გასულ კვირას პოლიტოლოგმა ჰეიდარ ჯემალმა აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო “salam news”-თან საუბარში სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელმაც საქართველოსა და აზერბაიჯანში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მან თქვა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაშია ჩართული. თბილისში ამ ინტერვიუს მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ბაქოში კომენტარები – ასევე ნეგატიური, თუმცა ნაკლებად ემოციური იყო. ამასთანავე, იქ განსხვავებული აზრიც დაფიქსირდა. მთელი ეს ისტორია საკმაოდ არაერთგვაროვან შთაბეჭდილებას ტოვებს და, ალბათ, აჯობებს, დეტალურად განვიხილოთ.
ამერიკელი ქალი და აზერბაიჯანელი მამაკაცი
ჰეიდარ ჯემალის ინტერვიუ მძიმე ბრალდებებს შეიცავს: “საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალების მომზადება და პასუხისმგებლობა ამ მომზადებაზე უშიშროების საბჭოს მდივანს – გიგა ბოკერიას დააკისრეს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საელჩოში, ამ საქმიანობის კურირების ცენტრი ფუნქციონირებს, მასზე პასუხისმგებელია ბაქოში ამ საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი, ამერიკელი ქალი, რომელმაც ქართული ენა მშვენივრად იცის. იგი “შტაბში” იმყოფება და მის მოვალეობებში აზერბაიჯანში ოპოზიციასთან კონტაქტი შედის”. შემდეგ ჰეიდარ ჯემალმა განაცხადა, რომ საქართველოში ადგილობრივი აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისგან იქმნება რაზმი, რომელიც “მკვეთრი მოქმედებებისთვის” ემზადება და ოპოზიციის სავარაუდო გეგმები აღწერა.
“ამა წლის მარტში გიგა ბოკერია და რიგი სხვა პირები აზერბაიჯანს ეწვივნენ და აზერბაიჯანის ხელმძღვანელობას წაუყენეს მოთხოვნა, რომ ის საქართველოსთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნაზე დათანხმდეს, რომლის მიზანი რუსეთთან დაპირისპირება იქნება. მაგრამ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამაზე არ წავიდა…”, – თქვა ჰეიდარ ჯემალმა. “საქართველო ამ შემთხვევაში პროექტის შემსრულებელია, რაშიც საქართველოს სახელმწიფო პირები არიან ჩართულნი, კერძოდ კი გიგა ბოკერია, რომელიც უშიშროების საბჭოს წარმოადგენს, ანუ ქართველები ამ შემთხვევაში სხვისი ნების გამტარებლებად გვევლინებიან”, – განაცხადა მან და მიანიშნა, რომ დამკვეთი ვაშინგტონია.ინტერვიუ არანაირ მტკიცებულებებს არ შეიცავს და, აქედან გამომდინარე, ის ფართო განხილვის საგნად, ალბათ, არც უნდა ქცეულიყო, თუმცა ჰეიდარ ჯემალის გზავნილი საკმაოდ ოსტატურადაა შეფუთული. გამორიცხული არაა, რომ მისი მთავარი ადრესატი აზერბაიჯანელი მკითხველი (და ზოგადად, იქაური საზოგადოება), ანალოგიის გამოყენებითა და ახლო წარსულთან პარალელების გავლებით, საკმაოდ მძიმე დასკვნებამდე მივიდეს და ჩათვალოს, რომ ამ განცხადებებში ჭეშმარიტების მარცვალი არის.ფაქტია, აზერბაიჯანის ოპოზიცია მკვეთრად გააქტიურდა. ისიც ფაქტია, რომ ბოლო დროს ობამას ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში (ტუნისი, ეგვიპტე, ლიბია) და 100%-ით ვერავინ იქნება დარწმუნებული, რომ აზერბაიჯანშიც იმავეს არ გააკეთებს. ამასთანავე, არავინ დავობს იმაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლება მუდამ აქტიურად ერეოდა უცხო ქვეყნების საქმეებში (მაგ. უკრაინა, ბელარუსი) და იქაურ ოპოზიციურ ძალებს ეხმარებოდა. ამ პროცესში ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ამერიკელებთან (“ნარინჯისფერი რევოლუცია” – უკრაინაში, “ტიტების რევოლუცია” – ყირგიზეთში, ბელარუსის 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენები). რაც შეეხება ოპოზიციის ახალგაზრდა აქტივისტების ტრენინგს საქართველოს