“თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?” – ამ კითხვას პასუხი ზუსტად ოცი წლის წინათ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე გავეცით. 3.657.477 ამომრჩევლიდან საკითხის დადებითად გადაწყვეტას ხმა 3.295.493-მა მისცა, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 89,3 პროცენტმა და კენჭისყრაში მონაწილეთა – 98,9 პროცენტმა. ეს ნამდვილად ერთსულოვანი, საერთო-ეროვნულ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იყო. იმ ისტორიული დღის შემდეგ ოცი წელი გავიდა. საინტერესოა, რამდენად გამართლდა ის მოლოდინი, ის იმედი, რომლითაც 1991 წლის 31 მარტს ხმის მისაცემად მივდიოდით; მოვიპოვეთ თუ არა რეალური დამოუკიდებლობა, მივუახლოვდით თუ არა მას თუნდაც ერთი ნაბიჯით?
დიდი ძარცვა დიდი ხანძრის დროს
1991-ში ბევრ ჩვენგანს, ალბათ, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესი უმტკივნეულოდ არ ჩაივლის და ჩვენი იდეალების ხორცშესხმისთვის აქტიური ბრძოლა და მსხვერპლის გაღება მოგვიწევს. თუმცა, სავარაუდოდ, არავინ ელოდა, რომ დანაკარგები ასეთი მძიმე იქნებოდა. ბევრ ევროპულ ქვეყანას მსოფლიო ომებმა ვერ მიაყენა ისეთი ზარალი, როგორიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველომ განიცადა.საქართველომ ტერიტორიის 20 პროცენტზე კონტროლი დაკარგა, საბრძოლო მოქმედებების დროს ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა, 300 ათასამდე კი დევნილად იქცა; ამ მოკლე ფრაზის უკან ენით აუწერელი ტრაგედია იმალება.1989 და 2002 წლების აღწერის შედეგებს და უფრო გვიანდელ მონაცემებს თუ შევაჯერებთ, ვნახავთ, რომ განხილულ პერიოდში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით ერთი მილიონით შემცირდა. არის სხვა, უფრო მძიმე შეფასებებიც, თუმცა, მიუხედავად იმისა, გამოაკლდა ქვეყანას მოსახლეობის მეხუთედი თუ მეოთხედი, შედეგი, ნებისმიერ შემთხვევაში, კატასტროფულია. ყველაზე რბილი შეფასებით, ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით საქართველო 1989 წლის მაჩვენებლის 75 პროცენტის დონეზეა, მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების აბსოლუტური სიდიდით კი – 58 პროცენტის დონეზე. ელექტროენერგიის წარმოება შემცირდა 2,5-ჯერ, დამუშავებული სახნავ-სათესი მიწის ფართობი – 3,1-ჯერ. ეკონომიკის მიმოხილვა სექტორების მიხედვით ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ სოფლის მეურნეობას შევეხოთ, რადგან ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდებით: 1989 წელთან შედარებით კარტოფილის და ხილის წარმოება შემცირდა 2-ჯერ, ბოსტნეულის – 3-ჯერ, ყურძნის – 3,5-ჯერ, მარცვლეულის – 9-ჯერ, ჩაის – 60-ჯერ, თამბაქოს – 120-ჯერ. ფრინველის სულადობამ – 2,5-ჯერ, ცხვრისა და თხისამ – 3-ჯერ, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ღორისამ კი 10-ჯერ იკლო. მოსახლეობის ცხოვრების დონე ამ ორი ათწლეულის განმავლობაში, უბრალოდ, მკვეთრად კი არა, კატასტროფულად დაეცა.როგორც ვხედავთ, საქართველომ უზარმაზარი ვარდნა განიცადა. ცხადია, რეალური დამოუკიდებლობის მიღწევასთან ამან ვერ მიგვაახლოვა, რადგან, რაც უფრო სუსტია ქვეყნის ეკონომიკა, რაც უფრო მცირეა მისი მოსახლეობა და ტერიტორია, მით უფრო შორსაა ის დამოუკიდებლობისგან. მივაღწიეთ თუ არა რაიმე დადებით შედეგს მას შემდეგ, რაც ამხელა მსხვერპლი გავიღეთ?ქვეყანა მით უფრო დამოუკიდებელია, რაც უფრო მეტი მოქმედების ვარიანტის არჩევა შეუძლია მის ხელისუფლებას ამა თუ იმ პოზიტიური მიზნის მისაღწევად, იდეაში, ჯანსაღი განვითარება ამ “გადაწყვეტილებების სივრცის” თანდათანობით გაფართოებას გულისხმობს. მაგრამ, ჩვენს შემთხვევაში, ყველაფერი პირიქით მოხდა, რაც უფრო შორს მივდიოდით, არჩევანის სულ უფრო ნაკლები შანსი გვრჩებოდა, დამანგრეველი ომების თავიდან აცილება და სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა. ამ თვალსაზრისით, ეს იყო ოცწლიანი სვლა დამოუკიდებლობის საპირისპირო მიმართულებით; ის ჰგავდა იმ მანქანის მოძრაობას, რომლის საჭე არ ტრიალებს, ხოლო მუხრუჭი გაფუჭებულია – ის აუცილებლად შეეჯახება ყველა წინაღობას, რომელიც გზად შეხვდება.