, ხოლო სხვა პროამერიკულმა ოპოზიციურმა ძალებმა მასთან უნდა ითანამშრომლონ.საინტერესო სიტუაციაა: წარმოვიდგინოთ სარდალი, რომელიც ბრძოლის წინ იღებს წერილს, რომ მოწინააღმდეგის ერთ-ერთი რაზმი მის მხარეზე გადასვლას აპირებს. გონიერი სარდალი ბრძოლის გეგმას, ალბათ, მაინც ისე ააწყობს, რომ გამარჯვებას მიაღწიოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რაზმი მის მხარეს არ გადავა. ეს რთულია, ფიქრს და გამბედაობას მოითხოვს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გაცილებით მომგებიანია. უგუნური სარდალი კი მთელ თავის გეგმას სწორედ ამ გარემოებას დაუქვემდებარებს და გარე ფაქტორზე დამოკიდებული გახდება. გონიერი “სარდლები” ჩვენს ოპოზიციაში ჯერჯერობით არ ჩანან და ვაშინგტონის დამსახურება ამაში, ალბათ, არცთუ მცირეა. არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი – როგორ უნდა იმოქმედონ ამ ვითარებაში იმ ძალებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების სათავეში მკვეთრად პროამერიკული ძალების ყოფნა ქვეყნისთვის საშიშია: ა) შორიდან უყურონ, თუ როგორ ჩაანაცვლებს ერთი პროამერიკული ჯგუფი მეორეს და პროცესებში არ ჩაერიონ? ბ) ხელი შეუწყონ ვაშინგტონზე ორიენტირებულ ძალებს, რომლებმაც სააკაშვილი უნდა ჩაანაცვლონ? გ) პარადოქსულად, მხარი სააკაშვილს დაუჭირონ და მისი საშუალებით კონკურენტების ნეიტრალიზებას ხელი შეუწყონ? დ) დამოუკიდებელი, პროაქტიური სტრატეგია აირჩიონ, რომელიც ამ გარემოებებს განმსაზღვრელ მნიშვნელობას არ მიანიჭებს, თუ, რა თქმა უნდა, ამის თავი აქვთ?ის, რომ პოლიტიკური სიტუაცია დინამიურობას შეიძენს, როგორც მინიმუმ, გულისხმობს იმას, რომ ამ არჩევანის წინაშე მდგომმა ძალებმა ჯერ უნდა სცადონ, ფეხი აუბან პროცესებს, შემდეგ მათი კორექტირება მოახდინონ, ბოლოს კი გააკონტროლონ. მარტივად რომ ვთქვათ, ისარგებლონ ოპოზიციაში მყოფი პროამერიკული ჯგუფებით, როგორც ყინულმჭრელით, ხოლო შემდეგ ეს ყინულმჭრელი ჩაძირონ. ძნელი სათქმელია, აწყობენ თუ არა ოპოზიციური ლიდერები ამასთან დაკავშირებით სტრატეგიულ გეგმებს, თუმცა, ალბათ, მათ უნდა სცადონ, მაქსიმალურად ისარგებლონ ხელისუფლების დეფრაგმენტაციის პროცესით, რომელიც, სავარაუდოდ, ძალიან მალე დაიწყება.
რატომ გაცოფდა ძია სემი?
