Home რუბრიკები საზოგადოება თავისუფალი რადიკალი #2

თავისუფალი რადიკალი #2

ერთი შეხედვითაც კი არავითარ სიმპატიას არ იწვევს, თუმცა, ვისაც მასთან უმუშავია, ყველა ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილს აქვს უნარი, სათავისოდ განაწყოს მოსაუბრე. როცა თავისუფალ რადიკალებზე ვსაუბრობდი, აღვნიშნე, რომ ამ ატომებს თავისუფალი ვალენტობა გააჩნია და მაღალ ქიმიურ რეაქციულ უნარს განსაზღვრავს. ეროსი ერთ-ერთი ასეთი “ატომია” და სხვა “ატომებთან” ერთად მნიშვნელოვანი როლიც შეასრულა საქართველოს ორგანიზმის ფიზიოლოგიასა და პათოლოგიაში. ეს უკანასკნელი კი ისეთი სიმწვავით გამოვლინდა, რომ თვით “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი აქტიური “ატომი” ეროსიც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

თუკი ეროსი კიწმარიშვილის ბიოგრაფიას ყურადღებით გაეცნობით, მის განვლილ გზას თვალს გაადევნებთ, ადვილად შენიშნავთ, რომ მისი წარმატების ერთ-ერთი უპირველესი საიდუმლო ბლეფშია. ეროსის არ უჭირს ადამიანების დარწმუნება, მაგრამ, თუ მასზე ძლიერ მოთამაშეს გადააწყდება, თამაშიდან გადის, ანდა ლავირებს შექმნილი ვითარებიდან თავის დასაძვრენად.ძნელი მისახვედრი არ არის, როდის ბლეფობს, თუმცა ბევრმა თამაშში აყოლა ამჯობინა და წააგო კიდეც, რადგან ასეთი მოთამაშეები, როგორ წესი, ზნეობასთან მწყრალად არიან და მიზნის მისაღწევად არაფერზე იხევენ უკან.მიუხედავად იმისა, რომ იგი არასოდეს ყოფილა სახელისუფლო ვერტიკალში, მისი სისუფთავისა არავის სჯერა, მაგრამ ეროსი კიწმარიშვილს საერთოდ არ ანაღვლებს ეს ამბავი! თუმცა ამდენ ლაპარაკს, ალბათ,

 

სჯობს, რამდენიმე ეპიზოდი შემოგთავაზოთ ეროსის შთამბეჭდავი ავტობიოგრაფიიდან. “პატივცემულმა ტელემამამ” კი, პრეტენზიები თუ გაუჩნდება, საკუთარ ხელნაწერსა და დეკლარაციას ჩახედოს და შეგვისწოროს.კიწმარიშვილის ზიგზაგისებურ ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა, ბურჯანაძესავით ერთფეროვანი ბიოგრაფია არ აქვს. იყო “1988/89 წლების აქციებისა და პირველი მასობრივი საპროტესტო შიმშილობის მონაწილე დასაწყისიდან ბოლო დღემდე”.ამ გარემოებას – “დასაწყისიდან ბოლო დღემდე” – ხაზს უსვამს ეროვნული მოძრაობისადმი ერთგულების ნიშნად. შემდეგ იყო ექიმობა და პროფესიით მუშაობა 1993 წლამდე. აქ ვერ ვხედავთ ომებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, თორემ, ალბათ, აქაც ჩაწერდა, რომ სამშობლოს ტერიტორიულ მთლია­ნობას იცავდა “დასაწყისიდან ბოლო დღემდე”… კარგია, რომ საკუთარი ბიოგრაფიის დამშვენება ამ ფაქტითაც არ ისურვა. თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი იმ პერიოდში “ტყვეთა გაცვლით იყო დაკავებული” (რას არ მოიგონებს ადამიანი!), ამას ვინღა შეუმოწმებდა? არც არავინ, მაგრამ, როცა ამ ბიოგრაფიას წერდა, ეროსი საზოგადოებ­რივი მაუწყებლის გენდირექტორობას ეპირებოდა და სიმართლის მსახურებას სიყალბით ხომ არ დაიწყებდა? მის ცხოვრებაში ერთი ასეთი ეტაპი უკვე იყო და ახლა აღარ სურდა იმ დაჭაობებულ მდინარეში მეორედ შესვლა, რომელსაც სიყალბის ოხშივარი ასდიოდა და მისი ბუყბუყის ექო შორს ისმოდა. თუმცა სიყალბეში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, მანევრირებასაც უკეთესად ახერხებს.