სააღდგომოდ შეწყალებას ათასობით პატიმარი ელოდა, მაგრამ გაათავისუფლეს მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც სასჯელის მოხდამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. შეწყალების უფლება, მოგეხსენებათ, პრეზიდენტს ერთპიროვნულად აქვს, ისიც ცხადია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტთა ნათესავ-მეგობრებს მეტად სწყალობს. ამიტომაც მოხდა, რომ შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდა თბილისის მერის – გიგი უგულავას ნათესავი, ვინმე გოდერძიშვილი, რომელსაც 11 წელი ჰქონდა მისჯილი და აქედან მოხდილი – მხოლოდ 7 თვე.
ბევრი თქვენგანი შენიშნავს, უგულავას ნათესავი საერთოდ რომ დაიჭირეს, ესეც საოცარიაო, მაგრამ, სასჯელის ზომას თუ გავითვალისწინებთ, ძნელი მისახვერდი არ უნდა იყოს, რომ უგულავას ნათესავს საკმაოდ მძიმე მსჯავრი ჰქონდა წაყენებული. ბოლო დროს საქართველოში საპროცესო გარიგებით სრული თავისუფლება აღარ იყიდება. პროკურორები ცდილობენ, მსჯავრდებულს თანხაც გადაახდევინონ და თავისუფლების აღკვეთაც შეუფარდონ რამდენიმე წლით. უგულავას ნათესავთან სარფიან საპროცესო გარიგებაზე შეთანხმება, ალბათ, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ქალაქის მერის ნათესავს ფული რატომ უნდა გადაეხადა, როცა გარანტია ჰქონდა, რომ შეწყალებით მისი გამოყვანა და მსჯავრისგან გათავისუფლება დაკავებიდან 7 თვეში მოხდებოდა?! საქართველოში შერჩევითი სამართლის არსებობა უცხო არავისთვისაა, ზოგს ერთი ბოთლი ლუდის მოპარვისთვის უმაღლეს სასჯელს უსჯიან; ზოგს კი არათუ სხვისი ქონების, სახელმწიფო სახსრების მითვისებისთვისაც არ სთხოვენ პასუხს. მეტიც, ჩვენს ქვეყანაში პერიოდულად ხდება რომელიმე დანაშაულის სახეობის წამოწევა, რასაც, კლასიფიკაციის მიხედვით, ამ პროფესიის ადამიანთა დაკავების მთელი კასკადი მოჰყვება ხოლმე.ახლა მანდატურების მნიშვნელობის ხაზგასასმელად ძალიან პოპულარულია პედაგოგებისა და ბავშვების ურთიერთობა. სასტიკი მასწავლებლებისა და დაჩაგრული ბავშვების არაერთი ამბავი მოხვდა საინფორმაციო საშუალებებში. ყველა შემთხვევაში მკაცრი ზომები იქნა გატარებული. კანონს რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფო პოლიტიკაა ასეთი, რომ მანდატურებმა “უღირსი” პედაგოგები უნდა გამოავლინონ, მაგრამ ესეც, ცხადია, ყველა პედაგოგს არ ეხება. ადამიანის უფლებათა ცენტრი ვაზისუბნის საჯარო სკოლიდან მათემატიკის მასწავლებლის – ნუნუ ირემაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის კახეთის ოფისის ინფორმაციით, მასწავლებელმა მეხუთე კლასის მოსწავლეს – ლუკა იაგანაშვილს თავი კედელსა და მერხზე არტყმევინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ტელეკომპანიებმა სიუჟეტი კი მოამზადეს, მაგრამ ეთერში არ გაუშვიათ. არადა, ასეთ შემთხვევებს ტელევიზიები, როგორც წესი, ხელიდან არ უშვებენ. გახსოვთ, ალბათ, მასწავლებლის მიერ ფანდურით მოსწავლის ცემის ფაქტი ლამის ორი კვირის განმავლობაში ტრიალებდა საინფორმაციო გამოშვებებში. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 18 აპრილს ვაზისუბნის სკოლაში მეხუთე კლასის ხელმძღვანელი ნუნუ ირემაშვილი სადამრიგებლო კლასში ბუნების გაკვეთილზე შევიდა და მოსწავლე ბუნების მასწავლებლისა და თანაკლასელების თანდასწრებით სასტიკად სცემა. ბავშვს, რომელსაც თავი კედელზე არტყმევინა და თავსა და სახეში ბეჭდიანი ხელით ურტყა, ნუნუ მასწავლებელი თან ემუქრებოდა თურმე, “ახლა უარესად არ გამაბრაზო, თორემ, ტუფლი თუ გავიხადე, ქუსლით თავს გაგიხვრეტო”. ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ამ საკითხის შესწავლისა და შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, ადგილობრივ პროკურატურას მიმართა. ნუნუ არავის დაუსჯია, რადგან ის თურმე კახეთის გუბერნატორის – გიორგი ღვინიაშვილის მამიდა გახლავთ, ამიტომაც, სხვა მასწავლებლებისგან განსხვავებით, უფლება აქვს, არასრულწლოვანს სცემოს, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანის ცემა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, დასჯადი ქმედებაა. საბედნიეროდ, ლუკას სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია, მაგრამ უფრო ტრაგიკულად განვითარდა მოვლენები ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში მცხოვრები არევაძეების ოჯახში. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 20 თებერვალს სოფელ ვარდისუბანში თოვლის სიმძიმის შედეგად გაწყვეტილი ელექტროგადამცემი ხაზების გაბმის დროს მოულოდნელად ელექტროენერგია ჩაირთო, რასაც ორი ადამიანის – 40 წლის ნიკოლოზ არევაძისა და 29 წლის ავთანდილ ყოჩიაშვილის სიცოცხლე შეეწირა. ფაქტზე გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ დამნაშავეები არავის დაუსჯია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, იმ ადამიანის ვინაობა, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ცნობილია, მაგრამ მისი პასუხისგებაში მიცემა არ ხდება, რადგან კახეთის ენერგოდისტრიბუციის ლაგოდეხის სერვისცენტრის მენეჯერი ბესიკ კობერიძე საოლქო პროკურორის პირველი მოადგილის – ვაჟა მაღრაძის ცოლის ძმაა და საქმის გამოძიების გაჭიანურებაც ამას უკავშირდება. სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზეც კი თბილისში საქმის ჩაფარცხვის არაერთი ფაქტის გახსენება შეიძლება. ამის ნათელი მაგალითია სანდრო გირგვლიანი, ბუთა რობაქიძე, ზურა ვაზაგაშვილი და ა.შ. დაუსჯელობისა და შერჩევითი სამართლის პრეცენდენტი ხელისუფლებამ ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციის” პროცესში დაუშვა, როცა ორი ადამიანი – დავით საყვარელიძე და ეთერ წულიაშვილი, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, ჯავშანტრანსპორტიორთან შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, ამავე ავტომანქანაში ისხდნენ მათი მცირეწლოვანი შვილებიც, რომლებიც სიკვდილს კი გადაურჩნენ, მაგრამ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. დავით საყვარელიძის და დიდხანს ჩიოდა და შს მინისტრის მოადგილის – შალვა ჯანაშვილის (მაშინდელი სპეცოპერაციების ცენტრის უფროსის) დასჯას ითხოვდა, ვინაიდან ჯავშანტრანსპორტიორების გადაადგილების ბრძანება სწორედ მან გასცა, თუმცა ჯანაშვილი ამისთვის არათუ დასაჯეს, დღეს ვანო მერაბიშვილის მოადგილედაა დაწინაურებული. შერჩევითი სამართლის ნათელი მაგალითია ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ძმის