ნებისმიერი ომისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წინარე პერიოდის ანალიზის დროს ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ მომენტი, როდესაც შეიძლებოდა იმ მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის გაწყვეტა, რომელსაც ფატალურ შედეგამდე მივყავდით, მაგრამ საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ამის გაკეთება ვერ მოახერხა. შესაძლოა იმიტომ, რომ მას შესაბამისი პოლიტიკური უნარ-ჩვევები არ ჰქონდა, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ქართულ ელიტას სულ სხვა მოტივები და მისწრაფებები ჰქონდა.ძველ ჩინურ ტრაქტატში “36 სტრატაგემა” (სტატაგემა – ქცევის ალგორითმი, რომელიც მიმართულია ფარული მიზნის მიღწევაზე ან რაიმე ამოცანის გადაწყვეტაზე, კონტექსტის აუცილებელი გათვალისწინებით), არის ასეთი რჩევა “გაძარცვე ხანძრის დროს”. ცხადია, რაც უფრო დიდია ხანძარი, მით უფრო მოსახერხებელია ძარცვა. როდესაც ჩვენი ჯარისკაცები ცდილობდნენ, გამკლავებოდნენ გაცილებით უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს, როდესაც ლტოლვილები ტოვებდნენ მშობლიურ მიწა-წყალს, როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ლუკმაპურის შოვნას მთელ ძალისხმევას ახმარდა, სწორედ მაშინ მიმდინარეობდა ამ “დიდი ხანძრით” სრულიად გადაფარული პროცესი, რომელსაც პირობითად შეგვიძლია “დიდი ძარცვა” ვუწოდოთ: ის უზარმაზარი მემკვიდრეობა, რომელიც საბჭოთა საქართველოსგან დარჩა, ცალკეული ადამიანების, ვიწრო ჯგუფების ხელში გადადიოდა. როდესაც ერი ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას, მას, მარტივად რომ ვთქვათ, არ აქვს შესაძლებლობა, ყურადღება მიაქციოს იმას, თუ რამდენად პატიოსნად ჩატარდა ესა თუ ის აუქციონი, სად გაქრა ესა თუ ის კრედიტი, რატომ იცილებს თავიდან ხელისუფლება სოციალურ პასუხისმგებლობას და ა.შ. ყოველივე ამას განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, ყურადღება რომც მიაქციოს, მძარცველი ყოველთვის მონახავს არგუმენტს, რაც მის დანაშაულს ობიექტური მიზეზებით გაამართლებს. ამ პროცესში ქართული ელიტის წარმომადგენლებმა გადააბიჯეს უხილავ ზღვარს, რომელიც ადამიანებს საშინელებათა ფილმების პერსონაჟი ვამპირებისგან განასხვავებს. საბჭოთა მემკვიდრეობით საქმე არ შემოფარგლულა. როდესაც ის გადანაწილდა და მეტწილად გაიფლანგა, ისინი უცხოურ დახმარებებსა და კრედიტებს მიადგნენ (ქვეყანა, რომელიც უცხოურ კრედიტებზე ისეა დამოკიდებული, როგორც ნარკომანი – “წამალზე”, ისევე შორს დგას რეალური დამოუკიდებლობისგან, როგორც ანტარესი – ალდებარანისგან), ბოლოს კი გადავიდნენ კერძო ბიზნესზე, მოსახლეობის საკუთრებაზე და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, ჯანსაღი ეროვნული ელიტა იქცევა როგორც მებაღე, რომელიც ხეებს უვლის, მათგან მოსავალს იღებს, ამ მოსავლისგან მიღებული მოგების ნაწილით ბაღს აფართოებს და ახალ ხეებს რგავს, თუმცა ჩვენი ელიტა სულ სხვა გზით წავიდა და ხეების მოჭრა დაიწყო, რადგან შეშის გაყიდვა, ბაღის მოვლისგან განსხვავებით, შრომასა და პასუხისმგებლობას არ მოითხოვს. როდესაც ყველა ხე მოიჭრება, დაიწყება ბაღის ტერიტორიის გაყიდვა (თუ უკვე არ დაიწყო). მომენტი, როდესაც ამ სიგიჟით შეპყრობილი ქართული ელიტის გარკვეული ნაწილის მტაცებლური მისწრაფებები ერის ინტერესებთან ფარულ, თუმცა გადაულახავ წინააღმდეგობაში შევიდა, ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა ვაშინგტონმა, რადგან ამ დროს მისი მიზნების მიღწევისთვის უაღრესად ხელსაყრელი სიტუაცია შეიქმნა. მან მოხდენილად ისარგებლა იმით, რომ აზარტში შესული ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი დაახლოებით ისეთივე ღირებულებებით ხელმძღვანელობდა, როგორითაც ლოთი, რომელმაც ჭიქა არყისთვის შეიძლება საკუთარ დედას ყელი გამოსჭრას.