მომავალმა “წარმატებულმა ბიზნესმენმა” 1993 წელს სადაზღვევო ბიზნესი წამოიწყო და… 1994 წელს წარმატებულად გაკოტრდა!როგორ ფიქრობთ, ექიმობაზე ხელჩაქნეულმა და ბიზნესში გაკოტრებულმა რა გააკეთა? რა და, მაშინვე მედია-ბიზნესს მოჰკიდა ხელი. მთელი ათი წელიწადი “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი იყო. აქ კი არც გაკოტრება ემუქრებოდა და არც წარუმატებლობა. ზუსტად იქ აღმოჩნდა, სადაც თავისი შინაგანი “მეს” სრულად რეალიზებას შეძლებდა – კორუფციის ჭაობისკენ ფართო ნაბიჯებით მიმავალ სახელმწიფო აპარატს უკან მიჰყვებოდნენ კიწმარიშვილის “თავისუფალი ვალენტობით” ამოქმედებული “სტაბილური მოლეკულები” და ეროსისთან მიჰქონდათ ყველა ფაქტი და მტკიცებულება.ზოგი ტელეეთერით გადაიცემოდა, ზოგიც… ამ ფაქტებს “თავისუფალი რადიკალი” სათავისოდ იყენებდა და მედიაბიზნესს აფართოებდა. “სტაბილური მოლეკულები” ცნობილი სახეები ხდებოდნენ და ამითაც კმაყოფილდებოდნენ, ხოლო ეროსი ქონებას იხვეჭდა. თვითონ კი აცხადებს, რომ “სწორი ბიზნეს სტრატეგიის დანერგვით, “რუსთავი 2” 1998 წლის დასაწყისში გადაიქცა საქართველოს ყველაზე წარმატებულ ტელევიზიად”, მაგრამ იმდროინდელ ჩინოვნიკებს კარგად ეხსომებათ, რას გულისხმობდა ეს “სწორი ბიზნეს სტრატეგია”.ამ სტრატეგიით იგი სამჯერ იყო ნომინირებული “წლის საუკეთესო ბიზნესმენად” 1999, 2000 და 2002 წლებში.ეს წლები კიწმარიშვილის “საუკეთესო ბიზნესმენობის” ყველაზე საინტერესო პერიოდია. ალბათ, გახსოვთ 2001 წლის ოქტომბრის დამლევს უშიშროების სამინისტროს ეკონომიკური სამსახური რომ შევიდა “რუსთავი 2”-ში და საბუღალტრო დოკუმენტები მოითხოვა. რამდენად გამართლებული იყო ამგვარი ფორმით შესვლა, სხვა საუბრის თემაა, მაგრამ იმდროინდელი კადრებიდან გეხსომებათ “დიდი ბიზნესმენის” შეცბუნებული სახე. კაბინეტში გამოკეტილი კიწმარიშვილი განწირული ურეკავდა მაშინდელ პარლამეტის თავმჯდომარეს და შველას სთხოვდა.აწ განსვენებულმა ჟვანიამ ვითარებით ისარგებლა და პოლიტიკური თამაში წამოიწყო, მაგრამ წაგებული დარჩა. ეს იყო ჟვანიას პირველი უდიდესი და, ალბათ, საბედისწერო მარცხი.რა იყო საიდუმლო ბუღალტერიაში, რის გამომზეურებასაც “ობიექტური” ტელევიზიის მეპატრონე “საუკეთესო ბიზნესმენი” უფრთხოდა? რასაკვირველია, შავი ბუღალტერია, რადგან ტელეკომპანია ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდიდა.იმდროინდელ მოვლენებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. თუმცა ამ თემას ქვემოთ კიდევ დავუბრუნდებით. ამჯერად კი ჩვენ ეროსი კიწმარიშვილის “თავისუფალი რადიკალობის” საფუძვლები გვაინტერესებს. ნაცხელისუფლებასთან ეს “ხმალამოღებული მებრძოლი” სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი შარლატანია, რომელიც ამჯერად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის გაბრიყვებას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს მისი ძუძუმტეების – ნაცხელისუფლების ელიტის ძალაუფლების