Home რუბრიკები პოლიტიკა სოფო ხორგუანი: ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის ყოფნის ყოველი დღე ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს

სოფო ხორგუანი: ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის ყოფნის ყოველი დღე ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს

ოპოზიციის დაპირებული გაზაფხული მალე გაილევა, თუმცა ჯერჯერობით არც საპროტესტო აქციები გამართულა და საქართველოს ხელისუფლებაც, როგორც ჩანს, თავს არათუ “დასრულებულად”, არამედ საკმაოდ მყარადაც გრძნობს. რას აპირებს ახლახან დაარსებული, მაგრამ უკვე ე.წ. რადიკალურ ოპოზიციურ ძალად ცნობილი, “ქართული პარტია” და როდიდან გეგმავენ პარტიის მესვეურები საკუთარი სა­მოქმედო გეგმის განხორციელებას, “საქართველო და მსოფლიოს” “ქართული პარტიის” წევრი სოფო ხორგუანი ესაუბრა.
– მართალია, “ქართული პარტია” ე.წ. რადიკალურ ოპოზიციურ პარტიად მოიაზრება, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებით. როდის აპირებთ აქტიური მოქმედებების დაწყებას? – ჩვენ აქტიური მოქმედება უკვე დავიწყეთ. რეგიონებში დავდივართ, ვაფუძნებთ რაიონულ ორგანიზაციებს… სააკაშვილის ხელისუფლების სათავეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა იმისთვის, რომ შეცვალო ხელისუფლება, ძლიერი უნდა იყო. სწორედ ამიტომ მთელი ეს პერიოდი ჩვენ ვაშენებდით პარტიულ სტრუქტურას, რომელიც მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას შეძლებს. – რატომ არ შეუერთდა “ქართული პარტია” ე.წ. ოპოზიციურ რვიანს, რომელიც მოლაპარაკების გზით ცდილობს შეთანხმების მიღწევას?- რამდენიმე დღის წინათ მოვისმინე დათო ბაქრაძისა და პარლამენტის წევრების განცხადებები –  ვადა, რომ გაზაფხულზე ოპოზიციასთან რაიმე შეთანხმებას მივაღწევთ, არ ყოფილა განსაზღვრული და რომ მოლაპარაკება ჩაიშალა, ოპოზიციის ბრალიაო. ამ ტყუილის შემდეგ რაზე უნდა ველაპარაკო დავით ბაქრაძეს? როდესაც მოსახლეობაში ისედაც დიდი ნიჰილიზმია გამეფებული, ხალხი ფიქრობს, რომ ქვეყანაში მაინც არაფერი შეიცვლება, ასეთ დროს პოლიტიკოსები თავიანთი ქმედებებით ხალხ­ში ნიჰილიზმს კიდევ უფრო არ უნდა აღრმავებდნენ. როდესაც ოპოზიციური “რვიანი” აცხადებს, რომ მიდის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე და ამბობს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მიაღწევს, მან უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა იმ წარუმატებლობაზე, რაც ამ ყველაფერს მოჰყვება, მასზეა.ერთ-ერთ შეხვედრაზე, ვკითხე “რვიანის” წარმომადგენელს “თავისუფალი დემოკრატებიდან”, თეა წულუკიანს: მართლა ასეთი გულუბრყვილოები ხართ, რომ გჯერათ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზით რაიმეს მიაღწევთ-მეთქი? – არ გვაქვს იმედი, მაგრამ გვინდა, მსოფლიოს დავანახოთ, რამდენად არაადეკვატურია საქართველოს ხელისუფლებაო, – მიპასუხა. დამატებითი მტკიცებულებები იმისა, რომ ეს ხელისუფლება კრიმინალურია, მე არ მჭირდება.- როგორც ბრძანეთ, საზოგადოებაში გამეფებულია ნიჰილიზმი, დღესდღეობით არ არსებობს საპროტესტო მუხტიც, თუნდაც “ქართული პარტიის” პოლიტიკური ლიდერების წარსულიდან გამომდინარე, შეძლებს თქვენი პარტია ამ მუხტის გაღვივებას და საზოგადოების ნდობის დამსახურებას?- იმისათვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, არ მჭირდება მუხტი, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხალხს იმედი დავუბრუნოთ. გაერთიანებისკენ პოლიტიკურ პარტიებსა თუ საზოგადოებას, ჯერ კიდევ თებერვალში მოუწოდა ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. ავტოკრატიული რეჟიმის დასრულებისთვის საზოგადოების თანხმობა და კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია. – თქვენი მოწოდება გაერთიანებისკენ ეხება თუ არა ნინო ბურჯანაძეს? თქვენ და ბურჯანაძის “სახალხო კრება” რადიკალურ ოპოზიციონერებს შორის მოიაზრებით, თუმცა საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ და სწორედ მაშინ დაუპირისპირდით ერთმანეთს, როდესაც ერთიანობა, ალბათ, ყველაზე მეტად გაწყობდათ.