როდესაც ქვა აღმართში მოგვეწია
ყველა ადამიანს უსაფრთხო, გაჭირვებისგან თავისუფალი ცხოვრება სურს. რაც უფრო მდიდარი და დაცულია, მით უფრო რთულდება მისი გაძარცვა, მოტყუება და მართვა, მისი დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება. ეს ბანალური ჭეშმარიტება ეხება როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე ჯგუფებსა და ქვეყნებს. სავარაუდოდ, სწორედ მათშია ჩვენ თავს დატრიალებული ყველა უბედურების მთავარი მიზეზი; მარტივად რომ ვთქვათ, იმისათვის, რომ ადამიანი იოლად იმართებოდეს, ის მშიერი და დაუცველი უნდა იყოს. პრობლემა #1: უსაფრთხოება. აქ ყველაფერი მარტივადაა. ქვეყანას უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ გააჩნია. მან რუსეთის უსაფრთხოების სივრცე დატოვა, ხოლო აშშ-ის (ნატოს) უსაფრთხოების სივრცეში ვერ შევიდა. ორი ზესახელმწიფოს კონსენსუსზე დაფუძნებული “ფინური ტიპის” ნეიტრალიტეტის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. ქვეყანა დაემსგავსა ადამიანს, რომელიც საცვლების ამარა 40-გრადუსიან ყინვაში ქუჩაში დგას, ხოლო ყველა სახლის კარი ჩაკეტილია; ის ყვირის, აკაკუნებს, მაგრამ არსად უშვებენ. არის თუ არა ასეთი ადამიანი ან ქვეყანა დამოუკიდებელი? ალბათ, არა, მისი მართვა ძალზე იოლი ხდება.პრობლემა #2: კეთილდღეობა. საბჭოთა პერიოდში მისი უზრუნველყოფის სტრატეგიული იდეა ეფუძნებოდა იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, რომლის წარმოება რუსეთსა და სსრკ-ის სხვა რესპუბლიკებში შეუძლებელი იყო. ეს იყო ბაზისი, რომელმაც სხვა სფეროების ფორსირებული განვითარების შესაძლებლობა მოგვცა ინდუსტრიიდან დაწყებული, ვიდრე განათლებამდე; ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, შეგვიძლია ორი საინტერესო ფაქტი მოვიყვანოთ: 30-იან წლებში საქართველო, რომელშიც XIX საუკუნის ბოლოს წერა-კითხვის მცოდნეთა ხვედრითი წილი 20-25 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა, ამ კუთხით ევროპაში ერთ-ერთ პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო სტუდენტების რაოდენობით ათას სულ მოსახლეზე დიდების ზენიტში მყოფ ორ მაშინდელ ზესახელმწიფოს – დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას გაუსწრო. რუსული ბაზრისგან მოწყვეტა, ქართული ეკონომიკისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის, დაახლოებით იგივეს ნიშნავდა, რაც მრავალსართულიანი სახლისთვის პირველი სართულის გამოცლა; მისი ჩამოშლა გარდაუვალი შეიქნა. აუცილებელი გახდა ალტერნატიული სტრატეგიული იდეის მოძებნა, რომელიც ამ დანაკარგის თუნდაც ნაწილობრივ კომპენსირებას მოახდენდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს იდეა არ არსებობს.რა ვქნათ ახლა: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შევეჯიბროთ ინდუსტრიულ განვითარებაში თუ პროდუქცია შტატებში ჩავიტანოთ და იქვე, ყურის ძირში მყოფ ლათინოამერიკელ მწარმოებლებთან კონკურენციაში ჩავებათ? შესაძლოა, ალტერნატივა მართლაც არსებობს, თუმცა მის ფორმულირებამდე იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ვიჯექით, სასურველი ნამდვილად არ იყო.დავუბრუნდეთ იმ ადამიანს, რომელიც საცვლების ამარა 40-გრადუსიან ყინვაში დგას და წარმოვიდგინოთ, რომ მას ისე შია, რომ გონებას კარგავს. არის თუ არა ასეთი ადამიანი ან ქვეყანა დამოუკიდებელი? რამდენად დიდია მისი გადარჩენის შანსი?