განსამტკიცებლად.2003 წლის მოვლენები კიდევ არაერთხელ იქნება ქართული საზოგადოების განსჯის საგანი და ეროსი კიწმარიშვილის ბიოგრაფიის შავი ლაქა. სწორედ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებების შესრულებისგან თავის ასარიდებლად ჩაერთო მაშინ “რუსთავი 2”-ის მეპატრონე იმ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში და არა მაღალი იდეალების დასაცავად. მისთვის მაღალი იდეალები, როგორც მცნება, საერთოდ არ არსებობს. 2009 წელს საკუთარ თავს ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთ შემოქმედად აცხადებდა, თუმცა ახლა ნანობს, რომ სხვებივით, მაგალითად სააკაშვილივით, წარმატებულად ვერ ისარგებლა ამ “შემოქმედებით”. იგი ბევრ რამეს ნანობს და იხსენებს “ვარდების რევოლუციის” დროინდელ შეთანხმებას ლიდერებს შორის. “მიხეილ სააკაშვილი უნდა გამხდარიყო პრეზიდენტი, ნინო ბურჯანაძე – პარლამენტის თავმჯდომარე, ზურაბ ჟვანია – პრემიერ-მინისტრი (ალბათ, გახსოვთ გადამდგარი პრეზიდენტის – ედუარდ შევარდნაძის მიერ ჩამორიგებული პოსტები, მან 2003 წლის 26 ნოემბერს სახელმწიფო კანცელარიის ეზოში რომ გაამხილა. – ბ. მ.). ჩემი ფუნქცია, როგორც ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილისა, იყო მათ შორის არსებულ შეთანხმებათა დაცვა. არ უნდა დარღვეულიყო ის ბალანსი, რამაც მოიტანა წარმატება “ვარდების რევოლუციის” კონკრეტულ ისტორიაში, – აცხადებდა  კიწმარიშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში 2008 წლის 29 სექტემბერს, – თუმცა იმ ძალაუფლებისა თუ პასუხისმგებლობის წილი, რომელიც გაგვაჩნდა მე, ჟვანიასა და ბურჯანაძეს, წაიღო მთლიანად მიხეილ სააკაშვილმა”. ეროსი ყოფილა არბიტრი სახელისუფლო შტოებს შორის რაიმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად. ბალანსი უნდა დაეცვა. მაგრამ რა სტატუსით? მოუსმინეთ, რა განაცხადა სულ ახლახან: “ჩვენ, ქართველმა ხალხმა, ავირჩიეთ სააკაშვილი, სააკაშვილი მე არ ამირჩევია, რევოლუცია მე არ მომიწყვია, მისი მონაწილე ვიყავით ყველა ჩვენთაგანი…” (“ქართული სიტყვა” #10, 15-22 მარტი, 2011 წ.). თუ იმ რევოლუციის ერთი ჩვეულებრივი მონაწილე იყო, მაშ, რატომ მაინცდამაინც მას დაეკისრა “ბალანსიროვშიკის” ფუნქცია? და როდის დაირღვა ეს ბალანსი – მხოლოდ მაშინ, როცა ძალაუფლება მთლიანად მიიტაცა სააკაშვილმა თუ ცოტა ადრე?რატომღაც ის აღარ ახსოვს, რომ ჟვანიაზე განაწყენებულმა მისი ძმა, გოგლა ჟვანია იმ პერიოდში, ანუ საქართველოს დანაწილებისას (პოსტები უკვე გადანაწილებული ჰქონდათ, “ბალანსიროვშიკი” ეროსი კი უფუნქციოდ დატოვეს!) “რუსთავი 2”-ს ელიავას ბაზრობის მეპატრონედ გამოაცხადებინა. ისიც დაავიწყდა, რომ თვითონაც საკმაოდ წარმატებულად იხეირა, მაგრამ ჭამაში მოსულმა მადამ გაუფუჭა საქმე. ამბობს, 2004 წელს ეკონომიკის მინისტრობა შემომთავაზეს და “უარი ვთქვი “რუსთავი 2”-ის დამოუკიდებელი იმიჯის დაზიანების თავი­დან ასაცილებლადო”. მაგრამ, ვინც ეროსის იცნობს, დაიჯერებს ამ ბლეფს? რასაკვირველია, არ დაიჯერებს! და ამის საფუძველიც ექნება. სხვათა შორის, 2008 წლის 29 სექტემბერს “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აღიარა, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მისი “რუსთავი 2”-დან და საქართველოდან წასვლის მიზეზი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან “მტრული” ურთიერთობა იყო.