და კრიმინალური პოლიციის უფროსის, ერეკლე კოდუას ცოლისძმის, მიხეილ ჟორჟოლიანის გათავისუფლებაც, რომელიც ვაკეში, ერთ-ერთ ბარში, ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს რამდენიმე ადამიანთან ერთად. დაკავებისას პოლიციელიც დაშავდა. პოლიციელის შეურაცხყოფას კი, მოგეხსენებათ, მერაბიშვილი არავის პატიობს. მსგავსი ქმედება კანონითაც უმკაცრესად ისჯება, მაგრამ ის, რაც არ ეპატიება სხვას, ეპატიება “ნაცგუნდის” წარმომადგენლებს. ჰოდა, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, მიხეილ ჟორჟოლიანსაც თავისუფლება აჩუქეს.რეგიონებში ასეთი საქმეები კიდევ უფრო ადვილად და წყნარად გვარდება. ძალა აღმართს ხნავს. ხელისუფლებაში მოკალათებულ ჩინოვნიკებსა თუ მათ ნათესავებს ადვილად შეუძლიათ მიიღონ ის, რაც სურთ, იქნება ეს ადამიანის სიცოცხლე თუ ქონება. ქონების წართმევის კლასიკურ მაგალითზე “საქართველო და მსოფლიომ” რამდენიმე თვის წინათ მოგითხროთ, როდესაც ვანო მერაბიშვილის მეუღლის, თაკო სალაყაიას ბიძამ ცოლის ობოლ ძმისშვილებს მთელი ქონება წაართვა და უსახლკაროდ დატოვა. მერაბიშვილის გამინისტრებამდე მისი ნათესავები საქუაშვილების სახლს სიდუხჭირის გამო შეეფარნენ. როგორც აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის – ნოდარ საქუაშვილის მეუღლე, ლია ელიზბარაშვილი აცხადებს, საქუაშვილის დის, ქეთევან ჯინჭველაძის მეუღლე, თაკო სალაყაიას ბიძა გახლავთ. რამდენიმე წლის წინათ, როცა მერაბიშვილის აღზევების ხანა ჯერ კიდევ შორს იყო, ჯინჭველაძეებს თურმე ძალიან უჭირდათ და სალაყაიას ბიძა ოჯახით ცოლის ძმასთან გადასულა საცხოვრებლად. ახლა კი სწორედ ამ სახლიდან მისი კანონიერი მემკვიდრეები გაყარა და ქონებას თვითონ დაეპატრონა. მეტიც არათუ სახლი, საქუაშვილებს მან მამის მთელი ქონება წაართვა. კითხვა მეტისმეტად რიტორიკულია, მაგრამ არსებობს თუ არა შერჩევითი სამართალი საქართველოში, მაინც გადავამოწმეთ ადამიანის უფლებათა დამცველ ნანა კაკაბაძესთან, ვისაც მსგავს ფაქტებთან შეხება ხშირად აქვს. – ქალბატონო ნანა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეწყალებით გაათავისუფლეს გიგი უგულავას ნათესავი, რომელსაც 11 წელი ჰქონდა მისჯილი და აქედან მოხდილი – მხოლოდ 7 თვე, არსებობს თუ არა საქართველოში შერჩევითი სამართლის ტენდენცია?- რაც შეეხება შერჩევით სამართალს, უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც წერენ და სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ თქვა იმის შესახებ, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი არსებობს. მაშინ, როდესაც მაღალჩინოსნები აშავებენ, ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს ისე, როგორც ხელისუფლებას სურს, მაგრამ როდესაც რიგითი მოქალაქეა დამნაშავე, ისჯება უმკაცრესად. რაც შეეხება გიგი უგულავას ნათესავს, ამ ინფორმაციაზე კომენტარი შეწყალების კომისიის წევრმა ელენე თევდორაძემაც გააკეთა. ფაქტია, პრეზიდენტს კანონით აქვს ნებისმიერი პატიმრის შეწყალების უფლება და შეიწყალა კიდეც. პრეზიდენტმა კანონი კი არა, სამართლიანობა დაარღვია, რადგან კანონი არ უკრძალავს მას ასეთ შემთხვევაშიც კი შეწყალებას და მან ეს უფლება გამოიყენა”.
სოფო გელაშვილი