თავისუფლება სულს უფრო მოსწყურდა
პარადოქსულად აღმოჩნდა, რომ დემონსტრაციული დაშორება რუსეთისგან კი არ ზრდის დამოუკიდებლობის ხარისხს, არამედ, საბოლოო ჯამში, მკვეთრად ამცირებს მას. არაფერი პრორუსული ან მოსკოვოფილური ამ ფაქტის კონსტატაციაში არ არის. ეს, უბრალოდ, რეალობაა. ჩვენი უსაფრთხოება და კეთილდღეობა შემცირდა, ხოლო ვაშინგტონმა მისი კომპენსირება არ მოახდინა ან რატომ მოახდენდა, როდესაც ხედავდა, რომ მისი ადგილობრივი პარტნიორების უდიდესი ნაწილი გაუმაძღარი ავანტურისტების ბანდაა, რომლის თვალსაწიერი მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ძარცვით შემოიფარგლება. ნორმალური, ეროვნულად ორიენტირებული ელიტა, ვაშინგტონს ქვეყნისთვის შეუდარებლად მეტ ბონუსს გამოგლეჯდა იმის სანაცვლოდ, რომ მის ინტერესებს გაითვალისწინებდა, მარიონეტად არ გადაიქცეოდა და ზესახელმწიფოების ქიშპისგან მაქსიმალურ დისტანცირებას შეეცდებოდა, თუმცა ასეთი ელიტა დღეს, სამწუხაროდ, არ გვყავს. 20 წლის წინათ ჩვენ სწორი არჩევანი გავაკეთეთ, თუმცა რეალურ დამოუკიდებლობას ვერ მივაღწიეთ. ჰიმნი და დროშა აფრიკულ ბანტუსტანებსაც ჰქონდათ, დამოუკიდებლობის სხვა ნიშნები კი, ჩვენს შემთხვევაში, მეტწილად სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ქვეყანა კი დაკნინდა, დანაწევრდა, გაუბედურდა. მართალია, ხელისუფალნი ემოციურად გვიმტკიცებენ, რომ “სახელმწიფო შედგა”, მაგრამ საზოგადოებაში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ ამ მომენტისთვის “შედგა” მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის ხარჯზე მმართველთა უდარდელი ცხოვრების უზრუნველყოფის ინსტრუმენტი. შეიძლება ოდნავ პათეტიკურად გაიჟღეროს, მაგრამ მათ, ვინც 1991 წლის 31 მარტს ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მივეცით, საკუთარ თავზე უზარმაზარი პასუხისმგებლობა ავიღეთ და მისგან არავის გავუთავისუფლებივართ, მეტიც, მისგან გათავისუფლება საერთოდ შეუძლებელია. 20 წელიწადი ტოტალურ ნგრევაში გაილია და, საბოლოო ჯამში, მიღებული ნეგატიური გამოცდილების გარდა, ხელთ პრაქტიკულად არაფერი შეგვრჩა. თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, ესეც კაპიტალია, თანაც – არცთუ მცირე; მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ, ალბათ, უკვე გავაცნობიერეთ, თუ “რა აღარ უნდა გავაკეთოთ” მომავალში, თუმცა ძნელი სათქმელია, თუ ჩამოვყალიბდით იმაზე, “რა უნდა მოვიმოქმედოთ”.ამაზეა დამოკიდებული, – როგორი იქნება საქართველო კიდევ 20 წლის გასვლის შემდეგ: დაშინებული, მუდამ მშიერი ბიომასით დასახლებული უბედურების ზონა თუ აღმავლობის გზაზე დამდგარი დამოუკიდებელი ქვეყანა, სადაც ღირსეული საზოგადოება იცხოვრებს და თუნდაც მინიმალური პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ეყოლება. არჩევანი, ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც 1991 წლის 31 მარტს, ისევ და ისევ ჩვენზეა.
დიმიტრი მონიავა