ეროსის ჰგონია, თვითონ თუ დავიწყების ფერფლს მიაყრის, სხვასაც არ ეხსომება “გამარჯვებული ხალხის ტელევიზიის” მეპატრონესა და “რევოლუციის ერთ-ერთ შემოქმედს” მაგ დროს სრული კარტ-ბლანში რომ ჰქონდა და არავის გააკვირვებდა მისი მთავრობაში გადასვლა. მაგრამ საქმე სხვაგვარად იყო: პრეზიდენტობა – სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრობა – ჟვანიას, პარლამენტის თავმჯდომარეობა – ბურჯანაძეს და ამ მეოთხე “შემოქმედს” მხოლოდ ერთი სამინისტრო და თანაც ჟვანიას მთავრობაში? მერე ბალანსის საქმე როგორღა იქნებოდა?გარიგება ვერ შედგა. მაშინ ჟვანიამ, თითქოს მამა-პაპის დანატოვარი იყო, კიწმარიშვილს მთელი ქალაქი რუსთავი უფეშქაშა, ყველა კაზინო და მთელი სათამაშო ბიზნესი იქ გადავიტანოთ და იჯექი ხონთქარივითო… ეროსიმ იცოტავა, ეკონომიკის, ფინანსთა და კავშირგაბმულობის სამინისტროები მოითხოვა, მეკუთვნისო. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კი დესერტად დაიგულა… ჟვანია მიუხვდა ვერაგობას და პირველი განხეთქილებაც მაშინ ჩამოვარდა ამ ორ “რევოლუციის შემოქმედს” შორის. სააკაშვილი კი ამ დროს “იცინის, იცინის, კვდება სიცილით…” საბოლოოდ კიწმარიშვილმა შევარდნაძის მძახლის – გურამ ახვლედიანის სავარძელი მოიზომა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.  ამის შემდეგ იწყება “საუკეთესო ბიზნესმენის” დაღმასვლა. ნახეთ, რას ამბობს:  “2004 წელს “რევოლუციურ” ხელისუფლებასთან (ბურჯანაძის გამოკლებით) და საკუთარ ბიზნესპარტნიორებთან დაპირისპირების მიზეზით იძულებული გავხდი ხელისუფლებისთვის დამეთმო ჩემი წილი “რუსთავი 2”-ში, გადავდექი პალატის ხელმძღვანელის თანამ­დებობიდან და 3 წლით გადავედი ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე”. იქ რას აკეთებდა, არ ამბობს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ სააკაშვილს და ჟვანიას კიწმარიშვილისთვის რაიმე სერიოზული მისია დაეკისრებინათ და თანაც – აშშ-ში! თუმცა ამ “გაელჩებამ” და “რევოლუციურ კვარტეტში” დაპირისპირებამ ძველი საიდუმლო გაამჟღავნა: 2004 წლის 8 ივნისს, აშშ-ში გამგზავრებამდე, ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორმა ეროსი კიწმარიშვილმა სასამართლოს მიმართა თხოვნით კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის დაწყების შესახებ, გაკოტრების საქმის წარმოება კი 11 ივნისს დაიწყო. “რუსთავი 2”-ს 9 223 385,35 ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 4 622 826,51 ლარს შეადგენდა. ამ დროისთვის კომპანიას დაუდგა 5 842 847,92 ლარის სხვადასხვა სახის ფულადი ვალდებულებების შესრულების დრო, რისი გადახდის არც ფინანსური და არც მატერიალური საშუალებები, კომპანიის დირექტორის მტკიცებით, “რუსთავი 2”-ს არ გააჩნდა, რადგან მის ხელთ არსებული თანხებისა და მატერიალური ქონების მთლიანი ღირებულება 3 880 069,34 ლარს შეადგენდა.