ტერიტორიაზე, იმავე მინსკიდან ამასთან დაკავშირებით არაერთი ბრალდება გაისმა. კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი: ჰეიდარ ჯემალის კონსპიროლოგიურ სქემაში სააკაშვილის ხელისუფლება შემსრულებლად გვევლინება, ხოლო დამკვეთად – ვაშინგტონი. მიხეილ სააკაშვილი პრინციპულ საკითხებში თეთრი სახლის სურვილის წინააღმდეგ არასოდეს წასულა. მეტიც, ცდილობდა, იმაზე მეტი გაეკეთებინა, ვიდრე მისგან მოელოდნენ; ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი ავღანეთში არაპროპორციულად დიდი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნაა. ძნელი წარმოსადგენია, რომ მან, გიგა ბოკერიამ და სხვებმა თავის ძველ პარტნიორს, ამჟამად აშშ-ის ელჩს აზერბაიჯანში, მეთიუ ბრაიზას დახმარებაზე უარი უთხრან იმ შემთხვევაში, თუ ამას დაჟინებით სთხოვს. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელი მკითხველი ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს მხედველობაში მიიღებს, ის სავსებით ბუნებრივად შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ ჰეიდარ ჯემალის მიერ გახმიანებულ ინფორმაციას რეალობასთან შეხების წერტილები აქვს. მან ინტერვიუდან შეიძლება დაახლოებით ისეთი აზრი გამოიტანოს, როგორიც – პროფესორმა პარვინ დარაბადიმ (ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების კათედრა): “ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციოს და დააწყნაროს ის ქართველი ვაიპოლიტიკოსები, რომლებიც ასეთი ავანტიურული გეგმების გზას დაადგნენ… აზერბაიჯანის სპეცსამსახურები ამ მასალას ყურადღებით უნდა მოეკიდონ. და თუ ისინი მოიპოვებენ მტკიცებულებებს აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოში მომუშავე ვინმე ამერიკელი ქალის ანტიაზერბაიჯანული საქმიანობის შესახებ, მას, რასაკვირველია, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადებენ და 24 საათში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას დაატოვებინებენ” (echo-az.com).ცხადია, საქართველოს არც ერთი ხელისუფალი, თუ, რა თქმა უნდა, კლინიკური იდიოტი არ არის, საკუთარი ნებით არ ჩაებმება ავანტიურაში, რაც აზერბაიჯანთან ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებას მოასწავებს. მაგრამ ეყოფა ნებისყოფა სააკაშვილის ხელისუფლებას, უარი თქვას ამ პროცესებში ჩართვაზე, თუ ამ მიმართულებით ვაშინგტონი უბიძგებს?
გამოღმით – სცილა, გაღმა – ქარიბდა…
რევოლუციის ჰიპოტეტური ექსპორტი დროებით გვერდზე გადავდოთ და ჰეიდარ ჯემალის ინტერვიუს ის მონაკვეთი განვიხილოთ, რომელიც გიგა ბოკერიას და “სხვა პირების” ბაქოში ჩასვლას ეხება. ფაქტია, სააკაშვილის ხელისუფლება აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მიისწრაფვის, მეტიც, მისი წარმომადგენლები ხანდახან კონფედერაციაზეც კი საუბრობენ. ისიც ფაქტია, რომ ოფიციალური თბილისი ნებისმიერ ალიანსს თუ საერთაშორისო ორგანიზაციას (სუამი იქნება, ნატო თუ ეუთო), უპირველეს ყოვლისა, განიხილავს როგორც ინსტრუმენტს, რომელიც შეიძლება რუსეთთან დაპირისპირებაში გამოიყენოს. ასე რომ, შეთავაზების შინაარსი “მჭიდრო კავშირი რუსეთის წინააღმდეგ” ეჭვს ნაკლებად იწვევს. თუმცა ფორმა ფრიად საეჭვოა; რას ნიშნავს “მოთხოვნა წაუყენეს”? ილჰამ ალიევი ის კაცი არ არის, რომელთანაც სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ შეიძლება ასეთ ტონალობაში ისაუბროს. ინტერვიუს ეს ნაწილი საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც არის გარემოება, რომელიც ერთგვარი კონტრარგუმენტის როლს ასრულებს. სააკაშვილის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა (როგორც ფორმით, ისე შინაარსით) განსაკუთრებული მოქნილობით არასოდეს გამოირჩეოდა. მეტიც, იმ ეპიზოდებში, როდესაც სააკაშვილი მიიჩნევდა, რომ ზურგს ვაშინგტონი უმაგრებს, ქართული დიპლომატია ადეკვატურობას სწრაფად კარგავდა (ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ამ მხრივ, ალბათ, აგვისტოს ომის წინარე პერიოდია). არის სხვა მაგალითებიც: გასული წლის ზაფხულში საქართველო-ბელარუსის ურთიერთობებში დათბობის ნიშნები გამოჩნდა, ზოგიერთი ქართველი პოლიტოლოგი (ალბათ, მაინც უსაფუძვლოდ) ორი ქვეყნის სტრატეგიული ალიანსის შესაძლებლობაზეც კი ალაპარაკდა. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ამა წლის მარტში “Washington Post”-თან საუბარში ლუკაშენკომ სააკაშვილს ამერიკელების “ძაღლიშვილი” უწოდა და მინსკში საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებაზე მსჯელობა დაიწყეს. ჩვენ არ ვიცით, ჰქონდა თუ არა ამ პერიოდში ადგილი “მოთხოვნის წაყენების” მსგავს ველურ გამოხდომებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა: ორი ქვეყნის ურთიერთობებს, ხილული მიზეზის გარეშე, ისევ მკვეთრი გაუარესების ნიშნები დაეტყო. ამავე კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ ისრაელთან ურთიერთობების ბოლოდროინდელი დაძაბვაც. საბოლოო ჯამში, დასკვნა, ინტერვიუს ამ მონაკვეთთან დაკავშირებით, შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: იმის ალბათობა, რომ მარტში ქართულმა დელეგაციამ პრეზიდენტ ალიევს “მოთხოვნა წაუყენა”, საკმაოდ დაბალია, თუმცა ამის შესაძლებლობას მთლიანად ვერ გამოვრიცხავთ. საერთოდ, ამ ინტერვიუს ამდენ ყურადღებას არ დავუთმობდით, რომ არა ერთი გარემოება: აზერბაიჯანში ვითარება მართლა შეიძლება დაიძაბოს და ეს ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეეხება. “ალბათ, მალე ამოიწურება დრო, როდესაც აზერბაიჯანს ბალანსის პოლიტიკის გატარება, “ორ სკამზე ჯდომა” შეეძლება,” – წერდა “საქართველო და მსოფლიო” შარშან, 8 სექტემბერს. დრო, როგორც ჩანს, მართლა იწურება, “მცირე და საშუალო” ნავთობმომპოვებელი ქვეყნების დამოუკიდებლობის ხარისხი “ახალი მსოფლიო წესრიგის” (თუ ქაოსის?) პირობებში, სავარაუდოდ, შემცირდება, რადგან სწორედ ენერგომატარებლებია ის ბერკეტი, რომლის გამოყენებით აშშ-ს შეუძლია მისი გლობალური კონკურენტების – ჩინეთისა და ევროკავშირის წინსვლა შეაფერხოს. “დიდი აღმოსავლური არეულობა” ახალი დაწყებულია, თუმცა ჩინეთს ნავთობის გაძვირების გამო პრობლემები უკვე შეექმნა, ხოლო ევროპის ქვეყნების პოზიციები დღეს ნაკლებად დამაჯერებელი ჩანს, ვიდრე ლიბიის “აფეთქებამდე” იყო. როდესაც დღეს სუდანსა თუ ლიბიაში სისხლი იღვრება და სრულიად არაბეთში ოპოზიცია მთავრობებს უპირისპირდება, ალბათ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველივე ამის უკან გაძვირებული და ნაწილობრივ ბლოკირებული ნავთობი, ანუ “ეკონომიკის სისხლი” დგას. ჰიპოტეტური გადატრიალება აზერბაიჯანში ფართო ოპერატიულ პერსპექტივას ხსნის: აზერბაიჯანის მეშვეობით შესაძლებელია ირანის დესტაბილიზაცია (ირანული აზერბაიჯანის ფაქტორი). აზერბაიჯანის დესტაბილიზაცია ევროკავშირის ქვეყნებისთვის ენერგომომარაგების “კასპიურ ალტერნატივას” ეჭვქვეშ დააყენებს და მათ პოზიციებს დაასუსტებს, ირანის დესტაბილიზაცია კი (პერსპექტივაში კი მთელი სპარსეთის ყურის რეგიონის) ჩინეთის ენერგომომარაგებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. თუ ბაქოში ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის მსგავსი, ვაშინგტონის მორჩილი პოლიტიკოსები მოვლენ, აზერბაიჯანი და საქართველო შექმნიან ბარიერს (რა მნიშვნელობა აქვს, კონფედერაცია ერქმევა, ალიანსი თუ რაიმე სხვა), რომელიც რუსეთს სამხრეთით გზას გადაუღობავს; ეს “სამმაგი დარტყმა” იქნება რუსეთის, სომხეთისა და ირანის წინააღმდეგ.