- ყველაფერი ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ცრუ მოლოდინის შექმნა საზოგადოებაში ნიჰილიზმს იწვევს. ამის გამო, ქალბატონი ნინო ბურჯანაძის მხრიდან უამრავი დაუსაბუთებელი, პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ბრალდება მოვისმინეთ. ჩვენი პარტიის თავმჯდომარეებმაც განაცხადეს, რომ, თუ ნინო ბურჯანაძე აღიარებს საკუთარ შეცდომებს, თუნდაც 7 ნოემბერთან ან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და იტყვის, რომ ის შეცდა, მერე შეიძლება ვისაუბროთ გაერთიანებაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ყველაზე სუფთა პოლიტიკოსი ვარო, რაღაზე უნდა ველაპარაკოთ? თუ შეცდომას დაუშვებ, შეცდომის აღიარე­ბა და ბოდიშის მოხდაც უნდა შეგეძლოს.- თქვენი პარტიის ლიდერები, თუნდაც ირაკლი ოქრუაშვილი ან ეროსი კიწმარიშვილი, აღიარებენ შეცდომებს და შეძლებენ ბოდიშის მოხდას? – ჩვენ არასდროს გვითქვამს, ნუ ილაპარაკებთ ჩვენს წარსულზეთქო. ჩვენ ვიცით, ვინც ვართ და საიდანაც მოვდივართ. შეცდომაც ბევრი დაგვიშვია და კარგიც ბევრი გაგვიკეთებია. ჩვენ არ გავურბივართ საკუთარ წარსულს  და არ გვაქვს ყველაზე სუფთა პოლიტიკოსობის პრეტენზია.- თუმცა, დაპირისპირების მიუხედავად, ლევან გაჩეჩილაძემ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ “სახალხო კრებასა” და “ქართულ პარტიას” გასაყოფი არაფერი აქვთ და “სახალხო კრე­ბასთან” ერთად კარგი სოლიდური პოლიტიკური ძალა შეიძლება ჩამოყალიბდეს. შესაძლებელია თუ არა უახლოეს მომავალში ნინო ბურჯანაძე და “ქართული პარტია” კვლავ ერთად ვიხი­ლოთ?- რა თქმა უნდა, შეიძლება ერთ დღეს ჩვენ, ყველანი ქუჩაში აქციაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოვჩნდეთ. ქუჩის აქციები თუ იქნება, მეც გავალ და დავდგები, სადაც ჩემი მოქალაქეები არიან, და სხვასაც ვერ ავუკრძალავ.- საუბრობენ თქვენი პარტიის დაფინანსების საკითხებზეც. ვინ აფინანსებს “ქართულ პარტიას”?- საქართველოში, მოგეხსენებათ, ოპოზიციაში ყოფნა ადვილი არაა. გამადიდებელი შუშით გვიყურებენ, ოღონდაც სადმე რამე შეგვეშალოს. გვყავს მხარდამჭერები, რომლებიც გვეხმარებიან. პარტიის ფი­ნანსები  გამჭვირვალე იქნება. თუმცა უნდა ითქვას, რომ პარტიის დამფუძნებლებიც საკმაოდ მდიდრები არიან: ლევან გაჩეჩილაძე, მახსოვს, საქართველოში რამდენიმეჯერ საუკეთესო ბიზნესმენებს შორისაც დაასახელეს.- თუმცა მის ვალებზეც ბევრს საუბრობენ…- გასაგებია, მაგრამ მან მთელი თავისი ფინანსური რესურსი ხელისუფლების შესაცვლელად მიმართა და კანონი მას  ამის უფლებას აძლევს. – თუ მოჰყვება მის მოხსენებას რაიმე რეალური შედეგი? გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველის ანგარიშს, შესაძლოა, რამდენიმე მინისტრი შეეწიროს. მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. – იმედი არ მაქვს, რომ რაიმე რეაგირება მოჰყვება. ჩვენც ვაკეთებდით ასეთ მოხსენებებს, მაგრამ ხელისუფლება არ ითვალისწინებდა.- მაგრამ, თუ შედეგს ვერ მივიღებთ, მხოლოდ განცხადებები და მოხსენებები რას მოიტანს? არ შეუძლია სახალხო დამცველის აპარატს უფრო ქმედითი მექანიზმების ამოქმედება? – სახალხო დამცველმა უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში. ჩვენი კანონმდებლობა კი არ იძლევა მეტის საშუალებას. ჩვენთან სახალხო დაცველის რეკომენდაცია მაქსიმუმია, რაც მას შეუძლია გააკეთოს, და პარლამენტი რომ მართლა პარლამენტი იყოს, სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე რეალურ გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს მთავრობა. იმდენად გახრწნილია ხელისუფლება, რომ დემოკრატიულ იმიჯს ფასადურადაც ვეღარ ვინარჩუნებთ.- გირგვლიანის საკითხზე ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა, დაიწყება თუ არა ხელახალი გამოძიება?- საოცარი პასუხი მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან, როდესაც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბურჯალიანმა განაცხადა, რომ  არაფერია განსაკუთრებული, 300 ათასი ევროს გადახდას ითხოვდნენ და მხოლოდ 50 ათასი დაგვაკისრესო. ამ ხელისუფლების პირობებში გამოძიების დაწყებას გამოვრიცხავ, რადგან შემკვეთიც, შემსრულებელიც და საქმის ჩამფარცხველიც – ყველანი მაღალჩინოსნები არიან. ვანო მერაბიშვილი ისევ შს მინისტრია, თაკო სალაყაია ისევ მისი მეუღლეა, დათა ახალაია ისევ კუდის უფროსია, ალანია ისევ კუდშია. მათ უნდა გამოიძიონ საკუთარი დანაშაულობები?!მაგრამ ყველა ავტოკრატიულ რეჟიმს აქვს საერთო – ის ყოველთვის სრულდება.

ესაუბრა

შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here