ახლა ძნელი მისახვედრი არ არის, 2001 წლის ოქტომბრის დამლევს რატომ ურეკავდა განწირული კიწმარიშვილი მეგობარ ჟვანიას და რატომ უხმობდა საშველად. ბუნებრივია, 9 მილიონზე მეტი ლარის დავალიანება ერთ და ორ წელიწადში ვერ დაგროვდებოდა. კომპანია წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს, მას კი ე. წ. რეფორმატორები მფარველობდნენ. მოკლედ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2004 წლის 17 ივნისს მხარდაჭერა აღუთქვა “რუსთავი 2”-ს და განაცხადა: “ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, დავიცვათ ნებისმიერი სატელევიზიო კომპანია გაკოტრებისგან, მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობის ვალი გააჩნია მას”. თქვა და დაიცვა კიდეც: საგადასახადო დეპარტამენტი დათანხმდა ვალების რესტრუქტურიზაციაზე “რუსთავი 2”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შეჩერების სანაცვლოდ.ეროსი კიწმარიშვილი მაშინ ჯერ კიდევ სავაჭრო-სამრეწველო პალატას ხელმძღვანელობდა და გაისუსა. სინამდვილეში კი კიდევ ერთხელ გაკოტრებულმა “საუკეთესო ბიზნესმენმა” ტელეკომპანია გაყიდა, სანაცვლოდ კი ფულიც მიიღო და დიპლომატიური რანგიც აშშ-ში წასასვლელად.2009 წლის ივლისში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის მაძიებელი კიწმარიშვილი ამბობს, რომ “2004 წელს ჩემმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა მიიღო ამერიკის მაუწყებელთა ასოციაციის (NAB) ჯილდო “2004 წლის საუკეთესო ტელევიზია”, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მანამდე არც ერთ მაუწყებელს არ მოუპოვებია. დაჯილდოების საფუძველი – “ტელევიზია რომელმაც სასიკეთოდ შეცვალა თავისი ქვეყნის განვითარება”.თუ ზემოთქმულს კიდევ ერთხელ ყურადღებით წაიკითხავთ, ნახავთ, თუ რა დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს “2004 წლის საუკეთესო ტელევიზია” – 9 მილიონზე მეტი. ხოლო რა მოუტანა საკუთარ თავს და ქვეყანას “ტელევიზიამ, რომელმაც სასიკეთოდ შეცვალა თავისი ქვეყნის განვითარება” და საერთოდ რამდენად სასიკეთოდ შეიცვალა ქვეყნის განვითარება, ამას თვით “დიდი მედიაბიზნესმენის” სიტყვები ცხადყოფს: “ამ ტელევიზიის სააკაშვილის ხელში არსებობა ჩემთვის უკვე მიუღებელია, რადგან იგი გახდა ინსტრუმენტი ამ უბედურების რეალიზაციისა” (“ვერსია”, 20 აპრილი, 2009 წელი).როგორც ხედავთ, თვით ეროსიმაც კი “აღმოაჩინა”, რომ “2004 წლის საუკეთესო ტელევიზია”, რომელმაც, ამერიკის მაუწყებელთა ასოციაციის მესვეურთა აზრით, “სასიკეთოდ შეცვალა თავისი ქვეყნის განვითარება”, სინამდვილეში იმ “უბედურების რეალიზაციის ინსტრუმენტი” გახდა, რომელი უბედურებაც საქართველოს “ვარდების რევოლუციის” ოთხმა შემოქმედმა დაატეხა თავს (როცა სააკაშვილის პიარჯგუფს ჩაუდგა სათავეში, მაშინ ვერ შენიშნა, რას და ვის ემსახურებოდა “უბედურების რეალიზაციის ინსტრუმენტი” “რუსთავი 2”!).სამაგიეროდ, პირველმა სამმა მეოთხე შემოქმედი გაისტუმრა ხელდამშვენებული, რასაც ადასტურებს მისი მილიონიანი შენაძენები: კერძოდ, ეროსი კიწმარიშვილის კუთვნილებაა ნიუ იორკში მდებარე 200 კვ.