თეთრი სახლი სააკაშვილს გაუწყრა (თუ საქმე ილუზიის მიზანმიმართულ შექმნასთან არ გვაქვს, ალბათ, არც ამის შესაძლებლობა უნდა გამოვრიცხოთ), და ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ ის თავისი პოლიტიკით გამუდმებით ამრავლებს საფრთხეებს, რაც აშშ-ს საქართველოს გაკონტროლებას ურთულებს. ობამას ადმინისტრაციამ მისცა სააკაშვილის ხელისუფლებას დრო და შანსი, რომ ის ახალი რეალობის ადეკვატური გამხდარიყო, თუმცა მან ამით, როგორც ჩანს, ვერ ისარგებლა. ეს რომ ასე მოხდებოდა, არც ისე ძნელი გამოსაცნობი იყო. გასული წლის 25 ნოემბერს, როდესაც ბარაკ ობამამ სააკაშვილთან ნატოს ლისაბონის სამიტზე შეხვედრა ინება, “საქართველო და მსოფლიო” წერდა: “როდესაც ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთაშორისო არენაზე მისი მდგომარეობა სტაბილურია და აშშ-ის მხარდაჭერა აქვს, ის ქვეყნის შიგნით აიწყვეტს ხოლმე და მოუზომავ ნაბიჯებს დგამს. ეს კი, თავის მხრივ, ღრმა კრიზისითა და საერთაშორისო პოზიციების შერყევით სრულდება. შემდეგ ფარდობითი სიმშვიდისა და დასავლეთის ნდობის აღდგენის პერიოდი იწყება, რომლის ბოლოს ხელისუფლება ისევ თამამდება და ყველაფერი თავიდან იწყება. ამ თვალსაზრისით, ნატოს ლისაბონის სამიტი, რომლის შემდეგ ხელისუფლებამ თავი საეჭვოდ თავდაჯერებულად იგრძნო, ქვეყნისთვის კარგს არაფერს მოასწავებს.ეს რაღაცით პათოლოგიური ლოთის ქცევას ჰგავს: დათვრება, გარეთ გამოვარდება, იგინება და ქვებს ისვრის; გაღიზიანებული უბნელები ცემას უპირებენ, ხოლო ოჯახის წევრები ყვირილით კუდში დასდევენ. ბოლოს, სირცხვილნაჭამი სახლში ბრუნდება და გარკვეული დროის განმავლობაში არ ჩანს, მაგრამ, თუ გარეთ გასვლა მოუწევს, თავჩაქინდრული დადის და უაღრესად ზრდილობიანად იქცევა, შემდეგ კი თვრება და ყველაფერი მეორდება. საქართველოშიც მსგავსი რამ ხდება, ოღონდაც არყის როლს სააკაშვილის გუნდისთვის შეუზღუდავი ძალაუფლება და აშშ-ის მხარდაჭერა ასრულებს”. ლისაბონის სამიტიდან განვლილ პერიოდში მიხეილ სააკაშვილმა კიდევ უფრო გაართულა ურთიერთობა რუსეთთან, რაც “გადატვირთვის” სულისკვეთებას ნამდვილად არ შეესაბამება. ამასთან, მან ვაშინგტონის პოლიტიკის ტორპედირებაც დაიწყო. ამერიკელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი რაც შეიძლება მალე გახდეს, სააკაშვილი კი ამას, ფაქტობრივად, წინ აღუდგა (მოლაპარაკებებზე არარეალისტური პირობები წამოაყენა). ამავე დროს, ის დაჟინებით მოითხოვდა ვაშინგტონისგან მძიმე შეიარაღებას, რომლის გადაცემა აშშ-რუსეთის ურთიერთობებს ფრიად გაართულებდა. მან, ასევე, დაძაბა ურთიერთობა ისრაელთან (ფუქსისა და ფრენკელის საქმე), ხოლო ქვეყნის შიგნით მთელი რიგი მოუზომავი ნაბიჯებისა გადადგა, რამაც დესტაბილიზაციის საფრთხე გაზარდა. გამორიცხული არაა, რომ ყოველივე ამის შემდეგ ობამას ადმინისტრაციაში სააკაშვილთან დამშვიდობების გადაწყვეტილება მართლაც მომწიფდა.ის კომენტატორები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ელჩის განცხადებამ ხელისუფლებას “წითელი”, ხოლო ოპოზიციას “მწვანე” აუნთო, შესაძლოა, ჩქარობენ, რადგან ჯონ ბასმა, ალბათ, მაინც “ყვითელი” აანთო, თუმცა ეს “ყვითელიც” საკმაოდ მკაფიო სიგნალია იმისა, რომ ზოგიერთ მანქანას მალე გაჩერება მოუწევს, ზოგს კი, პირიქით, – ადგილიდან დაძვრა.
დიმიტრი მონიავა