მწვადი დავწვათ თუ შამფური?
ალიევის ხელისუფლება აზერბაიჯანის სტაბილურობის გარანტია, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს სტაბილურობა ყველას როდი სჭირდება. აზერბაიჯანული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ძალზე სუსტია, თუმცა ოპოზიცია ტუნისში კიდევ უფრო უძლური იყო. პიროვნულად კი ილჰამ ალიევი, ალბათ, უფრო ტუნისის ყოფილ მმართველს – ბენ ალის ჰგავს, ვიდრე მუამარ კადაფის ან თუნდაც ისლამ კარიმოვს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის მოწინააღმდეგეთა სისხლის დაღვრა გახდება საჭირო (თუ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებენ), მან შეიძლება ეს არ (ვერ) გააკეთოს. ალიევი ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოების ინტერესებს, თუმცა ბოლომდე არც ერთ მხარეს არ იხრება და, უხეშად რომ ვთქვათ, აზერბაიჯანის “საკონტროლო პაკეტს” არავის უთმობს. სავარაუდოდ, სწორედ ამაში უნდა ვეძებოთ მოსალოდნელი პრობლემების პირველწყარო და არა იმაში – “ცუდია” ის თუ “კარგი”, “დემოკრატი თუ დიქტატორი”.თუ დღეს შეერთებული შტატები “მესამე სამყაროს” რომელიმე ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას გადაწყვეტს, საწადელს ძალიან დიდი ალბათობით მიაღწევს, თუ ეს ქვეყანა რუსეთის ან ჩინეთის “ქოლგის” ქვეშ არ იმყოფება. ჰეიდარ ჯემალს არასოდეს დაუმალავს, რომ ის რუსეთის ინტერესების დაცვაზე ზრუნავს. ამასთანავე, წარმოშობით ის აზერბაიჯანელია და აზერბაიჯანულ აუდიტორიასთან საუბარი ასე თუ ისე უადვილდება. მისი გზავნილი, ალბათ, შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: “ამერიკელების მხრიდან საფრთხე გემუქრებათ. დროა, არჩევანი გააკეთოთ. ვაშინგტონის გეგმა ალიევისა და მისი გარემოცვის ინტერესებს არ ითვალისწინებს და აზერბაიჯანს სერიოზულ პრობლემებს მოუტანს”. დაუჯერებენ თუ არა ჰეიდარ ჯემალს, ძნელი სათქმელია, მაგრამ, სავარაუდოდ, ახლო მომავალში აზერბაიჯანს არჩევანის გაკეთება და ჩრდილოეთით ან დასავლეთით “წასვლა” მართლაც მოუწევს. შესაძლოა, ალიევს რჩება შესაძლებლობა, “სცილასა და ქარიბდას” შორის რთული მანევრი განახორციელოს, რომელშიც საყრდენ წერტილად გაზრდილი ამბიციების მქონე თურქეთს გამოიყენებს, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა. “ფერადი რევოლუცია” აზერბაიჯანში, ბაქოს მკვეთრად პროამერიკულ პოზიციებზე გადასვლა და ამის შედეგად შექმნილი ახალი რეალობა, სააკაშვილის ხელისუფლებისთვის უაღრესად ხელსაყრელი იქნებოდა. თეორიულად ამან შეიძლება მართლაც უბიძგოს ალიევის ხელისუფლებას, საწინააღმდეგო გეგმების განხორციელებაში ჩაერთოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამის გაკეთებას ამერიკელები ურჩევენ. დღეს ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ინფორმაცია, რასაც ჰეიდარ ჯემალი ავრცელებს, აბსოლუტურად მცდარია, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ხვალ ვაშინგტონი ალიევის გადაყენებას მართლაც მიემხრობა? ალბათ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ სახიფათო თამაშში არ ჩავერთოთ, რადგან ეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების საფრთხეს უკავშირდება.
დიმიტრი მონიავა