მ ფართის 3 მილიონ 250 ათასი აშშ დოლარად ღირებული აპარტამენტი. ასევე 2004 წელს შეიძინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (ვაკე) მდებარე 700 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი, რომლის ღირებულება 1 მილიონ 200 ათას აშშ დოლარია და აგარაკი დაბა გუდაურში.ახლა კი აცხადებს კიწმარიშვილი, ტელეკომპანია სააკაშვილმა “ამახია” და სადამფუძნებლო დოკუმენტაციასაც პირად სეიფში ინახავსო, მაგრამ თუ ცარიელ-ტარიელი გაუშვეს ამერიკაში, საიდან გაჩნდა გაკოტრებული ტელევიზიის ხელმძღვანელის დეკლარაციაში მილიონიანი ქონება სწორედ ამ “ახევის” შემდეგ? მხოლოდ მის კი არა, მეუღლის – ია კიწმარიშვილის სახელზეც არის გაფორმებული 300 ათას აშშ დოლარად ღირებული 150 კვ.მ ფართის სახლი თბილისში, ვერაზე, ნიკოლაძის ქუჩაზე და 100 ათას აშშ დოლარად შეფასებული სახლი ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ეროსის მეუღლის სახელზეა დარეგისტრირებული რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწის ფართობიც ყვარლის რაიონში… ამ ჩამონათვალში სახსენებელიც არ არის 18 ათას დოლარიანი ბინა რუსთავში…

მითუმეტეს, რომ გაცილებით ძვირად შეიძინა არაერთი ძვირფასი ფერწერული ტილო იმავე 2004 წელს და არც საბანკო ანგარიშები გამოიყურება მწირად…ტელეკომპანიას 9 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერეს, ამის შემდეგ ამხელა ქონებას ფლობს და მისი მეპატრონე თავს გვაცოდებს – “ობოლი ბიჭი ვარ, ღარიბი, ღატაკი დაა…” სააკაშვილი რომ მამა აბრამის ბატკანი არ არის და არც ტელევიზიის “ახევა” გაუჭირდებოდა, ამას რა დიდი ფიცი-მტკიცი უნდა, მაგრამ თვით ეროსის თავის მოსაწყლებაა გულისამრევი. ეროსი კიწმარიშვილის “თავისუფალი რადიკალობა” 2007 წელსაც გამოჩნდა, როცა ნაცხელისუფლებამ ამერიკიდან გამოიხმო და დიდი დაპირებებით საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტობა ჩააბარა. აქტიურად ჩაერთო დიდი ეროსი ამ ლუპუსტაკების გაძლიერებაში. პრეზიდენტ სააკაშვილს სკამის დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა და ყველაფერი წინასწარ დაგეგმეს. მერე იყო აქციები და უკვე ემოციებდამცხრალი და მინავლებული მიტინგი. თუმცა 7 ნოემბერს ნამდვილი ბართლომეს დილა მოაწყო ხელისუფლებამ. სად იყო ამ დროს კიწმარიშვილი? “2007 წელს… წარმოიქმნა უზარმაზარი ცუნამის ტალღა, რომელმაც სააკაშვილი აიძულა, გადამდგარიყო და, რომ არა ამ პროცესში ბევრი ინსტიტუტის მონაწილეობა, ყველაფერი რეჟიმის დამთავრებით დასრულდებოდა. სააკაშვილი, როგორც რეჟიმი, ჩამოყალიბდა 2008 წლის შემდგომ, ანუ საპრეზიდენტო არჩევნების უკანონო შედეგის დაფიქსირებიდან,” – განუცხადა ეროსი კიწმარიშვილმა “ქართული სიტყვის” (#10, 15-22 მარტი, 2011 წ.) კორესპონდენტს. ცხადზე უცხადესია, რომ ამ სიტყვების ავტორი არამხოლოდ დახვეწილი შარლატანი, არამედ დახვეწილი არამზადაცაა, რადგან იგი ამ დროს ხალხთან კი არა, ნაცხელისუფლებასთან იყო და პოსტიდან გადამდგარი და პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი სააკაშვილის საარჩევნო კამპანიის სტრატეგიის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეროსის არ ესმოდა, რას აკეთებდა და სიბრიყვით მოუვიდა მაშინდელი საქციელი – იგი ნამდვილად არ არის ბრიყვი(!), ისევე, როგორც ბურჯანაძე, რომელმაც ეროსიზე არანაკლები წვლილი შეიტანა სააკაშვილის “მეორედ მოსვლაში”. და ახლა ერთიცა და მეორეც უტიფრად აცხადებენ, რომ ხალხთან ლაპარაკის უფლება აქვთ! თავს იწონებს კიწმარიშვილი, ლოზუნგი “საქართველო – სიღარიბის გარეშე” ჩემი ჯგუფის იდეა იყო, რომელიც “ზუსტად ასახავდა და ასახავს საქართველოს მოსახლეობის მთავარ მოლოდინსო”. მას ჰგონია, რომ ვერავინ ხვდება, რისთვის იკლავდა თავს – იგი მხოლოდ საკუთარი მომავლის უზრუნველყოფისთვის ირჯებოდა და საქართველოც საკუთარი “სიღარიბის გარეშე” უნდოდა, თორემ კარგად იცოდა, ვის გამდიდრებაზეც ზრუნავდნენ და იზრუნებდნენ ნაცხელისუფლებაში.სააკაშვილი კვლავაც ერთპიროვნულად დაეპატრონა პრეზიდენტის სასახლეს, “საუკეთესო ბიზნესმენი”, “რევოლუციის მეოთხე შემოქმედი”, “დიდი დიპლომატი” და “საარჩევნო სტრატეგი” კი მოპოვებული გამარჯვების საზღაურად რუსეთში ელჩად გაამწესეს. მა­შინ კიწმარიშვილს ვარდისფერი სათვალე ეკეთა და ვერ ამჩნევდა საქართველოს გაუბედურებას! რომ არა ეს დანიშვნა და ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციის შევსების ვალდებულება, ალბათ, ვერასოდეს გავიგებდით მისი “გაპუტული გლეხის შვილობის” ამბავს… მაგრამ არ გაუმართლა დიდ ეროსის, ვერ დაატრიალა რუსეთში კვაჭური საქმეები, გლობალურმა პოლიტიკამ – მაკეინის ამბიციებმა მოჭყლიტა, 2008 წლის აგვისტოს ომმა მოუსწრო და გამოიწვიეს…ამის შემდეგ დიდი ბიზნესმენი საკუთარ ფონდს ჩაუდგა სათავეში და “ხალხზე ზრუნვა” დაიწყო; 2009 წლის დასაწყისში დააარსა “ფონდი 2020”,  რომელიც საერთაშორისო, სამოქალაქო (მათ შორის მედიაპროექტები) და სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებებზე ორიენტირებული კვლევითი ცენტრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად ამ ფონდის განხორციელებულ პროექტებზე არაფერია ცნობილი. ესეც დაახლოებით იმ გზას დაადგა, რასაც მანამდე ორგზის დროებით ნაპრეზიდენტალი ბურჯანაძე. თან პოლიტიკისგან დისტანცირებით სცადა ხელისუფლების გულისმოგება.  “მე ხელისუფლების ოპონენტი ვარ სხვადასხვა საკითხებზე, თუმცა ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, ჩემს თავს სამოქალაქო საზოგადოებაში ვხედავ,” – განაცხადა კიწმარიშვილმა 2008 წლის 6 ნოემბერს რადიო “უცნობის” გადაცემაში. 2009 წლის 20 აპრილს კი გაზეთ “ვერსი­ასთან” ინტერვიუში კიდევ ერთ მესიჯი გაუგზავნა ხელისუფლებას: “ვფიქრობ, სასურველია, სააკაშვილმა დაამთავროს თავის ვადა…” მას ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ სააკაშვილი გაუღიმებდა, მაგრამ მწარედ შეცდა. ეს სულ ცოტა ხანში გამოჩნდა, 2009 წლის ივლისში, როცა საკუთარი კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის თანამდებობაზე წარადგინა, მაგრამ “თავისუფლების ინსტიტუტმა” ლუკმა არ დათმო…დიდი ეროსი კი დაიბოღმა, მაგრამ, რაკი გულიც იქით მიუწევდა სააკაშვილის “საარჩევნო სტრატეგს”, ახლაც რიგითი (სინამდვილეში ეფრეიტორ!) სააკაშვილის გადასარჩენად (გაიხსენეთ – “ვფიქრობ, სასურველია, სააკაშვილმა დაამთავროს თავის ვადა…”) ნაცელიტას თამაშში აჰყვა და, რადიკალური ოპოზიციის გულის მოგების გზით, ამ ორბიტაზე პოზიციების განმტკიცება სცადა. მორიგი ბლეფიც გათამაშდა – თუ მანამდე ზომიერ განცხადებებს აკეთებდა, პარლამენტში ე. წ. დავითაიას კომისიის წინაშე წარდგომისას ისეთები თქვა, გივი თარგამაძემ კალამი გაუქანა… სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა – ამ ფაქტმა ეროსის საზოგადოებაში შეურიგებელის სახელი მოუხვეჭა, თუმცა საქმეში ჩახედულები მაშინვე მიხვდნენ, რომ სააკაშვილ-კიწმარიშვილმა ახალი თამაში წამოიწყეს ხალხის კიდევ ერთხელ გასაცურებლად.ამიტომაც ცდილობენ ხელისუფლების წარმომადგენლები “ხალხის პარტიისთვის” ხელისშეწყობას. მართალია, საჯაროდ ისინი დაპირისპირებული არიან, მაგრამ ნაცნობებს მოუწოდებენ, სწორედ ამ პარტიაში გაწევრიანდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ნაცხელისუფლებას იქ თავისიანები ეგულება, მათ შორის ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც კი აცხადებს რიხიანად, “სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა ჩვენ წელსვე შეგვიძლია. მთავარია, არ შეუშინდეთ დღევანდელ რეჟიმს და საბოლოოდ შეაქციოთ მას ზურგიო”, მაგრამ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების გადასარჩენად ჩაერთო ამ პოლიტიკურ თამაშში.     “ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციაში ყოფნას. ჩვენ მოვდივართ ხელისუფლების ხელში ასაღებად. ჩვენ და თქვენ მოვდივართ გამარჯვებისთვის. ერთად შევცვლით ამ რეჟიმს და ერთად ავაშენებთ წარმატებულ საქართველოს. არანაირ ოპოზიციაში ყოფნას და დიდხანს დარჩენას ჩვენ არ ვაპირებთ…

 

“ქართულმა პარტიამ” დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ, როცა ხელისუფლებაში მოვალთ, ამ ნაძირლების მიერ თქვენი ჯიბიდან ამოღებული ყველა ცენტი და თეთრი დაუბრუნდეს ქვეყანას და ხალხს, რომელიც მოხმარდება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას,” – სულ ახლახან, 5 მარტს, ნათქვამი ეს ლამაზი სიტყვები ნამდვილად აღგაფრთოვანებს, მაგრამ, როგორც კი მათი ავტორის შესახებ შეიტყობ, იმედიანი განწყობაც უკვალოდ ქრება. დიახ, ეს ემოციური შეძახილი ეროსი კიწმარიშვილს ეკუთვნის, იმ ეროსის, რომელიც 7 ნოემბერს ხალხის მარბიელი სააკაშვილის საარჩევნო სტრატეგიას გეგმავდა!გაგახსენდათ ხომ ზურაბ ნოღაიდელის “ხელებს მოვამტვრევთ”, “ფეხებს მოვამტვრევთ”… გაგახსენდათ? ესეც იმ გრამოფონიდან არის, ხელისუფლებაში კი გულიანად იცინიან მათი გაძევების მოლოდინით დაოსებული ხალხის იმედიან განწყობაზე. რატომაც არა, საფუძველიც აქვთ, “ქართულ პარტიაში” ხომ თავიანთი “თავისუფალი რადიკალი” – “საუკეთესო ბიზნესმენი”, “რევოლუციის მეოთხე შემოქმედი”, “დიდი დიპლომატი” და შარლატანი სტრატეგი ეგულებათ… ბონდო მძინარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here